უნივერსიტეტი დაპირისპირების ზღვარზეა. კრიტიკულად განწყობილი სტუდენტები, რომლებიც 7 მარტიდან დღემდე აქციებს მართავენ, უნივერსიტეტის ფოიეში ღამეს ათენებენ და არ აპირებენ დაშლას მანამ, სანამ კანცლერობის კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი კანდიდატურას არ მოხსნის და სანამ ჯავახიშვილის უნივერსიტეტიდან ,,ოდეერების” ინსტიტუტს არ ამოძირკვავენ. საგულისხმოა ისიც, რომ გაფრინდაშვილი არ ხსნის კანდიდატურას და ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი მხარდამჭერები ორშაბათს, 14 მარტს გიორგი გაფრინდაშვილისადმი სოლიდარობის აქციას გამართავენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვას, რომელშიც თხოვნა გაჟღერდა, რომ უნივერსიტეტში დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მოსხნას თავისი კანდიდატურა, კანცლერობის კანდიდატი პასუხობს, რომ 14 მარტს შეხვდება თსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრებს (14-იდან 9 წევრმა მას მხარი დაუჭირა) და მათთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.
რა ხდება უნივერსიტეტში? არის თუ არა ეს ბრძოლა სტრატეგიების ბრძოლა, ან პოლიტიკური ორიენტაციების ბრძოლა (მიუხედავად იმისა, რომ პროტესტანტი სტუდენტები მკაცრად ემიჯნებიან ყველა პოლიტიკურ პარტიას)? არის თუ არა ის ფაქტები და მოსაზრებები, რომლებსაც ქვემოთ მოვიყვან, იმის დამადასტურებელი, რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი ე.წ. „ზურგები“ ბრძოლის პოლიგონად გადაიქცა და რომ გაფრინდაშვილის არჩევა-არარჩევის თემა მხოლოდ მავანთა სტრატეგიის ნაწილია.
დავიწყოთ იმით, რომ სტუდენტური თვითმმართველობის დღევანდელი შემადგენლობა ფაქტობრივად იმ სტუდენტთა ჯგუფებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც ადრე, 2006-2009 წლებიდან მოყოლებული, ერთიანი სტუდენტური მოძრაობის ან წევრები, ან გადმონაშთები არიან. ამ ერთიან სტუდენტურ მოძრაობას ღიად ლობირებდა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს უნივერსიტეტში გამოჩენილი მაგარი ბიჭობისთვის, განსხვავებული აზრის მქონე სტუდენტების დათრგუნვა-ცემისთვის თანამდებობებით აჯილდოვებდა. გიორგი ავალიანი _ უნივერსიტეტის პირველი სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, რომელიც დიდი გავლენით სარგებლობდა უნივერსიტეტში და რომელიც ზონდერ-ბრიგადების ჩამოყალიბების მოთავე იყო, ნაციონალური მოძრაობის ზეობის ხანაში სახელისუფლო თანამდებობებზე დანიშნეს და ამჯერად ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაფინანსებით საზღვარგარეთაა წარგზავნილი. სწორედ ამ გიორგი ავალიანის დროინდელი თვითმმართველობის წარმომადგენლები არიან ირაკლი ხარჯავანიძე (ამჟამინდელი თსუ-ის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი) და გიორგი გაფრინდაშვილი (2015 წლის ბოლომდე უნივერსიტეტის კანცლერის თანაშემწე მუშაობდა). „ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო“, ნათქვამია (შესაძლოა, ეს არცთუ კორექტული გამოთქმაა, მაგრამ ეს ფრაზა აქტუალურია ნაციონალების დროინდელი სტუდენტური თვითმმართველობის იმ ყოფილი წევრების ტაქტიკის გასაანალიზებლად, რომლებიც დღეს აცხადებენ, რომ საერთო არაფერი აქვთ თვითმმართველობის ზონდერი წევრების მოქმედებებთან). გიორგი გაფრინდაშვილი ითხოვს დასაბუთებას, სადაც იგი ვინმეს ცემის ფაქტზე იქნება დაფიქსირებული. როგორც სტუდენტები ამბობენ, ასეთი ფაქტი არ არსებობს, მაგრამ დანაშაულებრივი სტუდენტური თვითმმართველობის წევრობაც რომ პასუხისმგებლობის გაზიარებისკენ მოუხმობს მას, ამის აღიარება არ უნდათ არც გიორგი გაფრინდაშვილს და არც ირაკლი ხარჯავანიძეს.
ამჟამინდელი სტუდენტური თვითმმართველობა ახალი, “ოცნების“ ხელისუფლების კოჰაბიტაციის პირობებში ისე მოქმედებს, რომ ზურგს ადვილად მალავს. როცა 2015 წელს სტუდენტური თვითმმართველობა თსუ-ის რექტორს ლადო პაპავას აუმხედრდა და ისეთი მოთხოვნები წამოუყენა, რომელიც, დიდწილად, კანცლერს, დავით ჩომახიძეს და მის თანაშემწეს, გიორგი გაფრინდაშვილსაც ეხებოდა, რატომღაც თვითმმართველობა მხოლოდ რექტორის გადადგომას ითხოვდა და ხსენებითაც კი არ უხსენებიათ დავით ჩომახიძე და გიორგი გაფრინდაშვილი, რომლებსაც ბიუროკრატიული ადმინისტრაციის ფორმირებაში უშუალო წვლილი მიუძღვით. უფრო მეტიც - 2015 წელს კანცლერმა დავით ჩომახიძემ ხელი შეუწყო თსუ-ის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტში ირაკლი ხარჯავანიძის მეგობრის, სტუდენტური თვითმმართველობის ერთ-ერთი ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი შამათავას მოსვლას და ერთ-ერთი განყოფილების უფროსად მის დანიშვნას.
კანცლერი დავით ჩომახიძე ხელშეუხებელ პირად ჰყავდა მიჩნეული სტუდენტური თვითმმართველობის ყველა წევრს, რადგან იგი სწორედ ამ სტრუქტურის ყოფილ თუ ახლანდელ წარმომადგენელთა ერთგვარი ლობი იყო, რასაც რექტორი ლადო პაპავა არ ან ვერ დაუპირისპირდა (არადა, ის მოთხოვნები და პრეტენზიები, რომელსაც თვითმმართველობის წევრთა უკიდურესი პროტესტის ფორმა, შიმშილი მოჰყვა, თანაბრად გულისხმობდა რექტორისა და კანცლერის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას). კანცლერი დავით ჩომახიძე მაშინ მშვიდად დაიარებოდა მოშიმშილე სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს შორის, დერეფანში იმ მიღებული გარანტიებიდან გამომდინარე, რომ თვითმმართველობის წევრები მას არც კი ახსენებდნენ. დღეს გაირკვა, რომ დავით ჩომახიძეს 2013 წელს სამსახურში ვინმე ივა კავსაძე მიუღია, რომელიც „ოდეერის“ ინსტიტუტს წარმოადგენს. უნივერსიტეტში, სადაც მრავლადაა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმდევარი, მხარდამჭერი თუ ლობისტი, რა გასაკვირია, რომ ვინმე ივა კავსაძე კოჰაბიტაციის პირობებში ,,ნაციონალური მოძრაობის” მიერ ,,ჩანერგილი” კადრი იყოს? დავით ჩომახიძე ხომ ამ მიმართულების ხალხის მფარველად და ხელშემწყობად გვევლინება! ეს კითხვა, ალბათ, ლოგიკას შეიძლება დავუქვემდებაროთ, რადგან დღევანდელ ხელისუფლებასთან დიდი ურთიერთობებით ყოფილი კანცლერი დავით ჩომახიძე ნამდვილად არ გამოირჩევა. (ივა კავსაძეს არავინ იცნობს უნივერსიტეტში! თუ მას უნივერსიტეტში არანაირი საქმიანობა არ განუხორციელებია ხელფასს რაში იღებდა?!)
გარდა ამისა, არის მოსაზრება, რომ 2015 წელს სტუდენტური თვითმმართველობის წევრთა შიმშილობის აქცია თსუ-ის რექტორის მიმართ ერთგვარი გაფრთხილების აქცია იყო, რომ ახალ კანცლერად მას „მათი კაცისთვის“ დაეჭირა მხარი. და ეს „მათი კაცი“ დღეს გიორგი გაფრინდაშვილია. (აკადემიური საბჭოს სხდომის პარალელურად, სადაც აკადემიური საბჭოს წევრები გაფრინდაშვილის შერჩევის პროცედურას აწარმოებდნენ, რექტორატის კარებთან მობილიზებულნი იყვნენ სტუდენტური თვითმმართველობის წევრები. რომ გეკითხათ, ესენი აქ რას აკეთებენო? გიპასუხებდნენ _ უბრალოდ აინტერესებთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭოო. არადა, აკადემიური საბჭოს ზოგიერთი წევრი ამბობდა, ახლა თუ საბჭოზე გაფრინდაშვილის კანდიდატურა არ გავა ესენი კიდევ შიმშილს დაიწყებენო?).
პროცესებმა ისიც აჩვენა, რომ სტუდენტური თვითმმართველობის გარდა გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული და ფაკულტეტის წარმომადგენლებიც უჭერენ მხარს. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, გიორგი გაფრინდაშვილი იურიდიულმა ფაკულტეტმა წარადგინა. იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ირაკლი ბურდული არის ის პირი, რომელმაც გასულ წელს თავისი კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ წარადგინა და მაშინვე ამბობდნენ, ბურდული ,,ძმები კუბლაშვილების პროექტიაო” (გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაფრინდაშვილი ძმებ უბლაშვილებთან დაახლოებული პირი ნამდვილად არის). ვინ უმაგრებს ზურგს დღეს გაფრინდაშვილის კანდიდატურას სავსებით ცხადი ხდება, მაგრამ თავი იჩინა მეორე გარემოებამაც - რომ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი შორსგამიზნული გეგმებით გამოირჩევა.
იმ აქციების ფონზე (რაც დღეს იმართება უნივერსიტეტში), სენატის სხდომა, რომელზეც გაფრინდაშვილი ან უნდა დაემტკიცებინათ, ან არა, ჩაიშალა. დაპირისპირების ზღვარზე მისულ უნივერსიტეტში პროცესებზე პასუხისმგებლობას არ გაურბის თსუ-ის რექტორი ლადო პაპავა, მაგრამ იკვეთება მავანთა მიზანი _ „არეულობის ვერჩამხშობი პაპავა” თანამდებობიდან იმპიჩმენტით გადააყენონ. ეს მიზანი სტუდენტური თვითმმართველობის შიმშილობის აქციისდროინდელი შემადგენელი მიზანიცაა, მაგრამ ახლა, ამ ძალას, იურიდიული ფაკულტეტის ხელმძღვანელობა და აკადემიური საბჭოს წევრი, ნოდარ სურგულაძეც უმაგრებს ზურგს (ნოდარ სურგულაძე 2 თვით იყო დანიშნული რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის დროს). გამოდის, რომ გიორგი გაფრინდაშვილი, რომელსაც ბევრი თავაზიან ახალგაზრდად მოიხსენიებს, მხოლოდ თავის თავს არ ეკუთვნის და სწორედ გარედან არის მართული ეს პროცესი, რადგან რევანშის მოწყობა რექტორის გადაყენებით ბევრი „ნაციონალის“ წისქვილზე ასხამს წყალს. ასე შორს წასული რომ არ ჰქონოდა ფესვები უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრიც, ალბათ, გიორგი გაფრინდაშვილის თემას არ გამოეხმაურებოდა.
რაც არ უნდა პატიოსანი და თავაზიანი ახალგაზრდის შთაბეჭდილებას ტოვებდეს გიორგი გაფრინდაშვილი, ნაციონალური მოძრაობის ზეობის პერიოდში მედიაზე დიდი წნეხის არსებობის დადასტურებაა უნივერსიტეტის გაზეთის მკაცრი კონტროლის ფაქტიც. როგორც უნივერსიტეტის რექტორის ერთ-ერთი ყოფილი მოადგილისგან გავიგეთ, გიორგი გაფრინდაშვილი არაფორმალური ცენზორი იყო უნივერსიტეტის გაზეთისა და ამ მკაცრი კონტროლის დაწესების მოთავე გახლდათ ყოფილი კანცლერი დავით ჩომახიძე. უნივერსიტეტის გაზეთში სიტყვა „პრობლემა“ იკრძალებოდა და ამის მაკონტროლებლად გაზეთს გიორგი გაფრინდაშვილი მიუჩინეს. გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტი“ რედაქტორი აცხადებს, რომ გიორგი გაფრინდაშვილი გაზეთს „ეხმარებოდა“, რომ გაზეთს რაიმე არ „წამოცდენოდა“ და რედაქტორი უმუშევრად არ დარჩენილიყო (რისი საშიშროებაც, თურმე, არაერთხელ დადგა).
ასე რომ, უნივერსიტეტში დღეს მიმდინარე პროცესებს რევანშის ელფერი დაკრავს. რბილ რექტორს, რომელიც, როგორც ჩანს, ვერ აუმხედრდა სტუდენტურ თვითმმართველობას, „ოდეერს“, კანცლერ დავით ჩომახიძის გადაწყვეტილებებს (დავით ჩომახიძეს დღემდე ბევრი მხარდამჭერი ჰყავს ადმინისტრაციაში), შესაძლოა მთელი პასუხისმგებლობა აკიდონ და ვინ არის რექტორის მოცილებით, თვითმმართველობის კიდევ უფრო გაძლიერებით და უნივერსიტეტის მართვის ხელში ჩაგდებით დაინტერესებული - ამის თაობაზე დასკვნას ალბათ მკითხველი იოლად გააკეთებს.