რა იწვევს მასობრივ ლეიკემიას ყაზბეგის რაიონში?!

რა იწვევს მასობრივ ლეიკემიას ყაზბეგის რაიონში?!

ყაზბეგის რაიონის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილი - სნოს ხეობა შეიძლება მოსახლეობისგან დაიცალოს. როგორც ადგილობრივები იუწყებიან, ხეობაში ვითარება მეტად რთულია, რაზეც ინგლისში ჩატარებული კვლევებიც მეტყველებს. რამდენიმეწლიანი კვლევის თანახმად, რომელიც 1995 წელს დასრულდა, სავალალო შედეგი მიიღეს. კერძოდ, გამოკვლეული 15 წლამდე ასაკის 29 000 ბავშვიდან 70%-ს ლეიკემია აღმოაჩნდა. აღსანიშნავია, რომ ეს ბავშვები მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზიდან 200 მეტრის დაშორებით ცხოვრობდნენ. იგივე დაავადება აღმოაჩნდათ იმ ბავშვებსაც, რომლებიც ამ გადამცემი ხაზებიდან 200-600 მეტრის დაშორებით ბინადრობდნენ. ვითარებას ართულებდა ისიც, რომ სნოს ვიწრო ხეობა არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ხაზებს საცხოვრებელი სახლებიდან შორს გაევლო.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სტეფანწმინდის“ წევრი შოთა ბუჩუკური აცხადებს, რომ ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ყაზბეგის რაიონში 110 კვ-იანი გადამცემი ხაზის (220 კვ-იან გაბარიტებში) რეკონსტრუქცია და მაღალი ძაბვის ახალი 500 კვ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობა იგეგმება. გადამცემი ხაზების გატარება ყაზბეგის რაიონის სოფლების სამოსახლო ტერიტორიებზეა განზრახული. ამდენად, ნაცვლად იმისა, რომ სასაზღვრო რეგიონის მოსახლეობა შენარჩუნდეს, გაუგებარია, რას ემსახურება მსგავსი ბუნდოვანი პროექტები. მით უფრო, რომ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის სიახლოვეს 90 მეტრზე ახლოს ცხოვრება დაუშვებელია - 45 მეტრი ერთ მხარეს უნდა იყოს დაცილება და 45 მეტრი - მეორე მხარეს.
ამას ემატება ისიც, რომ 2011 წლიდან ყაზბეგის რაიონში არაერთი ჰესი აშენდა, კიდევ რამდენიმე ჰესის აშენება იგეგმება, რაც ბუნებას აზიანებს და ყაზბეგის მდინარეებს გაქრობის საფრთხეს უქმნის.
რა იწვევს მასობრივ ლეიკემიას ყაზბეგის რაიონში და რა კავშირშია ეს მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებთან?

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ არ ახსოვს, სნოში გაკეთდა თუ არა მაღალი ძაბვის ხაზი, თუმცა ადასტურებს, რომ მაღალი ძაბვის ხაზები ყოველთვის იწვევენ გარკვეულ გამოსხივებას. თუმცა, ეს არ არის რადიაციული გამოსხივება.

„ბოლომდე არ არის შესწავლილი, მაღალი ძაბვის ხაზები, თავისი კორელაციით, რა დაავადებებს იწვევენ, თუმცა ყველასათვის ცხადია, რომ მაღალი ძაბვის ხაზის სიახლოვეს საცხოვრებელი კორპუსები არ უნდა იყოს. საცხოვრებელი ადგილები 500 მეტრით მაინც უნდა იყოს დაცილებული ამ ხაზებიდან, რადგან ისინი გარკვეულ ზემოქმედებას ნამდვილად ახდენენ ადამიანის ჯანმრთელობაზე. მაღალი ძაბვის ხაზები ლეიკემიაზე ახდენს თუ არა გავლენას, ვერ ვიტყვი. ამას კვლევა სჭირდება, რადგან დღეს მსოფლიოში ნობელის პრემიას ჰპირდებიან მას, ვინც დაადგენს, რა იწვევს კიბოს. ზოგადი მოსაზრებაა, რომ ამის გამომწვევი კანცეროგენებია, ზოგი ფიქრობს, რომ ეს რადიაციულ გამოსხივებას უკავშირდება, ზოგადი მოსაზრება კი ასეთია, რომ ამის მიზეზი მაღალი ძაბვის ხაზებიცაა. თუმცა რომელი ტიპის ლეიკემიაა, ამასაც აქვს დიდი მნიშვნელობა“, - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.

მისი განმარტებით, ზოგადად, მზის აქტივობიდან გამომდინარე, მთაში რადიაციული ფონი ბუნებრივად ისედაც მაღალია. ამ შემთხვევაშიც, შესასწავლია, ხომ არ შეიცვალა მთის წყაროებში ის ქიმიური შემადგენლობა, რაც იცავდა იქაურ მოსახლეობას, ხომ არ დააკლდათ მათ იოდიზირებული მარილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლის დაავადებები. ამდენად, ნინო ჩხობაძე ყაზბეგის რაიონში ბავშვებში გავრცელებული ლეიკემიის სისტემატურ კვლევას მოითხოვს.

„მწვანეთა პარტიის“ ლიდერი, დეპუტატი გია გაჩეჩილაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საეჭვოა, სნოს ხეობაში ლეიკემიის გავრცელება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობასთან იყოს დაკავშირებული, რადგან ამ ხაზების მშენებლობას თავისი ნორმები და სტანდარტები აქვს, ისინი გარკვეული კრიტერიუმებით შენდება და ისე უნდა აშენდეს, რომ მის გარშემო არსებულმა ელექტრომაგნიტურმა ველებმა ადამიანები არ დააზიანოს.

„არა მგონია, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები დარღვევით აეშენებინათ, რადგან მაშინ ვიღაცის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგებოდა. ამ რაიონში ლეიკემიის მასობრივი შემთხვევები თუ არის, სხვა მიზეზია დასადგენი. რაც შეეხება ჰესების მშენებლობას, თუ დერივაციულ ჰესზეა ლაპარაკი, სადაც წყალსაცავი ფაქტობრივად არ შენდება, რა თქმა უნდა, მას პრობლემები არ მოჰყვება, რადგან დერივაციული (ანუ გვირაბში გამავალი) ჰესები ამგვარ პრობლემას არ ქმნიან. ხოლო, თუ საუბარია წყალსაცავიან ჰესზე, ან მსხვილ წყალსაცავზე, მაშინ სხვა ამბავია. თუმცა ეჭვი მეპარება, დარიალის ხეობაში გიგანტური ჰესები ააშენონ. ყაზბეგის რაიონის დაცლის შესახებ კარგა ხანია საუბრობენ და ეს უფრო სოციალურ პრობლემებთანაა დაკავშირებული, ვიდრე ჰესებთან და ძაბვის ხაზებთან“, - აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.

მანვე განმარტა, რომ ჰესების წინააღმდეგ ფობია საქართველოში არსებობს, მაგრამ ეს დაკავშირებულია გიგანტური ჰესების მშენებლობასთან და ამით გამოწვეულ უარყოფით ეკოლოგიურ გავლენასთან, კლიმატისა და მიწისქვეშა გრუნტების წყლების ცვლილებასთან, რაც ადამიანის ჯანმრთელობაზეც მოქმედებს. ამიტომაც „მწვანეები“ ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ გიგანტიზმს საქართველოში. ეს არ ეხებოდა მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობას, რაც პრობლემას არ ქმნიდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელ შვეიცარიას გასახლება მოუწევდა, რადგან იქ ათასობით მცირე ჰესია აშენებული.