ბანკებმა, შესაძლოა, გადახდისუუნარო მსესხებლებს ვალები ჩამოაწერონ

ბანკებმა, შესაძლოა, გადახდისუუნარო მსესხებლებს ვალები ჩამოაწერონ

ბანკებმა, შესაძლოა, გადახდისუუნარო მსესხებლებს ვალები ჩამოაწერონ. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორი ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებია“.

ფრაქციაში განმარტავენ, რომ ფინანსური ინსტიტუტები დავალიანების ჩამოწერის შემთხვევაში დამატებით აღარ დაიბეგრებიან, რაც მათ სტიმულს მისცემს, კლიენტებს ვადაგადაცილებული და პრობლემური სესხები აპატიონ.

პროექტის ავტორი დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ კანონპროქტის ამოქმედების შედეგად ათასობით მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, გათავისუფლდეს უიმედო სესხისა და სანქციის დაფარვის ვალდებულებისაგან.

მეორე მხრივ, ფინანსურ ინსტიტუტს შესაძლებლობა მიეცემა, მათ მიერ ნაპატიები სასესხო ვალდებულების ღირებულება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითონ.

„ფინანსური ინსტიტუტების მიერ ფიზიკური პირებისთვის სასესხო ვალდებულების პატიების შედეგად მიღებული სარგებელი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება. არსებული მდგომარეობით, ფინანსური ინსტიტუტების მიერ ამგვარი სესხების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ან უიმედო ვალად აღიარებას გარკვეული პროცედურები და ხარჯები სჭირდება, ხოლო პატიების შემთხვევაში, ნაპატიები სესხი, კანონმდებლობის თანახმად, დაბეგვრას ექვემდებარება. ჩვენი ინიციატივით კი, ბანკები ამ გადასახადისგან გათავისუფლდებიან, რაც უიმედო ვალების აღიარების სტიმულირებას მოახდენს. ჩვენი კანონპროექტით, სახელმწიფოს მხრიდან სტიმულირება ხდება და კომერციულ ბანკებს უფლება ენიჭებათ საკუთარი, შიდა კრიტერიუმების მიხედვით, ფიზიკურ პირებს ვადაგადაცილებული და პრობლემური სესხები ჩამოაწერონ“, - განმარტა დავით ონოფრიშვილმა.

დეპუტატის თქმით, მოსახლეობას სესხების გასტუმრებაში პრობლემები 2008 წლის ომმა, ფინანსურმა კრიზისმა შეუქმნა და არც შემდგომი წლები იყო ამ თვალსაზრისით მარტივი. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს კი ძალიან ბევრ ქვეყანაში ეხმარებიან. უფრო მეტიც, არსებობს სხვადასხვა სახის სახელმწიფოებრივი ჩარევის, რეგულაციების მაგალითები, რათა საკუთარი მოსახლეობა მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანონ.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კრიზისულ სიტუაციებში დაუშვებელია, ბანკებმა ათასობით ადამიანი ქუჩაში გაყარონ, რადგან ეს უკვე პოლიტიკური პრობლემაა. სწორედ ამით აიხსნება, რომ დასავლური ბანკები ცალკეულ კლიენტებთან ზარალს განიცდიან და საკუთარი მენეჯმენტის შეცდომას იმკიან, საქართველოს ბანკებს კი არაფრის დაკარგვა არ სურთ და საკუთარი შეცდომები და რისკები ისევ მსესხებლებზე გადააქვთ. ამის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების უყურადღებობა და საბაზრო ეკონომიკაში ყალბი ჩაურევლობაა.

ის, რომ დღეს ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, დემურ გიორხელიძის თქმით, სწორედ არასწორი კანონმდებლობის შედეგია, ვინაიდან დასავლეთშიც კი ცნობილი ფაქტია, რომ ერთი ბინის მფლობელ ადამიანს არ შეიძლება მისცე სესხი მხოლოდ ამ ერთი ბინის გარანტიით, რადგან, თუ ადამიანი ვერ გადაიხდის სესხს, ბუნებრივი პროცესი მიმდინარეობს და ის უსახლკაროდ დარჩება.

„ეს პერსპექტივა არ უნდა დაეშვა ხელისუფლებას, მაგრამ იდიოტური ლიბერალური შეხედულებების გამო, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ლიბერალიზმთან, ასეთი შედეგი მივიღეთ. ახლა სრულიად გასაგებია, რომ კიდევ რამდენიმე ათეულ ათასი ადამიანის უსახლკაროდ დარჩენა უზარმაზარ პრობლემებს შექმნის ქვეყნის შიგნით, ამიტომ „თავისუფალი დემოკრატების“ წინადადება სრულიად მისაღებია. ოღონდ, მთავარია, არსებობდეს ხელისუფლების მზაობა ამ საკითხის დადებითად გადასაწყვეტად. გასაგებია, წელს არჩევნებია, ყველა ცდილობს ყურადღების მიქცევას, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებები, როგორც წინა, ისე დღევანდელი, არასაკმარის ყურადღებას უთმობენ ამ საშინლად გართულებულ საკითხს და არ გადადიან სწორ რეგულაციაზე. შესაძლოა, ეს ეროვნული ბანკის წინა მმართველობას დავაბრალოთ, მაგრამ, თუ უკონტროლობა ისევ შენარჩუნდება, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს პროცესი უფრო შეუქცევადი გახდება“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.

ის ფაქტი, რომ დავალიანების ჩამოწერის შემთხვევაში, ფინანსური ინსტიტუტები დამატებით აღარ დაიბეგრებიან, დემურ გიორხელიძის აზრით, სტიმულის მიმცემია, რადგან გარკვეული კომპენსირება ხელისუფლებამ შეიძლება შესთავაზოს ბანკებს, ოღონდ ეს კომპენსირება პრობლემური მსესხებლების თანხის მოცულობის შესაბამისი უნდა იყოს.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, თუკი „თავისუფალი დემოკრატების“ საკანონმდებლო ცვლილებას მხარს დაუჭერენ, ეს იქნება უპრეცედენტო დანაშაული, როდესაც საქართველოს მთავრობა ერევა კერძო ბიზნესში და მსესხებლებს ჩამოაწერს თანხებს.

ემზარ ჯგერენაიას აზრით, ეს ინიციატივა პოპულიზმთან ერთად, შეუსაბამოცაა, რადგან ბანკები ისედაც მუდმივად ახდენენ სესხის რესტრუქტურიზაციას, სესხის გადაფასებას, კატეგორიებად გადაყვანას, ნახევრად ჩამოწერას. ამას მოჰყვება ე.წ. უსუსური სესხის, შემდეგ - უიმედო სესხის ჩამოწერა და ა.შ.

„ამიტომ დამატებით რაიმე კანონის მიღება ნიშნავს საბანკო სისტემაში ჩარევას, ბანკის კანონების შეცვლას. საბანკო რეგულაციები ისედაც ხორციელდება და აქ არც ერთი პოლიტიკური პირის ჩარევა საჭირო არ არის“, - აღნიშნა ემზარ ჯგერენაიამ.