ზუსტად16:00 საათისთვის რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტს სოციალურ ქსელში პირადი მიმოწერის „ინბოქსში“ ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეომასალა მიუვიდა. არც ერთმა მედიასაშუალებამ თავს უფლება არ მისცა აღნიშნული კადრი გაევრცელებინა და იდენტიფიცირება მოეხდინა კონკრეტული პოლიტიკოსის. თუმცა, სააგენტო „ინტერპრესნიუსისა“ და რადიო „ფორტუნას“ საშუალებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა.
„ინტერპრესნიუსისა“ და რადიო „ფორტუნას“ ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. რის შემდეგაც სააგენტომ აღნიშნული ინფორმაციაა საიტიდან მოხსნა და ბოდიშიც მოიხადა. ბოდიშის მიუხედავად, სააგენტოსთან ერთმანეთის მიყოლებით საქმიანი ურთიერთობა გაწყვიტეს ანალიტიკოსებმა და სახელმწიფო უწყებებმა – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, თავდაცვის სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტრომ.
„საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მიერ, რომელთანაც თანამშრომლობს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, განხორციელდა პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციის ტირაჟირება, ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ სააგენტოს მიერ გაკეთებული განმარტება და რეაგირება იქნებოდა ადეკვატური, რაც სამწუხაროდ არ მოხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია წყვეტს კონტრაქტს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
„ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვაჩვენოთ მსგავსი ქმედების მიუღებლობა და შეურიგებლობა. პროტესტი უნდა იყოს ქმედითი. თავდაცვის სამინისტრო და ყველა ჩვენს დაქვემდებარებაში მყოფი სუბიექტი წყვეტს ამ სააგენტოსთან ურთიერთობას. არ შეიძლება, აღარ უნდა დავუშვათ, არ უნდა შევეგუოთ“, – წერს სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი.
სპეციალური განცხადება გაავრცელა იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანის განცხადებით, როგორც ყოფილი ოპოზიციონერი, როგორც ქალი და შესაბამისად ადამიანი უარს აცხადებს „ინტერპრესნიუსთან“ და რადიო „ფორტუნასთან“ თანამშრომლობას.
„საჯაროდ ვაცხადებ, რომ სამინისტროს სისტემა ipn.ge-თან და ასევე რადიო „ფორტუნასთან“, მომხდარის გამო, აღარ ითანამშრომლებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ნიუსებს ჩვენგან ოფიციალური რელიზების თუ ინფორმაციების სახით, აღარ მიიღებთ. ინსტრუქცია უკვე ჩაშვებულია აპარატში და სამინისტროს 11-ვე სსიპ-ში და პირადად გავაკონტროლებ ყველა ჩემი სტრუქტურის ყველა პიართანამშრომელს, რომელიც ამ ინსტრუქციის დარღვევისათვის მკაცრად დაისჯება“, – წერს თეა წულუკიანი.
ჟურნალისტი შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ ძალიან მძიმე შეცდომა იქნა დაშვებული, რის გამოც მენეჯმენტმა გარკვეული დასკვნები უნდა გააკეთოს.
„წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ ეს იყო დავალება, ისე განეთავსებინათ ეს ამბავი, რომ ამის საშუალებით შეძლებოდათ მოეძებნათ ვიდეო. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე შეცდომა, რომლის გამოც ალბათ, მენეჯმენტმა გარკვეული დასკვნები უნდა გამოიტანოს. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ვიდეოების მთელი წყება, რომელიც გაანდაგურეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასლები არ არსებობს.
რა თქმა უნდა, კოშმარია ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ნებისმიერზე შეიძლება არსებობდეს ასეთი კადრები, როდესაც იცი, რომ ნებისმიერ მომეტში შეიძლება გამომზეურდეს ასეთი კადრები. ერთ–ერთი გამოსავალია სასჯელის ზომების გაზრდა, რადგანაც ეს ფაქტი დანაშაულთა მძიმე კატეგორიას განეკუთვნება“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას შალვა რამიშვილი.
ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი ამბობს, რომ როგორც ჟურნალსიტი, არასოდეს არ გაავრცელებს პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, რადგან ამის უკან დგას ძალიან კონკრეტული ადამიანი. კურდღელაშვილი თვლის, რომ „ინტერპრესნიუსის“ და „ფორტუნას“ ქმედება, არაეთიკურია.
„ძალიან არაეთიკურია ვიღაცის პირად ცხოვრებას უჭვირიტინო!!! მედია გამომცემლობა იმისთვის არ არსებობს, რომ ვიღაცის ინტიმური ცხოვრების შესახებ ავრცელოს ინფორმაცია. ეს არაა მედიის საქმე. არა, მედიის საქმე არ არის ადამიანი ჩაკეტილ კარში რას აკეთებს. ეს იმხელაა შეურაცხყოფაა ამ კონკრეტული ადამინის, რომელსაც გონია, რომ არ უყურებენ და ამ დროს მთელი თბილისი უყურებს. სირცხვილია ის, რაც ამ მედიამ გააკეთა“, – ამბობს for.ge–სთან საუბრისას ლელა კურდღელაშვილი.
შესაბამის დანაყოფებთან თანამშრომლობის შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა youtube-ზე ატვირთული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო დაბლოკა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გრძელდება მუშაობა იმის დასადგენად, თუ ვის მიერ მოხდა პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების ინტერნეტ-სივრცეში უკანონოდ ატვირთვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს და მედიასაშუალებებს, არ დაუშვან აღნიშნული ვიდეომასალის ტირაჟირება.
პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.
გიორგი კვირიკაშვილმა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიების დავალება მისცა.
„დააწესეთ მილიონი ლარი და კონსპირაციულობის დაცვის სრული გარანტია იმ პირებისთვის, ვინც გამოძიებას დამნაშავემდე მიიყვანს“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
დავით უსუფაშვილი მიმართავს პროკურატურის, პოლიციის და უშიშროების სამსახურების ხელმძღვანელებს, თვალი გაუსწორონ სინამდვილეს და აღიარონ, რომ მათ ხელთ არსებული ტექნიკური თუ სხვა საშუალებებით და გამოძიების ტრადიციული მეთოდიკით ვერ უმკლავდებიან ამ საშინელ პრობლემას.
„შეშფოთება, აღშფოთება და გამოძიების დაწყება აღარ არის ადეკვატური რეაგირება ისეთი გადაგვარებული ადამიანების წინააღმდეგ, ვინც შექმნა, ვინც დაამონტაჟა, ვისაც დასაწყობებული აქვს და ვინც საზოგადოებას მიზანმიმართულად წამლავს ამგვარი მასალების გამოქვეყნებით. მივმართავ პროკურატურის, პოლიციის და უშიშროების სამსახურების ხელმძღვანელებს, თვალი გავუსწოროთ სინამდვილეს და ვაღიაროთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ტექნიკური თუ სხვა საშუალებებით და გამოძიების ტრადიციული მეთოდიკით ვერ ვუმკლავდებით ამ საშინელ პრობლემას.
ამიტომ, გთავაზობთ, მიმართოთ საგანგებო ზომებს და ამგვარი შემთხვევები განიხილოთ, როგორც მთელი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული მორალური ტერორის აქტები. შესაბამისად, დანაშაულსაც ვებრძოლოთ ისე, როგორც ებრძვიან ტერორიზმს: ა) ტექნიკური დახმარებისთვის მიმართეთ საერთაშორისო ანტიტერორისტულ ქსელებს. შეუძლებელია ჩვენს შემთხვევაში საქმე გვქონდეს იმ დონის ინტერნეტ-კონსპირატორებთან, რომ აღნიშნულმა სპეციალისტებმა ვერ დაადგინონ მასალების წარმოშობის და გავრცელების ადგილი და სხვა დეტალები.
ბ) დააწესეთ მილიონი ლარი და კონსპირაციულობის დაცვის სრული გარანტია იმ პირებისთვის, ვინც გამოძიებას დამნაშავემდე მიიყვანს. საქართველოს პარლამენტი მზად იქნება სერიოზული წვლილი შეიტანოს შესაბამისი საბიუჯეტო სახსრების მოძიებაში“, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ამბობს, რომ ასეთი ბინძური მეთოდებით ვინც მუშაობს, ის აუცილებლად აგებს ხალხის მორალურ მხარდაჭერას.
„მე არ ვიცი რა კადრებზეა საუბარი, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ასეთი ბინძური მეთოდებით ვინც მუშაობს, ის აუცილებლად აგებს არჩევნებს და ხალხის მორალურ მხარდაჭერას“, – აცხადებს ირაკლი ალასანია.
ვის ინტერესებში შედის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება, გამოძიების დასრულებამდე დასკვნის გაკეთება უჭირთ ექსპერტებს.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ საზოგადოების მხრიდან უნდა იყოს მკაცრი მოთხოვა, რომ უმოკლეს ვადაში გამოვლინდეს ამ უსინდისო ქმედების გადამღების და შემდგომ მისი გამავრცელებლის ვინაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ქვეყანაში სიმშვიდე არ დამყარდება.
„ეს კადრები არ მინახია, რადგან სოციალური ქსელის მომხმარებელი არ ვარ. არ მინახავს და მისი ნახვის არანაირი სურვილი არ მაქვს, მაგრამ ეს არის ამაზრზენი ფაქტი. რა მნიშვნელობა აქვს ასეთი კადრების გავრცელებას რომელიმე პოლიტიკოსისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი უმსგავსობა მიუღებელია ქართული საზოგადოებისთვის.
ეს არის სრულიად გაუნათლებელი ადამიანის ნამოქმედარი, რომელსაც ამ კადრების გავრცელებისთვის ან ფული აქვს აღებული, ან არაკაცების გაზრდილია. ვწუხვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში კიდევ არიან ასეთი დონის ადამიანები. ნუ ვიტყვით რომ გამოსაძიებლად ძნელია ეს თემა. ქვეყანას სახეში შეაფურთხეს ამის არქიტექტორებმა!!! ამ ადამიანების გამზრდელ მშობლებს მხოლოდ ჯოჯოხეთი ელოდება“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ შეიძლება ეს იყო კომპრომატების ომი, პოლიტიკური მოტივით.
„არ ვიცი ვისი კადრები გავრცელდა. დღეს პოლიტიკური ბრძოლა არ დგას იმ რანგში, რომ პოლიტიკურ ოპენენტზე საჭირო იყოს ამ საშუალებით ბრძოლა. ამიტომ არადამაჯერებლად მეჩვენება პოლიტიკური მოტივით ამ მასალის გამოქვეყნება. სამწუხაროდ, ადამიანებს ძალიან ხშირად პირადი ხარვეზი აქვთ პიროვნებაში და სიამოვნებთ რაღაცა ანალოგიური მასალების ყურება და გამოქვეყნება. მეჩვენება, რომ შეიძლება ასეთ ფაქტს ჰქონდეს ადგილი. ნებისმიერ შეთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია დროული რეაგირება მოახდინოს ამ ფაქტზე“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.