„გაფრინდაშვილი, კირკიტაძის, ავალიანის და ვარძელაშვილის მარჯვენა ხელი იყო“

„გაფრინდაშვილი, კირკიტაძის, ავალიანის და ვარძელაშვილის მარჯვენა ხელი იყო“

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გაფრინდაშვილს საკუთარი კანდიდატურის მოხსნა სთხოვა. გიორგი კვირიკაშვილი თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს „დაძაბულს“ უწოდებდა და არჩევნების გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობდა. პრემიერმა ასევე მიმართა უნივერსიტეტის რექტორს ვლადიმერ პაპავას.

„თსუ-ში დაძაბულობა მატულობს, ახალგაზრდები გამოთქვამენ პროტესტს კანცლერის პოსტზე წარდგენილ კანდიდატურასთან დაკავშირებით. ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია უმაღლეს სასწავლებლებში მმართველობის პროცესის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.

გამომდინარე იქიდან, რომ ამ ესკალაციის ფონზე გაჩნდა გარკვეული ეჭვები ხელისუფლების მხრიდან პროცესში ჩარევის კუთხით, მინდა, ვთხოვო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ვლადიმერ პაპავას, მაქსიმალურად უზრუნველყოს პროცესის დამოუკიდებლობა და არჩევნების პროცესის გამჭვირვალობა.

ასევე, მინდა, ვთხოვო საბჭოს წევრებს, რომლებიც მხარს უჭერენ გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას და თავად გიორგი გაფრინდაშვილს, გაითვალისწინოს არსებული სიტუაცია და, ახალგაზრდებს შორის რაიმე სახის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, საკუთარი კანდიდატურა არჩევნებიდან მოხსნას“, - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის სპეციალურ განცხადებაში.

პრემიერის განცხადებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში მიმდინარე აქციაზე სტუდენტები ოვაციებით შეხვდნენ. აქციის მონაწილეები მადლობას უხდიან პრემიერს და აცხადებენ, რომ უნივერსიტეტში „ოდეერების“ დრო უნდა დამთავრდეს. პრემიერი ურჩევს გაფრინდაშვილს, რომ კანდიდატურა მოხსნას, თუმცა გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს გიორგი გაფრინდაშვილი. იმის მიუხედავად, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კანცლერობის კანდიდატმა არჩევნებიდან მოხსნა საკუთარი კანდიდატურა, დღის ბოლოს ტელეკომპანია „იმედის“ თოქ-შოუში ჩართვისას გაფრინდაშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია - „პატივს ვცემ პრემიერის განცხადებას, თუმცა უნდა გავითვალისწინო ჩემი მხარდამჭერების პოზიცია“. ასე რომ, გაფრინდაშვილის თქმით, იგი აპირებს  ორშაბათს შეხვდეს საბჭოს წევრებს და საბოლოოდ, მას მერე მიირებს გადაწყვეტილებას.

სტუდენტების მოთხოვნა კი უცვლელი რჩება - მოიხსნას კანცლერის პოზიციაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა; დაიწყოს გამოძიება უნივერსიტეტში „ოდეერის“ ინსტიტუტის არსებობის შესახებ; მოხდეს კანცლერის არჩევის სისტემის რეფორმირება; შეწყდეს თვითმმართველობის პრივილეგიების წახალისება ადმინისტრაციისა და რექტორატის მხრიდან და მოხდეს თვითმმართველობის ფუნქციის, ასევე ადმინისტრაციის უფლებების მინიმალიზაცია.

თსუ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციას სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც შეუერთდნენ. მხარდამჭერი აქცია გაიმართა ბათუმში. დღესვე, აქციის მონაწილე სტუდენტებს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი შეხვდა, რომელმაც სტუდენტებს სოლიდარობის ნიშნად მხარდაჭერა აღუთქვა.

თუმცა, სტუდენტები აცხადებენ, რომ ისინი ყველანაირ პოლიტიკურ ძალას ემიჯნებიან. სტუდენტები აღნიშნავენ, რომ არ სურთ საპროტესტო აქციის პოლიტიკურ ძალებთან დაკავშირება. სტუდენტებმა დავით ბერძენიშვილს მადლობა გადაუხადეს, თუმცა პოლიტიკურ მხარდაჭერაზე უარი განუცხადეს.

აქციის მონაწილე სტუდენტებმა დავით ბერძენიშვილს სთხოვეს საქართველოს პარლამენტი დაინტერესდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული სიტუაციით და ე.წ. ოდეერების ინსტიტუტით, რათა დროულად მოხდეს უნივერსიტეტიდან „ოდეერების“ განდევნა. დავით ბერძენიშვილს სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორის ლადო პაპავას განცხადებით, უნივერსიტეტი აპოლიტიკური დაწესებულებაა და პოლიტიკოსების ადგილი თსუ-ს პრობლემების გადაწყვეტაში ნამდვილად არ არის. რექტორმა მოუწოდა სენატს, ასევე სტუდენტებს, რომ მაქსიმალურად დაიცვან ოფიციალურად დამტკიცებული რეგულაციები და კანონი და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა არსებული პრობლემა მოლაპარაკებებით გადაწყდეს. პაპავამ პოლიტიკოსებს მოუწოდა, „უმაღლესი განათლების შესახებ“ ახალ კანონზე იმუშაონ, რომელიც ნამდვილად შესაცვლელია.

„არ მინდა დავიჯერო, რომ პროცესები მართულია. რაც შეეხება პოლიტიზებას, 14 ცნობილი ქართველი ღვაწლმოსილი პროფესორი ხელს აწერს შესანიშნავ განცხადებას, სადაც მათ მოუწოდეს ყველას, განსაკუთრებით პოლიტიკურ ძალებს, გაუფრთხილდნენ უნივერსიტეტს, გაუფრთხილდნენ ადგილს, სადაც სწავლობენ პოლიტიკოსების შვილები, დები, ძმები და არ მოახდინონ უნივერსიტეტის პოლიტიზება. მე ვფიქრობ, ქართველ პოლიტიკოსებში არის ის ჯანსაღი მუხტი, რომ უნივერსიტეტის პოლიტიზებაში არანაირი მონაწილეობა არ მიიღონ“, - განაცხადა ლადო პაპავამ.

თსუ-ის კანცლერობის კანდიდატი, გიორგი გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ თსუ-ში გამართული აქციები მიზანიმართული კამპანიაა, რათა უნივერსიტეტის ლეგიტიმური ორგანოების დისკრედიტაცია მოხდეს.

„მზად ვარ, ნებისმიერ კონსტრუქციულ ფორმატში ვუპასუხო ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ჩემს მიმართ კითხვა გააჩნია. არანაირი კითხვა არ დასმულა იმ ჯგუფისგან, რომელიც პროტესტს გამოთქვამს. მათ ჰქონდათ ამის შესაძლებლობა, მათ მოაწყვეს საჯარო დებატები კანცლერის კანდიდატებს შორის, თუმცა ამ თემებთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი დღეს აპროტესტებენ, კითხვები არ დასმულა“, - აცხადებს გიორგი გაფრინდაშვილი.

გაფრინდაშვილს წარსულ საქმიანობაზე საუბრობს თსუ-ს სოციალურ პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრანტი, ნიკოლოზ მეტრეველი, რომლის განცხადებით გაფრინდაშვილი პაიკია იმ ძალიან დიდი თამაშში, რომელშიც ჩართულია რამდენიმე მხარე. for.ge-სთან საუბრისას მეტრეველი კონკრეტულ პირებს ასახელებს.

„ესენი არიან: ყოფილი კანცლერი დავით ჩომახიძე, რომელიც გიორგი გაფრინდაშვილის თანაშემწე გახლავთ, ე.წ. ოდეერი ივანე კავსაძე რომელიც შემოგზავნილია უნივერსიტრეტში და რომელიც დავით ჩომახიძის თანაშემწე გახლავთ, ის არის გიორგი გაფრინდაშვილის ახლო მეგობარი. ასევე ამ პროცესში ჩართულია სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის ხელძღვანელი ირაკლი ხარჯევანიძე ე.წ. „გალჩი“, რომელიც წლების განმავლობაში მორალურ და ფიზიკურ ტერორს ახორციელებდა განსხვავებული აზრის მქონე სტუდენტებზე, განსაკუთრებით ეს ხდებოდა 2012 წლამდე. ასევე - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ლადო ბურდული, რომელიც ასევე ძალიან ცუდად აფათურებს ხელებს უნივერსიტეტის საქმეებში. ის გახლავთ ძმები კუბლაშვილების ახლო მეგობარი და მათი ბინძური დამკვეთების შემსრულებელი უნივერსიტეტში. სწორედ ეს დაჯგუფება ცდილობს ხელში ჩაიგდოს უნივერსიტეტის ფინანსები“, - აცხადებს ნიკოლოზ მეტრეველი.

მეტრეველი არ იზიარებს პროფესორ ნატალია ხარაძეს განცხადებს, რომ გაფრინდაშვილი არ არის ყოფილ ხელისუფლებასთან დაკავშირებული კადრი. მისვე თქმით, მერკანტიული ინტერესების მქონდე ადამინების გარდა, გაფრინდაშვილის კანდიდატურას მხრას არავინ უჭერს.

„ქალბატონი ნატალიას პოზიცია გასაგებია. დიახ, გიორგი გაფდრინდაშვილი ყველაზე მძიმე პერიოდში სტუდენტებთან ანგარიშსწორებით და ტერორით იყო დაკავებული. დავით კირკიტაძის, ავალიანის და გიორგი ვარძელაშვილის მარჯვენა ხელი იყო. არსებობს ვიდეო სადაც ერთ-ერთი ნაცემი სტუდენტი შველას ითხოვს გიორგი გაფრინდაშვილსგან და მისი ირონიული პასუხიც არის იმ ვიდეოში ასახული.

ეს ადამინი რეჟიმის „გაპრავებით“ იყო დაკავებული. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გაფირნდაშვილი განწირულია მარცხისთვის. ერთხელ და სამუდამოდ, ეს უკანონობა დასრულდება. ჩვენ 2012 წელს სააკაშვილის რეჟიმი იმიტომ არ შეგვიცვლია, რომ ხვალ ამ ბანდიტებმა ითარეშონ უნივერსიტეტში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გაფრინდაშვილი კანცლერი ვერ გახდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ნიკოლოზ მეტრეველი