ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაწესების შემდეგ, არ არის გამორიცხული, რომ მიმდინარე წელს სავიზო რეჟიმი მოიხსნას რუსეთთან. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ 16 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, ალბათ, სწორედ ვიზების გამარტივებასთან დაკავშირებული საკითხი იქნება განხილული.
იგეგმება თუ არა მარგველაშვილი-პუტინის აუდიენცია და როდის გეგმავს რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა.
ბატონო ზურაბ, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაწესების შემდეგ, შესაძლებელია იგივე ნაბიჯი გადაიდგას რუსეთის მხრიდან? მით უმეტეს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობაზე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტმა...
ზურაბ აბაშიძე: მართლაც, გასული წლის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ საქართველოსთან იგეგმება სავიზო რეჟიმის მოხსნა. შესაბამისი განცხადება გააკეთა საგარეო უწყებამაც. ვნახოთ, როგორ იმუშავებს გამარტივებული ახალი სავიზო რეჟიმი და მერე, უკვე, როგორც ჩანს, არ არის გამორიცხული, რუსეთთან სავიზო რეჟიმის მოხსნა.
თქვენი და კარასინის შეხვედრის მთავარი მიმართულება ძირითადად ეკონომიკური საკითხებით შემოიფრაგლება, მაგრამ ამ შეხვედრაზე თუ განიხილება ვიზების გამარტივებასთან დაკავშირებული საკითხი?
- კარასინთან გვექნება საუბარი ვიზების გამარტივებასთან დაკავშირებით, გავივლით, ვნახავთ, როგორ მუშაობს გამარტივებული სავიზო რეჟიმი, არის თუ არა პრობლემები და თუ ჩვენი მხრიდან რაიმე არის გასაკეთებელი ამ თვალსაზრისით, შევეცდებით, რომ მოვაგვაროთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენ იქ ვსაუბრობთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, სატრანსპორტო საკითხებზე, ვაგვარებთ გარკვეულ ჰუმანიტარულ პრობლემებს. იმედი მაქვს, რომ ამ თვალსაზრისითაც რაღაც შედეგით ჩამოვალთ. თუმცა, რაღაცა სენსაციის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.
ქართული მხარე ელოდება ახალ წინადადებებს რუსეთისგან? მაგალითად, სავიზო რეჟიმის გაუქმების პარალელურად დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას?
- ჩვენი აზრით სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით უშუალო კავშირი არ არის. ის, რომ რუსეთსა-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს, ეს ფაქტი სავიზო რეჟიმზე არავითარ გავლენას არ ახდენს.
საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი თუ დგას დღის წესრიგში?
- არა, ეს საკითხი ნამდვილად არ დგას დღის წესრიგში და ჩვენმა რუსმა კოლეგებმა კარგად იციან რატომ. სანამ დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, სანამ ოკუპირებული იქნება ჩვენი ტერიტორიები, დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება. მაგრამ, ჩვენ ვამბობთ, თუკი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით და ზოგადად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით, გადაიდგმევა ძალიან სერიოზული ნაბიჯები, მაშინ, რაღაც ეტაპზე, ალბათ, შეიძლება ეს საკითხი დადგეს დღის წესრიგში.
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაწესების პარალელურად უნდა ველოდოთ თუ არა სიურპრიზებს რუსეთისგან?
- არა მგონია, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით რუსეთის მხარეს რაიმე სერიოზული პრეტენზიები ჰქონდეს. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის საკითხს, ეს ნამდვილად ჩვენი უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რაც ბუნებრივია, რომ ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული და ეს პროცესი ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო. პირველი შეთანხმება ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობის შესახებ 1996 წელს გავაფორმეთ. მაშინ, ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყეთ ევროკავშირთან თანამშრომლობა და მოძრაობა ევროპული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. მას შემდეგ 20 წელი გავიდა, ბევრი რამ გაკეთა ამ მიმართულებით და ჩვენმა მთავრობამ ძალიან კარგად და ეფექტურად იმუშავა, ამავე დროს - ფრთხილად, იმისათვის, რომ ჩვენი უსაფრთხოებისთვის ახალი პრობლემები არ შეგვექმნა.
ბატონო ზურაბ, თქვენ ამბობთ, რომ რუსეთისგან სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაწესების პარალელურად, რუსეთმა ოკუპირებულ რეგიონებეში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. ეს არ არის ძალის დემონსტრირება რუსეთის მხრიდან?
- ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნების ჩატარებასთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება აბოსლუტურად ცალსახა და ცნობილია. ჩვენ ვგმობთ ამგვარ ქმედებას და ვთლით, რომ ეს არის ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში ხელყოფა. ზოგადად, მიჭირს სავიზო ლიბერალიზაციის საკითხს დავუკავშირო ეს წვრთნები. ვფიქრობ, რომ ეს უფრო დიდი და სერიოზულ მოვლენებთან არის დაკავშირებული. კონკერტულად კი - რაც ხდება ჩვენს ირგვლივ რეგიონებში, ახლო აღმოსავლეთში და ა.შ.
რაც შეეხება საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრას, ადასტურებთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ამ შეხვედრის ორგანიზება მიმდინარეობს?
- ჩვენი მხრიდან, ისევე როგორც რუსეთის მხრიდან ადრე გაკეთდა განცხადებები იმის თაობაზე, რომ მიზანშეწონილი იქნება პირველი პირების შეხვედრა. თუმცა, ჩვენი მხრიდან ხაზი გაესვა იმას, რომ თუ ასეთი შეხვედრა შედგება, ასეთ შემთხევაში აუცილებლად უნდა იყოს განხილული ჩვენთვის ყველაზე უფრო საჭირბოროტო საკითხები, როგორც არის აფახაზეთი და ცხინვალის რეგიონი და თუნდაც მცირე ნაბიჯი მაინც გადაიდგას ასეთ შეხევდრაზე. ბუნებრივია, ამ შეხვედრას სჭირდება ძალიან სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები და როგორც წესი, ამას საგარეო უწყებები ასრულებენ. ამ ეტაპზე ასეთი მზადება არ მიმდინარეობს.