დევიდ ბექჰემის სიმაღლე 183 სანტიმეტრია.
დაქორწინებულია პოპულარული ბრიტანული პოპ-ჯგუფის „სფაის გერლზის” წევრზე, ვიქტორია ბექჰემზე. გავრცელებული ცნობის თანახმად, მათი სიყვარულის ისტორია 1996 წელს, თბილისში დაიწყო, როდესაც ინგლისის ნაკრებთან ერთად საქართველოს დედაქალაქში მყოფმა ბექჰემმა სასტუმროს ნომერში ტელევიზორში „სფაის გერლზის” კლიპი ნახა და შავგვრემანი ლამაზმანის ვინაობით დაინტერესდა.
დევიდ ბექჰემის უფროსი ვაჟების ნათლიები არიან ელტონ ჯონი და ელიზაბეთ ჰარლი.
2003 და 2004 წლებში დევიდ ბექჰემი „გუგლის” საძიებო სისტემის აბსოლუტური ლიდერი იყო სპორტულ თემატიკაზე განხორციელებული ძიებების დროს.
დევიდ ბექჰემს იშვიათი ფობია აქვს – ატაქსიოფობია, მას პანიკურად ეშინია არეულობის. ბექჰემის გარდერობში ტანსაცმელი მკაცრი სიმეტრიულობით არის დაწყობილი, მაცივარში კი ბოთლები მხოლოდ ერთ ხაზზეა მოთავსებული. მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ ყველაფერში იყოს წესრიგი და სიმეტრიულობა.
ქალიშვილის ჰარპერ სევენის ოჯახის წევრად შემატება დევიდ ბექჰემმა ორიგინალურად აღნიშნა: „ლოს-ანჯელეს გელექსის” მატჩში, რომელიც ჰარპერის დაბადებას დაემთხვა, ის მოედანზე თეთრი ფერის ბუცებით გავიდა, რომელთაც ვარდისფერი ზოლი გასდევდა.
„მანჩესტერ იუნაიტედში” გატარებული ბოლო სეზონი ბექჰემსა და ალექს ფერგიუსონს შორის სკანდალით დასრულდა. ერთ-ერთი მატჩის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელის თამაშით უკმაყოფილო ფერგიუსონმა ბექჰემს ბუცი ესროლა სახეში. ნასროლმა ბექჰემს წარბი გაუხეთქა და მილიმეტრებში ასცდა თვალს. ამბობენ, რომ ამ ფაქტის შემდეგ დევიდ ბექჰემმა „მანჩესტერიდან” წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და მადრიდის „რეალში” გადაბარგდა.
„კელვინ ქლაინის” მამაკაცის თეთრეულის რეკლამირებაში დევიდ ბექჰემმა 1 მილიონი ევრო მიიღო ჰონორარის სახით.
ატაქსიოფობიასთან ერთად, დევიდ ბექჰემს კიდევ ერთი პანიკური შიში აქვს – ორნიტოფობია, რაც ფრინველების შიშს ნიშნავს.
დევიდ ბექჰემი ფიგურირებს ბრიტანულ კინო-ბლოკბასტერში – „რეალური სიყვარული,” სადაც ჰიუ გრანტის გმირი მის მარჯვენა და მარცხენა ფეხებს ინგლისის ღირსებად ასახელებს.
დევიდ ბექჰემის საუკეთესო მეგობრად ითვლება გარი ნევილი, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა თბილისში, სასტუმროს ნომერში, როდესაც მან პირველად ნახა ვიქტორია ეკრანზე. და მოგვიანებით ნევილი ქორწილში მისი მეჯვარე გახდა.
დევიდ ბექჰემის 30 წლის იუბილეზე მოწყობილ წვეულებაზე სტუმრების სტატუსით ესწრებოდნენ: ელ მაკფერსონი, ელიზაბეთ ჰარლი, ელტონ ჯონი და ჯერი ჰოლიუელი.
ინგლისის ნაკრებში თამაშის დროს დევიდ ბექჰემი ყოველ მატჩზე ბუცების ახალ წყვილს იცვამდა, რომელთა ფასი 300 ფუნტ სტერლინგს შეადგენდა.
დევიდის მამა, დევიდ ედვარდ ანან ბექჰემი, სამზარეულოების მონტაჟით იყო დაკავებული, ხოლო დედა, სანდრა უესტი – პარიკმახერია. ბექჰემის ბაბუა (დედის მხრიდან) ებრაელი იყო.
ფეხბურთის ბურთი, რომლითაც დევიდ ბექჰემმა ვერ გაუტანა პენალტი პორტუგალიის ნაკრებს 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ინტერნეტ-აუქციონზე 28 ათას ევროდ გაიყიდა.
დევიდ ბექჰემს 17 სხვადასხვა ტატუ აქვს სხეულზე: თავისი შვილების სახელები (ბრუკლინი, კრუზი და რომეო), მეთიუ ბრუქსის ხატის რეპროდუქცია, ჯვარზე გაკრული იესო, ვიქტორია ბექჰემის პორტრეტი (მხარზე), ჯვარი (კისერზე), ქორწინების 10 წლის იუბილესადმი ვიქტორიას სახელი ჰინდის ენაზე, ქალიშვილის – ჰარპერ სევენის სახელი (კისერზე) და, სულ ბოლო ტატუირება სიტყვა – „სიყვარული”.