ევროკავშირთან საქართველოს უვიზო რეჟიმი, სავარაუდოდ, ზაფხულისთვის ამოქმედდება. საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესების წინადადებით უკვე მიმართა ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს. უვიზო რეჟიმის დაწესება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებისა და ეკონომიკური, ბიზნეს, კულტურული და სხვა სახის კავშირების გაღრმავებას. თუმცა, ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმი არ გულისხმობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დასაქმების საშუალებას.
ევროპარლამენტის თანხმობის შემდეგ, ევროკავშირის საბჭო დაამტკიცებს განახლებულ რეგულაციას და ცვლილებას ხელს მოაწერენ ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. ცვლილების საფუძველზე საქართველო შეტანილ იქნება იმ ქვეყნების ნუსხაში, რომლებიც შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმით სარგებლობენ. ევროკავშირთან მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება რეგულაციის ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 20 დღეში.
მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას დაამტკიცებენ, ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით ისარგებლებენ. უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.
მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გავრცელდება 30 ქვეყანაზე, შენგენის სივრცის ევროკავშირის წევრი 22 ქვეყანა: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი და ჩეხეთი - ეს არის ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით შეძლებენ გადაადგილებას.
შენგენის კანდიდატია, ევროკავშირის 4 წევრი ქვეყანა: კვიპროსი, ხორვატია, რუმინეთი, ბულგარეთი. შენგენის ასოცირებული 4 ქვეყანაა: ისლანდია, ნორვეგია, ლიხტენშტაინი, შვეიცარია. გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია, რომლებთანაც სავიზო რეჟიმი შენარჩუნდება.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეს იძლევა ძალიან დიდ შესაძლებლობებს რეალური ნაბიჯების გადადგმისთვის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მიხეილ ჯანელიძე ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიმართ კითხვები არ არსებობს.
„საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა უფრო მეტად იყვნენ ინტეგრირებული ევროკავშირთან, მიეცეთ საშუალება თავისუფალი გადაადგილების. ეს იძლევა ძალიან დიდ შესაძლებლობებს რეალური ნაბიჯების გადადგმისთვის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ველით, რომ გადაწყვეტილება მათი მხრიდან დროულად იქნება მიღებული“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი დაჩქარდება და რამდენიმე თვეში წარმატებით დასრულდება. მთავრობის მეთაური მადლობას უხდის ყველას, საქართველოს მეგობრებს და პარტნიორებს, ვინც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა პროცესის ასე პოზიტიურად წარმართვაში.
„ევროკომისია გამოვიდა ინიციატივით საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე. ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, ასევე - ჩვენი ქვეყნის და ხალხის ძალიან დიდი წარმატება. ევროკომისიის მხრიდან ამ ინიციატივას მოჰყვება განხილვა ერთდროულად ორივე ინსტიტუციაში - ეს არის ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი. ალბათ, რამდენიმე თვეში პროცესი წარმატებით დასრულდება. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს პროცესი ჩქარა წარიმართება.
მადლობას ვუხდი საერთოდ ყველას, ვინც პოზიტიური წვლილი შეიტანა ამ პროცესში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ჩვენი ხელისუფლების, როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის ძალიან დიდი ძალისხმევის და დიდი შრომის შედეგი. ეს არის ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის შედეგი და ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას. მინდა მოგილოცოთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში დავით ბაქრაძე განმარტავს, რომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების ვადები ქართულ მხარეზე დამოკიდებული არ არის. მისი თქმით, პროცედურები მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან არის განსახორციელებელი.
„ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ არსებული ქვეყნების პრაქტიკიდან და მოვიშველიოთ ევროკომისრის შეფასება, რომელიც ამ პერიოდს დაახლოებით 3-4 თვით ახასიათებს. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი არის თანამიმდევრული იმ პოლიტიკაში, რომელსაც ის ახორციელებს მის მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებში. საქართველოს ევროპულ მისწრაფებას მოაქვს კონკრეტული შედეგები საქართველოს მოქალაქეებისთვის და იმ თავისუფლებებს, რომლებიც დღეს გვაქვს, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა, დაემატება კიდევ ერთი, უვიზოდ გადაადგილების თავისუფლება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ამასთან, იუსტიციის მინისტრი უცხოეთში არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, თუ შესაძლებელია თავიანთი ვითარების დაკანონება მოახდინონ, თუ არა, მაშინ უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ კანონიერად შევიდნენ ევროკავშირის ქვეყნებში.
„ყველას შეგხვედრიათ ალბათ, ჩვენი მოქალაქე, რომელიც არალეგალურად ცხოვრობს ევროკავშირის ქვეყანაში. ყოფილა ისეთი ტრაგიკული სიტუაცია, როდესაც იმის შიშით, რომ თუ საქართველოში დაბრუნდება, უკან ვეღარ შევა, საკუთარი ოჯახის წევრის გასვენებაშიც არ ჩამოსულა. პირველი ნაბიჯი იქნებოდა ის, რომ ალბათ, იმ ქვეყანაში, სადაც ისინი არიან, სასწრაფოდ გადადგან ნაბიჯები და თავიანთი ვითარების დაკანონება მოახდინონ თუ ეს შესაძლებელია.
თუ ეს შეუძლებელია, მაშინ შეეცადონ, რომ უკვე როდესაც დადგება უვიზოდ მიმოსვლის დღე, ახალ პირობებში კანონიერად შევიდნენ ევროკავშირის ქვეყანაში. თუმცა პრობლემა ის არის, რომ უვიზოდ მიმოსვლა არ ნიშნავს ევროკავშირის ქვეყანაში ცხოვრებას“, - აცხადებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
ანალიტიკოსების შეფასებით, სიტუაცია ძალიან ჰგავს რუსეთსა და დასავლეთს შორის ბალანსირების პოლიტიკას, ამ რთული სიტუაციიდან საქართველო ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეს. ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე არ იზიარებს ოპონენტების განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. მისივე თქმით, კითხვები ხელისუფლების საგარეო და საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებით აქვს, თუმცა ამბობს, რომ შედეგი სახეზეა.
„მივესალმები ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას. არ ვიზიარებ შეთქმულების თეორიებს, რომ ეს მთავარობა ივანიშვილის ხელში რუსული გუნდით არის დაკოპლექტებული. თუმცა, რა კითხვები მქონდა, იგივე კითხვები მრჩება დღესაც. სამწუხაროდ, მთავრობა სუსტად მუშაობს ჩვენს მოკავშირეებთან, ეს არის მთავარი პრობლემა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, ჩვენ ვუყურებთ აღვირახსნილ რუსულ პროპაგანდას. ეს ორი ძალიან სერიოზული კითხვა და შენიშვნა მაქვს მთავრობასთან. ისე, რა თქმა უნდა, შედეგს მიაღწეს და ეს არ უნდა დავუკარგოთ“, - ამბობს თორნიკე შარაშენიძე.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების აქტივობის და დასავლეთის მონდომების შედეგია საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესება. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ხელისუფლების ორიენტაციასთან დაკავშირებით დასავლეთს კითხვის ნიშნები თითქმის არ უჩნდება.
„თითქმის იმიტომ, რომ ჩნდება მოსაზრებები დასავლეთის პასიურობის ფონზე, პუტინის აქტიურობას შეიძლება ცვლილებები შეეტანა საქართველოს საგარეო პოლიტიკაში. პრინციპში, ეს მოსაზრებაც გაბათილდა. არსებული ხელისუფლება, რომ დასავლეთისკენ მიდის, ამაზე კითხვის ნიშნები არ ჩნდება. სამწუხაროდ, ადამიანებს ხშირად უნდათ, რომ რომის პაპზე უფრო კათოლიკეები იყვნენ. დასავლეთი, რომელიც სწორედ საკანონმდებლო ბაზის თვალყურის დევნების შედეგად იღებს ასეთ გადაწყვეტილებას, დღეს თვლის, რომ საქართველო ახლოს არის დასავლურ ღირებულებებთან. განცხადების გაკეთება ადვილია, დასაბუთებაა ძნელი და ეს დასაბუთება ვერ ვნახეთ“, - აცხადებს რამაზ საყავრელიძე.