„გაფრინდაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალურ ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენდა“

„გაფრინდაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალურ ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენდა“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერის არჩევნები ჩაიშალა. ხელახალი თარიღი უცნობია. თავად სტუდენტები სენატის წევრების გადაწყვეტილებას პროცესის გაჭიანურების მცდელობად აფასებენ. არჩევნების ხელახალი თარიღის განსაზღვრამდე სტუდენტების იმ წარმომადგენლებს შეხვდებიან, რომლებიც კანცლერის პოსტზე გიორგი გაფრინდაშვილის კენჭისყრას აპროტესტებენ. სწორედ, ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, როდის გაიმართება კანცლერის არჩევნები.

როგორც ცნობილია კანცლერის არჩევნები 16.00 საათისთვის იყო დანიშნული. სწორედ ამ დროისთვის თსუ-ს პირველ კორპუსში სტუდენტების აქცია დაწყო. პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, სტუდენტებმა იმ ოთახთან მისვლა მოახერხეს, სადაც კენჭისყრა უნდა გამართულიყო, შესაბისად, სენატის წევრებს იქ შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ. სტუდენტები გაფრინდაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ფარულ თანამშრომლობაშიც ადანაშაულებენ.

თუ გაფრინდაშვილი კანცლერი გახდება, თვითმმართველობა უფრო მეტ ძალაუფლებას მოიპოვებს და სტუდენტებს შორის უთანასწორობა გაიზრდება. მათივე განცხადებით, გაფრინდაშვილი სწორედ იმ ორგანიზაციის წევრი იყო, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალურ, ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენდა. იმდროიდნელი თვითმმართველობის წევრები სწორედ სტუდენტებზე ძალადობისა და პარტიული ინტერესების გატარების ხარჯზე, შემდგომ პოლიტიკურ კარიერას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებზე აგრძელებდნენ. შესაბამისად, სტუდენტები გაფრინდაშვილს მიმართავენ მოხსნას საკუთარი კანდიდატურა.

„გიორგი გაფრინდაშვილის სახელი დაკავშირებულია „ნაციონალური მოძრაობის“ დროს თვითმმართველობის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა ძალადობრივ ქმედებებთან და მისი კანდიდატურა არ შეესაბამება იმ პოსტს, რომლის დაკავებაც მას სურს“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი თორნიკე ჩივაძე.

რაც შეეხება კანცლერობის კანდიდატს, გიორგი გაფრინდაშვილს, ის თვითმმართველობის პირველი და მეორე მოწვევის წევრი იყო. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მას თვითმმართველობის პრეზიდენტის პოსტი ეჭირა. 2010 წლიდან დღემდე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწედ მუშაობს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, 2011 წელს, სტუდენტური მოძრაობა „თარგმნეს“ მიერ დაგეგმილი პრეზენტაციისას, თვითმმართველობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ მოძრაობის აქტივისტებს. ჟურნალისტების ადგილზე მისვლის შემდეგ კი, გიორგი გაფრინდაშვილმა მათ განუცხადა, რომ არავინ არავის არ სცემდა.

თავის მხრივ, ბალდებას აბსურდულს უწოდებს და კანცლერის არჩევნებიდან კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს გიორგი გაფრინდაშვილი. მისი განცხადებით, თუ მის მიმართ წამოყენებული ბრალდებები დადასტურდება, პირობას დებს, რომ არათუ უნივერსიტეტში, საჯარო სამსახურშიც კი არ იმუშავებს.

„თუ მოხდება რომელიმე იმ ბრალდების დადასტურება, რომელიც ისმის ჩემ მიმართ, მე მზად ვარ, არათუ უნივერსიტეტში, არამედ საჯარო სამსახურშიც კი არ ვიმუშავო ჩემი სიცოცხლის მანძილზე. ეს პროცესი მართულია იმ ძალების მიერ, რომლებსაც არ სურთ უნივერსიტეტში ჯანსაღი პროცესების წარმართვა, შეიძლება ცუდად გამოიყენონ და მოხდეს დაპირისპირება“, – აცხადებს გიორგი გაფრინდაშვილი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტების აქცია გრძელდება. სტუდენტები აცხადებენ, რომ აქციას მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ. სტუდენტებმა არ მიიღეს სენატის შეთავაზება, ორშაბათს სამუშაო შეხვედრის თაობაზე და განაცხადეს, რომ თუკი უნივერსიტეტის სენატს მათთან თანამშრომლობის სურვილი აქვს, შეუძლიათ შეუერთდნენ აქციას და მოისმინონ სტუდენტების ულტიმატუმი.

სტუდენტების მთავარი მოთხოვნაა:

დაუყოვნებლივ მოხსნას კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა;

თსუ-ის ხელმძღვანელობამ რეაგირება მოახდინოს უნივერსიტეტში საპატრულო პოლიციის თანამშრომლების შესვლაზე, რაც უნივერსიტეტის ავტონომიის უხეში დარღვევაა; უნივერსიტეტი საბოლოოდ გათავისუფლდეს ე.წ. ოდეერებისგან, რომლებმაც უნივერსიტეტში კლანური სისტემა შექმნეს.

თსუ-ის სტუდენტები სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს თანადგომისკენ მოუწოდებენ.

სტუდენტებს აქციის შეწყვეტის თხოვნით მიმართავს თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა და მოუწოდებს, საკანონმდებლო სივრცეს არ გასცდნენ.

„მთავარია, ჩვენ არ ამოვვარდეთ საკანონმდებლო სივრციდან, რასაც განსაზღვრავს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ და რაც არის უნივერსიტეტის წესდება. წესდებით გათვალისწინებულია დღეს სენატის სხდომის ჩატარება. ჩემთვის მთავარია უნივერსიტეტი ასრულებდეს უმთავრეს ფუნქციას – სასწავლო–სამეცნიერო ფუნქციას და ნებისმიერი ექსცესი უნივერსიტეტისთვის მიუღებელია. ყველამ თავის წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ თავზე“, – განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.

ბრალდებებას, რომ გაფრინდაშვილი „ნაციონალურ მოძრაობის“ ზონდერი იყო, თითიდან გამოწოვილს უწოდებს თსუ–ს პროფესორი ნატალია ხარაძე, რომლის განცხადებით, გაფრინდაშვილი თვითმმართველობაში იყო, თუმცა არანაირ ხულიგნურ ქმედებებში შემჩნეული არ ყოფილა.

„გაავრცელეს კადრი, სადაც გიორგი დგას, მაგრამ მასთან ერთად იდგნენ სხვა პროფესორები, ადმინისტრაციის იმდროინდელი თანამშრომლები. ბატონი ვლადიმერის მოსვლის შემდეგ ეს შემადგენლობა არ შეცვლილა და არავის მიმართ პროტესტი არ ყოფილა. ამიტომ, ჩვემთვის გაუგებარია, რატომ მხოლოდ გიორგის მიმართ პროტესტი და თუ რეჟიმს აპროტესტებენ, მაშინ რატომ არ აპროტესტებენ იმ ძველი კადრების დარჩენას, რომლებიც გაცილებით მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ მაშინ? ყველა ეს კადრი დატოვა ბატონმა ვლადიმერმა და საკმაოდ ნაყოფიერად თანამშრომლობენ. რატომ არ აქვთ იგივე რეაქცია ამ ადამიანების წინააღმდეგ?

როდესაც სტუდენტებმა კანდიდატებთან ჩაატარეს შეხვედრები, შეგნებულად დავესწარი ამ შეხვედრას. მაინტერესებდა რა კითხვას დაუსვამდნენ სტუდენტები გიორგის და როგორ პასუხს გასცემდა ის. ისე დასრულდა სტუდენტებთან შეხვედრა, რომ არანაირი კითხვა არ დაუსვამს არავის. ეს ფაქტი მაკვირვებს. იქ, სადაც ამ კითხვის დასმის საშუალება ჰქონდათ, რატომ არ დასვეს კითხები? ამიტომ მიჭირს სიღრმეებში წასვლა – ვინ დგას ამის უკან“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ნატალია ხარაძემ.