მცირე წარმოების შექმნისა და განვითარებისათვის საჭირო ყველა საშუალებას მივმართე და საბოლოოდ, დიდი შრომითა და ინტელექტუალური ჯაფით მოპოვებული წარმატებების კვალობაზე, ფიასკო, იმედგაცრუებები და წვალებით გასტუმრებული ბანკის ვალები შემომრჩა. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ჩემი ფიასკო არ არის: ქვეყანაში შემორჩენილმა ტექნიკურმა ინტელექტუალებმა, შესანიშნავი ცოდნისა და უნარების მშრომელმა ადამანებმა ჩემი სამეგობროდან, მფრინავი თეფში ვერა, მაგრამ ქვეყნისთვის თითო აგური მაინც გამოვიგონეთ და შევქმენით საკუთარი მატერიალური, ფინანსური და ინტელექტუალური რესურსის გამოყენებით. მაგრამ...
ჩვენს ბაზარზე ჩვენთვის ადგილი არ გამოჩნდა; არ არის ჩვენს სახელმწიფოში -ადგილობრივი მცირე და საშუალო წარმოების წახალისების რეალური ნება; არ არსებობს ბანკებში - ისეთი საწარმოო კრედიტები, რომლებიც რეალური ეკონომიკის განვითარებაზე, საკუთარი მოქალაქეების შრომითი ინიციატივებისა და აქტიურობის ხელშეწყობაზე, დასაქმების გაზრდაზე და ქვეყანაში მეტ-ნაკლებად სტაბილური ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებაზე იქნებოდა მიმართული. საბოლოოდ, მსოფლიო ეკონომიკისა და პოლიტიკის ნებისმიერი სირთულე პირდაპირ ჩვენი მოსახლეობის ყოფაზე აისახება, იმ ადამიანების ყოფაზე, რომლებმაც უკვე მერამდენედ, საკუთარი რესურსები - სახლი იქნებოდა, შემნახველ სალაროში ცხოვრების მანძილზე დაგროვილი დანაზოგი, ემიგრაციაში მძიმე შრომის ფასად ნაშოვნი ფინანსები, მთელი ცხოვრებისეული გამოცდილება და ცოდნა ჩადეს იმაში, რომ ცოტათი უფრო ღირსეულად ეცხოვრათ, საბოლოოდ კი ერთი და იგივე შედეგი მიიღეს: „ახეული ბიზნესები“, ვალები, ანდაც რაღაც გაუგებარი მანქანებით აორთქლებული საკუთარი დანაზოგები, ქონება და წართმეული უფლება - იშრომონ და ამ შრომით ქვეყანაც არჩინონ და საკუთარი ოჯახიც.
ახლა, იმ პროექტებზე, რომლებიც წამოვიწყე და რომლებიც საბოლოოდ, ჩემთვის ისეთივე მახე აღმოჩნდა, როგორშიც არაერთი ადგილობრივი მეწარმე და ბიზნესმენი გაება:
ბოლო დროს აქცენტი აგრარულ სექტორზე კეთდება. გამოცხადდა რამდენიმე პროგრამა, რომელთა მიზანიც მეწარმეთა და ფერმერთა ხელშეწყობაა: დაგვპირდნენ იაფ ფულს, ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე გასვლას, თუმცა, საბოლოოდ შემოთავაზებული პროგრამებით სარგებლობა ადგილობრივი მეწარმეებისთვის და ფერმერებისთვის არა მარტო სარისკო, არამედ არარეალურიც გამოდგა. ვინ და როგორ ისარგებლა ამ პროგრამებით, სხვა თემაა, ფაქტია, რომ მეწარმე, რომლისთვისაც ყველაზე სანდო და ერთგული პარტნიორი სახელმწიფო უნდა იყოს, საკრედიტო ან საკანონმდებლო მახეშია გაბმული:
ქვეყანაში არ არსებობს ვიწრო სპექტრის ინფრაწითელი სხივებით შრობის ტექნოლოგია, რაც გამოიყენება ხილის, ბოსტნეულის, საშენი მასალის მაღალხარისხოვნად დასამუშავებლად და შესაძლებელს გახდის ჩვენი პროდუქციის კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზარზე.
ამ თემაზე გაკეთებულიპროექტი პრემიერ მინისტრის აპარატს და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს ორი- სამი წლის წინ წარვუდგინეთ, მათ კი დელიკატურად მოგვიცილეს - ინვესტორები შემოიტანენ ამ ტექნოლოგიას და საჭირო არ არის ეროვნული ტექნოლოგიური პროექტების ბაზის შექმნაო.
შედეგი - არაკონდიცირებული, ადგილობრივი წარმოების ჩირები ბაზარზე; უხარისხო, ხშირად კი სახიფათო იმპორტული ჩირები სუპერმარკეტებში; დაბრეცილ-დახეთქილი ადგილობრივი ხის მასალა და უსაქმურობითა და ხელფას-დანამატებით გახვითქული ჩინოვნიკები სოფლის მეურნეობის, საწარმოო თუ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის სფეროდან. „ინფრარედი“ გაუგიათ, მაგრამ, ინვესტორის იმედად რჩებიან, ასე უფრო ნაკლები რისკია რა თქმა უნდა. ჯერ-ჯერობით ამ ტექნოლოგიებით შემოსული ინვესტორი თითქმის არ ჩანს, სამაგიეროდ, უხვად არიან იმ სფეროებში, სადაც იაფი და საეჭვო ფულის დიდი ოდენობით სწრაფად „მოხსნაა“ შესაძლებელი. თვით ბანკირებმა დაიფინანსეს ამ „ხელშეწყობით“ საკუთარი ბიზნესები.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს გააჩნია ხილისა და ბოსტნეული პროდუქტების რეგიონალური მონაცემები. საჭიროა შეიქმნას რეგიონალური სტრატეგიული განვითარების პროექტების ბაზა, დამუშავდეს მათი ტექნიკური უზრუნველყოფის პროექტები, დამუშავდეს რეალიზაციის სტრატეგია, შეიქმნას საწარმოო ხაზები და უკვე აწყობილი საქმე შევთავაზოთ გლეხს თუ მათ გაერთიანება-კოოპერატივს. მაშინ გლეხი იქცევა ფერმერად.
ეს მსგავსია ისრაელის კიბუცების განვითარებისა და ეს ერთადერთი გზაა, რომ მცირე ბიზნესში დამზადებულმა ჩვენმა ნაწარმმა ევროპულ ბაზარზე გასვლა მოახერხოს.
ჩემით შევქმენი ასაწყობი კერამიკული ბუხრისა და გამათბობელი სისტემების საკვამური კერამიკული მილების საწარმოო ხაზი, რომელმაც თავის დროზე შემოსავალიც მომიტანა, რადგან გამოიყენეს იმ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაში, სადაც სამშენებლო ნორმებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს აქცევდნენ ყურადღებას. სხვათაშორის, ჩვენს მიერ მომზადებული კერამიკული საკვამური მილების სისტემა გაცილებით იაფი დაჯდა, ვიდრე მათი ევროპული ანალოგები. ამ სისტემის შექმნის კვლევით სამუშაოებში დეველოპერულმა სამშენებლო კომპანია „აქსისმა“ დიდი თანხა ჩადო წლების წინ. შედეგად, შევიმუშავეთ „ლეგოს“ ტიპის ქართული აგურისა და კერამიკული (ანუ თბოეკონომიური) სამშენებლო ბლოკის ტექნოლოგია. თუმცა, დანერგვამდე საქმე ვეღარ მივიდა იმ ცნობილი ამბების გამო, რაც ბიზნესს დამართეს წლების წინ.
ასევე, არსებობს და საკვლევია აფუებული ფიქალის საშენი მასალის მიღების ტექნოლოგია, რომელსაც უდიდესი პერსპექტივები აქვს და მისი გამოყენება ფართოდ შეიძლება არამხოლოდ ადგილობრივ სამშენებლო ინდუსტრიაში.
შედეგად, გაუმჯობესდება ახლადაშენებული შენობების ენერგოეფექტურობა, მშენებლობა გაიაფდება და ამავე დროს, მივიღებთ დასაქმებულ ადამანებს და არა „ელიავას“ ბაზრობასა თუ მშრალ ხიდთან მდგომ გასაცოდავებულ დისკვალიფიცირებულ ტექნიკურ პერსონალს.
2008 წლის ომის და კრიზისის შემდეგ ვაიუშველებელით შევინარჩუნე კერამიკული მილების, ასაწყობი ბუხრების და ქართული აგურის საწარმოო ხაზები, სადაც 20 ადამიანამდე მყავდა დასაქმებული. დღეს ერთადერთი პერსპექტივა მაქვს - ჯართად გავყიდო აღდგენილი შემორჩენილი დანადგარები და შევეგუო იმ აზრს, რომ სახელმწიფოში, რომელსაც ყველა ბრძოლაში გავყევი, ჩემისთანებისთვის ადგილი არ აღმოჩნდა. არადა, თუნდაც ამ მცირედის ბაზაზე შეიძლება ვეტერანთა თუ პრობაციონერთა დასაქმებისა და გადამზადების მცირე საწარმოს შექმნა სათანადო ხელშეწყობისას, მოგებას არ დავეძებ, ამდენი ნაშრომი მენანება.
თბილისი, და არამარტო, მიაქვს ნაგავს.... მომეცით ეს სანაგვეები და გრანტი (ბანკის კრედიტი და „წარმოებულია საქართველოში“ არა, რააა! - ვერც იმუშავა და ძნელი არ იყო იმის მიხვედრა, რომ ამ პროგრამით სარგებელს მარტო მსხვილი, ბანკებს შეზრდილი ბიზნესები ნახავდნენ). არსებობს პიროლიზისა და კრეკინგის ტექნოლოგიები, რომელთა გამოყენებით მიღებული იაფფასიანი საწვავი მეთანისათვის, შესაძლებელია დამატებითი მცირე თბოსადგურების ამუშავება, რომლებიც ჩაერთვებიან ქვეყნის ელექტრო სისტემაში. (ნედლეულად თვით პოლიმერული ნარჩენებიც კი გამოიყენება, რომელიც მთელი მსოფლიოსათვის პრობლემადაა ქცეული).
ყოველი ორგანული ნარჩენებიდან შეიძლება ბიოდიზელის მიღება და ქვეყნის ენერგეტიკით იმგვარი მომარაგება, რომ საბოლოოდ არ მოვსპოთ სასიცოცხლო გარემო.
თუმცა, ეს არაა ერთ წელზე და ბანკებზე ორიენტირებული თემები. მათ დამუშავებაში სახელმწიფოს მხარდაჭერა ვთხოვე, მით უმეტეს, რომ ჩემივე ძალებით და რესურსებით უკვე შექმნილი მაქვს თითქმის მზა საწარმო, სადაც თუნდაც პირველ ეტაპზე თავისუფლად დასაქმდება 20 ადამიანი და იმ პროდუქტს შექმნის, რომელზეც მოთხოვნაა ჩვენს საკუთარ ბაზარზე. თუმცა, ჩვენი ჩინოვნიკებისთვის სამუშაო ადგილები და ადგილობრივი ეკონომიკა აბსტრაქტული თემებია, რომლებზეც დღემდე დიდი ფული იხარჯება, შედეგები კი არა და არ ჩანს!
თუკი ქვეყნის შიგნით არსებული შესაძლებლობების ეფექტურ ათვისებაზე დაიწყებს სახელმწიფო ფიქრს, მაშინ აუცილებლად უნდა შეიქმნას გამოყენებითი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი, რომელიც გააერთიანებს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის, სხვა ტექნიკური მიმართულების ინსტიტუტების, მცირე საკონსტრუქტორო ბიუროების და მეწარმეების გამოცდილებებს და კოორდინირებას გაუწევს მათ კონკრეტულ ფერმერამდე თუ მეწარმემდე მიტანას პროექტისა და საწარმოო ხაზის სახით.
სხვის იმედად და ნაუცბათევი შედეგის მოლოდინად დარჩენას კი რაც უწერია, უკვე ვნახეთ!
ეს მხოლოდ ბიზნესი არააა....
პატივისცემით: მალხაზ ჩემია - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მეწარმე, აფხაზეთის ომის ვეტერანი