თურქეთმა შესაძლოა, ევროკავშირის წევრობასაც გამოკრას ხელი

თურქეთმა შესაძლოა, ევროკავშირის წევრობასაც გამოკრას ხელი

ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ევროპამ უნდა უზრუნველყოს თურქეთთან მიღწეული შეთანხმებები, რომელიც მოქმედების საერთო გეგმას და ლტოლვილთა კრიზისს ეხება. ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების უმაღლესი კომისარი, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საკუთარ საზღვრებში ძირითადი პრინციპების დაცვისკენ მოუწოდა.

თურქეთისა და ევროკავშირის ერთობლივი სამიტი რთულად მიმდინარეობდა, რადგან თურქეთის პრემიერის ახალი წინადადებების გამო სამიტი გახანგრძლივდა. თურქეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ევროკავშირის წევრობის საკითხის ლტოლვილთა კრიზისის მოგვარების სანაცვლოდ დაყენება ევროპელი ლიდერებისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. აჰმედ დავუთოღლუს განცხადებით, თურქეთი ევროკავშირის წევრობისთვის მზად არის.

„3 მილიარდ ევროს ევროკავშირი სირიელი ლტოლვილებისთვის გამოყოფს. ვიმეორებ, არა თურქეთისთვის, არამედ სირიელი ლტოლვილებისთვის. თურქეთის მოქალაქეზე ერთი ევროც კი არ დაიხარჯება. თურქეთს არ სჭირდება ფული. ინფორმაციისთვის, ჩვენი ბიუჯეტიდან ბანაკებში მცხოვრებ მიგრანტებზე 10 მილიარდი დოლარი დახარჯულია“, - აღნიშნა აჰმედ დავუთოღლუმ.

თურქეთ-ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ თურქეთი მიიღებს სავიზო ლიბერალიზაციას ივნისში, თუ იგი შეასრულებს გარკვეულ პირობებს. რაც შეეხება გაწევრიანებას, ოლანდის განცხადებით, ამაზე საუბარი ჯერ კიდევ შორსაა. საფრანგეთის პირველი პირის განცხადებით, ევროკავშირი მზად არის თურქეთს შესაბამისი თანხები გამოუყოს, რათა ლტოლვილები უკან მიიღოს.

„ჩვენ მზად ვართ თურქეთს შესაბამისი თანხები გამოვუყოთ, რათა მან საბერძნეთისკენ დაძრული ლტოლვილები უკან დააბრუნოს და რეადმისია მოახდინოს. თურქეთის პოზიცია ევროპის კრიზისის მოგვარებაში მნიშვნელოვანია. მიგრანტების კრიზისის დასაძლევად აუცილებელია ერთობლივი ნაბიჯების გადადგმა“, - აცხადებს ფრანსუა ოლანდი.

მაშ ასე, თურქეთ-ევროკავშირის დაძაბული სამიტი კონკრეტული შედეგებით დასრულდა. 2016 წლის ივნისის ბოლომდე თურქეთი შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას მიიღებს. თითქმის 80 მილიონიანი თურქეთისათვის უვიზო მიმოსვლის დაჩქარებული წესით მიცემა ლტოლვილთა კრიზისის მოგვარებაში თურქეთის გადამწყვეტმა როლმა განაპირობა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა ვერ იქონია თურქეთის ხელისუფლების მიერ 3 დღის წინ ოპოზიციურ მედიაზე განხორციელებულმა თავდასხმამ და მედია თავისუფლების შეზღუდვამ. გარდა ამისა, თურქეთი მარტის ბოლომდე 3 მილიარდ ევროს მიიღებს, ხოლო 2018 წლამდე კიდევ დამატებით მიიღებს 3 მილიარდ ევროს. დამატებით 3 მილიარდის გამოყოფას საბიუჯეტო პროცედურების გავლა სჭირდება, ევროპარლამენტი მზადაა ეს პროცედურები დააჩქაროს.

ექსპერტი სოსო ცინცაძის თქმით, თურქეთი აცნობიერებს, რომ ევროპას არ სჭირდება და სწორედ ამიტომ მიდის შანტაჟზე.

„პრინციპში, შეთანხმება მოხდა. თუმცა 17-18 მარტს სამიტია და სწორედ ამ სამიტზე უნდა გაფორმდეს საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება. თურქეთმა უნდა ააშენოს ქალაქი, მაგრამ არა ისეთი, როგორიც მერაბიშვილმა ააშენა და ორ თვეში დაინგრა. საცხოვრებელი სახლი უნდა ააშენონ ნორმალური პირობებით. რასაკვირველია, ამას სამი მილიარდი არ ეყოფა, მაგრამ ევროკავშირი მზად არის დაუმატოს კიდევ 3 მილიარდი.

რუსეთის მიერ საჰაერო დაბომბვების შედეგად მომრავლდნენ ლტოლვილები, ამავე დროს რუსეთმა დაუშვა შეცდომა, რადგან ამით თურქეთი დაუახლოვა ევროპას. ამიტომ დღეს რუსეთს ხელ–ფეხი შეკრული აქვს თურქეთის წინააღმდეგ სანქციებზე და სხვა ზომებზე. აი, ასეთი სიტუაციაა. ალბათ, ზაფხულიდან თურქეთი მიიღებს უვიზო მიმოსვლას“, – აცხადებს სოსო ცინცაძე.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ თურქეთი განსაკუთრებული მოვლენაა ევროპისათვის. მისივე თქმით, უამრავი თურქი ცხოვრობს ევროპაში და მიუხედავად გარკვეული დაპირისპირებისა, თურქებს აქვთ საშუალება ევროპის ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები იყვნენ.

„მხოლოდ ფულადი თანხა თუ გაათავისუფლებს ევროპას საფრთხეებისგან. რასაკვირველია, ეს გრკვეული შვება იქნება ევროპისათვის და ციფრი სამი მილიარდი, ჯერ ევროპელებისგან გაჟღერდა და მერე აიტაცა ეს ციფრი თურქეთმაც, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ უფრო მოზრდილი თანხაც იქნას საბოლოოდ მოთხოვნილი. მით უმეტეს საუბარია იმაზე, რომ თურქეთმა შესაძლოა, ევროკავშირის წევრობასაც გამოკრას ხელი“, – აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

მისივე თქმით, იმდენად გაუჭირდა ევროპას მიგრანტთა პრობლემებთან გამკლავება, რომ საკუთარი ფასეულობებიდან დროებით დაივიწყეს სიტყვა დემოკრატია.

„თურქეთის დემოკრატიის სტანდარტი მისაღები ნამდვილად,  არასოდეს ყოფილა ევროპისთვის. თუმცა, ამჟამად, დუმილით ხვდებიან თურქეთის დღევანდელი ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებს, რადგან ამ ქვეყანას გააჩნია უნიკალური ფუნქცია და მით უმეტეს მას შემდეგ, რაც იგი მტრად მოიხსენიებს რუსეთს. მიგრანტების გადამკიდე დღეს ევროპა მძიმე დღეშია. ამიტომ, თურქეთსაც აქვს თვისი პრეტენზია, რომ ასეთი მომსახურების შემთხვევაში უფრო მისაღები გახდეს ევროპისთვის, ვიდრე აქამდე იყო“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა