სტუდენტები ფულის ფლანგვის წინააღმდეგ

სტუდენტები ფულის ფლანგვის წინააღმდეგ

უკვე რამდენიმე დღეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. სტუდენტური თვითმმართველობის მიერ თანხების ზღვარსგადასულმა ხარჯვამ და კანცლერის ახალმა კანდიდატურამ მათი პროტესტი ძალიან გაამწვავა.

სტუდენტები თსუ-ს თვითმმართველობას უპირისპირდებიან. ისინი ბაკურიანში ტრენინგების გასამართად თანხის გამოყოფას აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან თანხების მიღების მხრივ უპირობო მონოპოლისტია.

„ამის დასტურია წლების განმავლობაში ყოველ ზამთარს ტრადიციადქცეული „ტრენინგები“ თვითმმართველობის წევრებისთვის ბაკურიანში, რაზეც არაადეკვატური თანხა იხარჯება იმ პირობებში, როცა მხოლოდ თსუ-ს რამდენიმე ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჰყავს, რომელთა უმრავლესობა სწორედ ფინანსური დავალიანების გამო ვერ აგრძელებს განათლების მიღებას...

2015 წლის ზამთარში ბაკურიანის პროექტისთვის, რომელიც საკუთარი თავის დატრენინგებას გულისხმობდა, თვითმმართველობამ 19 000 ლარი მიიღო, ხოლო 2016 წლის თებერვალში - 24 600 ლარი. ეს ყველაფერი საუნივერსიტეტო საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტის მიუხედავად განხორციელდა, რაც სრულიად საუნივერსიტეტო ინტერესების უგულებელყოფაა“, - აცხადებენ სტუდენტები.

სტუდენტების პროტესტის მიზეზი უნივერსიტეტის კანცლერის კანდიდატად აკადემიური საბჭოს მიერ გიორგი გაფრინდაშვილის დასახელებაც გახდა. მათი თქმით, გაფრინდაშვილი თვითმმართველობას ხელს აფარებდა, როცა ეს უკანასკნელი სტუდენტებზე ძალადობდა. სტუდენტებს აინტერსებთ, თუ რატომ დაუჭირა აკადემიურმა საბჭომ მხარი გაფრინდაშვილის კანდიდატურას.

სტუდენტებმა უნივერსიტეტის რექტორს ვლადიმერ პაპავას სთხოვეს, მოუწოდოს გიორგი გაფრინდაშვილს, მოხსნას კანცლერობიდან თავისი კანდიდატურა. რექტორმა მზადყოფნა გამოაცხადა მათი მოთხოვნის შესრულებაზე. „მე ვეცდები, რომ უნივერსიტეტში ხელახლა ჩატარდეს კანცლერის არჩევნები“, - აღნიშნა თსუ-ს რექტორმა.

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრები მალე საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. „რექტორთან შეხვედრისას იმაზე შევჯერდით, რომ აკადემიური საბჭოს წევრები კიდევ ერთხელ შეახსენებენ გიორგი გაფრინდაშვილს, რომ ის არ არის კონსესუალური კანდიდატი და ის საფრთხეს უქმნის უნივერსიტეტში ერთიანობას. ვნახოთ, მოხსნის თუ არა ის კანდიდატურას. ველოდებით განცხადებას“, – ამბობს აქციის მონაწილე, ლევან ლორთქიფანიძე.

რაც შეეხება თვითმმართველობას და მის ფინანსებს, როგორც ჩანს, ეს საკითხი ყველაზე მტკივნეულია სტუდენტებისთვის. გიორგი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მეორე კურსის სტუდენტია. მისი აზრით, უნივერსიტეტში ბევრი ისეთი პრობლემაა, რომლის მოგვარებაზეც თვითმმართველობამ უფრო მეტად უნდა იზრუნოს, მაგალითად, აკადემიური რეგისტრაციის, საგნების არჩევის ან სხვა ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებაზე:

„ხარჯებს უმიზნოდ ფლანგავენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ აქტიური სტუდენტი ხარ, არის პრობლემა ინფორმაციის მიღების. მათ მიერ მოწყობილ კონფერენციებზეც მხოლოდ ის ადამიანები დადიან, ვინც მათთან არის დაახლოებული. ვფიქრობ, რომ თვითმმართველობამ და უნივერსიტეტმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ სტუდენტებს ინფორმაცია საფუძვლიანად მიეწოდოთ“.

კომუნიკაციის ნაკლებობა ის პრობლემებია, რომელზეც უნივერსიტეტის სტუდენტები ყველაზე ხშირად ლაპარაკობენ. მეოთხე კურსის სტუდენტი ნინი სწორედ ამას მიიჩნევს თვითმმართველობის მუშაობის მთავარ ნაკლად:

„მე ვფიქრობ, სტუდენტების მოთხოვნები ნაკლებად მიდის მათ ყურამდე. თითქოს თვითმმართველობა ჩაკეტილი, ვიწრო წრეა და კომუნიკაცია დაკარგულია იმ სტუდენტებთან, რომლებიც უშუალოდ არ არიან თვითმმართველობაში ჩართული. ვისურვებდი, რომ უფრო მეტად იყვნენ ღია ამ ურთიერთობისთვის. პირველ რიგში, კომუნიკაციაა საჭირო იმისთვის, რომ სტუდენტების ინტერესები და მოსაზრებები იცოდნენ“.

თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტის, პაატა ბახტურიძის თქმით, მისთვის ბუნდოვანია, რას გულისხმობენ სტუდენტები კომუნიკაციის ნაკლებობასა და თანასწორობაში.

„ვფიქრობ, უნივერსიტეტში, სტუდენტებს შორის თანასწორობა ისედაც არის და თანასწორობის მოთხოვნა, ცოტა არასწორია. რაც არ უნდა იყოს ამ აქციის მიზეზი და მიზანი, ჩვენი მოვალეობაა ამას შევხვდეთ, როგორც წესია, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ სტუდენტების წარმომადგენლობითი ორგანო და ნებისმიერი პროტესტი ჩვენთვის მისაღებია“, – ამბობს პაატა ბახტურიძე.

კითხვაზე, მომავალ წელს დაგეგმავენ თუ არა კვლავ ასეთ ტრენინგს, თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას ვადა მაისში ეწურება, შესაბამისად, არ იცის, მომავალი მოწვევის თვითმმართველობა ისევ დაწერს თუ არა მსგავს პროექტს.