მოახლოებულ მზის სრული დაბნელების პერიოდს მალე მთვარის დაბნელება და, პარალელურ რეჟიმში, ასტროლეგების რჩევაც მოჰყვება.
ასტროლოგი ქეთი ვაწაძე აცხადებს, რომ მზის სრული დაბნელების პერიოდი 9 მარტს, გამთენიისას, თევზების ნიშანში იქნება, ხოლო მთვარის დაბნელება - 23 მარტს არის მოსალოდნელი. დაბნელებებს შორის პერიოდი ტრადიციულად რთულად ითვლება და დიდ ყურადღებას ითხოვს თითოეული ჩვენგანისგან.
ასტროლოგის თქმით, დაბნელების დროს სამყაროში გამოდის უზარმაზარი ენერგია და როგორ იქნება ეს ენერგია გამოყენებული, ეს კონკრეტულ ადამიანებსა და მათ მიზანსწრაფვაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, შედეგიც შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე, უარყოფითიც.
ამდენად, ასტროლოგი გვირჩევს, 7-დან 23 მარტის ჩათვლით პერიოდი მშვიდობიანად გავიაროთ, აქ მნიშვნელოვანია ჩვენი აზრები, განზრახვები, ქმედებები, ვინაიდან ეს „დაბნელებების დერეფანი მართლაც საბედისწერო მნიშვნელობისაა, რამდენადაც ამ პერიოდში გაკეთებულ გაცნობიერებულ ქმედებებს, რომლებიც მიმართულნი არიან ბედისწერის გასუფთავებასა და გაუმჯობესებაზე, რეალურად შეუძლიათ ცხოვრების შეცვლა უკეთესობისკენ. დაბნელებებს შორის პერიოდის ქცევაზე, საქმეებზე, აზრებსა და ემოციებზეა დამოკიდებული, როგორ შეიცვლება ჩვენი ცხოვრება უახლოესი 18,5 წელში“.
ასტროლოგი მიიჩნევს, რომ დაბნელებას ყველაზე მეტად იგრძნობენ თევზები, ქალწული, მშვილდოსანი და ტყუპები. ამდენად, დაბნელების პერიოდში აუცილებელია სულიერებაზე აქცენტი - მედიტაცია, ლოცვა. ამ დროს უნდა მივაღწიოთ სულიერ ჰარმონიას საკუთარ თავთან და მთლიანად, სამყაროსთან.
„თუ შესაძლებელია საერთოდ, 7 -26 მარტის პერიოდში ნუ დაიწყებთ ნურაფერს, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება თქვენთვის“, - გვირჩევს ასტროლოგი.
მზის სრული დაბნელების, ამ საოცარი ბუნებრივი ფენომენის შესახებ ასტრონომი, აბასთუმნის ობსერვატორიის მკვლევარი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი რამიშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ მოვლენას ძველი ასტროლოგები ფატალურ ზემოქმედებას მიაწერდნენ და ფიქრობდნენ, რომ ამ დროს ცხოვრებაში რთული პერიოდი იწყებოდა. მზისა და მთვარის წყვილს რაც შეეხება, გიორგი რამიშვილი განმარტავს, რომ პირადად იგი არ ემხრობა ასტროლოგების მოსაზრებას, რომ მზის დაბნელებიდან მთვარის დაბნელებამდე პერიოდი მძიმე იქნება. არც იმ აზრს იზიარებს, რომ რამდენი წუთიც გაგრძელდება მზის სრული დაბნელება, თურმე იმდენი თვის განმავლობაში მოსალოდნელია პრობლემები დედამიწაზე.
ასტრონომის თქმით, საქართველოდან მზის სრული დაბნელება არ გამოჩნდება და, ამდენად, საქართველოზე მისი ზეგავლენა მინიმალური იქნება.
„მზის დაბნელების მაქსიმალური ხანგრძლივობა 4 წუთია. ეს დრო საკმაოდ დიდია, მაგრამ გავლენა აქვს ძირითადად დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროზე. დაახლოებით ინდოეთის ოკეანეში დაიწყება, ინდონეზიასთან, გადაივლის მთლიანად ინდოეთის ოკეანის ამ ნაწილს, შემდეგ - ინდონეზიის კუნძულებს, ძირითადი დაბნელების ზოლი ცოტათი ჩრდილოეთითაც გაივლის, პაპუა-ახალი გვინეიდან, მერე წყნარი ოკეანის ნახევარზე მეტს რომ გაივლის, იქ დამთავრდება. დაბნელების ძირითადი ზოლის გავლენის სფერო გასტანს თითქმის მთლიანად ავსტრალიაზე, ოღონდ მასში ავსტრალიის დიდი ქალაქები არ მოხვდება. დაბნელება არ ჩანს არც სიდნეიში, არც მელბურნში, არც - ახალ ზელანდიაში. ასევე, ზემოთა მხრიდან მინიმალური 5-10%-იანი დაბნელება მოიცავს ჩინეთის დიდ ნაწილს, კორეაც და იაპონიაც ხვდება 15-დან 25%-იან დაბნელებაში. საქართველო აქ არანაირად არ ჩანს, არც მზის ამოსვლისას და არც ჩასვლისას. დაბნელების მაქსიმუმი არის ჩვენი დროით დილის 5.55 საათზე. მართალია, მზის ამოსვლის მომენტში იწყება დაბნელება, მაგრამ საქართველოში ეს აბსოლუტურად უხილავია. ამდენად, ეს დაბნელება საქართველოზე არ იმოქმედებს. ეს დაბნელება რომ ჩანდეს საქართველოდან, მაშინ კიდევ შეიძლებოდა რამეზე უარყოფითად გვეფიქრა, მაგრამ ასე არ იქნება“, - აღნიშნა გიორგი რამიშვილმა.
მანვე განმარტა, რომ მზის დაბნელებისას მარტო საქართველოში ნერვიულობენ, სხვა ქვეყნებში კი ამ მხრივ სრული სიმშვიდეა. მით უმეტეს, ამაში არაფერი სანერვიულო არ არის. ისტორიიდან ისიც ცნობილია, ძვ.წ აღ-ის მეხუთე საუკუნეში დაბნელება რომ გამოაცხადეს, ხალხი გარეთ გამოვიდა და უყურებდა ამ დაბნელებას.
რაც შეეხება ასტროლოგთა ნაწილის გაფრთხილებას, რომ მზისა და მთვარის დაბნელებას შორის პერიოდი სახიფათოა, გიორგი რამიშვილი აცხადებს, რომ ეს იმას ჰგავს, ზოგიერთი ექიმი რომ შეაშინებს ავადმყოფს, რათა მისგან მეტი გასამჯრელო მიიღოს. პრაქტიკულად, 7 -დან 23 მარტის პერიოდი სულაც არ არის საგანგაშო. მით უმეტეს, რომ 23 მარტსაც მთვარის დაბნელება მხოლოდ დედამიწის ნახევრიდან გამოჩნდება. თბილისიდან არც მთვარის დაბნელება გამოჩნდება და ორივე დაბნელება საქართველოსთვის ჩვეულებრივ ჩაივლის.