დანაღმული ველი

დანაღმული ველი

„ქართული ოცნება“ ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის დაფიქსირებას კონსტიტუციაში ითხოვს და შესაბამისი ცვლილებების ინიცირებისთვის 76 დეპუტატის ხელმოწერას აგროვებს, თუმცა, პროცედურებიდან გამომდინარე, მერვე მოწვევის პარლამენტმა შესაძლოა, კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერი ვერ ასახოს.

ერთი მხრივ, „ოცნების“ საკონსტიტუციო წინადადებამ პოლიტიკური სპექტრი ორ ბანაკად დაჰყო და შესაძლოა, პროექტს 113 ხმის მოგროვება გაუჭირდეს, მეორე მხრივ კი, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას წინ ერთთვიანი სახალხო განხილვები უსწრებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ორ სესიაზე, მინიმუმ სამთვიანი ინტერვალით უნდა გაგრძელდეს.

„ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში ინიცირებული ჯერჯერობით არ არის, თუმცა, for.ge-ს ინფორმაციით, შესაძლოა, პროექტი 14 მარტის ბიუროს სხდომაზე შევიდეს. იმ შემთხვევაში, თუკი, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება ორშაბათის ბიუროს სხდომაზე მოხდება, სახალხო განხილვები მინიმუმ, აპრილის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და პოლიტიკური ნების შემთხვევაში, პარლამენტში პროექტზე მსჯელობა დაახლოებით აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში დაიწყება. ეს პროექტის განხილვის ჩვენს მიერ დასახელებული შემჭიდროვებული ვადებია და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ამის გათვალისწინებითაც კი გაძნელდება, რადგან პარლამენტი მუშაობას ივნისის ბოლო პარასკევს ასრულებს და რიგგარეშე ფორმატში, მაქსიმუმ, ივლისის ბოლომდე მუშაობს.

მმართველი გუნდი ვადებს როგორ გადაწევს და თარიღებს როგორ მოირგებს, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ „რესპუბლიკური პარტია“ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას ემიჯნება, უმრავლესობას ან მტკიცე პოლიტიკური ნების გამოჩენა მოუწევს, ან ეს საკონსტიტუციო ცვლილებებიც ისევ ისე შემოიდება თაროზე, როგორც ხელისუფლების მიერ ინიცირებული საარჩევნო თემატიკა.

მართალია, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისთვის პროცედურების გათვალისწინება მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ საინტერესო საკითხის წამოწევის რეალური მიზეზია. მნიშვნელოვანია გაირკვეს ის, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ბევრი გადაუჭრელი პრობლემაა, „ქართული ოცნება“ თავის დროსა და ენერგიას კონსტიტუციაში იმის ჩაწერას რატომ უთმობს, რაც „სამოქალაქო კოდექსში“ ისედაც წერია.

ქვეყნის ეროვნულ-ტრადიციული ინტერესებიდან გამომდინარე, თუკი კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერი იქნება, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ გასარკვევია ის, „ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციაში დამატებების შეტანის სურვილი არჩევნებამდე რვა თვით ადრე რატომ გაუჩნდა და არა თუნდაც მაშინ, როცა ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, სადაც დამატებები შეიტანა როგორც „გენდერულ თანასწორობაზე“, ასევე „სექსუალურ ორიენტაციაზე“.

ვინაიდან, ქართველი ხალხისთვის ქორწინება როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა სენსიტიური თემაა, პოლიტიკური ძალები ამ საკითხის წამოწევას რა მიზნებით ცდილობენ, ამის თქმა ისევ ისე ძნელია, როგორც იმ პოლიტიკოსების პოზიციების გაგება, რომლებიც კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერის გაკეთებას ეწინააღმდეგებიან.

მოწინაარმდეგეთა შორის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია, რომელიც ფიქრობს, რომ ამ საკითხის პოლიტიკური მხარე პოლიტიკურად დანაღმულ ველს ემსგავსება. მისი განმარტებით, „რესპუბლიკური პარტია“ მოქმედი კანონმდებლობით, ქორწინებას აღიარებს როგორც ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით ერთობას და არაფერს სხვას. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, სამართლებრივად კონსტიტუცია ნაკლული არ არის. სპიკერის შეფასებით, თუკი ვინმე თვლის, რომ კონსტიტუციაში რაიმე მეტად და უკეთესად შეიძლება ჩაიწეროს, ამას სწორი დრო და სწორი ტაქტიკა სჭირდება.

„იმ ვითარებაში, როდესაც ცვლილების ინიცირება ხდება, ამით იმის გაცხადება ხდება, რომ ამ თვალსაზრისით, შესაძლოა, კონსტიტუციას რაღაც აკლია. თუ ინიცირებას სწრაფი გადაწყვეტილება არ და ვერ მოჰყვება, მაშინ ჩვენ პრობლემას გამრავლებულს ვტოვებთ და პრობლემა კიდევ უფრო მძაფრდება. ეს პოლიტიკურად დანაღმულ ველზე შესვლაა და ამ თემის დომინირება ხდება, რაც საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებში არანაირად არ შედის“, - აცხადებს უსუფაშვილი, რომელიც მიანიშნებს, რომ ამ საკითხზე ერთსულოვნება არც „რესპუბლიკურ პარტიაშია“.

უსუფაშვილის თქმით, ის როგორც კოალიციის წევრების, ასევე საკუთარი პარტიისა და ფრაქციის წარმომადგენლების ინდივიდუალურ მოსაზრებებს პატივს სცემს, რადგან ბევრი ამ საკითხს განხილავს წმინდა, ზნეობრივ და მორალურ ჩარჩოში ხედავს და მას პოლიტიკურ ჩარჩოში არ განიხილავს.

„ჩვენ პოლიტიკოსები ვალდებული ვართ, ყველა საკითხი პოლიტიკურ ჩარჩოშიც განვიხილოთ და აქ არის განსხვავებაც“, - დასძინა სპიკერმა.

უნდა აღინიშნოს, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ „რესპუბლიკური პარტია“ ერთადერთი ძალაა, რომელიც ცვლილებების წინააღმდეგ გამოდის. ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე გოგი თოფაძე საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას გეგმავს და for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ამ პროექტით ყველას ლუსტრაცია მოხდება. თოფაძის განცახდებით, ჩანაწერი არის, მაგრამ უნდა გამოიკვეთოს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.

„ამ ინიციატივის პათოსს ვიზიარებთ და აქ ჩვენი ხელიც ურევია, რადგან ეს საკითხი დღის წესრიგში ჩვენი აქტიურობითაც დადგა. ამ საკითხის მნიშვნელობას ბევრი ახსნა-განმარტება არ უნდა. ერთი მუხლი უნდა შეიცვალოს და ეს კონსტიტუციაში ჩაიწერება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ცვლილებები გავიდეს. პარლამენტის წევრების ხელმოწერა შეგროვდება და ლუსტრაციაც მოხდება, ვინც ამის წინააღმდეგ გამოვა. კავკასიაში ვცხოვრობთ და ამ პრობლემას აღმოვფხვრით. ვის რა აზრი ექნება, ეს გამოჩნდება“, - აცხადებს თოფაძე.

პროექტს მხარს უჭერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე სოსო ჯაჭვლიანი. როგორც for.ge-ს ჯაჭვლიანმა განუცხადა, ის არავის არ ერჩის და ვისაც როგორ უნდა ისე უნდა იცხოვროს, მაგრამ კონკრეტიკა უნდა გაკეთდეს, ოჯახი ვისი ერთობაა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერის გაკეთება მსოფლიოში არსებულმა ტენდენციებმა გამოიწვია.

„კონსტიტუციაში წერია, რომ ოჯახი მეუღლეების ერთობაა და იმისათვის, რომ ეროვნული ღირებულებების დაცვა მოხდეს და ხალხიც დამშვიდდეს, კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი უნდა გაჩნდეს. როცა კონსტიტუციას წერდნენ, მაშინ ეს პრობლემები არ იყო და ზოგიერთ ქვეყანაში ავტობუსში ადამიანებს ფერების მიხედვით სვამდნენ. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისას, შიგნით, დიდი საუბრები გვქონდა და კონსტიტუციაში ამის ჩაწერა რატომ არ უნდა მოხდეს?! როცა რაღაცას გააკეთებ, მიგითითებენ კონსტიტუციაში ასე წერიაო. იქ წერია, რომ ოჯახი მეუღლეების ერთობაა. უმცირესობა მოვა და გეტყვის, თუკი ოჯახი მეუღლეების ერთობაა, არ შეიძლება, მეუღლეები ქალები და კაცები იყვნენო? გამოდის, რომ ერთსქესიანთა ქორწინებასაც აკანონებ. სჯობს, რომ დაკონკრეტებული იყოს“, - დასძენს ჯაჭვლიანი.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების განწყობებს, საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა კოალიციის მსგავსად, მათ რიგებშიც არის. for.ge-სთან საუბარში ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ მისი გუნდი ამ საკითხს მხარს დაუჭერს და მათ ამის თაობაზე გაცხადებული პოზიცია აქვთ.

„თავისუფალი დემოკრატებისგან“ განსხვავებით, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ პროექტის მხარდაჭერას არ აპირებს. როგორც for.ge-ს ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა, „ქართული ოცნების“ მხრიდან მცდელობაა, რომ მოსახლეობის ყურადღება თითიდან გამოწოვილ საკითხებზე გადაიტანოს და აქცენტი რეალურ პრობლემებზე არ გაკეთოს, ვინაიდან, მთავრობა ეკონომიკაში არსებული გამოწვევების დაძლევას ვერ ახერხებს. დეპუტატის ცნობით, „გირჩი“ ამ ცვლილებებს მხარს იმ მარტივი მიზეზის გამო არ დაუჭერს, რომ ქორწინება ერთ-ერთი საეკლესიო საიდუმლოებაა და მისი ადგილი კანონმდებლობაში, მათ შორის, კონსტიტუციაში არ არის.

ცვლილებების მომზადებას პოპულისტურად აფასებს ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე. for.ge-სთან საუბარში დუმბაძე ამბობს, რომ ეს საკითხი საქართველოს კანონმდებლობით გაწერელია და მასახლეობას გადასაჭრელი უფრო რთული პრობლემები აქვს, ვიდრე კონსტიტუციური ცვლილების მომზადება და პიარის კეთება. დუმბაძის მოსაზრებით, „ქართულ ოცნებას“ უკიდურესად დაბალი რეიტინგი აქვს, რის გამოც დამატებითი სატყუარა შემოაქვს, რათა პოზიციები გაიმყაროს, მაგრამ ეს არ გამოუვა.

„სახეზეა ზედმეტი ბაქჰანალია. მოსახლეობამ იცის, რომ „სამოქალაქო კოდექსში“ ჩაწერილი ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა. მოსახლეობა ამ ნაწილში ყურადღებას კანონს არ აქცევს. აქ არის მორალი და ზნეობა, რომლითაც ეს ერი ცხოვრობს. გიორგი კვირიკაშვილს მივმართავ, რომ ყურადღება უფრო მნიშვნელოვან საკითხებს მიაქციოს. ამ საკითხით რეიტინგის აწევას ცდილობენ, რომ ერთსქესიანთა ქორწინებას არ დაუშვებენ, თუმცა, ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინებას ხელს არ უშლის - იქ შემოტანილია გენდერული იდენტობის ცნება, რითაც ადამიანი საკუთარ გენდერს თავად ადგენს და სამოქალაქო რეესტრი არაფერ შუაში არ არის. საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს ერთსქესიანთა ქორწინება თითქმის მიღებული აქვთ და ამ თემაზე აურზაურის ატეხვა არ ღირს“, - ამბობს დუმბაძე.

აღსანიშნავია, რომ საკითხის თაობაზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ აზრთა სხვადასხვაობაა. იმ შემთხვევაში თუკი, „ქართული ოცნება“ პროექტის ინიცირებას და საკითხს მიღებისთვის კენჭისყრაზე დააყენებს, მას ხმას რამდენიმე ნაციონალი მისცემს, რომელთა შორის, შესაძლოა, მიხეილ მაჭავარიანიც იყოს.

როგორც for.ge-ს მაჭავარიანმა განუცხადა, ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ პრობლემებს ვერ უმკლავდება და ყურადღების გადატანას ასეთ საკითხებზე ცდილობს.

დეპუტატის თქმით, მიშა მაჭავარიანისთვის და მისი მეგობრებისთვის ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა, რაც „სამოქალაქო კოდექსში“ ძალიან კარგად წერია.

„სხვა ყველაფერი ანტიევროპული, პუტინისეული გზაა. როგორც ჩანს, „ოცნებამ“ ბევრი იფიქრა და პიარშიკების მეშვეობით გადაწყვიტა, რომ ამ თემების წამოწევით მთავარი საკითხების დაჩრდილვა მოხდეს. ჯერ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოახდინონ და შემდეგ ამ საკითხზე ისაუბრონ. ერთ დღეს პრემიერი გამოდის და ამბობს, რომ ამ საკითხს დაზუსტება არ სჭირდება, მომდევნო ერთ კვირაში გამოდის და ამბობს, რომ რაღაც უნდა მოვახდინოთ. ეს საკითხი არარელევანტურად მიმაჩნია“, - აცხადებს დეპუტატი.

მაჭავარიანი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მის პოზიციას ვერ გაიზიარებს, რადგან ის უკვე პოლიტიკურ ხაფანგშია.

„ის კოალიციის წევრია და თუკი კოალიცია რაღაცაზე შეთანხმდა, ეს თავად განიხილონ. როგორც ჩანს, ვერაფერზე ვერ შეთანხმდნენ, რადგან „რესპუბლიკური პარტია“ ამ ინიციატივას ეწინააღმდეგება. ქართულად გასაგებ ენაზე „სამოქალაქო კოდექსში“ წერია, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა. რა უნდათ, ჩამოყალიბდნენ და ხალხის გაჭირვებაზე იფიქრონ. თუ „რესპუბლიკური პარტია“ სხვანაირად ფიქრობს, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას ვინ ახდენს? თუ ეს თამაშია, ცუდად დაამთავრებენ. თუკი ამით ჩვენს ნერვებს ცდიან, აბა ვნახოთ, ბიჭები ვინ არიანო, ჰგონიათ, შემეშინდება? ქართველ ხალხს მათი ლუსტრაცია უკვე გაკეთებული აქვს. ეს შემოგდებული თემაა და ინიცირებასაც ვერ გააკეთებენ“, - აცხადებს მაჭავარიანი.

მაჭავარიანისგან განსხვავებით, ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს აკაკი ბობოხიძე. ყოველ შემთხვევაში, ის ყურადღებას საკითხის მნიშვნელობაზე ამახვილებს. for.ge-სთან საუბარში ბობოხიძე ამბობს, რომ ოჯახი მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა არ არის, რადგან მან ისეთი ოჯახები იცის, სადაც მხოლოდ ქალები, ან მამაკაცები ცხოვრობენ.

„ოჯახები ვიცი, სადაც მხოლოდ ქალბატონები ცხოვრობენ, მაგრამ იმასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რასაც „ქართული ოცნება“ გულისხმობს. ანუ, არიან დედა-შვილი, შვილიშვილი და ბებია. ამიტომ კარგი იქნება, თუკი „ოცნება“ ტერმინებს დააზუსტებს. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისთვის დრო აღარ დარჩა. დღეს, ამ პროექტის გატანის საჭიროება არ დგას. ამ საკითხს ვითომ მოწინააღმდეგეები წევენ, მაგრამ ისინი ამ თემის აქტუალიზაციას ახდენენ, ისევე როგორც ჰომოსექსუალიზმის მოწინააღმდეგეები ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას ახდენენ და ამის მაგალითი 17 მაისი იყო, როცა უინტერესო თემა მსოფლიოს მასშტაბით აქტუალური გახადეს. ამ ფორმებით ჰომოსექსუალიზმს კი არ ებრძვიან, პირიქით, ახალისებენ“, - აცხადებს ბობოხიძე.

დეპუტატის მოსაზრებით, შეიძლება, ნებისმიერი ორი ადამიანი ერთად ცხოვრობდეს და ხელშეკრულება პირდაპირ ნოტარიუსთან გააფორმონ, რომელზეც ვალდებულებებს გადაანაწილებენ.

„შესაძლოა, ნებისმიერმა ორმა ადამიანმა ერთად იცხოვროს და საკუთარი ცხოვრება დააფუძნონ არა მხოლოდ მმაჩის ბიუროში, არამედ ერთმანეთთან ხელმოწერით და მათ ამას ვერავინ ვერ დაუშლის. ანუ, ის, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ამით რაღაცას შეაფერხებენ, ვერაფერს გადაჭრიან. ეს ცვლილებები ამ პარლამენტში ვეღარ მოესწრება და „ოცნება“ თემის ხელოვნურად აგორებას და პოლიტიკური ქულების დაგროვებას ცდილობს, რაც შესაძლოა, ქვეყნისთვის საზიანო გახდეს, რადგან უამრავი პოზიცია იქნება. მათ შორის, შესაძლოა, ისეთი პოზიციები გაჩნდეს, რომელიც ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელია. ამ თემის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არ ღირს“, - აცხადებს ბობოხიძე.