დანაშაული გახსნილია, მოტივი - უცნობი

დანაშაული გახსნილია, მოტივი - უცნობი

ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარი თავდასხმის საქმე გახსნილია, მოტივი კი, უცნობია. შსს-მ „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანზე თავდასხმაში მონაწილე ერთი პირი, 1975 წელს დაბადებული ლევან მექვაბიშვილი  ბორჯომში დააკავა. თავდასხმაში მონაწილე მეორე ადამიანს შსს ამ დრომდე ეძებს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, თანამზრახველთან ერთად, 26 თებერვალს საბურთალოს სასაფლაოზე ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა განახორციელა. ლევან მექვაბიშვილმა თანამზრახველთან ერთად, პეტრიაშვილს თავის არეში ჩაქუჩით დაზიანებები, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ხელკეტი რამდენჯერმე ჩაარტყა. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილთან ახლოს დანაშაულის ჩადენის იარაღი - ჩაქუჩი და ბრალდებულის ქუდი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციამ მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ ერთ-ერთი თავდამსხმელი ბორჯომში დააკავა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ქუდის შიდა ზედაპირიდან აღებული და დანაშაულის ჩადენის იარაღის - ჩაქუჩის ტარზე არსებული გენეტიკური პროფილების დნმ-ის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ისინი ლევან მექვაბიშვილის გენეტიკური პროფილის იდენტურია. ასევე, ჩაქუჩზე არსებული ადამიანის სისხლის გენეტიკური პროფილის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ იგი ალექსი პეტრიაშვილის გენეტიკური პროფილის იდენტურია.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილზე მათ არქივში იძებნება მასალა, რომელიც 2011 წელს არის გადაღებული, მაშინ მექვაბიშვილი, რამდენიმე თანამზრახველთან ერთად ლომბარდების დაყაჩაღების ბრალდებით დააკავეს. ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული ლევან მექვაბიშვილი წარსულში ორჯერ არის ნასამართლევი.

ალექსი პეტრიაშვილის მეუღლე ეკა მიშველაძე აცხადებს, რომ დაკავებული უნდა იყოს შემკვეთიც. მისივე თქმით, ალბათ, ეს არის მხოლოდ დასაწყისი, შესაბამისად, მიშველაძე გამოძიებისგან ელოდება ყველა კითხვაზე პასუხს. მიშველაძისთვის უცნობია, ვინ არის დაკავებული.

„ეს არის გამოძიების პირველი წარმატება. კარგია, რომ ასეთი წინსვლა აქვს გამოძიებას. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დაეხმარება მას საქმის საბოლოოდ გახსნაში და დასრულებაში. ჩვენი მოლოდინია, რომ დაკავებული იყოს მეორე მონაწილეც და, რა თქმა უნდა, გამოძიებული იყოს, რატომ მოხდა ეს ყველაფერი და თუ ჰყავს ამ საქმეს შემკვეთი. რა თქმა უნდა, შემკვეთიც უნდა იყოს დაკავებული. გამოძიებამ ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი, უნდა ვიცოდეთ მოტივი და ყველა მონაწილე პირი. აუცილებლად ყველა უნდა დაისაჯოს“, - აცხადებს ეკა მიშველაძე.

მისივე თქმით, რადგან ეს არ იყო ძარცავა, შესაბამისად რაღაცა მოტივი უნდა არსებობდეს. მიშველაძე ამბობს, რომ კითხვა ბევრია და ამიტომ, ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. კითხვაზე, გახდა თუ არა მისი მეუღლე პირადი შურისძიების მსხვერპლი და რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამ თავდასხმასთან ბიზნესმენ სოსო დოლიძეს, რომლის ამ დანაშაულთან სავარაუდო კავშირზე ინფორმაცია გაზეთმა „კვირის პალიტრამ“ გაავრცელა. ეკა მიშველაძე ამბობს, რომ სტატია არ უნახავს, თუმცა თვლის, რომ სირცხვილია გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება.

„არ მინახავს ეს სტატია. მე ვერ დავიწყებ ასე ჭორაობას და ძალიან სირცხვილია, როცა ასეთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა. ვერ დავიწყებ ვერანაირ ვარაუდს, ეს არ არის ჩემი საქმე. ამიტომაც არსებობს ამ ქვეყანაში პოლიცია, რომ გამოიძიოს ყველაფერი. არ მაქვს არავითარი ვარაუდი და არც ეჭვი, შესაბამისად, გამოძიებისგან ველოდები ამ კითხვებზე პასუხებს.

იმედი მაქვს, რომ ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმე. ჩემთვის იმდენად წარმოუდგენელი და გაუგონარია 21-ე საუკუნეში დღისით, მზისით, სასაფლაოზე ასე ლაჩრულად ადამიანს თავზე დაესხა და სასიკვდილოდ გაიმეტო. უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში ყველანაირი კრიმინალური ქრონიკა და ამიტომაც უნდა მიიყვანონ ბოლომდე ეს გამოძიება, რომ არასოდეს არავის არ მოუნდეს ასეთი რამის გაკეთება. დღეს სარჩელი შევიტანე საზოგადოებრივი მაუწყების წინააღმდეგ და ეს ამბავი გადამიფარა ჩემმა ქმარმა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ეკა მიშველაძემ.

„თავისუფალი დემოკრატები“ ელოდებიან მეორე პირის დაკავებას და დამკვეთის დადგენას. რაც შეეხება მოტივს, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მოტივზე საუბარი გამოძიების საქმეა და ის შსს-ს გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის.

„მოტივთან დაკავშირებით მე ვერაფერს გეტყვით. მოტივი გამოძიების საქმეა და სასამართლოს გასარკვევი, რა ამოძრავებდა იმ ადამიანებს, როდესაც სასიკვდილოდ იმეტებდნენ პეტრიაშვილს. უკმაყოფილებას ვერ ვიტყვით იმიტომ, რომ საქმე გაიხსნა, არის დაკავებული და იმედი მაქვს, რომ მეორესაც დააკავებენ და დამკვეთსაც, თუ არსებობს ასეთი დამკვეთი და თუ თვითონ არ არის ერთი და იგივე პირი დამკვეთი და მონაწილე.

საბოლოო ჯამში, გამოძიებით უნდა დადგინდეს, ამას ველოდებით ჩვენც და წარმატება მინდა ვუსურვო ამ საქმეში შსს-ს და ყველა იმ პოლიციელს, რომელმაც იმუშავა ასე ეფექტურად. დანარჩენი დაველოდოთ გამოძიებას, მათი ინტერესებიდან გამომდინარე რისი თქაც შეიძლება იტყვიან“, -აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

„თავისუფალი დემოკრატების“ კიდევ ერთი წევრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქმე არ ჩაითვლება გახსნილად, ვიდრე დაკავებული არ იქნება დანაშაულის ყველა მონაწილე.

„პრინციპულად მნიშვნელოვანია ყველასთვის, მთელი საზოგადოებისთვის, დ განსაკუთრებით ქვეყნისთვის, რომ ამ დანაშაულის ყველა მონაწილე რაც შეიძლება მალე იყვნენ პასუხისგებაში მიცემული. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კიდევ ერთი თავდამსხმელი, შემსრულებელი ამ დანაშაულისა ჯერ კიდევ თავისუფალია. იმედს გამოვთქვამთ, რომ შსს იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ყველა დამნაშავე უახლოეს მომავალში პასუხს აგებს.

აქვე მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ კატეგორიულად ვითხოვთ, საქმეს გამოძიების პროცესში მიეცეს შესაბამისი კვალიფიკაცია და გადაკვალიფცირდეს როგორც მკვლელობის მცდელობა“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.