თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 მარტის განჩინების საფუძველზე, ლევან გაჩეჩილაძე შპს სტუდია „მაესტროს“ გენერალურ დირექტორად დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში განმარტავენ, რომ სასამართლოს განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი მიიჩნევს, რომ ლევან გაჩეჩილაძის ტელეკომპანიის დირექტორად დანიშვნასთან დაკავშირებით, სასამართლო მიკერძოებულია.
„სამწუხაროდ, სასამართლომ სწრაფად გადაწყვიტა საკითხები, რომელიც ეხებოდა ბატონი ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დანიშვნას და არ იხილავს საქმეს, სადაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მათი საკონტროლო პაკეტი. შესაბამისად, ბუნებრივია, ეს ჩემში კი არა, პატარა ბავშვშიც გამოიწვევს ეჭვს, რომ სასამართლო მიკერძოებულია“, - აცხადებს მამუკა ღლონტი.
ხელისუფლების ჩართულობაზე საუბრობს „მაესტროს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელი, ბაჩო კიკაბიძე, რომლის განცხადებით, „მაესტროსა“ და ლევან გაჩეჩილაძის „ძალით დაქორწინების“ პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ხელს მთავრობა უწყობს.
„მიმდინარეობს სტუდია მაესტროსა და ლევან გაჩეჩილაძის ძალით დაქორწინების პროცესი, რომელსაც ძალიან უწყობს ხელს მთავრობა. როგორც ჩანს, ეს რომ რამენაირად მოხდეს, ამაში სასამართლოც ჩაერია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც არც ერთ მხარეს არ უნდა ერთმანეთის ცოლად მოყვანა“, - აცხადებს ბაჩო კიკაბიძე.
სტუდია „მაესტროს“ აწ უკვე ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ ისინი კარგად მოემზადნენ, რადგან იცოდნენ, რომ ეს იქნებოდა ბრძოლა არა მეწილეებს შორის, არამედ ხელისუფლებასთან. არხის ყოფილი დირექტორი, ბაია გადაბაძე აცხადებს, რომ აქვთ ალტერანტიული გეგმა, რისი მეშვეობითაც მაუწყებლობის გაგრძელებას შეძლებენ.
„საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება არის უკანონო. ეს არის ხელისუფლებასა და „მაესტროს“ შორის დავა და ჩემდა სამწუხაროდ, ლევანი და გია არიან ამ ყველაფრის ინსტრუმენტები. რადგანაც მე თვითონვე ვთქვი, რომ კანონიდან გასვლას არ ვაპირებ, აქედან გამომდინარე, დავემორჩილები რეესტრის უკანონო გადაწყვეტილებას“, - ამბობს ბაია გადაბაძე.
თავის მხრივ სპეციალურ განცხადებას ავრელებენ „მაესტროს“ მფლობელები მაკა ასათიანი და კოტე გოგელია. მათი თქმით, ხელისუფლებამ მათ უკანონო ქმედებებით ბრძოლა გამოუცხადა და იძულებულნი არიან შევიდნენ ამ ბრძოლაში.
„ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ მედიასთან ბრძოლა საბოლოოდ არც ერთ ხელისუფლებას არ მოუგია. პირიქით, როგორც გამოცდილება აჩვენებს, ასეთი ბრძოლა ყოველთვის სრულდება ხელისუფლების კრახით და კონკრეტული პოლიტიკური შედეგებით. ჩვენ ძალიან ვწუხვართ იმაზე, რომ ხელისუფლება, რომელიც მედიის ხელშეუხებლობის და სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოვიდა, თვითონვე გადაიქცა ამ ფასეულობების მთავარ ხელმყოფად. „მაესტრო“ დარჩება დამოუკიდებელი და არასოდეს არც ერთი პოლიტიკური ან კერძო სუბიექტის ინტერესების გამტარებლად არ გადაიქცევა“, - ნათქვამია მაკა ასათიანისა და კოტე გოგელიას განცხადებაში.
ბრალდებას არ იზიარებს ხელისუფება. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ტელეკომპანიის მეწილეებს შორის დაწყებულ დავასთან დაკავშირებით, მისი ნებისმიერი შეფასება, შესაძლოა, კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს. პარლამენტის თავმჯდომარე საქმეში ჩართულ ყველა მხარეს კვალიფიციური გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებს.
„ამ ტელეკომპანიას დაებედა, რომ სულ, მუდამ შარშია. ვისურვებდი, რომ ნებისმიერი სადავო საკითხი მოგვარდეს ცივილიზებული გზით. გაუგებრობები უნდა მოგვარდეს, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ და სწრაფად, დადგენილი წესებით.
ნებისმიერი სხვა ჩარევა ჩემი ან ხელისუფლების მხრიდან, ან შეფასებების გაკეთება, კონტრპროდუქტიულია. მინდა ვთხოვო ყველა სახელმწიფო თანამდეობის პირს, ეს იქნება მოსამართლე, საჯარო რეესტრის თანამშრომელი თუ სხვა, რომელთაც შეხება აქვთ ამ საქმესთან, გადაწყვეტილებები მიიღონ შემჭიდროვებულ ვადებში. გადაწყვეტილებები იყოს კარგად დასაბუთებული და ჩამოყალიბებული და დაემორჩილონ მხოლოდ კანონს. ვისურვებ, სწრაფად, ხარისხიანად და კვალიფიციურად მიიღონ ყველა გადაწყვეტილება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
„მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში პოლიტიკურ შემადგენელს ვერ ხედავს ჯანდაცვის მინისტრი. დავით სერგეენკოს განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, მედიაში მიმდინარე მენეჯმენტის პროცესი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი და დამოუკიდებელი საქმიანობა, არ აქვს მნიშვნელობა ეს „მაესტრო“ იქნება თუ სხვა.
„პირველ რიგში, ალბათ, შედარება უნდა გავაკეთოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, მედიაში მიმდინარე მენეჯმენტის პროცესი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი და დამოუკიდებელი საქმიანობა, არ აქვს მნიშვნელობა ეს „მაესტრო“ იქნება თუ სხვა. ასეთ პოლიტიკურ შემადგენელს მე აქ ვერ ვხედავ და მეტიც - ჯანდაცვის სამინისტროს ჰქოდა უაღრესად დაძაბული დავები რაიონულ საავადმყოფოებთან და ვერ ვიხსნებ ვერც ერთ კითხვას, რომელიც მაშინ მედიასაშუალებას ჩემთვის დაესვა, რომ ხომ არ იყო ამაში პოლიტიკური შემადგენელი ნაწილი. სწორედ ამასთან გვაქვს საქმე აქ. მე ვფიქრობ, რომ „მაესტროსთან“ მიმართებაში არანაირი პოლიტიკური შემადგენელი არ არის. ყველაფერი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკებების გზით და მოლაპარაკების შეუძლებლობის შემთხვევაში - სასამართლოს გზით, რაც ხდება კიდეც“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ჟურნალისტი, ექსპეტრი მედია მენეჯმენტის საკითხებში ლელა კურდღელაშვილი მიმართავს ტელეკომპანიის წარმომადგენლებს გაასაჯაროვონ დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს პროცესში ხელისუფლების ჩართულობას. ჟურნალისტი ამბობს, რომ მესაკუთრეებსა და დირექტორს შორის მიდის ვაჭრობა წინასაარჩევნოდ ვის ხელში აღმოჩნდება კონკრეტული მედია-საშუალება.
„მიმდინარე პროცესებიდან პიდაპირ ჩანს, რომ მესაკუთრეებმა და დირექტორმა დაჭამეს ერთმანეთი. როდესაც ამბობენ, რომ ხელისუფლება არის ჩართული, მათ აქვთ ამის საშუალება, პირდაპირი ეთერით დაამტკიცონ, დადონ საბუთები, რითაც დაადასტურებენ ხელისუფლების ჩართულობას.
დაგვანახოს „მაესტრომ“ ხელისუფლების ჩართულობა. მხოლოდ ლაპარაკით არ იკვებება უკვე ეს საზოგადოება. მგონია, რომ ვაჭრობა მიდის კონკრეტულ მედიასაშუალების ხელში ჩასაგდებად, მერე უკვე, წინსაარჩევნოდ ვინ შესთავაზებს ხელისუფლებას - აგერ მაქვს მედიასაშუალება და მომეცი ორი კაპიკი - აი, ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რაც ხდება ამ ტელევიზიის გარშემო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლელა კურდღელაშვილი.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, არჩილ გამზარდია არ იზიარებს პოზიციას, რომ ხელისუფლება მოტივირებულია საკუთარი გავლენა ჰქონდეს მედიაში. მისივე თქმით, წინა ხელისუფლების დროს ჩვენ გვქონდა მედიასთან მიმართებაში ხელისუფლების სისტემური დამოკიდებულება, რაც მოსვლიდან მეორე დღეს განახორცილეს.
როგორც გამზარდია აცხადებს, ძალიან წვრილი მედია-საშუალების გარდა, დამოუკიდებელი მედია ქვეყანაში არ არსებობდა. სხვადასხვა გზით, ყველა მედია-საშუალება მაშინდელ პრეზიდენტს იყო დამორჩილებული და ეს იყო სწორედ სისტემური მახასიათებელი.
„დღეს ვერ ვხედავ ქმედებას, რომელიც ადასტურებს, რომ ხელისუფლება მოტივირებულია, ან მონდომებული გავლენის ქვეშ ჰყავდეს მედია. ქმედებათა და ტენდენციათა ლოგიკა ჩვენ ამის საშუალებას არ გვაძლევს. ვერ დავეთანხმები პოზიციას, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია რომელიმე მედია-სშუალებაზე ზეგავლენით“, - აცხადებს არჩილ გამზარდია.
გამზარდია თეორიულად არ გამორიცხავს ხელისუფლების რამდენიმე კონკრეტული სუბიექტის პირად ან კერძო ინტერესებს. თუმცა, აქვე ამბობს, რომ „მაესტროსთან“ მიმართებაში ამის საფუძველი არ აქვს.
„თეორულად თუ კი ვინმე სუბიექტი არსებობს, კარგი იქნება, რომ დასახელდეს. გაგონილი მაქვს, რომ ფინანსური რესურსების გამო „მაესტროს“ ჰქონდა კიდევაც სურვილი, რომ ხელისუფლების მხრიდან გარკვეული რესურსები ჩადებულიყო, და პირიქით - არ ჩაიდო. ამიტომ ვფიქობ, რომ აქ კონკრეტულ პირებთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას არჩილ გამზარდიამ.