„ნუ ჩამოხვალთ ევროპაში!“

„ნუ ჩამოხვალთ ევროპაში!“

მიგრანტთა კრიზისმა მთელი ევროპა იმდენად მოიცვა, რომ ყოველთვის თავშეკავებული ევროპელები უკვე პირდაპირ ამკრძალავ მოწოდებებზე გადავიდნენ.

„ნუ ჩამოხვალთ ევროპაში“, - მიმართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ეკომიგრანტებს და, ცხადია, რომ არა პოლიტკორექტულობა, მისი მიმართვის ადრესატები აღმოსავლური ქვეყნებიდან გამოქცეული ათასობით მიგრანტებიც იქნებოდნენ, რომელთა შეკავებასაც ევროპა ვერ ახერხებს.

ძალიან ადვილია თქმა, ევროპაში ნუ ჩამოხვალთ, მაგრამ, ცხადია, თუ ამ მიმართვას კონკრეტული შემაკავებელი ბერკეტი არ მოჰყვება, ევროპაში ჩასვლის ცდუნებისგან მიგრანტები თავს ვერ შეიკავებენ, მაგრამ დონალდ ტუსკი მაინც ირჯება:

„ნუ დაუჯერებთ ტრეფიკიორებს, არც ერთი ევროპული ქვეყანა არ იქნება სატრანზიტო“.
როგორ უნდა შეაჩეროს ევროპამ მიგრანტთა კრიზისი, რომლიდანაც გონივრულ გამოსავალს ვერ მიაგნო?

ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სოსო ზაალიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ევროპამ დღეს დაინახა ის კრიზისი, რაც უახლოეს წლებში ელის, რადგან ევროპაში დღეს ჩასული მიგრანტები აბსოლუტურად სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლები არიან. ისინი არ ჰგვანან ალჟირიდან ჩასულ ხალხს, რომელიც 300 წელი მაინც საფრანგეთის კოლონია იყო და ფრანგულმა კულტურამ შეაღწია. პირიქით, ესენი არიან ბნელი, „კაციჭამია“ ადამიანები, რომლებმაც ევროპაში დაიწყეს გაუპატიურება, ძარცვა, ყაჩაღობა. ისინი ევროპელებს ბინებში უვარდებიან, რატომ გაქვს სამოთახიანი ბინა, ორი ოთახი მე უნდა დამითმოო. თანაც, უზარმაზარი თანხა უჯდებათ ევროპელებს მათი შენახვა.

„მართალია, დონალდ ტუსკმა ევროპაში ჩასვლის თავშეკავებისკენ ეკომიგრანტებს მოუწოდა, მაგრამ ეს ყველა მიგრანტს ეხება. არა მგონია, ევროპაში მოხერხდეს საზღვრების ჩაკეტვა. მაშინ ევროპელებმა უარი უნდა განაცხადონ ღია ევროპაზე, შენგენზე და ყველაფერზე, რაც მათი ფასეულობებია. ევროპელების პრობლემა ის არის, შეძლებს თუ არა ევროპა ამ რაოდენობის მიგრანტების აბსორბციას?! საუბარია რამდენიმე მილიონ ადამიანზე. აქ მარტო სირიელი მიგრანტები არ იგულისხმება, არამედ მთელი აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან წასული მიგრანტებიც. მათი ნაწილი ლიბიიდან გადადის, ნაწილი- თურქეთიდან, შემდეგ საბერძნეთიდან და ბოლოს ევროპაში ხვდებიან. იმდენად დიდია კულტურული, რელიგიური, ცხოვრების დონის განსხვავება ამ ხალხს შორის, რომ ეს აგრესიას იწვევს. წარმოიდგინეთ, ადამიანი 5 დოლარად მუშაობდა მთელი წლის განმავლობაში საკუთარ ქვეყანაში და ახლა ევროპაში 350 ევროს არაფერში უხდიან, სახლ-კარს აძლევენ, ასწავლიან ენას, აჭმევენ, ასმევენ, უფასო სამედიცინო დახმარება აქვთ. თვითონ ევროპაც იცვლება, იმ სახით აღარ ვითარდება, ამას ადასტურებს დიდი ბრიტანეთის ანტიევროპული გამოსვლაც.

თავიდან დიდმა ბრიტანეთმა ხელი შეუწყო მიგრანტების კრიზისს. დიდ ბრიტანეთს და თურქეთს განსაკუთრებული ურთიერთობები ჰქონდათ 100 წლის წინ. „ბრიტიშ პეტროლიუმს“ ჰქონდა უზარმაზარი კონცერნი, რომელიც დღემდე არა მარტო თურქეთში, არამედ მთელ ახლო აღმოსავლეთში მუშაობს. სწორედ ბრიტანეთმა ითამაშა უდიდესი როლი თურქ ოტომანთა იმპერიის დაშლაში, როდესაც არაბეთის ნახევარკუნძულიდან იქ მცხოვრები ტომები მოსწყვიტა ოტომანთა იმპერიას და ამან გამოიწვია მათი დასუსტება. ასევე, მუშაობდნენ ფრანგები აფრიკაში და სირია ფრანგული გავლენის სფერო იყო, გერმანიის გავლენის სფერო კი იყო ეგვიპტე, როცა იქ არქეოლოგიური ბუმი დაიწყო“, - აღნიშნა სოსო ზაალიშვილმა.

რაც შეეხება თურქეთის პოზიციას, რომელიც თავს იმართლებს, რომ სირიიდან ძალადობას გამოქცეულ ამდენ ხალხს უარს ვერ ეტყვის, სოსო ზალიშვილმა განმარტა, რომ თურქეთის ხელისუფლება ცრუობს, რადგან ისლამურ სამყაროს ქრისტიანების მოტყუება არაფრად უღირს. ყურანში წერია, მოატყუე კაფირები, ანუ ქრისტიანები. სინამდვილეში, მიგრანტთა კრიზისის ერთ-ერთი წამომწყები სწორედ თურქეთია. ამის დასადასტურებლად სოსო ზაალიშვილი საფრანგეთის მეორე არხის ჟურნალისტურ გამოძიებას იშველიებს, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ხდება მიგრანტებისთვის გემების დაქირავება. კერძოდ, თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, საელჩოების კორუმპირებულ წარმომადგენლებთან ერთად (ძირითადად საუბარია საფრანგეთის საელჩოს მეორე ატაშეზე) ქირაობდნენ გემებს, სვამდნენ მიგრანტებს გემებში, შემდეგ თურქულ კომპანიებს გადაჰყავდათ ისინი საბერძნეთამდე, მერე ჩასვამდნენ ნავებში და ეს ფულის საკეთებელი მთელი ინდუსტრია იყო.

„წარმოიდგინეთ, ერთი მიგრანტის გადაადგილება ჩვეულებრივი ტრეფიკინგია. როგორც წესი, მიგრანტების გადაადგილებაზე ჩინელები აკეთებენ ამერიკაში ფულს. ჩვენ გვახსოვს, საბჭოთა კავშირის დროს საზღვრები როცა გაიხსნა, 3-5 ათასი დოლარი ღირდა ამერიკაში ჩასვლა. ახლაც ამაზე კეთდება ფული თურქეთში, 2 მილიონი დევნილი გამზადებული ჰყავთ თურქებს და ესენი არ არიან მარტო სირიელი დევნილები. მოგეხსენებათ, თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება ოტომანთა იმპერიის აღდგენის იდეით შეპყრობილი ხალხია. ისინი ახლო აღმოსავლეთში გაბნეულ თურქული მოდგმის ხალხს ყველგან აგროვებენ, რადგან ოტომანთა იმპერია უზარმაზარ ტერიტორიას მოიცავდა. ეს არის ევროპის ჩვეულებრივი დაპყრობა, ოღონდ - არა იარაღით. ევროპელები ამას უკვე ხვდებიან, მაგრამ ვერაფერს შველიან, რადგან სწორედ ეს თურქები და მუსლიმანები არიან ევროპელი ლიბერალების თუ მემარცხენეების ამომრჩევლები.

თუ მუსლიმანებს ევროპაში არ შეუშვებენ, ამ ლიბერალების სპონსორი ბიზნესმენები საუდის არაბეთიდან, თურქეთიდან შეწყვეტენ მათ დაფინანსებას. ამიტომ ევროპელებს ერთადერთი შანსი აქვთ, რომ არჩევნებში მემარჯვენე ძალებმა გაიმარჯვონ, თუმცა მემარჯვენეებიც აღარ არიან. აქ მეორე პრობლემაცაა, ეს გამოიწვევს ახალ ფაშიზმს ევროპაში. გერმანიაში უკვე დადიან შავ და ხაკისფერ ფორმებში არა მარტო მიგრანტების, არამედ მემარცხენეების, ჰომოსექსუალების წინააღმდეგ. ევროპა სცილასა და ქარიბდას შორისაა მოყოლილი, ან უნდა მიიღონ ეს 5 თუ 10 მილიონი მიგრანტი, ან უარი უთხრან“.

ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, სამწუხაროდ, არ არსებობს ევროპაში მიგრანტთა ჩასვლის შემზღუდავი რაიმე ფორმულა. შესაბამისად, დონალდ ტუსკის მოწოდებაც საკმაოდ უცნაურია, რადგან მოწოდებებით - „ნუ ჩამოხვალთ ევროპაში“ არაფერი იცვლება. უფრო მეტიც, ევროპამ და დასავლეთმა ძალიან ბევრი ისტორიული შეცდომა დაუშვა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ეს შეცდომები გახდა მიგრაციის გააქტიურების მიზეზი. ასე რომ, მიზეზი მათივე თავშია ჩადებული, რითაც მიგრანტებიც აპელირებენ და ამბობენ, რომ დასავლეთმა მათ მიმართ დააშავა, ამიტომ ახლა ამის კომპენსირებას ევროპაში ჩასვლით ითხოვენ.

„ჩვენ გვახსოვს დასავლეთის მიერ წარმართული დიქტატორების მოშორების კამპანია ახლო აღმოსავლეთში. არადა, თუ დემოკრატიის ექსპორტისთვის შესაბამისი ნიადაგი არ არის მომზადებული, ასეთი ხელოვნური ჩარევა ბუმერანგივით უკან გიბრუნდება. ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ. კი ბატონო, შესაძლოა, შენ ამას კეთილი სურვილებითაც აკეთებდე, მაგრამ იქაური მოსახლეობა, იქაური ხალხი, ტრადიციული ურთიერთობები მზად იყო ასეთი დემოკრატიისთვის?! ამიტომ ასე აგრესიულად არ უნდა „ატენო“ დემოკრატია, რადგან ამან შეიძლება უკუშედეგი გამოიწიოს“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.