მონარქების ავტომობილები

მონარქების ავტომობილები

დანიის დედოფალი მარგრეტე  – „როლს-როის Silver Wraith,” 1958 წლის გამოშვება

40-წლიანი „სტაჟის“ მქონე მონარქი, დანიის დედოფალი, მარგრეტე 50-მდე ავტომობილის მფლობელია. თუმცა, მისი ავტოფარეხის ფლაგმანი ავტომობილია რარიტეტული „როლს-როის Silver Wraith,” ის სულ 25 ეგზემპლარი იყო გამოშვებული. ავტომობილი მარგრეტეს მამამ, მეფე ფრედერიკ მეცხრემ შეიძინა და ოფიციალური სტუმრების მიღებისას გამოიყენებდა. იგივე დანიშნულება აკისრია ავტომობილს დღესაც. დიდი გაბარიტების მიუხედავად, ის საკმაოდ სწრაფი ავტომობილია, რადგან 4,8-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი და შეუძლია, 190 კილომეტრ-საათი სიჩქარე განავითაროს. დანიური კანონის თანახმად, დედოფლის ავტომობილს სერიული ნომრის ნაცვლად, სამეფო გვირგვინი ამშვენებს.

ესპანეთის მეფე ხუან-კარლოს პირველი – „მერსედეს-ბენც G4”, 1939 წლის გამოშვება

ესპანეთის მეფე ავტომობილების დიდი მოყვარულია და თავადაც სიამოვნებით მართავს საჭეს. ზუსტად რამდენი ავტომობილია რეგისტრირებული სამეფო ავტოფარეხში უცნობია, თუმცა მათი უმეტესობა რომ რარიტეტულია, ეს საიდუმლო არ გახლავთ. მათ შორის აღსანიშნავია 1939 წლის გამოშვება „მერსედეს-ბენც G4”, რომლის რესტავრაცია მონარქის თხოვნით რამდენიმე ხნის წინ მოხდა. ეს ავტომობილი ნაცისტური გერმანიის ლიდერებისთვის დამზადდა და მისი სერიული წარმოება არ მომხდარა. მსგავსი ავტომობილი ამჟამად სულ სამი ცალია დარჩენილი. ხუან-კარლოსის „მერსედესი” წარსულში გენერალ ფრანკოს ეკუთვნოდა, რომელიც მან პირადად ადოლფ ჰიტლერისგან მიიღო საჩუქრად.

მონაკოს მთავარი ალბერ მეორე – „ლექსუსი LS 600h L”

მონაკოს მთავარი დიდ ყურადღებას აქცევს გარემოს სისუფთავეს და ამიტომაც მისი ავტომობილი ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე მუშაობს. თავის დროზე, საკუთარ ჯვრისწერაზე ალბერ მეორე სწორედ „ლექსუსი Lშ 600h L” ჰიბრიდული ავტომობილით მივიდა, რომელიც მთლიანად ელექტროძრავაზე მუშაობს. ავტომობილი სპეციალური დაკვეთით, ექსკლუზიურად მონაკოს მთავრისთვის დამზადდა და შეღებვის დროსაც კი, სპეციალური, ეკოლოგიურად სუფთა საღებავი იყო გამოყენებული. ამ მარკის ავტომობილი ერთადერთი არ გახლავთ მონაკოელი დიდგვაროვნის  ავტოფარეხში. სამეფო ოჯახი მთლიანად ამ იაპონელი ავტომწარმოებლის მომხმარებელია.

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეთ მეორე – „ბენტლი Arnage Red Label”

რამდენიმე წლის წინ კომპანია „ბენტლიმ” სამეფო ოჯახს საჩუქარი გაუკეთა და ექსკლუზიური მოდელის „ლიმუზინი“ აჩუქა. სამეფო „ლიმუზინის“ აწყობა ორი წელს მიმდინარეობდა. ის აღჭურვილია 6,75-ლიტრიანი ძრავით და ავითარებს 210 კილომეტრ-საათ სიჩქარეს. ძრავა აირზე მუშაობს და ეს ნაკლებად აბინძურებს გარემოს. პირველად ამ ავტომობილით სამეფო ოჯახმა, ელიზაბეთ მეორის და ედინბურგის პრინც ფილიპის თამადობით 2002 წლის 4 ივლისს იმგზავრა.