რადიო „ფრანსე ინტერნასიონალე“ იტყობინება, რომ „ქართული ოცნება“ დაშლის პირასაა და მოვლენები რესპუბლიკელებსა და მრეწველებს შორის დაპირისპირებამაც დააჩქარა. თუმცა ქართველი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ არჩევნებამდე კოალიცია შეეცდება, ერთიანი ძალებით წარდგეს ისედაც გულაცრუებული ამომრჩევლის წინაშე.
რამდენად გულწრფელია დავით უსუფაშვილი, როცა აცხადებს, რომ პრემიერთან შეხვედრისას რესპუბლიკელები უფრო მჭიდრო ურთიერთობაზე შეთანხმდნენ და არა-პირიქით? დარჩა კი ამ „მჭიდრო ურთიერთობების“ რესურსი კოალიციაში რესპუბლიკელებისთვის? იმ რესპუბლიკელებისთვის , რომლებსაც ხშირად გადაჭარბებულ და უტაქტო გამონათქვამებში ადანაშაულებენ არა მხოლოდ თანაპარტიელების, არამედ ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებითაც, როცა იგი განცხადებებს საკუთარი სახელით აკეთებს და აგრესიულად მოითხოვს არა მაპს, არამედ ალიანსში გაწევრიანებას, რაზეც ჩვენი ნატოელი პარტნიორები უარს ამბობენ.
„ქართული ოცნების“ ალიანსის დაშლა-შენარჩუნების პერსპექტივებზე For.ge-ს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა.
ვახტანგ ძაბირაძე: დავით უსუფაშვილის შემდეგ განმარტებები გიორგი კვირიკაშვილმაც გააკეთა. როგორც გაირკვა, აქ უკვე ლაპარაკია არა ალიანსის დაშლაზე, არამედ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე ორ პარტიას შორის. კვირიკაშვილმა ბრძანა, ჩვენ გადავწყვიტეთ, ვითანამშრომლოთ სტრატეგიულ საკითხებზე და მივაღწიოთ შეთანხმებებს, მაგრამ ეს შეთანხმებები სავალდებულო არ იქნება ალიანსისთვისო. ანუ, ეს თანამშრომლობა, როგორც ჩანს, ალიანსს გარეთ ორ პარტიას შორის განიხილება. თუ რაღაც შეთანხმება იქნება მიღწეული და ამას გაიზიარებს ალიანსიც, ცხადია, ეს იქნება საერთო შეთანხმება არჩევნებზე ერთად წარდგომის შემთხვევაში, თუ არადა, ეს დარჩება ორ პარტიას შორის შეთანხმებად. ასე რომ, ჯერჯერობით არ ჩანს ისეთი მომენტი, რომ ალიანსის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ზოგადად, მე სულ იმ აზრზე ვიყავი და დღესაც ამ შეხედულების ვარ, რომ ახლა ალიანსის დაშლა და რაღაც ახალი ფორმირებების შექმნა დაგვიანებულია. ეს მხოლოდ უარყოფითად იმოქმედებს ხელისუფლების იმიჯზე.
რესპუბლიკელი გიგლა აგულაშვილი ამბობს, რომ ცხოვრებაში გამორიცხული არაფერია და შესაძლოა, რესპუბლიკელი მინისტრები თანამდებობიდან წავიდნენ. ამის პარალელურად, უსუფაშვილი არარელევანტურად მიიჩნევს შეკითხვას, დატოვებს თუ არა რომელიმე რესპუბლიკელი თანამდებობას. რეალობა ამ ორ გამონათქვამს შორის სად არის?
-რასაც აგულაშვილი ამბობს, ის რეალობაა, რადგან პრემიერს შეუძლია ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება ნებისმიერი მინისტრის თანამდებობიდან გაშვების შესახებ. ის, რომ რაღაც დაძაბულობაა რესპუბლიკელებსა და მრეწველებს შორის, არც ერთ მხარეს გარანტიებს არ აძლევს, ისევე, როგორც არა მგონია, ამ დაძაბულობის შედეგად პრემიერმა ვინმე გადააყენოს თანამდებობიდან, ან ახალი დანიშნოს. ეს ორი პროცესი თანხვედრაში ვერ იქნება. ამ დაძაბულობას უფრო შეიძლება კავშირი ჰქონდეს ალიანსის შენარჩუნება-არშენარჩუნებასთან, მაგრამ მთავრობისა და მინისტრების გადადგომა აქედან არ უნდა გამომდინარეობდეს. მთავარია, პრემიერი რამდენად კმაყოფილია ამ ხალხის მუშაობით და რამდენად მიაჩნია, რომ ამ გუნდმა, მინისტრთა ამ შემადგენლობამ, უნდა გააგრძელოს საქმიანობა. მე მგონია, რომ გარკვეული დროის შემდეგ პრემიერს მაინც მოუწევს გუნდის გადახალისება, ოღონდ დღეს მიჭირს პერსონალიებზე ლაპარაკი, ვინ შენარჩუნდება და ვინ არა.
სოზარ სუბარის გამონათქვამი „ერთა ლიგა დაიშალა, არათუ ჩვენი კოალიცია“ და „ცვლილებების გარეშე ღმერთმა ნუ გვამყოფოს“, უფრო არჩევნებამდე მოხდება, თუ არჩევნების შემდეგ?
- ასწლოვანი ალიანსი არ არსებობს, როცა იქნება, ეს ალიანსიც დაიშლება და კიდევ სხვა რამეც. ამიტომ არა მგონია, ამას რაღაც მონაცემებზე დაყრდნობით ლაპარაკობდეს სუბარი. უბრალოდ, სუბარი ვერ უარყოფს, რომ განახლება აუცილებელია, მაგრამ ხვალ და ზეგ ასეთი სიმპტომები არ არის. ყველას აინტერესებს, რამდენ ხანს გასტანს ალიანსის ერთობა, ეს უფალმა უწყის.
რესპუბლიკელებს იმასაც აყვედრიან, რომ ისინი მუდმივად იმის დადასტურებას ცდილობენ, რომ კოალიციაში მხოლოდ ორი მთავარი სუბიექტია - „ქართული ოცნება“ და „რესპუბლიკური პარტია“. პარალელურად, გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ მნიშვნელოვანი განახლება მოითხოვა. როგორც ჩანს, რესპუბლიკელების ნელ-ნელა ჩამოცილებას უცხოეთში მცხოვრები ქართველებით აპირებენ, რადგან, სავარაუდოდ, ემიგრანტი ქართველების „ქართული ოცნების“ პარტიაში გაწევრიანებისა და ამ პარტიის გაძლიერების შემდეგ კოალიციის არსებობა დღის წესრიგში აღარ დადგება და რესპუბლიკელებისგანაც განიტვირთება ალიანსი.
- მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. პარტია „ქართული ოცნება“ განახლებას კი არა, ჩამოყალიბებას საჭიროებს, რადგან ჯერჯერობით პარტია „ქართული ოცნება“ არსებობს მხოლოდ ქაღალდზე. მეორეც, ადამიანური რესურსის დეფიციტი მარტო „ოცნებას“ კი არა, მთელ ქართულ პოლიტიკას აქვს. ამიტომ ამაში ახალი არ არის, რომ ისინი ახალ სახეებსა და პარტიის წევრებს ეძებენ. ძალიან კარგი, თუ უცხოეთშიც მოძებნიან ახალ სახეებს. ცუდი ის იქნებოდა, რომ არ მოეძებნათ. თანაც, ეს რატომ ჩაანაცვლებს რესპუბლიკელებს და რატომ უკავშირდება რესპუბლიკელების ყოფნა-არყოფნას, არ მესმის, ეს პარტიის შიდა საქმეებია. რესპუბლიკელებს თავისი ადგილი, თავისი იმიჯი აქვთ ჩამოყალიბებული. ზოგს მოსწონს, ზოგს-არა, ახლა პროცენტებზე აღარ ვლაპარაკობ. თუ კოალიცია შენარჩუნდება, მაშინ პარტია „ქართული ოცნების“ განახლება, პირიქით, რესპუბლიკელებისთვისაც მომგებიანი უნდა იყოს.
ქართულ მედიაში ვრცელდება, რომ ივანიშვილმა თავის მომხრეებს სთხოვა, რესპუბლიკელების მიმართ მკვეთრი გამონათქვამები შემწყდარიყო. თუმცა, ფაქტობრივად, ჯინი ამოშვებულია და კოალიციის წევრებმა რესპუბლიკელები არაერთ „ცოდვაში“ ამხილეს. ჯინის ამოშვების შემდეგ დაგვიანებული ხომ არ არის ივანიშვილის რექცია? მას ხომ შეეძლო, რესპუბლიკელები თავის დროზეც დაეცვა თავდასხმებისგან?
- არ ვიცი, რამდენად რეალურია, რომ ივანიშვილმა ასეთი გაფრთხილება მისცა თავის მომხრეებს, მაგრამ შესაძლოა, ეს ცოტა ადრე უნდა მომხდარიყო. ისიც შესაძლებელია, რომ ივანიშვილი უბრალოდ ფიქრობდა, თავისით ჩამთავრდებოდა ეს პროცესი. მეორე მხრივ, ძალიან დიდი ზეწოლა მიდის ყველა მხრიდან, რომ ალიანსი დაიშალოს. რესპუბლიკელები იქნებიან, თუ სხვები, რაც მეტი გავა, მით უკეთესი. ზეწოლა მიდის სწორედ ამ კოალიციის მმართველ გუნდზე.
ზეწოლა პრორუსული ძალებისგან?
- პრორუსულ ძალებზე არ არის ლაპარაკი. უბრალოდ, დამისახელეთ საქართველოში ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა მაინც, რომელსაც ამ ალიანსის დაშლა არ აწყობდეს? არსებობს ასეთი ძალა? აქ ყველას ინტერესია, საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, თვითონ პარტია „ქართული ოცნებისაც“, კოალიცია „ქართული ოცნებისაც“. ყველას საკუთარი ინტერესი აქვს და კოალიციიდან ნებისმიერი წევრის გასვლა ვიღაცისთვის სასარგებლოა. ზოგადად, ამ კოალიციის დაშლა ნიშნავს, რომ გამსვლელ სიაში ადგილები გათავისუფლდება. თუ მე მინდა იმ გამსვლელ სიაში მოვხვდე, რა თქმა უნდა, მაწყობს, იქიდან ვიღაც წავიდეს. ეს მარტივი არითმეტიკაა.
მართალია, თქვენ ფიქრობთ, რომ არჩევნებამდე ავად თუ კარგად კოალიციის წევრებმა ერთად უნდა გაიტანონ თავი, მაგრამ, იქნებ, ამ ეკლექტიკური გაერთიანების ნაძლადევ რეჟიმში ყოფნას ისევ დაშლა სჯობდეს?
- დაშლა სჯობდეს, მაგრამ ვისთვის?
ქვეყნის განვითარებისთვისაც, თავად კოალიციის წევრებისთვისაც. არავინ იცის, რესპუბლიკელებსა და მრეწველებს, ან სულაც კოალიციის სხვა წევრებს შორის დაპირისპირება კიდევ რა ფაზაში გადავა.
- თუ შეუძლებელი გახდება, გავა რომელიმე წევრი და ეგ იქნება. ხომ გავიდნენ „თავისუფალი დემოკრატები“? არ დანგრეულა ამით ქვეყანა. სხვაგვარად ნაძალადევად ერთად ყოფნა რას ნიშნავს? მისჯილი აქვთ ერთად ყოფნა? პრაგმატული თუ არაპრაგმატული, პირადული თუ პარტიული ან სხვა ინტერესების გამო, ისინი თვლიან, რომ უნდა იყვნენ ამ კოალიციაში. არავინ არაფერს აძალებს.
თქვენი აზრით, რესპუბლიკელებსა და მრეწველებს შორის მართლაც არსებობს პროდასავლურ-პრორუსული მიმართულებით იდეოლოგიური შეუთავსებლობა, თუ ეს ყოფითი და პიროვნული დაპირისპირებაა?
- ამაში ღრმად ჩახედული არ ვარ, მხოლოდ ის ვიცი, რაც საინფორმაციო საშუალებებით გამოქვეყნდა. საინფორმაციოების მიხედვით კი, დაპირისპირების მიზეზს ნამდვილად ვერ ვხედავ იდეოლოგიურ განსხვავებაში. როგორც ერთი მხარე აღნიშნავს, უფრო პირადი წყენის საფუძველზე წამოვიდა ეს ყველაფერი.
თუმცა რესპუბლიკელების მხრიდან მაინც ხდება მოვლენების იმ სიბრტყეში გადატანა, რომ თურმე პრორუსები ებრძვიან რესპუბლიკელებს.
- სამი წელია, ეს ჯგუფები ერთად არიან და მაინცდამაინც ახლა რატომ გაახსენდებოდათ დაპირისპირება? ეტყობა, მაინც რაღაც ადამიანური ურთიერთობებია ამ დაპირისპირების წყარო.
ან არჩევნები რომ მოდის, დაჩქარდა პოლიტიკური სიტუაცია.
- არ გამოვრიცხავ, ეს ვარიანტიც იყოს. ამის ბევრი ფაქტორია. ჩვენ ისე ვუყურებთ პრორუსულ, პროამერიკულ, პროქართულ ძალებს, რომ უნდა ჩამოვყალიბდეთ, ვინ რას გულისხმობს ამაში, თორემ სხვადასხვა რაღაცებს ვგულისხმობთ და ერთსა და იმავე სახელს ვარქმევთ. ეს საზოგადოებისთვისაც საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება, რადგან უამრავი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ვერც ერთ საკითხს ვერ დამისახელებთ, რომ ან უვიზო მიმოსვლის, ან ევროკავშირთან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დროს მრეწველები წინააღმდეგნი წასულიყვნენ. მაშინ ვერ გავიგე, რას ნიშნავს პრორუსულობა და პროევროპელობა? განა პროდასავლურობა არ არის ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა?!