გვენეტაძემ მიქაუტაძის ქმედებაში ბრალეულობა ვერ დაინახა

გვენეტაძემ მიქაუტაძის ქმედებაში ბრალეულობა ვერ დაინახა

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს. მიქაუტაძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 12 წევრმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია საბჭოს 1 წევრ ვახტანგ მჭედლიშვილს, რომელმაც სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა, სამოქალაქო კოლეგიის ხელმძღვანელი გიორგი ებანოიძე დაასახელა.

for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მჭედლიშვილი აცხადებს, რომ მის კანდიდატურას სასამართლო სისტემაში მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება აქვს, აქიდან 8 წელი მოსამართლედ, ხოლო 6 წელი სასამართლოს თავმჯდომარედ და კოლეგიის თავმჯდომარედ.

„რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, მას მოსამართლედ მუშაობის 4-წლიანი გამოცდილება აქვს, ხოლო კოლეგიის თავმჯდომარედ მხოლოდ 3 წელი მუშაობდა. გამოცდილების თვალსაზრისით, კანდიდატურა, რომელიც მე წამოვაყენე ბევრად აღემატებოდა ბატონი მიქაუტაძის კანდიდატურას. ჩემს არჩევანში ვიხელძღანელე კომპეტენტურობის და სტაჟირების გამოცდილების პრინციპით.

რაც შეეხება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის საკითხს, თითოეულმა თავის მიზანშეწონილობაზე უნდა ისაუბროს. საბჭოს წევრებმა რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება არ ვიცი, შეიძლება სხვა კრიტერიუმებზე გაამახვილეს ყურადღება

ჩემი გადაწყვეტილების საფუძველი ამ შემთხვევაში აბსოლუტურად სწორი და მყარია - გამოცდილება, სტაჟი და კომპეტენცია. რა კრიტერიუმებზე იხელმძღვანელეს ჩემმა კოლეგებმა, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. თითოეულ მათგანს შეიძლება სხვა კრიტერიუმი ჰქონდეს“, - აცხადებს ვახტან მჭედლიშვილი.

გიორგი მუქაუტაძის არჩევა არასამთავრობო ორგანიზაციების აქციის ფონზე მიმდინარეობა. არასამტავრობოები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებდნენ, გორგი მიქაუტაძე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ არ დაემტკიცა, რადგან სამართლებრივი დავის პარალელურად, აღნიშნული გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით მიღების აუცილებლობა არ არსებობს. მეტიც, სამოქალაქო სექტორის წევრები აცხადებენ, რომ მიქაუტაძის მეუღლე პროკურატურაში მუშაობს და ეს ინტერესთა კონფლიქტია.

უფრო მეტიც მიქაუტაძეს ბრალდებასაც უყენებენ და ეს სასამართლო გადაწყვეტილებების გაყალბებააა. „ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის“ ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილებების გაყალბების გამო, მიქაუტაძის წინააღმდეგ პროკურატურასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ექვსი თვის წინ განცხადებებიც აქვს შეტანილი. აქედან გამომდინარე, ხატიაშვილის თქმით, მიქაუტაძის ამ თანამდებობაზე არჩევა ამაზრზენი ფაქტია.

„მიქაუტაძემ ბათილად ცნო წერილი და გამოაქვეყნა სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. ამის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძე, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ დაუშვა შეცდომა წერილის ბათილად ცნობის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილებაში, რომელიც გადმოგვცა, შეცვლილი ჰქონდა სარეზოლუციო ნაწილი და ჩაწერა, რომ ბათილად ცნო 24 მარტის გადაწყვეტილება. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და გადაწყვეტილებების გაყალბება. ასეთივე დანაშაულებების გამო სხვა მოსამართლეთა დისციპლინური დევნა ხდება, ხოლო მიქაუტაძის შემთხვევაში დაწინაურების საფუძველი აღმოჩნდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზაზა ხატიაშვილმა.

ხატიაშვილის ბრალდებებს ტექნიკურ შეცდომას უწოდებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე, რომლის განცხადებით, ტექნიკური ხარვეზი ბევრ მოსამართლეს მოსდის. რაც შეეხება შინაარსობრივს, მურუსიძის თქმით, ასეთი დარღვევა რომ მიქაუტაძეს ჰქონოდა, მის გადაწყვეტილებას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები არ დაეთანხმებოდნენ.

„ტექნიკური ხარვეზები ბევრ მოსამართლეს მოსდის, შეიძლება შეეშალოს თვე, რიცხვი, გვარი, მაგრამ სასამართლოს ტექნიკური უზუსტობების გასწორების უფლება აქვს. ტექნიკურ შეცდომებს ვუშვებთ, რადგან ჩვენც ადამიანები ვართ“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

გიორგი მიქაუტაძის მიმართ შენიშვნები არ აქვს ნინო გვენეტაძეს, რომლის განცხადებით, მთელ სასამართლოს გიორგი მიქაუტაძის მიმართ აქვს პოზიტიური დამოკიდებულება. რაც შეეხება ხატიაშვილის ბრალდებას, გვენეტაძის განცხადებით, ეს საკითხი გადაწყვეტილია და რაიმე ბრალეულობა არ იკვეთება.

„შევისწავლე გიორგი მიქაუტაძის ბიოგრაფია, შევისწავლე მის მიმართ არსებული პრეტენზიები და ნამდვილად მივხვდი, რომ მას შეუძლია იყოს საქალაქო სასამართლოს ღირსეული თავმჯდომარე. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას, რომ თავმჯდომარის დანიშვნის პროცესი შეჩერებულიყო, სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულმა განჩინებამ მოხსნა იმის საფუძველი, რასაც არასამთავრობოთა კოალიცია ითხოვდა“, - აცხადებს ნინო გვენეტაძე.