ორი ხალხის დაახლოება მოხდება კულტურით, თუ ეს საბჭოთა კლიშეა?!

ორი ხალხის დაახლოება მოხდება კულტურით, თუ ეს საბჭოთა კლიშეა?!

25 თებერვლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 95-ე წლისთავზე ნინო ანანიაშვილმა მოსკოვში კონცერტი გამართა, მსოფლიო დონის ბალერინის მიმართ კრიტიკული შეფასებები არ წყდება.

ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილებას „მიუღებლად და უღირსად“ მიიჩნევს გრიგოლ ვაშაძის თანაპარტიელი, საზოგადოება „ივერიის“ დამფუძნებელი ნიკა რურუა. „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ არ იცის, რა რეაქცია აქვს გრიგოლ ვაშაძეს მის განცხადებაზე და არც ის იცის, გადაწყვეტილი აქვს თუ არა ვაშაძეს „ივერიის“ დატოვება, მაგრამ ადასტურებს, რომ გრიგოლ ვაშაძემ დიდი ხანია, ტაიმ-აუტი აიღო და „ივერიაში“ ფიზიკურადაც არ ჩნდება. როგორც ვაშაძე ამბობს, ის თავისი ბიზნესსაქმეებითაა დაკავებული.

ნიკა რურუას არც თამარ ჩერგოლეიშვილი ჩამორჩება, სიტყვებით: „სამარცხვინოა ნინო ანანიაშვილის ქმედება!“

ამ ბრალდებების ადრესატს, ნინო ანანიაშვილს კი არც უფიქრია, რომ ხსენებული კონცერტი სწორედ საბჭოთა ოკუპაციის დღეს დაემთხვა. უბრალოდ, პრიმა ბალერინას თქმით, ერთი წლის წინ დაგეგმილი კონცერტი მისი პედაგოგის, რაისა სტრუჩკოვა-ლაფაურის იუბილეს ეძღვნებოდა.

აახლოებს თუ არა კულტურა მტრად მოკიდებულ ორ ხალხს? ამის შესახებ ნაციონალებსა და საზოგადოების დანარჩენ წევრებს შორის განსხვავებული მიდგომაა.

მაგალითად, ამ სამიოდე წლის წინ For.ge წერდა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ მაშინდელმა კულტურის მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის კულტურის მინისტრს, ავდეევს მოსკოვში ქართული ანსამბლებისა და თეატრალური დასების გასტროლი შესთავაზა და 2013 წელს გრიგოლ ვაშაძის ამ საიდუმლო მიმოწერის გამომზიურებამ ყველაზე მეტად ნაციონალები დააბნია. ისინი დუმდნენ და თავს იკავებდნენ გრიგოლ ვაშაძის ადვოკატობისგან, რომელსაც, როგორც ჩანს, ეგონა, რომ კულტურა აგრესორ რუსეთსა და დაზარალებულ საქართველოს შეარიგებდა.

სამაგიეროდ, ნაციონალები არ მალავდნენ, რომ „ერისიონის“ მოსკოვში გამგზავრება ერის სირცხვილი იყო და ამის გამო აეროპორტში დაბრუნებულ მოცეკვავეებს სირცხვილის დერეფანს ჰპირდებოდნენ.

დღეს ნაციონალები აცხადებენ, რომ კულტურა რუსებსა და ქართველებს ვერ დააახლოებს. საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ გამოთქმა „ორ ხალხს შორის დაახლოება კულტურით უნდა მოხდეს“, საბჭოთა კლიშეა და ხალხებს შორის „დაახლოების“ პოლიტიკა ახასიათებდათ კომუნისტებს თავიანთ დეკლარაციებში. თუმცა რაც გამოვიდა აქედან, ყველამ ვნახეთ.

„ხალხების დაახლოება ხდება მაშინ, როდესაც ადამიანების უფლებებია დაცული და ერთმანეთის სუვერენიტეტს პატივს სცემენ. თუ ასე არ ხდება, მაშინ როგორ უნდა მოხდეს დაახლოება? კულტურით? ვერაფერი ამას ვერ ჩაანაცვლებს. არ ვიცი, გრიგოლ ვაშაძის პოზიცია ამასთან დაკავშირებით როგორია, მაგრამ არ ვარ იმ გავრცელებული მიდგომის მომხრე, რომ ოჯახის წევრების საქციელზე პასუხი უნდა აგონ დანარჩენმა წევრებმა. ყველა ზრდასრული ადამიანი თავის საქციელზე თვითონ აგებს პასუხს. ყოველ შემთხვევაში, ნინო ანანიაშვილს არ უთქვამს, რომ მოსკოვში ჩადის ორი ხალხის დასამეგობრებლად. ამის ილუზია არც ჰქონია, როგორც ეს გააკეთა „ერისიონმა“. უბრალოდ, სამწუხაროა, რომ 25 თებერვალს ნინო ანანიაშვილმა არ გაითვალისწინა მოქალაქეობრივი მომენტი და იფიქრა მხოლოდ თავისი მასწავლებლის ხსოვნის შესახებ, რაც თავისთავად გასაგები, ადამიანური და ემოციურია“, - აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა.

ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ორი ხალხის დაახლოება სწორედ კულტურის მეშვეობით ხდება და 2013 წელს კრასნოდარში ჩასულმა „ერისიონმა“ ოსი, აფხაზი და ქართველი მაყურებელი შეარიგა ერთმანეთს. გარდა ამისა, აგვისტოს ომის შემდეგ გრიგოლ ვაშაძე რუს კოლეგას სწერდა, მიგვიღეთო და გასტროლიორთა სიაში „ერისიონიც“ მოიაზრებოდა. თუმცა, როცა 2013 წელს „ერისიონი“ მოსკოვში გაემგზავრა, გრიგოლ ვაშაძემ ეს საქციელი არ მოიწონა.

„აქაც ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ, რა ამბავია ამდენი ტყუილი? ენგურჰესი მე მივყიდე რუსებს თუ რკინიგზის გაყიდვას მე ვაპირებდი? ენერგეტიკა ვისია დღეს და ვინ გაყიდა? ვის აყრიან ნაცარს თვალში? რა დაუშავა ამ ხალხს საქართველომ? მოსკოვიდან რომ ჩამოვედით, უწმინდესმა პირადად მიმიწვია თავისთან და მითხრა, თქვენ გააკეთეთ ის, რაც უნდა გაგეკეთებინათ, დანარჩენი ნაკლებად მაინტერესებს. ჩემგან პოლიტიკა შორს არის. ნინო ანანიაშვილი რომ წავიდა და იცეკვა მოსკოვში, ეს უნდა უხაროდეს, არ მინდა ახლა იმის გვარის ხსენება, ჩერგოლეიშვილია თუ ვინც არის. უნდა იამაყოს ნინო ანანიაშვილით, „ერისიონით“, „რუსთავით“. ვინც ამბობს, რომ კულტურა დაპირისპირებულ მხარეებს არ არიგებს, ან შეგნებული მტერია, ან შეუგნებელი მოყვარე. კრემლის საკონცერტო დარბაზში 7 ათასი კაცი ფეხზე იდგა, დროშებს ვაფრიალებდით და „მაცალე, ერთიც აგლესო, ხმალ-ჩახმახ ცეცხლის მკვესია“-ს ვმღეროდით. ახლაც ემოციებს ვერ ვიკავებ. 25 თებერვლით რომ აპელირებენ, არა მგონია, მათ უყვარდეთ საქართველო, რადგან დათვი ბუნაგშია, გამოვა და ისედაც შეგჭამს, შენ კი ამას აჩქარებ. თორემ მე, 80 წლის კაცმა, განა არ ვიცი, რუსები ვინც არიან? ყოველწლიურად საზღვრებს წევენ, საშინელებებს ჩადიან, კიდევ გავაბრაზოთ, მეტი წაიღეო? ჩვენ, კულტურის მესვეურნი, ვიძენთ მოყვრებს, ესენი იძენენ მტრებს. ქვეყანა მაშინ ხარ, როცა მტერს მოყვარედ აქცევ, ჩვენ ხალხთან მივდივართ და არა პუტინთან. მეც მიჭირს მოსკოვში ჩასვლა, მაგრამ ხელოვნება საზღვრებს გარეშეა. ხელოვნება აახლოებს ერთმანეთს, კომუნისტების გადმონაშთები კი თვითონ არიან“, -გვითხრა ჯემალ ჭკუასელმა და განმარტა, რომ რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები არც ესწრებიან მათ კონცერტებს. უბრალოდ, რამდენიმე სამხედრო ჩინიანი კაცი გამოჩნდა, რომლებიც კონცერტზე მივიდნენ „შტაცკი“ –(სამოქალაქო) კოსტიუმებით.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ კულტურა ზეპოლიტიკური და ზესახელმწიფოებრივი ფენომენია. თუმცა აქ გასარკვევია, ჩვენ ვის ვუპირისპირდებით- კრემლის ჩინოვნიკებს თუ რუს ხალხს? მით უმეტეს, რომ მოსკოვის დიდ თეატრში, სადაც ანანიაშვილი გამოდის, მაყურებლების 99% რიგითი რუსები არიან და საეჭვოა, პუტინი ამ კონცერტს დაესწროს, მას ამის არც სურვილი და არც დრო არ აქვს.

„რა ვქნათ ახლა, ინტელიგენციასაც წავეჩხუბოთ და ქვეყანასაც? თუ ასე მიდგა საქმე, მაშინ ქართველ ექიმს უფლება არ აქვს, უმკურნალოს სეპარატისტ აფხაზს, რომელიც თბილისში ჩამოდის, აქ ოპერაციას იკეთებს, ჩადის ისევ სოხუმში და ხმას აძლევს ისევ დამოუკიდებელ აფხაზეთს. თუ მედიცინა ჰუმანური პროფესიაა, კულტურა უფრო ჰუმანური პროფესიაა. თუმცა 25 თებერვალს, ოკუპაციის ამ სიმბოლურ დღეს, შესაძლოა, კიდევ კომპრომისზე წასულიყვნენ ამ საკითხის ორგანიზატორები. მეორე მხრივ, შეიძლება, ისინი ასეც მიუდგენენ საკითხს, გადავშალეთ ეს ფურცელიო. კი, ოკუპაცია საშინელებაა, მაგრამ იმ დღეს, როცა რუსი ჯარისკაცები ბერლინში შევიდნენ, რუსეთის რომელიმე ანსამბლი ბერლინში ვერ შევა ან მოლაპარაკება და კონტაქტი არ შედგება? მაშინ ეს შავი დღეები ხალხთა ისტორიებში, მთელ მსოფლიოში, ალბათ, 20-50 ათასი იქნება. ამ დღეებზე თუ ტაბუ გამოცხადდა, ყველა დღე უქმე იყოს? თანაც, 25 თებერვალს დღევანდელი რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკა არ შემოჭრილა საქართველოში, მაშინ შემოიჭრა საბჭოთა კავშირი, ლენინის რუსეთი“, -აცხადებს სოსო ცინცაძე.

ამასთან, ფიქრობს, რომ ნიკა რურუასა და მის მეგობრებს, „ამ ჭკვიან ბიჭებს“, სხვა რამის ეშინიათ. მათ მშვენივრად იციან, რომ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, შეიძლება ყინული გალხვეს და ანანიაშვილისა და მსგავს სკანდალურ ნაბიჯებს მოჰყვეს რუსეთის პოზიციის ტრანსფორმაცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, პოლიტიკაში არასოდეს არ უნდა თქვა არასოდეს, თორემ რომელიმე საბჭოთა გენერალური მდივანი იფიქრებდა, რომ ბრეჟნევის შემცვლელი დათანხმდებოდა ბერლინის კედლის დანგრევას?! არადა, ეს მოხდა, ეს რთული პროცესია, პუტინი კი არ არის ლუი მე-14, რომელიც 16 წლისა გამეფდა და 62 წელიწადს იმეფა, პუტინი შესაძლოა, ათი წელიც აღარ დარჩეს პოლიტიკაში. ეს ათი წელი კი ისტორიისთვის გაელვებაა. შემდეგი თაობები რას იზამენ, არავინ იცის. თორემ ისეთი ჩიხია, ამ ჩიხს გარღვევა უნდა. ასე რომ, ნინო ანანიაშვილის მოსკოვში ჩასვლას დადებითიც აქვს და უარყოფითიც, მაგრამ მაინც დადებითი გადასწონის.