„უკრაინა უახლოესი 20-25 წლის განმავლობაში ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ვერ გახდება“, - განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ, ჟან-კლოდ იუნკერმა, რომლის განცხადებით, უკრაინის აღმოსავლეთში ომის გამო, ახლა საუბარიც კი ზედმეტია უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.
იუნკერის შეფასებით, უკრაინის მთავრობა კორუფციასთან ბრძოლისა და იუსტიციის ორგანოების რეფორმირების საქმეში საკმარის ზომებს არ იღებს. იუნკერმა იმედი გამოთქვა, რომ ნიდერლანდების მოსახლეობა მხარს დაუჭერს ევროკავშირი-უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას. აღნიშნულ საკითხზე ნიდერლანდებში რეფერენდუმი 6 აპრილს ჩატარდება.
როგორც „დოიჩე ველე“ წერეს, ბოლო გამოკითხვები მიუთითებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ამ შეთანხმების წინააღმდეგია.
უკაინის ხელისუფლებას ჯერჯერობით არ გაუკეთებია მკაფო განაცხადი, თუ როდის შეძლებს ქვეყანა ნატოში გაწევრიანებას. რაც შეეხება ევროკომისიის თავმჯდომარის განცხადებას, პეტრო პოროშენკოს მთავრობა ამ საკითხს უკომენტაროდ ტოვებს.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია თვლის, რომ ჟან-კლოდ იუნკერის ევროკომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში უკრაინა ვერ გახდება ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა. როგორც მაისაია ამბობს, გარდა იმისა, რომ უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აქვს, არსებობს კორუფციის დიდი მასშტაბები, მათ შორის ეკონომიკური კრიზისი, რაც ხელს უშლის ქვეყნის დასავლურ ორიენტაციასთან დაახლოებას.
„ვფიქრობ, ევროკავშირს არ სურს პასუხისმგებლობის აღება ორმოც მილიონიან მოსახლეობაზე. მით უმეტეს, რომ ევროკაშირს თავად აქვს პრობლემები შიდა მოწყობასთან დაკავშირებით. იცით, რომ ჩეხეთი და დიდი ბრიტანეთი აპირებს ევროკავშირისგან გამოყოფას.
თვითონ ევროკავშირის შიგნით არის დიდი განხეთქილება და ასევე, რაც მთავარია, ევროკავშირმა ახლახანს დაასრულა ინტეგრაცია - მიიერთა ბალკანეთის 5 სახელმწიფო, რომლის მოსახლეობის საერთო რაოდენობა 30 მილიონია და, რომელთა ეკონმომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა სახარბიელო არ არის.
ევროკავშირს ახლა სჭრიდება დიდი თანხები, რომ თუნდაც ეს ახალი წევრები ჭკუაზე მოიყვანოს. არის პრობლემა მიგრანტთა თვალსაზრისით, ასევე ღია საფრთხე რუსეთიდან, კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში - ეს არის პრობლემების ის კომპლექსი, რომლის წინაშე ევროკავშირი დგას. ამიტომ, არ მგონია ევროკავშირმა უკარინაზე აიღოს პასუხისმგებლობა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისია.
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ წევრი, დავით სიხარულიძე თვლის, რომ ნატოს გაფართოების ლოგიკა უკრაინის შემთხვევაშიც იგივე უნდა იყოს, რაც საქართველოს შემთხვევაში არის. მისივე თქმით, თუ უკრაინა მოახერხებს სწორად წარმართოს თავისი სახელმწიფო აღმშენებლობა და ჩამოაყალიბოს მდგრადი დემოკრატიული ინსტიტუტები, ასეთ შემთხვევაში, რუსული ოკუპაცია ვერ შეაფერხებს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას.
„საბოლოო ჯამში, რუსეთს არ აქვს იმის ბერკეტი, რითაც შეუძლია მთლიანობაში, ხელი შეუშალოს ერთიან და თავისუფალი ევროპის მშენებლობას. ბუნებრივია, ამას სჭირდება ლიდერობის გამოვლინება დასავლეთის მხრიდან, მაგრამ გადამწვეტი სიტყვა იმ ქვეყანაზეა, რომელიც სერიოზულად არის განწყობილი იცხოვროს უკეთეს სახელმწიფოში“, - აცხადებს დავით სიხარულიძე.
უკრაინის მსგავსად რუსეთთან კონფლიტი აქვს საქართველოს, რომლის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მოახდენს თუ არა ეს პროცესი საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე გავლენას, ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარე არ საუბრობს.
for.ge-სთან საუბრისას დავით სიხარულიძე თვლის, რომ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს ევროატლატილურ ინტეგრაციაზე გავლენას ვერ მოახდენს, რადაგან ნატოს გაფართოების პროცესში ყოფილა პრეცედენტი, როდესაც გადამწყვეტი არ გამხდარა ტერიტორიული საკითხები ამა თუ იმ ქვეყნის ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით.
„ეს გამორიცხულია. პირველი, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში რა გზავნილს უგზავნის თავისუფალი ევროპა რუსეთს? - თუ თქვენ მოახდენთ სამხედრო აგრესიას, შეიჭრებით სხვა ქვეყანაში, მოახდენთ ოკუპაციას და საზღვრების ძალისმიერ შეცვლას, ამ შემთხვევაში ჩვენ შევაჩერებთ ერთიანი და თავისუფალი ევროპის მშენებლობას, რომელიც ნატოს და ევროკავშირის გაფართოებაში გამოიხატება? - ეს გამორიცხულია.
ნატოს გაფართოების პროცესში ყოფილა პრეცედენტი, როდესაც ტერიტორიული საკითხები არ გახდა გადამწყვეტი ამა თუ იმ ქვეყნის ნატოში გაწევრიანების. თუ ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაცია და პოლიტიკა სწორი იქნება, ჩვენ მივაღწევთ ნატოში გაწევრიანებას, რაც თავისთავად, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში და ასევე, დააჩქარებს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის და ინტეგრაციის პოროცესს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით სიხარულიძე.