„ბევრის თვალში გამოჩნდა, რომ რესპუბლიკელების ერთადერთი გულშემატკივარი პარტია „ნაციონალური მოძრაობაა“. ნაციონალებმა ნახეს, რომ „რესპუბლიკელები და ივანიშვილი ერთად დიდხანს ვერ გაძლებენ, რადგან ნაციონალებს კანონიერი თუ დელიკატური გზებით, ინფორმაციების მოძიების გაცილებით მეტი გამოცდილება გააჩნიათ“,-აცხადებს For.ge-სთან საუბარში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.
რესპუბლიკელებსა და მრეწველებს შორის დროში განგრძობითი დაპირისპირება ჯერ კიდევ არ ამოწურულა და ამ დროს თინა ხიდაშელის აზრები ალასანიასაც გადასწვდა. თავდაცვის მინისტრი ფიქრობს, რომ ირაკლი ალასანიას ნერვებმა უმტყუნა და იგი ოპოზიციაში არ უნდა წასულიყო, რასაც ალასანიას გაპაექრება მოჰყვა - „ჩვენ ნერვებიც მყარი გვაქვს და თავმოყვარეობაც“. რეალურად, რა სახის დივიდენდები მიიღეს რესპუბლიკელებმა კოალიციიდან ალასანიას ჩამოცილების შემდეგ?
- ზედაპირზე დევს, რომ ოპოზიციაში წასვლით ალასანიასთვის პოლიტიკური პერსპექტივა არ მთავრდებოდა და ალასანიას ახლა უკეთესი შანსი აქვს, უფრო ძლიერი ფრაქციით შევიდეს პარლამენტში, ვიდრე მაშინ, როცა ათ-ათი კაცი დაურიგა ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტში შესასვლელად. ჩემი რწმენით, ალასანია წელს გაცილებით მეტს შეიყვანს პარლამენტში, მაგრამ ხიდაშელის პარტია რომ გავიდეს კოალიციიდან და წავიდეს ოპოზიციაში, მაგათ ნულოვანი შანსი აქვთ.
მაგრამ ხიდაშელი არსად წასვლას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ თვლის, ბევრის სურვილი სწორედ ეს იყო - რესპუბლიკელები კოალიციიდან გასულიყვნენ.
- ხიდაშელი კოალიციიდან გასვლას არ იფიქრებს, რადგან მაგ პარტიას, რომელიც ყველაზე ხანდაზმულია და უკვე 30 წელზე მეტია არსებობს, დამოუკიდებლად ერთი არჩევნებიც არ მოუგია. რესპუბლიკელები ყველა არჩევნებში მონაწილეობდნენ, მაგრამ სადაც მარტონი მიდიოდნენ, აგებდნენ. მხოლოდ ბათუმის საკრებულოში გაიყვანეს თავისიანი, რადგან მაინც ბათუმელები არიან. სხვაგან კი, თუ იმარჯვებდნენ, სულ ვიღაცის ხარჯზე, ხან - შევარდნაძის, ხანაც - სააკაშვილის, ახლა კი - ივანიშვილის ხარჯზე. რესპუბლიკელები ამას მიეჩვივნენ, მათთვის ოპოზიციაც არ იყო დიდი ტრაგედია, ვინაიდან ოპოზიციაშიც მაგათ ჰყავდათ ძლიერი სპონსორები, რომლებიც არ აშიმშილებდნენ. ამიტომ ის, რომ თურმე ნერვებმა უმტყუნა ალასანიას, რეალობას მოკლებულია. უბრალოდ, ალასანიას გადაწყვეტილება მაშინ სწორი და უალტერნატივო იყო, რადგან ალასანიამ მშვენივრად იცოდა, მაინც გადააყენებდა ივანიშვილი. ალასანიამ ისიც იცოდა, რომ დაჭერას უპირებდნენ „კაბელების საქმიდან“ და აქედან თუ იქიდან ყველანაირად ცდილობდნენ მასზე გასვლას.
სამაგიეროდ, დღეს ქართულ მედიაში აქტუალურია, რომ თინა ხიდაშელს საგარეჯოს არჩევნების გაყალბების გამო სამწლიანი ციხე ელის. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა თავის ნებაზე მიუშვა რესპუბლიკელები, რომ რაც უნდოდათ, ის გაეკეთებინათ და შემდგომში დაუმორჩილებელი რესპუბლიკელები ხელში დაეჭირა?
- თუკი ასეთი გათვლა ჰქონდა, მაშინ მოტყუვდა ივანიშვილი, რადგან დღეს არც ივანიშვილი და არც სხვა პოლიტიკური ძალა მზად არ არის, დემონსტრაციულად უარი თქვას პროდასავლურ კურსზე. მით უმეტეს, რომ ალასანიამ დატოვა კოალიცია. ალასანიას კოალიციიდან გასვლით კი მადლობელნი უნდა იყვნენ რესპუბლიკელები, რადგან რესპუბლიკელებს გაუმყარეს პოზიციები და რესპუბლიკელები უალტერნატივონი დარჩნენ. კოალიციაში ალასანიაც რომ ყოფილიყო, მაშინ რეპუბლიკელებს ყველაფერი ხახვივით არ შერჩებოდათ. მაშინ ივანიშვილი რესპუბლიკელ მინისტრებს სულ გაყრიდა, სამაგიეროდ, დასავლეთთან სალაპარაკოდ ეყოლებოდა ალასანია.
სხვათა შორის, იმ პერიოდში ბევრი ელოდა, რომ ალასანიას რესპუბლიკელებიც გაჰყვებოდნენ, მაგრამ პოლიტიკურ სამარეში ჩაყოლა არავინ ისურვა.
- დღეს ალასანიას სურათი ყველა რესპუბლიკელს უნდა ეკიდოს ისევე, როგორც გოგი თოფაძეს - სტალინის სურათი. თუ სამართალია, ყველა რესპუბლიკელი მინისტრის კაბინეტში, უსუფაშვილის კაბინეტსა თუ საძინებელ ოთახში უნდა ეკიდოს ალასანიას სურათი. არადა, უსუფაშვილმა ალასანიას მადლობა მხოლოდ იმით გადაუხადა, რომ მივიდა ალასანიას პარტიის ყრილობაზე. ესეც უჩვეულო ფაქტი იყო, რომ მმართველი პარტიის პარლამენტის თამჯდომარე მივიდა ოპოზიციური პარტიის ყრილობაზე და პირველივე წინადადება რომ დაიწყო, ლამის სკამიდან გადმოვვარდი - მოგესალმებით, ჩემო თანამოაზრეებოო. მე არ ვიცი, ივანიშვილს თავისმა მრჩევლებმა თუ აუხსნეს, ეს რას ნიშნავდა?! მითხარით, როგორ შეიძლება, მმართველი პარტია და ოპოზიცია თანამოაზრე იყოს?!
იმ ყრილობაზე უსუფაშვილმა „თავისუფალ დემოკრატებს“ ისიც უთხრა: „თქვენ ხართ თავისუფლები, ანუ „თავისუფალი დემოკრატები“ და ამ სიტყვას განსაკუთრებული დატვირთვა მიანიჭა.
- დიახ, მადლობა გადაუხადა ამით და მორჩა, მაგრამ ახლა, როცა საქმე-საქმეზე მიდგა, ვირო მადლიო, ასე გამოდის - ალასანიას ნერვებმა უმტყუნაო. თინა ხიდაშელის გაგებით, რომ არ ემტყუნა ნერვებს და დარჩენილიყო ალასანია, მაშინ, დღეს თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი იქნებოდა? დღეს ხომ ისევ ალასანია იქნებოდა თავდაცვის მინისტრი?
ისევ საგარეჯოს არჩევნებს დავუბრუნდეთ, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ საგარეჯოს არჩევნების გამოძიება საარჩევნო სისტემას საფრთხეს შეუქმნის და ეს მცდარი გადაწყვეტილება ირაკლი შოთაძემ მიიღოო. მართლაც ვნებს ეს საარჩევნო პროცესს?
- გამოძიება იქითკენ მიდის, რომ დაიდოს ვერდიქტი, თინა ხიდაშელს კანონი არ დაურღვევია. ქაღალდებით, დოკუმენტებით ხიდაშელს კანონი მართლაც არ დაურღვევია, მაგრამ ხიდაშელმა დაარღვია კანონი მაშინ, როდესაც ის ზომაზე მეტად დაინტერესდა ამ არჩევნებით და ჩაერთო ამ პროცესში. ვიმეორებ, მათ კანონი არ დაურღვევიათ, მაგრამ კანონის სულისკვეთება დაარღვიეს - ესეც დანაშაულია. როდესაც შენ კანონს არღვევ, ციხეში მიდიხარ, ხოლო, თუ შენ კანონის სულისკვეთებას არღვევ, მაშინ თანამდებობით უნდა აგო პასუხი. ამიტომ ნორმალურ სახელმწიფოში მინიმალური დასჯა ხიდაშელისათვის იქნებოდა გადადგომის მოთხოვნა, ვინაიდან მისი ინტერესი არ იყო დემოკრატიული არჩევნებისათვის მახასიათებელი. ეს არჩევნები, ასე თუ ისე, პირველი შავი ლაქა იყო „ოცნების“ ხანმოკლე პოლიტიკურ ბიოგრაფიაში. ამასაც გულისხმობდა ვოლსკი, როდესაც თქვა, რომ „ოცნების“ მთავარი მტერი თავად „ოცნებააო“. ეს ძალიან საინტერესო ინფორმაციაა განსჯისთვის. ეს მეც გამიკვირდა, რადგან ვოლსკის ბიოგრაფია იმის საწინდარია, რომ ფრთხილი მაინც ყოფილიყო.
შეიძლება, რომ ხიდაშელ-თოფაძის დაპირისპირების რეალური მიზეზი თოფაძის კომპანიის მიერ თავდაცვის სამინისტროში ლიმონათის ტენდერის წაგება გამხდარიყო?
- ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, ტენდერის თემა თეთრი ძაფებით ნაკერია, რადგან თვითონ ეს თემა ხიდაშელმა კი არ წამოიწყო, არამედ გიორგი გაბუნიამ „შეუგდო“, სატოპკე აუწია. დარწმუნებული ვარ, თვითონ გაბუნიას არ მოუძიებია წაგებული ტენდერის ისტორია, რადგან კონკრეტულ სიტუაციაში ნაციონალები და „რუსთავი 2“ კარგად ხედავენ, რომ შავი კატა უკვე დაცუნცულებს ივანიშვილსა და რესპუბლიკელებს შორის. ამიტომ ხიდაშელთან ინტერვიუს მთელი მიზეზი ეს იყო - ხიდაშელის დაცვა თოფაძისგან. შეიძლება, სწორია გაბუნიასა და „რუსთავი 2“-ის სტრატეგების გათვლა ქართველ მაყურებელზე, რომ ვიღაცამ დაიჯეროს, თითქოს, ხიდაშელმა არც კი იცის, მის სამინისტროში ტენდერი ჩატარდა თუ არა. არ ვიცი, არ მაინტერესებს, მე მაგაში არ ვერევი, ღმერთმა დამიფაროს, მე და ნეპოტიზმიო? -ასეთი იყო თინა ხიდაშელის პოზიცია, მაგრამ მე არ ვიცი, რა მონაცემებით დანიშნა ანა დოლიძე თავის მოადგილედ?! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ანა დოლიძეს მანდ დანიშვნამდე უნდა გაევლო უშიშროების, უსაფრთხოების სამსახურების საცერი, რადგან ეს ადამიანი წლების განმავლობაში უცხოეთში ცხოვრობდა და რით არსებობდა, ესეც გასარკვევია. გოგი თოფაძე პოლიტიკოსად არ არის დაბადებული, გოგი თოფაძე შემთხვევითი პოლიტიკოსია, ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილი და ზურაბ ტყემალაძე. ეგენი ბიზნესმენები არიან. ამიტომ გოგი თოფაძემ ხმამაღლა თქვა ის, რაც გულში აქვს კოალიციის ყველა წევრს. მათგან ბევრს ვიცნობ, ორ ჭიქას რომ დალევენ, პირად საუბრებში მოდგებიან და, მტრისას, ყველა ბრუნვაში ახსენებენ რესპუბლიკელებს, მაგათ ცოლებსა და დედებს. ხმამაღლა ამაზე არ ლაპარაკობენ, რადგან მშვენივრად იციან, რესპუბლიკელების წასვლის შემდეგ ივანიშვილმა მართლაც რომ თქვას, ყველანი ცალ-ცალკე გამოდით არჩევნებშიო, ვინ გადალახავს ზღვარს? - ვერავინ, მხოლოდ „ქართული ოცნება“. ისიც, იმ შემთხვევაში, თუკი ივანიშვილი იტყვის, ახალ ხალხს მიეცით ხმაო.
ხიდაშელი თოფაძის განცხადებების უკან ისევ და ისევ რუსულ კვალს ხედავს, თუმცა ივანიშვილის ხელს გამორიცხავს თუნდაც იმიტომ, რომ როგორ შეიძლება კოალიციის დამფუძნებელი ებრძოლოს იმ პარტიას, რომელიც თავის დროზე წამყვან სუბიექტად დაასახელა? ხიდაშელის მხრიდან ეს ორმაგი სტანდარტია?
- ხიდაშელმაც და უსუფაშვილმაც მშვენივრად იციან, რომ რუსეთი არაფერ შუაშია ამ კონკრეტულ შემთხვევაში. რუსეთი ბევრ რამეშია შუაშიც და თავშიც, მაგრამ ამ კონკრეტულ მომენტში არაფერში არ არის დამნაშავე. გაბუნია როგორი ობიექტური ჟურნალისტიც იყო, ეს მის ქმედებაში გამოსჭვიოდა, როცა თვალებში შესციცინებდა ხიდაშელს. გაბუნიას ადგილას ნებისმიერი წამყვანი თავდაცვის მინისტრს ხელად ეტყოდა, კი, ბატონო, კოლაციაში წამყვანი სუბიექტი იყო ალასანიაც და თქვენზე მეტადაც უყვარდა ალასანია ბიძინას. ბიძინას არასოდეს უთქვამს რომელიმე რესპუბლიკელზე, ნებისმიერ თანამდებობას მივანდობდიო, როგორც ეს თქვა ალასანიაზე. ბიძინას რესპუბლიკელებზე მეტად უყვარდა მარგველაშვილიც, მაგრამ დღეს არც ერთი არ უყვარს, არც მეორე. ამიტომ, რა გასაკვირია, კოალიციის დამფუძნებელი ებრძოლოს იმ პარტიას, რომელიც თავის დროზე წამყვან სუბიექტად დაასახელა?! რესპუბლიკელები მაშინ გამოიყენეს, რადგან სხვა ძალა მაშინ არ იყო. თანაც, აუცილებლად სჭირდებოდათ წამყვანი პროდასავლური ძალა, ვინაიდან მიშას დამარცხებაზე თუკი ვინმე „დაბროს“ მისცემდა, დასავლეთი ამას გაიგებდა. თუკი წააგებდა არჩევნებს სააკაშვილი, დასავლეთი ამ წაგებას შეეგუებოდა, რადგან აქ ეგულებოდა რესპუბლიკელები, ალასანიას პარტია. ამ დროს დასავლეთიც მოტყუვდა და რესპუბლიკელებიც, რადგან ივანიშვილმა თქვა, ერთი წელი ვიქნები პოლიტიკაში და წავალო. ისინიც ფიქრობდნენ, ივანიშვილი სულ წავიდოდა პოლიტიკიდან და თავის ბიზნესს მიხედავდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
იმ პერიოდში ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გადაყენება ბიძინა ივანიშვილმა გუნდში მომხდარ პატარა გაუგებრობას დაუკავშირა, საპრეზიდენტო კანდიდატობის შესახებ ალასანია თავის გუნდში, ვიწრო წრეში მსჯელობდაო და ამიტომაც დაიწუნა. რესპუბლიკელებს კი ბიძინა ივანიშვილის განაწყენების „საბაბი“ არ მიუციათ?
- დიახ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ალასანია საპრეზიდენტო კანდიდატად მე არ დამისახელებია, ის ამაზე თავის წრეში ლაპარაკობდაო. ამ დროს ივანიშვილს ამის შესახებ როგორ არ უთქვამს? ტელევიზიით გამოსვლისას თქვა, ვისაც ვანდობ პრეზიდენტობას, ალასანიას ვანდობო. მერე ალასანიას დასცინა, რომ თავის გუნდში, ცოლთან, სიდედრთან გადაწყვიტა პრეზიდენტობა და მე არ მეკითხებოდაო? თუმცა, მთლიანობაში, „რუსთავი 2“-თან თინა ხიდაშელის ინტერვიუთი რესპუბლიკელებმა ძალიან ბევრი რამ წააგეს.
მათ შორის, სტალინისტების რისხვაც დაიმსახურეს, რადგან ხიდაშელის თქმით, არც ერთ ოჯახში სტალინის სურათს არ დაუშვებს.
- სტალინს თავი გავანებოთ, სტალინს თავისი გასაჭირი ეყოფა. ბევრის თვალში გამოჩნდა, რომ რესპუბლიკელების ერთადერთი გულშემატკივარი პარტია „ნაციონალური მოძრაობაა“. ნაციონალებმა ნახეს, რომ რესპუბლიკელები და ივანიშვილი ერთად დიდხანს ვერ მოძოვენ. მათთვის მთავარია, ივანიშვილი დამარცხდეს და, ჯანდაბას, მერე ვინ იქნება, გინდ ბინ ლადენი გაცოცხლდეს და ის მოვიდეს. არადა, ხომ ხედავთ, მოვლენები როგორ ვითარდება? ნატოში არ გვღებულობენ, ევროკავშირში არ გვღებულობენ. თინა ხიდაშელი წუხს, ეს როგორ შეიძლება, ამბობენ, გვინდა თქვენი მიღება, მაგრამ არ გვღებულობენო. მეც მინდა ნატოში, მაგრამ არ გვღებულობენ ამ ნატოში და არც მიგვიღებენ, სანამ რუსეთია. ამიტომ რა ვქნათ, რუსეთს გავებუტოთ? კი, ხიდაშელისთვის ეს არაფერია, რადგან ისინი მაინც ყოველთვის კარგად იქნებიან. ხიდაშელი ჩემზე (40 წლის სტაჟის მქონე პროფესორზე, რომელსაც სად არ მიმსახურია), უკეთ ცხოვრობს. ოპოზიციაში რომ იყო, მაშინაც უკეთ ცხოვრობდა, ეგეც და ნიკა რურუაც, რომელიც თითქოს დღეს უმუშევარია. ეგენი არაფერს კარგავენ, მაგრამ ხალხი კარგავს, გაუცხოება ხდება.