„ევა გოცირიძემ, რომელსაც პრეტენზია აქვს ევროპულ სასამართლოზე, საკუთარ ქვეყანაში ვერ გაუძლო წნეხს“

„ევა გოცირიძემ, რომელსაც პრეტენზია აქვს ევროპულ სასამართლოზე, საკუთარ ქვეყანაში ვერ გაუძლო წნეხს“

ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე, გიორგი ბადაშვილი, ანა დოლიძე და ევა გოცირიძე - ასე გამოიყურება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ხუთეული. სამთავრობო კომისი წარმოდგენილ ხუთეულს მთავრობას წარუდგენს და სწორედ მთავრობამ უნდა შეარჩიოს 3 კანდიდატი, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოში წარადგენს.

წარმოდგენილი ხუთეულიდან ყველაზე მეტი კითხვები და პრეტენზიები ევა გოცირიძის მიმართ არსებობს. სამოქალაქო სექტორი მიმართვას მთავრობას, რომ მხარი არ დაუჭირონ ევა გოცირიძეს. თავად გოცირიძე აცხადებს, რომ ლევან მურუსიძისთვის მხარდაჭერა, არ ნიშნავს, რომ მან საქართველოს კანონმდებლობა ან ევროპული კონვენცია არ იცის.

ევა გოცირიძის კანდიდატურის წინააღმდეგ გამოდის ყოფილი მოსამართლე თამარ ლალიაშვილი, რომლის განცხადებით გოცირიძე 2005-2011 წელებში კოტე კუბლაშვილი მრჩეველი იყო ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. შესაბამისად, ლალიაშვილის თვლის, რომ ევა გოცირიძეს არ აქვს ის მორალური რეპუტაცია, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე.

რატომ უპირისპირდება ევა გოცირიძეს და რომელ წლებში დაინიშნა კოტე კუბლაშვილის მრჩევლად? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge თამარ ლალიაშვილს ესაუბრა.

კომისიის წევრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ უმაღლესი შეფასება დაუწერა ევა გოცირიძეს, ეს ადასტურებს, რომ მას აქვს შანსი გახდეს საქართველოს წარმომადგენელი სტრასბურგის სასამართლოში?

თამარ ლალიაშვილი: ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ნამდვილად აქვს შანსი. თუ მთავრობა დაასახელებს მის კანდიდატურას, მერე უკვე არავინ იცის, საბოლოო ჯამში რა იქნება, მაგრამ შანსი, რა თქმა უნდა, აქვს, რაც ძალიან სამწუხაროა.

რატომ სამწუხარო? მას აქვს სტრასბურგის სასამართლოში მუშაობის გამოცდილება...

- სამწუხაროდ იმიტომ, რომ ქალბატონი, რომელსაც პრეტენზია აქვს ევროპული სასამართლოს მოსამართლეობაზე, სავსებით არ გააჩნია მთავარი კრიტერიუმი, რაც უნდა ჰქონდეს ზოგადად არა მხოლოდ ევროპული სასამართლოს მოსამართლეს, არამედ სამართლებრივ სახელმწიფოში ყველა ქვეყნის მოსამართლეს და ესაა შინაგანი დამოუკიდებლობა. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს განათლება, შეიძლება იცოდეს კანონი, მაგრამ არ იცავდეს დამოუკიდებლობას. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი არის შინაგანი ან პიროვნული დამოუკიდებლობა. ამის გარეშე არ შეიძლება ადამიანის მოსამართლედ გამწესება. ასეთი პიროვნული დამოუკიდებულება საერთოდ არ აღმოაჩნდა ქალბატონ ევას.

შეგიძლიათ დაასახელოთ კონკრეტული გადაწყვეტილება, სადაც ევა გოცირიძემ დამოუკიდებლობა არ გამოავლინა?

- ლევან მურუსიძის დანიშვნა, მან თქვა, რომ დიახაც, მე გარემოებიდან გამომდინარე მივიღე ასეთი გადაწყვეტილებაო. გოცირიძემ დაუჭირა მხარი მურუსიუძეს, ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში თელავდა ადამიანის უფლებებს, არღვევდა კანონს და კონსტიტუციას. რა იყო ეს რეალური ვითარება? - მურუსიძის გარეშე დაინგრეოდა სასამართლო? პირდაპირ დიქტატორულ რეჟიმს აღიარებს სასამართლოში და ამ პიროვნებაზეა აკინძული სასამართლო?

გოცირიძე ამბობს, რომ თუ არ დაუჭერდა მხარს მურუსიძეს, ეს სასამართლო სისტემაში გამოიწვევდა ქაოსს და დესტაბილიზაციას. ეს არ არის არგუმენტები?

- ძალიან საინტერესოა რას ნიშნავს ეს განცხადება, რატომ უნდა გამოეწვია ქაოსი? ნამდვილად მიჭირს გიპასუხოთ, რა კრიტერიუმია ეს. მურუსიძე კრიმინალური ავტორიტეტია მოსამართლეებში, თუ რას ნიშნავს? ყველაზე სამწუხაროა ის, რომ მურუსიძე განაგებს სასამართლოს. ნახეთ რა ხდება, როგორც უნდა ისე წარადგენს კანდიდატებს, ვისაც უნდა აღუძრავს დისციპლინურ დევნას, კანონით ეს მის ხელშია. ვისაც უნდა იმას მოემსახურება, ამ ხელისუფლებას, იმ ხელისუფლებას თუ მომავალ ხელისუფლებას, ეს მისი გადასაწყვეტი იქნება და რასაც უნდა იმას აკეთებს.

ევა გოცირიძემ, რომელსაც პრეტენზია აქვს ევროპულ სასამართლოზე, საკუთარ ქვეყანაში ვერ გაუძლო წნეხს, წარმოგიდგენიათ რას იზამს ევროპულ სასამართლოში?! მოხდა მისი ლუსტრაცია. ამ ადამიანს არ აქვს კანონის პატივისცემა, არ შეუძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან განათლებული იურისტის მხრიდან მურუსიძისთვის მხარდაჭერა, წარმოუდგენელი და მიუღებელია.

თუმცა, ევა გოცირიძეს აქვს სტრასბურგში მუშაობის გამოცდილება და როგორც თავად ამბობს, ის იყო ადამიანი, რომელიც ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს...

- დიახ, მან თქვა, რომ სტრასბურგში ვიყავი და იქედან ვებრძოდი სააკაშვილის რეჟიმსო. ეს არის აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია, სიცრუეა რასაც გოცირიძე აცხადებს. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ მისი ბიოგრაფია და ნახავათ, სად იყო და ვის ემსახურებოდა. 2005 წელს როდესაც კოტე კუბლაშვილმა 4 მეამბოხე მოსამართლე გაგვანთავისუფლა, სწორედ იმ წელს კუბლაშვილმა უზენაეს სასამართლოში დააწინაურა ევა გოცირიძე. კუბლაშვილის მრჩეველი იყო ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, ზუსტად მას შემდეგ, რაც ჩვენი სარჩელი წავიდა ევროპულ სასამართლოში. 2005 წლიდან ერთგულად ემსახურებოდა კოტე კუბლაშვილს. მინდა გითხრათ, რომ გოცირიძეს ჩემი სამუშაო ოთახი დაუთმეს.

თუკი ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს, 2005 წლიდან 2011 წლამდე ერთ საქმეზე მაინც რატომ არ გააკეთა კომენტარი გოცირიძემ? ავიღოთ სანდრო გირგვლიანის საქმე, ხალხი ქუჩაში გამოვიდა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, რატომ დუმდა კუბლაშვილის მრჩეველი? იმ პერიოდში გერმანიაში ვიყავი, ამ საქმესთან დაკავშირებით შეხვედრები გავმართე ევროსაბჭოში, ევროპარლამენტში და ყოფილი ელჩი ქალბატონი სამადაშვილი კრიმინალს მეძახდა. ზუსტად ამ სიტყვებით მომიხსენიებდა ევროპელ კოლეგებთან. ჩემთვის გამაოგნებელია გოცირიძის მხრიდან ასეთი ტყუილი განცხადებების გაკეთება. მურუსიძის სასამართლო შეგვიქმნა ქვეყანაში, ვფიქრობ, რომ აქ არის გარიგება. სხვა რა შეიძლება იყოს, ეს ჩემთვის, როგორც იურისტისთვის წარმოუდგენელია.

ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპულ სასამართლოში ქვეყანა ავტორიტეტულმა მოსამართლემ წარმოადგინოს. თქვენ თვლით, რომ გოცირიძე არ არის ავტორიტეტი?

- რა თქმა უნდა, უმთავრესი ფაქტორი ენიჭება ავტორიტეტს, მაგრამ არ შემიძლია ვისაუბრო გოცირიძის მორალზე, რომელიც ამბობს, რომ კანონს არ დავემორჩილე, კანონი დავარღვიე და მხოლოდ მურუსიძის ავრორიტეტით გადავწყვიტეო. აშკარად კანონდარღვევაა და ადამიანი, რომელიც საქართველოში არღვევს კანონს, ნუთუ შესაძლბელია, რომ მან ევრპულ სასამართლოში დაიცვას ადამიანების უფლებები? მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისა და წარმატებების მოლოდინიდან გამომდინარე შეუძლია დაიცვას სხვისი უფლებები. როგორ შეიძლება საქართველო წარმოადგინოს ადამიანმა, რომელიც ქვეყნის შიგნით იღებს ასეთ უპრინციპო გადაწყვეტილებებს.

მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის სასამართლოში?

- რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მორალური და ზნეობრივი კრიტერიუმი არის განმსაზღვრელი. კონვენციის მე-5 მუხლში ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის მოსამართლის დამოუკიდებლობა. ევა გოცირიძე თავის პოზიციიდან ვერ იჩენს პრინციპულ დამოუკიდებლობას, ამბობს გადაწყვეტილება არა კანონის შესაბამისად, არამედ რელაური სიტუაციიდან გამომდინარე მივიღე და კომპრომისზე წავედიო. რას ნიშნავს რეალური ვითარებიდან? - რეალური ვიათარება არის ხალხის ნება. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს ხალხის სახელით და როგორ შეიძლება მურუსიძემ მიიღოს ხალხის სახელით გადაწყვეტილება?!

თქვენ აკრიტიკებთ გოცირიძეს, თუმცა საკმაოდ მაღალია შანსი იმისა, რომ მთავრობამ გოცირიძის კანდიდატურა წარადგინოს.

- იმ შემთხვევაში, თუ მთავრობამ წარადგინა გოცირიძე, ეს ძალიან ცუდის ნიშანი იქნება ჩემთვის. ჩვენ იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ ასეთი სასამართლო მიგვეღო. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. არავის არ უნდა უღირდეს საკუთარი თანამდებობა სხვისი უფლებების ხარჯზე. არასოდეს, ადამიანმა საკუთარი კარიერა სხვის გვამებზე არ უნდა აკეთო.

თქვენ ამბოხებული მოსამართლეების სიაში შედიხართ, რა ხდება თქვენს საქმესთან დაკავშირებით, როდის იწყება განხილვა?

- იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნით, საქმის განხილვა გადაიდო, როდესაც თავად იუსტიციის სამინისტრო ითხოვდა დაჩქარებული წესით საქმის განხილვას. სხვათა შორის ჩვენ სტრასბურგის სასამართლომ გამოგვიგზავნა განცხადება საქმის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით და არა იუსტიციის სამინისტრომ. სწორედ სტრასბურგის სასამართლომ გვაცნობა, რომ იუსტიციის სამინისტრომ 5 მაისამდე მოითხოვა ვადის გაგრძელება. ამ განცხადებაში არ წერია მოტივი, რატომაც მოითხოვეს საქმის გადადება.