სირიაში სამთავრობო ძალებსა და ე.წ. ზომიერ ოპოზიციას შორის სამშვიდობო ზავი 27 თებერვლიდან, ვაშინგტონისა და მოსკოვის შუამავლობით მოქმედებს.
მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესაძლო დარღვევებზე „საჯაროდ აღარ იკამათებენ“. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ გერმანელ კოლეგა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კერის თქმით, რუსეთი და აშშ ასევე შეთანხმდნენ მექანიზმის შექმნაზე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ სამხედრო მოქმედებები მხოლოდ „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ჯაბჰათ ალ-ნუსრას“ წინააღმდეგ იქნება მიმართული.
ამის მიუხედავად, გაერო სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ფრთხილ ოპტიმიზმს გამოხატავს, თუმცა, დიდ იმედს ამყარებენ 7 მარტს ჩანიშნული მოლაპარაკებების ახალ ფაზაზე.
„ჩვენ ვმუშაობთ აღნიშნულ ამოცანაზე, თუმცა ყველაფერი მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად ეფექტური იქნება ცეცხილს შეწყვეტის რეჟიმი“- განაცხადა გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიაში, სტაფან დე მისტურამ.
შესაძლოა, გაეროს ეჭვებს ისიც აჩენს, რომ სირიაში სამშვიდობო ზავზე მოლაპარაკებების მიუხედავად, საომარი რიტორიკა მაინც არ წყდება.
ზავის ამოქმედებამდე რამდენიმე დღით ადრე Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთი სირიელ ქურთებს დახმარებას დაპირდა იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს სირიის ტერიტორიაზე, რაც „დიდ ომს“ გამოიწვევს. ინფორმაცია სირიელი ქურთების ხელმძღვანელის როდი ოსმანზე დაყრდნობით გავრცელდა.
„ჩვენ ამ საფრთხეს ძალიან სერიოზულად განვიხილავთ, რადგან თურქეთის მმართველი პარტია ომის პარტიაა. რუსეთი სირიის ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან სახმელეთო ოპერაციას განიხილავს როგორც შემოჭრას. ეს არა მხოლოდ ქურთებს ეხება, რომლებიც სირიის ტერიტორიული მთლიანობას იცავენ“, - განაცხადა როდი ოსმანმა.
მისივე განცხადებით, თურქეთი სირიელ ქურთებს ხელს უშლის „ისლამური სახელმწიფოსგან“ მათი ტერიტორიის გათავისუფლებაში.
ექსპერტი, ვახტანგ მაისაია თვლის, რომ მიზანი და ამოცანები ამ ზავისა მისასალმებელია, მაგრამ მისი შესრულება ნაკლებად სავარაუდოა.
„რამდენადაც ცნობილია, თურქეთს და საუდის არაბეთს გააჩნია, განსხვავებული მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით, თურქეთი კი პირდაპირ აცხადებს, რომ ამ ზავის პირობებში საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვიდან გამომდინარე იმოქმედებს. ფაქტობრივად, თურქეთი, როგორც ჩანს, ამ ზავის პირობების დაცვას არ აპირებს, რამაც შეიძლება, გაზარდოს ამერიკა-თურქეთის ურთიერთობების რღვევა.
გარდა ამისა, მხარეები ახლავე უკვე არღვევენ ზავის პირობებს - სირიის ოპოზიციური კომიტეტის საბჭომ განაცხადა კიდეც, რომ რუსეთი არღვევს ამ ხელშეკრულებას და აგრძელებს საავიაციო შეტევებს. მეორე მხრივ, რუსეთს აქვს პრეტენზია იგივე პროამერიკული კოალიციის წევრების მიმართ. როგორც ჩანს, ამ ზავსაც ის ბედი ელის როგორიც მინსკის ხელშეკრულებებს. ვფიქრობ, საჭირო იქნება მოლაპაკებათა ახალი რაუნდი, სადაც მხარეები უფრო აქტიურად განიხილავენ ცეცხლის რეალურად შეწყვეტის დეტალებს“,- აცხადებს მაისაია.
ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, ეს ზავი ვერ გახდება რეგიონში მშვიდობის გარანტი, რადგან ძალიან ბევრი ინტერესია ჩართული.
„ძალიან ბევრი ინტერესია ჩართული - რუსეთს მიაჩნია, რომ სირიაში მიმდინარე პროცესები რეალურად გადის მოსკოვზე. სირიაში ძალიან რთული მდგომარეობაა და ეს მოლაპარაკებები მხოლოდ და მხოლოდ იმაზეა გათვლილი, რომ რუსული და ამერიკული შეიარაღებული ძალები ერთმანეთს არ შეეჯახონ“,-აცხადებს შარაშენიძე.
სწორედ მსგავსი დეტალები აჩენს კითხვას - რუსული ამბიციების მიუხედავად, დადგა თუ არა მომენტი, როდესაც რუსეთის სურვილები და შესაძლებლობები ერთმანეთს აღარ ემთხვევა? - იგულისხმება სანქციებით მიყენებული ის უზარმაზარი ზარალი, რომელიც უკვე მესამე წელია, რუსეთის ეკონომიკას სერიოზულ დანაკარგებს უქმნის.
მაისაია თვლის, რომ სანქციები რუსეთს კი აღარიბებს, მაგრამ პუტინის რეიტინგს ზრდის რუსულ მოსახლეობაში და რუსეთის ეკონომიკურ დასუსტებას სრულიად საპირისპირო რეაქცია მოჰყვა საგარეო პოლიტიკაში. მაისაიას შეფასებით, ზავის დადებაც ამერიკის ინიციატივა უფრო იყო ვიდრე რუსეთის - რუსებმა საკმაო წარმატებას მიაღწიეს სირიაში. მაისაია ვარაუდობს, რომ რუსებს ეს ტაიმაუტი უფრო საკუთარი ძალების გადაჯგუფებისთვის სჭირდებოდათ, რათა “ისლამური სახელმწიფოს” მიმართ ახალი ძალით შეტევების განსახორციელებლად მომზადება მოეხდინათ.
მაისაიას შეფასებით, სანქციები საკითხის მეორე მხარეა - მისი აზრით, რა თქმა უნდა, ეკონომიკური სირთულეები აქვს რუსეთს, მაგრამ ასეთი სირთულეები არა მხოლოდ რუსეთს, არამედ სხვა ქვეყნებსაც შეექმნათ.
თორნიკე შარაშენიძის ვარაუდით, რუსეთს შესაძლოა, მიაჩნია, რომ სირიის მეშვეობით თავს დააღწევს სანქციებს, რაც რეალური არ არის.
„სანქციები უკრინასთან დაკავშირებით დაუწესეს - სირია სულ სხვა თემაა - სირიის საქმეებში რუსეთის ჩარევამ დასავლეთს კარგი არაფერი მოუტანა. რუსეთი არის ჩამოწერილი სახელმწიფო, რომელსაც, თუ ასე გააგრძელა, არანაირი მომავალი არ აქვს“, - მიიჩნევს თორნიკე შარაშენიძე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიმართ სანქციები 2013 წლიდან ამოქმედდა, თუმცა დასავლეთმა უკრაინაში კომპრომისის ნაცვლად ომის ახალი კერა მიიღო სირიაში, მოგვიანებით კი მდგომარეობა იმდენად დაიძაბა, რომ ზოგიერთი ანალიტიკოსი უკვე რუსეთ-თურქეთის თუ მესამე მსოფლიო ომზე ალაპარაკდა. სწორედ ამიტომ, საინტერესოა, რის ფასად დათანხმდა რუსეთი სამშვიდობო ზავზე.
„რუსეთი მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდა იმისათვის რომ ამერიკელებმა ის აღიარონ მოთამაშედ ახლო აღმოსავლეთში, ამერიკელები ელაპარაკებიან რუსეთს იმისათვის, რომ როგორმე დააშოშმინონ“,- მიიჩნევს თორნიკე შარაშენიძე.
როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ყველაზე დიდი ზარალი რუსეთმა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ვარდნის შედეგად მიიღო - 2014 წლის მაის-ივნისში დაწყებული ნავთობზე ფასის ვარდა დღემდე გრძელდება. ოფიციალურად, ნავთობზე ფასის ვარდნის მთავარ მიზეზად დასავლელი ექსპერტები მასზე მოთხოვნის შემცირებას ასახელებენ.
სტატისტიკური მონაცემებით, 2014 წლის ივნისიდან დღემდე, ფასები დაახლოებით, 76%-ით შემცირდა. ფასის ვარდნის ხელშემწყობ ერთ-ერთ მიზეზად ირანის სანქციების მოხსნას ასახელებენ.
სწორედ ამიტომ, თუ პოლიტიკურ კონტექსტში განვიხილავთ პროცესებს, შემთხვევითი არც ირანისთვის სანქციების მოხსნაა.
მას შემდეგ, რაც სანქციები მოიხსნა, ირანმა მზაობა გამოთქვა ნებიესმიერ ფასად დაეკავებინა საკუთარი წილი ბაზარზე რამაც, შესაბამისად, გამოიწვია მოწოდების გაზრდა ბაზარზე. ირანის ამ ნაბიჯის შემდეგ „ოპეკის“ სხვა წევრებიც იძულებულები გახდნენ ბაზარზე მიწოდება გაეზარდათ, რათა შეენარჩუნებინათ საკუთარი წილი.
2016 წლის 14 იანვრის მდგომარეობით მსოფლიო ბაზარზე ფასი უფრო შემცირდა - ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 30 დოლარს ჩამოცდა -The economist-ის ცნობით, ასეთი დაბალი ფასი ბაზარზე 2004 წლის შემდეგ არ ყოფილა. ამ მოვლენებმა განსაკუთრებით დააზარალა ის ქვეყნები, რომელთა ბიუჯეტი „შავი ოქროს“ ფასზეა დამოკიდებული. ასეთი ქვეყნებია რუსეთი, ვენესუელა, ნიგერია.
სამაგიეროდ ექსპერტების პროგნოზით იაფი ნავთობით, პირველ რგიში, ნავთობპროდუქტების იმპორტიორები ისარგებლებენ - აშშ-ს ეკონომიკა დამატებით 70 მილიარდამდე დოლარს მიიღებს, ხოლო ევროკავშირი 40 მილიარდამდე. რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, აშშ-ს ენერგეტიკული საინფორმაციო სამმართველოს წარმომადგენლების აზრით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის სიჭარბე 2017 წლის ბოლომდე განაგრძობს ზრდას.
Bloomberg-ის ცნობით კი, რომელიც საერთაშორისო ანალიტიკოსების გამოკითხვას ეყრდნობა, ნავთობის ფასების ვარდნა და გეოპოლიტიკური რისკები 2016 წელს რუსეთის ეკონომიკას სავარაუდოდ, დიდი გამოწვევების წინაშე დააყენებს - გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ ნავთობზე ფასის ვარდნა, რომელიც შესაძლოა, ბარელზე 30 დოლარამდე დაეცეს, ყველაზე დიდი რისკია რუსეთის ეკონომიკისთვის, რადგან რუსეთი არ არის მზად ასეთი ფასისთვის და სავარაუდოდ, მისი ეკონომიკა 5-პროცენტით დაeცემა, ფასები კი 7-9 პროცენტით გაიზრდება.
Bloomberg-ის პროგნოზის თანახმად, რიგით მეორე გამოწვევაა გეოპოლიტიკური რისკები და პრობლემები საბანკო ინდუსტრიასა და ეროვნული ვალუტის რუბლის ირგვლივ.
რისკებს ზრდის გეოპოლიტიკური გამოწვევები გასულ კვირას გაიზარდა თურქეთთან კონფლიქტის შემდეგ და ინვესტორებმა რუსული აქტივების გაყიდვა დაიწყეს. ამას ემატება რუსეთზე დასავლეთის სანქციები და ოპერაციები ახლო აღმოსავლეთში.
საინტერესოა, რეალურად რა ოდენობის კაპიტალი დაკარგა რუსეთმა ამ პერიოდში, თუმცა ზუსტი ციფრის დადგენა რთულია, რადგანაც კრემლი ასეთ მონაცემებს, საკუთარი შეხედულებისამებრ ავრცელებს. რუსეთის პრემიერის განცხადებით, 2015 წელს ზარალმა დაახლოებით 25 მილიარდს მიაღწია. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით უკვე, დათვლილია 2016 წლის ბიუჯეტის ზარალი და მან დაახლოებით 1,6 მილიარდი რუბლი შეადგინა.
დასავლური მედიისა და ექსპერტების შეფასებით კი, დანაკარგებმა 100 მილიარდ დოლარს ჯერ კიდევ 2015 წლის გაზაფხულამდე გადააჭარბა. მათივე პროგნოზით, ნავთობზე ფასის დაცემითა და ეკონომიკური სანქციებით გამოწვეული ზარალი რუსეთს 2014-2017 წლებში 570 მილიარდი დოლარი დაუჯდება. აქედან დაახლოებით 400 მილიარდი რუსეთმა ნავთობზე ფასების მკვეთრი ვარდნის, დანარჩენი 170 კი, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო დაკარგა.
გარდა ამისა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება, სესხების აღების შესაძლებლობის დაწევა და სხვა ფაქტორები სანქციებით მიყენებულ ზარალს ორჯერ გაზრდის.
სანქციები კაპიტალის შემოდინებაზე ნავთობის ფასისგან დამოუკიდებლად მოახდენს გავლენას, თუმცა ნავთობის ფასის დაცემისას ეფექტი გაიზრდება და პირიქით, ეკონომიკა სანქციების პირობებში ნავთობის შოკით გამოწვეულ ზარალს გააძლიერებს - მიიჩნევენ ანალიტიკოსები.
ასეთი სურათის მიუხედავად, ექსპერტები არ ვარაუდობენ, რომ რუსეთი სირიის საკითხში კაპიტულაციას დათანხმდება და იძულებული გახდება დასავლეთის თამაშის წესებს დაემორჩილოს.
როგორც თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რა მოხდება სირიაში ნაკლებად სავარაუდოა რუსებმა, ან ამერიკელებმა იცოდნენ - ისინი ერთმანეთს ელაპარაკებიან იმიტომ, რომ მოლაპარაკების რეჟიმში იყვნენ და აიცილონ დაპირისპირება.
ვახტანგ მაისაიას შეფასებით კი, ჯერჯერობით პროგნოზების გაკეთება ცოტა რთულია, რადგან სიტუაცია კვლავ არ არის მკვეთრად გამოხატული და მხოლოდ დრო გვიჩვენებს, როგორ განვითარდება მოვლენები.