განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში ახალი საგნის - „მე და საზოგადოება“ დანერგვას 2017 წლიდან გეგმავს, თუმცა, უწყებას მანამდე სასწავლო გეგმის დამტკიცება და შემდეგ სახელმძღვანელოს გამოცემა მოუწევს, რის წინააღმდეგაც საზოგადოების ნაწილი გამოდის.
განათლების სამინისტრო ირწმუნება, რომ ახალი სახელმძღვანელოს დანერგვის მიზანია, სკოლაში ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც კრიტიკული აზროვნების უნარი ექნება, ხოლო იდეის მოწინააღმდეგეები ახალი საგნის სწავლების მეთოდოლოგიაში საფრთხეებს ხედავენ და ჰომოსექსუალიზმის მიმღებლობის შესაძლო სწავლებაზე აპელირებენ.
for.ge-მ სასწავლო გეგმა დეტალურად შეისწავლა და იქ გამოყენებული არსად არ არის სიტყვები - „გენდერული თანასწორობა“, „სექსუალური იდენტობა“ ან „სექსუალური უმცირესობები“, თუმცა, სხვა ბევრ თემასთან ერთად წარმოდგენილია - უფლებების დაცვა, შემწყნარებლობა.
სახელმძღვანელოდ ქცეულ საგანში, თანაბარი უფლებებისა და შემწყნარებლობის ქოლგის ქვეშ თუ რა იქნება განხილული და შესწავლილი, ამის თქმა წინასწარ ძნელია, მაგრამ დაინტერესებული მხარეები ფიქრობენ, რომ სანამ წიგნი არ გამოიცემა, მანამდე „ჭიქაში ქარიშხალის მოწყობა“ დაუშვებელია.
საგნის - „მე და საზოგადოება“ სწავლებას მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები დაიწყებენ და მათ საგანს დამრიგებელი შეასწავლის, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები სხვადასხვა თემატიკაზე: დისკუსიებს მოაწყობენ, ანიმაციურ ფილმებს განხილავენ, დრამას დადგამენ, ესსე-სა და მოთხრობას დაწერენ, პლაკატსა და ფლაერებს შექმნიან, რეპორტაჟს მოამზადებენ, სლოგანებს და რეკლამებს მოიფიქრებენ და საკლასო ოთახში „საინფორმაციო გამოშვებას“ მოამზადებენ. ასევე მოსწავლეების მიერ მოხდება მეგობრობის წერილის მიწერა თანატოლისთვის, რომელიც განსხვავებული ეთნოსის, კულტურის, რელიგიის წარმომადგენელია.
რაც შეეხება თემატიკას, მე-3 კლასის სასწავლო თემებია - „ჩემი ოჯახი“, „სასკოლო გარემო, მეგობრები და თანატოლები“ და „გარემო, რომელშიც ვცხოვრობ“, ხოლო მე-4 კლასის სასწავლო თემებია - „სად და როგორ ვიღებ განათლებას“, „მედია და ინფორმაცია“ და ასევე „მე და ჩემი ქვეყანა“.
„ჩემი ოჯახის“ თემატიკა ოჯახურ ცხოვრებას ეხება და გეგმის მიხედვით, მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა პროფესიის/ოჯახური საქმიანობის მნიშვნელობისა და საჭიროების გაცნობიერება. კერძოდ, მოსწავლეს საუბარი მოუწევს იმაზე, რა პასუხისმგებლობა აქვს საკუთარი ოჯახის წინაშე და როგორ უნდა მოიხმაროს ოჯახში რესურსები (წყალი, ელექტროენერგია) გონივრულად.
ბევრ სხვა საკითხთან ერთად, გეგმაში საუბარია უსაფრთხოების ზომებისა და ჰიგიენური ნორმების, ასევე ცხოვრების ჯანსაღის წესზეც. კერძოდ, გეგმის მიხედვით, მოსწავლეებს შეასწავლიან უსაფრთხოების ზომების დაცვას და კრიტიკულ ვითარებაში რეაგირებას.
ამასთანავე, გეგმის გათვალისწინებით, ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლებების დაცვას და ამის შესახებ მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიწოდება მოხდება. კერძოდ, გაკვეთილზე განხილულ იქნება ბავშვის ფუნდამეტური უფლებები და მოსწავლეები ბავშვთა უფლება-მოვალეობების შესახებ მოკლე ვიდეორგოლებზეც იმსჯელებენ.
აღნიშნული სასწავლო გეგმის წინააღმდეგ ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე გამოდის, რომელიც for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ სტანდარტი დასრულებული სახით დღემდე არ არის წარმოდგენილი. მისი თქმით, სახელმძღვანელო სახეზე არ არის, რადგან საგანი - „მე და საზოგადოება“ ბუნებაში არ არსებობს.
ლორთქიფანიძის განცხადებით, მათი მხრიდან აქცენტი პედაგოგთა გადამზადების მეთოდოლოგიურ ლიტერატურაზე კეთდება, რომელიც საქართველოს განათლების სისტემისთვის ევროპის საბჭოს ქარტიის დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების სწავლების მიერ იქნა თავს მოხვეული.
„სიტყვა - „თავს მოხვეულს“ ვიყენებ, რადგან ქარტიამ სამოქალაქო განათლების კუთხით, გარკვეული პრიორიტეტები განსაზღვრა. მათ შორის, განსხვავებულთა მიმღებლობისა და ტოლერანტობის სწავლების მთელი რიგი მეთოდოლოგია არის მოცემული ისეთ სახელმძღვანელოებში, რომელიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ნათარგმნი ჯერ კიდევ 2004 წელს იქნა. ესაა „კომპასი“ და „კომპასიტო“, სადაც გენდერის მცნება შემოდის და ჰომოსექსუალიზმის მიმღებლობის სწავლებასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, დაუჯერებელია, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ეს 2012-2015 წლებში, განათლების სამინისტროს გამოცდებისა და ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდირებულ ლიტერატურათა ნუსხაში შევიდა. ეს ინფორმაცია სამინისტროს ვებ-გვერდზე მოვიძიეთ და სანიკიძემ საიტზე ამ ინფორმაციის განთავსება კატეგორიულად უარყო, რადგან ჩამოხსნეს, მაგრამ „სქრინშოტები“ გავაკეთეთ. ეს სწორედ ის ლიტერატურული მეთოდოლოგია იყო, რომლითაც პედაგოგების გადამზადება ხდებოდა.
ვინაიდან, ევროპის ქარტია რეკომენდაციას იძლეოდა, ამ სწავლების ფარგლებში, ჰომოსექსუალიზმის მიმღებლობის საკითხები უნდა ყოფილიყო დღის წესრიგში დაყენებული და მათ ეს რეკომენდაციები ვალდებულებად აქციეს, რითაც ქარტიის განსაზღვრული პირობები დაარღვიეს“, - აცხადებს ლოთქიფანიძე.
ყოფილი დეპუტატი განმარტავს, რომ ის მთავარ საფრთხეს საგნის სწავლის მეთოდოლოგიაში ხედავს.
„სამი საფეხურია და, როცა სამინისტროს ვუთითებთ, რომ პრობლემა პირველ უჯრაშია, ისინი გვეუბნებიან, რომ მესამე უჯრაში ყველაფერი სუფთადაა. ამას სახარებიდან „ღვარძლისა და ხორბლის“ იგავს ვადარებ. როცა ისინი ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაზე გვესაუბრებიან, ეს ხორბალია, მაგრამ როცა 42-ე სკოლაში პლაკატი იფინება, სადაც ტრანსგენდერის გამოსახულებაა, მათ შორის, დაწყებითი კლასის გასაგონად, ეს არის ღვარძლი, რომელსაც ისინი მალავენ და ამბობენ, რომ განათლების სამინისტრო არაფერ შუაშია და არასამთავრობო ორგანიზაციების კვალი ჩანს. ჩვენ განათლების სამინისტროს პოსტერის თაობაზე მივმართეთ, ეს პოსტერი თუ რასთან იყო დაკავშირებული, როცა მამრობითი სქესის გვერდით ტრანსგენდერის სექსის გამომხატველი სიმბოლიკა ჩნდება. მათგან პასუხი მივიღეთ, რომ თურმე, ეს ევროპის საბჭოს ქარტიის მოთხოვნა ყოფილა, რომელიც თურმე, ევროპის სახელმწიფოებისთვის სავალდებულოა და მათ შორის, საქართველო ამ ვალდებულებას პირნათლად ასრულებს. ეს არის ნონსენსი და სიყალბე. გაირკვა, რომ თურმე, ეს სავალალო შეცდომა ყოფილა და ამაზე განათლების სამინისტრო პასუხს აგებს“, - აღნიშნავს ყოფილი დეპუტატი.
ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ „ეშმაკი დეტალებშია დამალული“.
„დეტალებია მეთოდოლოგიაში, რომელზეც პასუხისმგებლობას სამინისტრო არ იღებს და აცხადებს, რომ თურმე, ეს არასამთავრობო სექტორის მიერ შედგენილი ლიტერატურაა. ამ დროს, ეს ლიტერატურა სარეკომენდაციო ხასიათის დონეზე რეკომენდირებულია იმ სსპი-ს მიერ, რომელიც განათლების სამინისტროს ქვედანაყოფია და ესაა მაია მიმინოშვილის ცენტრი. „მე და საზოგადოების“ თაობაზე ეროვნულ დონეზე კვლევები არ ჩატარებულა და ამის დამადასტურებელია ის, რომ მათ პედსაბჭოებს მოსთხოვეს და არა სამეურვეო საბჭოებს, რომ მათ პოზიტიური დასკვნა გაეკეთებინათ. ეს 18 თებერვალს მოხდა და იცოდნენ, რომ ათი დღის შემდეგ პარლამენტში უნდა მოსულიყვნენ და ოქმები სჭირდებოდათ. ვერ გათვალეს, რომ ასეთ ზეპირ მითითებებს პედაგოგები არ დაემორჩილებოდნენ და დირექტორებს ამხელდნენ.
55-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ, მაია ქადაგიშვილმა მისივე სკოლის დირექტორი მაია აბრამიძე პედსაბჭოს ოქმების ფალსიფიცირებაში ამხილა, თითქოს, 110 პედაგოგი სტანდარტის - „მე და საზოგადოების“ დანერგვას მხარს უჭერდა. ეს ფალსიფიკაცია ლია გიგაურმაც აღიარა და თქვა, რომ ეს სამწუხარო შეცდომა იყო. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ამაზე სამწუხაროდ, არავინ არ საუბრობს“, - დასძენს ლორთქიფანიძე, რომლის მსგავსად, ახალ საგანს ეჭვის თვალით უყურებს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ვანო კიღურაძე.
კიღურაძე თვლის, რომ როცა საზოგადოებრივ მეცნიერებებზეა საუბარი, მაშინ ასეთი სტანდარტების შედგენაში მაღალი კლასის მეცნიერებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა.
„რა მაწუხებს? - საქმე მეცნიერების ერთ-ერთ დარგს ეხება. სად გაჩნდა და როგორ გაჩნდა, ასეთი საგანი საქართველოში? დიდი სიამოვნებით უშუალოდ ავტორებთან ვითანამშრომლებდი, რადგან ზოგიერთი კითხვა ჩემთვის შემზარავია. ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ჩვენ იმ სფეროში ვიჭრებით, სადაც არ უნდა შევიჭრათ? - ბავშვისა და ოჯახის ურთიერთობაში. კვებასა და ჰიგიენას ბავშვი არ აწესრიგებს, ამას მშობლები აწესრიგებენ. ცოტა ნაადრევი ხომ არ არის, მესამე კლასის ბავშვისთვის ბავშვის უფლებებზე საუბარი? თუკი თემა გაიშლება, იქ არის ის, ბავშვმა ინტერვიუ როგორ უნდა აიღოს მშობლისაგან, როგორ შექმნას პლაკატი და როგორ უნდა დაწეროს მოთხობა და ესსე. მაინტერესებს, რამდენი მასწავლებელი გყავს, რომელმაც იცის, ესსე რა არის?! გაშლილ გეგმას თუ წაიკითხავთ, იმდენი ესსე და მოთხრობა უნდა დაიწეროს, რამდენიც საქართველოში არ დაწერილა. როგორ ფიქრობთ, პასუხისმგებლობის მქონე ბავშვისთვის ზედმეტი ტვირთი ხომ არ იქნება?“, - ინტერესდება კიღურაძე.
კანონმდებელი პედაგოგების გადამზადების საკითხითაც ინტერესდება და ფიქრობს, რომ ამ საგნის მასწავლებელი კარგი იურისტიც უნდა იყოს, რომ უფლებებზე ისაუბროს და ამავე დროს ხელოვნებათმცოდნეც უნდა იყოს, რეჟისორიც, ჟურნალისტიც და ლიტერატორიც.
„სად გვყავს, ასეთი მასწავლებლები და გადამზადება, როგორ მოხდება? - ავთანდილ არაბული თვლის, რომ ეს არ აღიქმება როგორც ერთი დარგი და ერთი საგანი. მეც დაახლოებით ასეთი აზრის ვარ. ყველაზე მეტად რაც მაწუხებს, ილუზიას ხომ არ შევუქმნით ბავშვებს, რომ მათ რაღაცას ვასწავლით და სინამდვილეში არაფერს ვასწავლით? - კითხვებს რომ წაიკითხავთ, ეს სიყალბე ამოტივტივდება. როგორ მოხერხდება სკოლაში, რომ ბავშვს ისტორიული კანონზომიერების უნარი გამოვუმუშაოთ? - ნეტა, ასეთი ორი-სამი ისტორიკოსი გვყავდეს, რომელსაც ისტორიული კანონმზომიერების დადგენა შეუძლია. ეს გენიოსების ხვედრია. ხომ არ აჯობებდა, რომ ასეთ საკითხებზე კლასგარეშე მუშაობა იყოს? ნამეტანი მიჭირს მესამე კლასელი ბავშვის წარმოდგენა, რომელიც ლაპარაკობს ოჯახში რა რაოდენობის ყველი უნდა დახარჯოს, ამდენი პური. ეს ხომ არ შეუწყობს ხელს, რომ მოაზროვნე ახალგაზრდის ჩამოყალიბების ნაცვლად, რობოტი ჩამოყალიბდეს“, - აცხადებს კიღურაძე.
კიღურაძის კითხვების საპასუხოდ, for.ge-მ ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსს, ნათია ჯოხაძეს მიმართა.
ჯოხაძე ამბობს, რომ კითხვა ისმება, მე-3 კლასის მოსწავლე საგანს გაართმევს თუ არა თავს, მაგრამ ეს კითხვა იმიტომ ჩნდება, რომ საზოგადოებამ არ იცის, ეროვნული სასწავლო გეგმები როგორ მუშავდება.
„შეიძლება, ეს ჩვენი ბრალიცაა. ალბათ, სჯობს, რომ უფრო ფართო ჯგუფებთან გამოვიდეთ. ეროვნული სასწავლო გეგმა ბავშვის შესაძლებობებიდან გამომდინარე მუშავდება. თითოეულ საგანს მეცნიერებისა და პედაგოგების გარდა, ფსიქოლოგები ამუშავებენ. ყველა ის თემა, რაც წარმოდგენილი გვაქვს, ასაკობრივ განზომილებაში გაწერილი თემებია. სავარაუდოდ, ეს დამრიგებლის საგანი იქნება და მათ გადავამზადებთ. ეს ის ელემენტებია, რომელიც დამრიგებლებისთვის უცხო არ არის, მაგრამ ისინი მაინც გადამზადდებიან. იცით, ეს რას შეიძლება შევადაროთ? - ბატონი ვანო, რომელიც მათემატიკაში უდიდესი მეცნიერია, რა თქმა უნდა, ის არ არის მეცნიერი განათლებაში, სპორტში და კომიტეტში, მაგრამ ხელმძღვანელია და მან ეს თემები იცის“, - აცხადებს ჯოხაძე.
ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, რომ „მე და საზოგადოება“ საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფისაა, რომელიც მოიცავს ისტორიას, გეოგრაფიასა და სამოქალაქო განათლებას.
„გვინდა, რომ ეს ბავშვებს მესამე კლასიდან შევთავაზოთ. გვინდა, მათ საფუძველი ძალიან მნიშვნელოვან თემებზე ჩავუყაროთ. კერძოდ, პასუხიმგებლობის გრძნობა და შემწყნარებლური დამოკიდებულება ჰქონდეთ ოჯახის წევრებისა და მეგობრების მიმართ. სიტყვა იდენტობის რატომ გვეშინია, გაუგებარია. ის სამეცნიერო ტერმინია და ნებისმიერი ადამიანი თვითიდენტობითაც არის დაკავებული. ანუ, საკუთარი თავის შეცნობა ხდება. სანამ საკუთარი თავი არ გაქვს შეცნობილი, სხვა ადამიანს ვერ შეიცნობ“, - აღნიშნავს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი.
ჯოხაძე საგნის მოწინააღმდეგეების შეფასებებსაც ეხმაურება და ირწმუნება, რომ ჰომოსექსუალიზმზე საუბარი არ არის.
„ბრალდებები გვესმის, თითქოს, სამინისტრო ბავშვები გარყვნას აპირებს. დოკუმენტში მსგავსი არაფერი წერია. თუკი ამას ნახავენ, ან იფიქრებენ, რომ რომელიღაცა ჩანაწერი ამის პროპაგანდას აკეთებს, მზად ვართ, პასუხისმგებლობა ავიღოთ. ლევან ვასაძის მიერ მართული კამპანიაა, სადაც მისი სამეგობრო შედის და ალბათ, იქ ის ადამიანები არიან, ვინც მასთან მუშაობს და მათ რაღაც ვალდებულებები აქვთ. ისინი ტყუილებს იძახიან, საზოგადოება სიცრუეში შეჰყავთ და ამასთანავე ამბობენ, რომ ევროპა ცუდია. კარგად მინდა განვსაზღვროთ, საქმე ვისთან გვაქვს და ისინი რა პოლიტიკური მიტივაციის ადამიანები არიან“, - აცხადებს ჯოხაძე.
ჯოხაძის მსგავსად, განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ირწმუნება, რომ დოკუმენტში ჰომოსექსუალიზმის თაობაზე ჩანაწერი არ ყოფილა, არც არის და არც მომავალში არ იქნება.
როგორც for.ge-ს გიგაურმა განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მწვავეა დისკუსიაა, ის საკითხზე არგუმენტებს ვერ ისმენს, ეს საგანი თუ რატომ არ უნდა ასწავლონ.
„მათი განცხადებები დაფუძნებულია ეჭვებზე და არა - საგანზე. ამ დოკუმენტის დამტკიცებაზე მუშაობას გავაგრძელებთ, შემდეგ სახელმძღვანელოს გამოცემის მიზნით, კონკურსი გამოცხადდება და პედაგოგებს გადავამზადებთ. წინასწარ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები არსებობს და ადამიანები დოკუმენტებს განზრახ არ კითხულობენ. ამ ფონზე, ძალიან ძნელია, რომ ისინი დაარწმუნო იმ მიზნებში, რომელიც ამ საგნის სწავლას გააჩნია. მიზანია, სკოლაში მომზადდეს ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი მოქალაქე, რომელსაც კრიტიკული აზროვნების უნარი ექნება, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება და რომელსაც გადაწყვეტილებების მიღება შეეძლება“, - აცხადებს გიგაური.
მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ საგნის საშუალებით, მოსწავლეს სააზროვნო უნარები უყალიბდება.
„ეს ერთი და ორი ადამიანის მიერ დაწერილი დოკუმენტი არ არის, ბევრი პირი იყო ჩართული. ამ პროცესში მეცნიერები ჩართულები იყვნენ. მეცნიერთა აკადემიაში ხუთჯერ იქნა გადაგზავნილი“, - დასძენს გიგაური, რომელსაც კითხვით მივმართეთ, მე-4 კლასის თემატიკიდან თუ რატომ იქნა ამოღებული „რწმენა და რელიგია“.
გიგაური ამბობს, რომ საპატრიარქოს შენიშვნები ჰქონდა და ისინი საგნის სწავლას სიღრმისეულად ითხოვდნენ.
„მე-3 და მე-4 კლასში, როცა რელიგიური მიმართულებით პროფესიონალი მასწავლებლები არ გვყავს, ძნელია, ასეთ საკითხებზე ვისაუბროთ. მათ სურვილი გამოთქვეს, რომ ეს საგანი ზედა კლასებში იყოს განხილული ისტორიის ჭრილში“, - განაცხადა გიგაურმა.
რაც შეეხება სპეციალისტების პოზიციას, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ეს საგანი საჭიროა, რადგან ბავშვის სინამდვილესთან ადაპტირება ადრეულ ასაკში მოხდება, ხოლო ცოცხალი სინამდვილის არსის გაგება - მოგვიანებით.
როგორც for.ge-ს საყვარელიძემ განუცხადა, წარდგენილ დოკუმენტში სექსის ხსენება არ არის და რაც მეტი ლაპარაკი იქნება ჰომოსექსუალიზმზე, ამ უბედურების გავრცელებას ხელი მით უფრო შეეწყობა.
„ეს ლაპარაკი როგორც არ უნდა იყოს, კრიტიკული თუ პოზიტიური, ეს ჰომოსექსუალურ განვითარებაზე გავლენას ახდენს, რადგან ეს ფსიქოგენური უბედურებაა. დაუბადებელ ბავშვზე შეიძლება, ასეთი რია-რია ატყდეს? ჯერ წიგნი უნდა დაიწეროს და შემდეგ იმ წიგნზე მსჯელობა შეიძლება. ჩვენს გაუნათლებელ რეალობაში ამის არსებობა აუცილებელია“, - ამბობს საყვარელიძე და იქვე დასძენს: „რამდენიმე უნივერსიტეტში პოლიტიკურ ფსიქოლოგიას ვკითხულობ და როცა სტუდენტებთან შევედი, აღმოვაჩინე, რომ მათ პოლიტიკა არ აინტერესებთ. სანამ ისინი პროცესში უშუალოდ არ ჩავრთე და პერსონაჟები არ განასახიერეს, მანამდე პოლიტიკის გაგონება არ უნდოდათ. რა საზოგადოებაში არიან და ახალ წყობაში სად რა წესებია, არც ეს არ აინტერესებთ. ეს არ უნდა დაიძლიოს? - ეს თუ არ დაიძლია, ჩვენ დაახლოებით ისეთ რეალობას მივიღებთ, რაც საბჭოთა პერიოდში იყო, როცა მოსახლეობას ქრონიკულად არ აინტერესებდა, პოლიტიკაში რა ხდებოდა.
მაშინ, ასე ცხოვრება შეიძლებოდა, რადგან მაინც მოსკოვი განსაზღვრავდა და ახლა მოქალაქემ პოლიტიკაში მონაწილეობა თუ არ მიიღო, სახელმწიფოს ვერ ავაწყობთ და ვერ ვმართავთ. ეს მოქალაქე იმდენად უცოდინარია, რომ არ იცის სად არის და მისთვის სიტყვა პოლიტიკა მხოლოდ ტელევიზორში მიღებული დადებითი ან უარყოფითი შთაბეჭდილებაა. ამ დროისთვის, ჭიქაც არ არის, რომ ქარიშხალი იყოს მოწყობილი. თუკი ანალოგიური ტენდენცია რაიმე სახით იქნება, ეს ჩემთვის როგორც ფსიქოლოგისთვის მიუღებელია და კრიტიკას შევურთდები. როცა ხელმომწერმაც არ იცის, რაზეა საუბარი, ეს საქმეზე ორიენტირებაზე არ მიუთითებს“, - დასძენს საყვარელიძე.
იმ შემთხვევაში თუკი, სკოლებში საგნის - „მე და საზოგადოება“ სწავლება დაიწყება, მას წელიწადში დაახლოებით 73 საათი დაეთმობა.