„საშინელი ფაქტია, როცა მიცვალებულის დასაფლავების შესაძლებლობა არ აქვს ამა თუ იმ ჯგუფს“

„საშინელი ფაქტია, როცა მიცვალებულის დასაფლავების შესაძლებლობა არ აქვს ამა თუ იმ ჯგუფს“

ჭელასა და მოხეს შემდეგ რელიგიურ ნიადაგზე ერთმანეთს მუსლიმი და ქრისტიანი მრევლი სოფელ ადიგენში დაუპირისპირდ. ამჯერად, ქრისტიანები მუსლიმებისთვის სოფელში სასაფლაოს ადგილის გამოყოფას აპროტესტებენ. დასავლეთ საქართველოს მუფტი აცხადებს, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ ხელოვნურად ხდება მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების ინსპირირება.

for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ სახელმწიფომ დროულად უნდა განმუხტოს შექმილი ვითარება, რადგან თვლის, რომ დაპირისპირებამ შესაძლოა, მძიმე შედეგები გამოიღოს.

ბატონო რამაზ, ფიქრობთ, რომ მიზანმიმართულად ხდება რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივება? მით უმეტეს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და ყველა შემთხვევაში დაპირისპირება უკავშირდება მიწისა და მეჩეთის მშენებლობის საკითხს...

რამაზ საყვარელიძე: დაბრალებაც ცოდვაა. საკმაოდ მძიმე ბრალდებაა საკუთარი ქვეყნის გაწირვა რელიგიური დაპირისპირებისთვის, მაგრამ ვერაფერს გამოვრიცხავ. გამიჭირდება ვინმეს დავადო ხელი, თუმცა ნამდვილად არ გამოვრიცხავ. ყველა საშუალება უნდა გამოიძებნოს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტად იყვნენ ერთმანეთის მიმართ ნდობით განწყობილნი სახელმწიფო და რელიგიური უმცირესობები, რომ ანალოგიური პრობლემის დროს შეუფერხებლად მიმართონ სახელმწიფოს და მიიღონ მისგან დახმარება. პრინციპში, ნუ გაგვიკვირდება, რომ ვინმემ ეს ვითარება გამოიყენოს.

ამ შემთხვევაში შიდა პოლიტიკურ ძალებს გულისხმობთ?

- არა მხოლოდ. რუსეთს არაერთხელ გამოუყენებია საკუთარი ინტერესებისთვის საქართველოში ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირება. რელიგიური მრავალფეროვნებით ცნობილია საქართველო და ეს დიდი პლუსია ქვეყნისთვის. ეს ისეთი პლუსია, რომელსაც ძალიან ფრთხილი მოვლა უნდა. მოგეხსენებათ, რომ ყველგან შეიძლება გაჩაღდეს ეთნიკური კონფლიქტი, თუკი ამის სურვილი გაჩნდა. ვიმეორებ, დაპირისპირების აღკვეთის საშუალება არის ნდობის მოპოვება,  რაც შეიძლება მყარი ნდობა უნდა იყოს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობასა და სახელმწიფოს შორის.

ამ შემთხვევაში რამდენად ვალდებულია სახელმწიფო უზრუნველყოს მუსლიმებს გამოეყოთ მიწის ნაკვეთი, რომ შეძლონ საკუთარი მიცვალებულის დასაფლავება? როგორც მუფტი აცხადებს, მათ საკუთარ სახლში უწევთ მიცვალებულის დასაფლავება...

- საშინელი ფაქტია, როცა მიცვალებულის დასაფლავების შესაძლებლობა არ აქვს ამა თუ იმ ჯგუფს. ადამიანის უფლებების დაცვას ვერ მოვთხოვთ ვერც კერძო პირს და ვერც ამა თუ იმ ჯგუფს. ადამიანის უფლებების დაცვა არის სახელმწიფოს ვალდებულება. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს როგორც კანონმდებლობით, ასევე ფიზიკურად ადამიანის უფლებების დაცვა. დიახ, სასახელმწიფო არის პასუხისმგებელი ქვეყნის მდგომარეობაზე და იმაზე, რომ უკონფლიქტო კლიმატი იყოს ქვეყანაში.

ამ ფაქტს გარკვეული ჯგუფის მიერ მიეცა შეფასება, რომ ქვეყანაში რელიგიური უმცირესობა იჩაგრება, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯს ლახავს. აქედან გამომდინარე, მინდა გკითხოთ, მიზანმიმართულად ხდება რელიგიური დაპირისპირების გაღვივება, რომ შემდეგ უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ქვეყნის იმიჯი?

- საერთაშორისო ორაგანიზაციების და დასავლეთის ქვეყნების ანგარიშში თუ ამოტივტივდა ეს თემა, რომ რელიგიური ტოლერანტობის პრობლემა არის საქართველოში, სავარაუდოა, რომ ამ მოტივით ბრალდება წაუყენონ სახელმწიფოს და სირთულეები გაუჩინონ ქვეყანას დასავლეთის მიმართულებით. შეიძლება ამ მოტივებიდან გამომდინარე რაღაცა ნაბიჯები იდგმებოდეს, მაგრამ სანამ ფაქტიური მასალები არ იქნება, მანამდე დანაშაულია დამნაშავის დასახელება.

ნაციონალური მოძრაობისდროს პარქტიკულად რელიგიური დაპირისპირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ წინ წამოიწია რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების საკითხმა. სწორედ ეს აჩენს კითხვებს, რომ გაკვეული პოლიტიკური ჯგუფის მიერ ხომ არ ხდება მიზანმიმართულად შუღლის გაღვივება?

- სამწუხაროდ, ხელოვნურობის იერი აქვს ამ პროცესებს. ყოველ შემთხვევისთვის ეს პრობლემა ნამდვილად არ იყო ადრე და დარწმუნებული ვარ, რომ არც მომავალში იქნება. ვიმეორებ, სანამ გამოძიება არ დაასახელებს კონკრეტულ პირებს, მანამდე თქმა იმისა, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის მიერ ხდება პროცესის გართულება, გამართლებული არ არის.

თუ აღმოჩნდა, რომ არა საკუთარი პოლიტიკური ძალა, არამედ გარეშე პოლიტიკური ძალა არის ამ პოლიტიკური პროცესების ავტორი, შერცხვენილი ვიქნებით ამ ბრალდების გამო. ამიტომ დამნაშავის ძებნა არის გამოძიების პრეროგატივა. სახელმწიფომ დროულად უნდა იზრუნოს ამ რისკის მაქსიმალურ შემცირებაზე და არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ასეთი დაპირისპირებების ინიციატორი.

წინააღმდეგ შემთხვევაში ამ დაპირისპირებამ შეიძლება ქვეყანას მძიმე შედეგები მოუტანოს?

- რა თქმა უნდა. მაგალითად ყარაბახის კონფლიქტის დროს, საქართველომ მოახერხა და თავის ტერიტორიაზე არ დაუშვა სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის კონფლიქტი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი შანსი იყო. დღეს კონფლიქტის საფუძველი გაცილებით ნაკლებია. აბსოლუტურად ვეთანხმები ვერსიას, რომ ვიღაცა არის დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება ძალიან ცუდად შემოგვიმბრუნდეს ეს პროცესები, რაც ეს დამღუპველი იქნება ქვეყნისთვის.