ახალი სასკოლო საგნის „მე და საზოგადოების“ სკოლაში შეტანის წინააღმდეგ პეტიცია გავრცელდა. პეტიციის ავტორნი მიიჩნევენ, რომ ახალი საგნით მოზარდთა სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების აღრევა-გადაგვარება მოხდება. ფილოლოგი გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ არ დაუშვებს სკოლებში ამ საგნის დანერგვას.
For.ge-სთან საუბარში გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლის შედეგადაც მამათმავლობა ნორმად დაფიქსირდა, მამათმავლობის კუთხით ტოლერანტობის ასამაღლებლად მგრძნობელობის გაზრდა დაიწყო ყველა სტრუქტურაში, მათ შორის, განათლების სისტემაშიც. მსგავსი ტიპის პროპაგანდა შემოდის ჯარში, პროკურატურაში და სხვაგან.
მისივე თქმით, ამ წიგნებში პირდაპირ წერია შემდეგი სიტყვები, „წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღეს სხვა სქესის წარმომადგენელი გახდეთ. რის შეცვლა მოგიწევდათ?! დაუკავშირდით თქვენს ქვეყანაში მოქმედ ლესბოსელთა ან ჰომოსექსუალთა საზოგადოებას, მოიწვიეთ ისინი სასაუბროდ ჯგუფში, კლასში, რათა განმარტოთ გენდერული საკითხები და ა.შ. როლური თამაშებით ყველა ბავშვი ვალდებულია, ერთხელ მაინც განასახიეროს ლგბტ-ს როლი, რათა მათდამი თანაგანცდა გაუჩნდეს. იქვე პირდაპირ წერია, რომ ტერმინი „გენდერი“ არის სქესი, რომლითაც კი არ დაიბადე, არამედ რომელიც შეგიძლია აირჩიო და არსებობს 50 სახეობის გენდერული სქესი“.
გარდა ამისა, გურამ ფალავანდიშვილის თქმით, როდესაც შედიხართ ზოგიერთ სკოლაში (42-ე, 87-ე სკოლებში) უკვე გამოკრულია ტრანსგენდერის სიმბოლიკიანი პლაკატები და ეს ყველაფერი ხდება ევროპის ქარტიის რეკომენდაციით. ამდენად, გამოდის, რომ ბავშვებს უნდა ვუთხრათ, თურმე ხუთკუნჭულა გოგო ყოფილა, ხოლო წითელქუდა - ბიჭი.
„ეს ტენდენცია დაწყებულია. როგორ გგონიათ, მოძრაობის წესების ან ნაგვის გადაყრის გამოა გამწარებული ლგბტ ლობი ან „ნაციონალური მოძრაობა“? ნოდია და სხვები რის გამო იკლავენ თავს, როცა გამწარებულნი იცავენ ამ საგნის სკოლებში დანერგვას? თუკი ეს პლაკატები გააკრეს პუტინისტებმა და შემთხვევითმა ადამიანებმა, მაშინ ჰკითხეთ ბატონ ივანე კიღურაძეს, მიაჩნია თუ არა, რომ მამათმავლობა, ჰომოსექსუალობა გარყვნილებაა ბავშვთა ცნობიერებისთვის?! შენ თუ ლესბოსელებს შეახვედრებ სკოლის მოსწავლეებს, ხომ შეიძლება ნორმალურმა ბავშვმა ეს ნორმად მიიღოს და მისი ნორმალური ქცევაც შეიცვალოს? თუ ხელისუფლება ამას არ შეისმენს, ხალხი გამოვა ქუჩაში და დემონსტრაციები გაიმართება. აგერ, შტუტგარტში გუშინ ათასობით კაცი გამოვიდა, მათ გააპროტესტეს სკოლებში ამ საგნის შეტანა, მეორე მხარეს კი იდგა ლგბტ თემი, თავისი ტრანსპარანტებით, მხარეებს შორის შეტაკებაც მოხდა. ეს არის მსოფლიო ბრძოლა“,-აღნიშნა გურამ ფალავანდიშვილმა.
მანვე გაიხსენა, განათლების მინისტრთან ადრინდელი შეხვედრა, როცა თამარ სანიკიძემ მათ უთხრა, ამ პეტიციას მეც ხელს მოვაწერდიო. თუმცა ამის შემდეგ ქალბატონ მინისტრს, ალბათ, „დაეტაკა“ ლგბტ ლობი, ისიც გამოვიდა და თქვა, ვიხუმრეო.
გურამ ფალავანდიშვილის პოზიციას ემიჯნება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია. იგი აცხადებს, რომ ვერსად აღმოაჩინა, რომ ბავშვებს თურმე ინფორმაცია ისეთნაირად უნდა მიაწოდონ, რომ ხუთკუნჭულა და ნაცარქექია კაციც ეგონოთ და ქალიც, რომ მეფის ასული თურმე ცხრა მთას იქიდან ელოდება სხვა მეფის ასულს, რომელიც „მოვიდა და ერთად ბედნიერად ცხოვრობენ“.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საგანი „მე და საზოგადოება“ სიღრმისეულ განხილვას მოითხოვს, რადგან ყოველი ახალი საგნის შემოღებას წინასწარი მუშაობა, უზარმაზარი ძალისხმევა, პედაგოგთა სპეციალური მომზადება სჭირდება. რაც მთავარია, სტანდარტები კიდევ უნდა გადაისინჯოს და დაიხვეწოს, შეჯერდეს სპეციალისტებთან, რასაც დიდი დრო დასჭირდება.
„ცალსახად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია კომიტეტის სხდომაზე, რომ არ ვარ ამ საგნის შემოღების მომხრე, მაგრამ ის არგუმენტი, რასაც ბატონი გურამ ფალავანდიშვილი აყენებს, ჩემთვის მიუღებელია. ჩემი არგუმენტები სულ სხვაა. კერძოდ, პედაგოგს არ უნდა ავკიდოთ უზარმაზარი ტვირთი, რომელსაც იგი ვერ ასწევს. ამასთანავე, არ შეიძლება ბავშვი დაიტვირთოს ისე, რომ მისგან საბოლოოდ რობოტი ჩამოყალიბდეს. არ უნდა შევიჭრათ ისეთ სფეროში, რომლის ფორმალიზებაც შეუძლებელია, არ უნდა შევიჭრათ შვილისა და დედის ურთიერთობაში, ოჯახისა და პატარას ურთიერთობაში“, - აღნიშნა ივანე კიღურაძემ.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სასაცილო რამეები ხდება პარლამენტში, მათ შორის, ასეთია, სახელმძღვანელოების განხილვა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.
„სრულ მარაზმში ვართ, ეს სრული დეგრადაციაა. ვიღაც ამით სპეკულირებს, ხოლო „ქართული ოცნება“ საერთოდ არეულია ღირებულებებში, ერთმანეთში ვერაფერი გაურკვევიათ, ერთნი სხვა ღირებულებისანი არიან, მეორენი - სხვა ღირებულების. ამ ადამიანებს გადაწყვეტილების მიღება უჭირთ, სწორედ ამიტომაა, რომ დიდი ხნის განმავლობაში გადაწყვეტილება ვერ მიიღეს, მესამე-მეოთხე კლასში როგორი სახელმძღვანელოებით ასწავლონ. საგანს „მე და საზოგადოება“ სრულიად უცნაური კითხვები მოჰყვა, მაგალითად, როგორ უნდა ვასწავლოთ სამშობლო?! როგორ და, ეს ისწავლება ლიტერატურაში ვაჟა ფშაველასთან, ილია ჭავჭავაძესთან, აკაკი წერეთელთან, ყველგან ეს თემაა. ამაზე რეფლექსია უნდა ჰქონდეთ ბავშვებს, რომ რასაც სწავლობენ წიგნებში, თანამედროვე ცხოვრებაში როგორ განახორციელონ. ასევე, ისტორიაში როცა სწავლობენ დიდგორის, კრწანისის ომებს, უნდა იცოდნენ, თანამედროვე საზოგადოებაში რას ნიშნავს სამშობლოს დაცვა. ეს არის რეფლექია. რას ნიშნავს მოზარდთა სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების აღრევა-გადაგვარება? რას ნიშნავს კულტურული მრავალფერონება? რას ნიშნავს და წაიკითხონ ვაჟა-ფშაველა, იქ გაიგებენ კულტურული მრავალფეროვნება რასაც ნიშნავს. რას ნიშნავს ის ფაქტი, თუ როგორ ხვდებიან ერთმანეთს ზვიადაური და ჯოყოლა? ეს ვინმესთვის აღმოჩენაა? „ვეფხისტყაოსანი“ რომ გაქვს და ამის შემდეგ კიდევ კითხულობ, რას ნიშნავს კულტურული მრავალფეროვნებაო, ეს უკვე მარაზმია. საერთოდ არაფერ შუაში არ არის როლური თამაშები. პედაგოგი არ არის მხოლოდ საგნის სპეციალისტი, სკოლა არ არის მხოლოდ მათემატიკისა და ფიზიკის სწავლება, არამედ სკოლა ასწავლის თანამედროვე საზოგადოებაში ორიენტაციას“, - აღნიშნა სერგო რატიანმა.