სამცხე-ჯავახეთის მუფტი იმ ადამიანების დასაჯას ითხოვს, რომლებმაც გუშინ მუსლიმ მრევლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მოხდა, არიან დაშავებულებიც. ადგილობრივი მუსლიმი თემის განმარტებით, ადგილობრივი ქრისტიანების ჯგუფი, დაახლოებით 20-30-მდე ადამიანი სოფლის ცენტრში მდგარ მუსლიმებს, რომლებიც ადიგენის გამგებელთან და მის მოადგილესთან ერთად სოფელში მუსლიმური საფლავისთვის მიწის გამოყოფის საკითხს იხილავდნენ, თავს დაესხნენ.
კოლექტიური თავდასხმის შედეგად სამმა მუსლიმმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, მათ აღენიშნებათ დაზიანებები სახისა და თავის არეში. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაქარია ენდელაძე აცხადებს, რომ მუსლიმი თემისთვის სასაფალაოს ცალკე ტერიტორიის გამოყოფის შესაძლებლობა არ არსებობს. მისი თქმით, არსებობს შესაძლებლობა, რომ უკვე არსებული სასაფლაო გაფართოვდეს და მუსლიმმა თემმა ამ ტერიტორიით ისარგებლოს.
„ელემენტარულად, ცოტა უსიამოვნება მოხდა მოსახლეობას შორის. თემა სასწრაფოდ განიმუხტა, პრობლემა არ არის. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ გააფართოვებენ არსებულ სასაფლაოს და ორივე მხარე ისარგებლებს ამ სასაფლაოთი. ფაქტიურად შეთანხმება მიღწეულია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზაქარია ენდელაძე.
კითხვაზე, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ადგილობრივ მისლიმებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და როგორ აღმოჩნდნენ შემთხვევის ადგილზე, ენდელაძემ ასე გვიპასუხა: „მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. ასე რომ, ბოდიშს გიხდით“, - აღნიშნა ზაქარია ენდელაძემ და ტელეფონი გათიშა.
დაპირისპირების მიზეზი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილება გახდა, რომლის საფუძველზე ადგილობრივ მუსლიმებს ადგილობრივმა თვითმმართველობამ სასაფლაოსთვის მიწის ნაკევთი უნდა გამოუყოს. შეგახსენებთ, რომ 25 თებერვალს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიაზე მუსლიმური თემის მხრიდან შემოტანილი 14 საკითხიდან დაკმაყოფილდა თორმეტი. 11 მეჩეთის გადაცემის და, ასევე, ადიგენში, მუსლიმური სასფლაოსთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის საკითხი.
ადიგენის მუნიციპალიტეტში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო. შსს-ს გამოძიება სსკ-ის 156 მუხლის პირველი ნაწილით დაიწო, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას რწმენისა და აღმსარებლობის წინააღმდეგ. ჭელასა და მოხეს შემდეგ რელიგიურ ნიადაგზე ერთმანეთს მუსლიმი და ქრისტიანი მრევლი სოფელ ადიგენში დაუპირისპირდა. ქრისტიანები მუსლიმებისთვის სოფელში სასაფლაოს ადგილის გამოყოფას აპროტესტებენ.
დაბა ადიგენში მცხოვრები ქართველი ქრისტიანები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ ცალკე მუსლიმი მოსახლეობისთვის მიწის გამოყოფას, რადგან მათივე ინფორმაციით ამ ტერიტორაზე მეჩეთის მშენებლობა იგეგმება. ადგილობრივი ქრისტიანები აცხადებენ, რომ სოფელში არსებობს სასაფლაო და მუსლიმებს შეუძლიათ ისარგებლონ ამ სასაფლაოთი. თუმცა, განსხვავებულია მუსლიმი თემის პოზიცია. მათი თქმით რელიგიურად დაუშვებელია მუსლიმის ქრისტიანის გვერდით დასაფლავება.
სამცხე-ჯავახეთის მუფტი, მამუკა ვაშაყმაძე ხელისუფლებას მიმართავს და სთხოვს, ყველაფერი გაკეთდეს, რათა ადიგენში არსებული პრობლემა ცივილური გზით გადაწყდეს. ვაშაყმაძე მიიჩნევს, რომ სოფელ ადიგენში სასაფლაოსთვის ცალკე ადგილი აუცილებლად უნდა გამოიყოს.
„არ ვიცი ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია, რომ სასაფლაოს ტერიტორაზე მეჩეთი უნდა აშენდეს, ეს არასოდეს მოხდება. რაც შეეხება ქრისტიანების და მუსლიმების ერთად დასაფლავებას, მინდა გითხრათ, რომ მუსლიმის საფლავზე ჯვრის აღმართვა არ შეიძლება. ჩვენ მუსლიმები ვართ და არა ქრისტიანები. ჩვენ სალოცავიც და ტრადიცებიც განსხვავებული გვაქვს. შესაბამისად, სასაფლაოც განსხვავებული უნდა გვქონდეს“, - აცხადებს მამუკა ვაშაყმაძე.
for.ge-სთან სუბრისას დასავლეთ საქართველოს მუფტი, ბეგლარ ქამაშიძე აცხადებს, რომ მუსლიმური რელიგიის მიხედვით მუსლიმი მიცვალებულის სხვა აღმსარებლობის სასაფლაოზე დაკრძალვა არ შეიძლება. მისი თქმით, სოფელ ადიგენში მცხოვრებ მუსლიმებს არ ჰქონდათ შესაბამისი ტერიტორია, სადაც შეძლებდნენ მიცვალებულის დასაფლავებას, მიცვალებული გადაჰყავდათ სხვა რაიონსა და სოფლებში, ან საკუთარ ეზოში ასაფლავებენ მიცვალებულს.
„მუსლიმთა სამმართველომ ადიგენის მუსლიმი მრევლის მოთხოვნის საფუძველზე არსებული სასაფლაოს გვერდით მიწის გამოყოფის თაობაზე მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს. სახელმწიფომ გამოიჩინა კეთილი ნება და რელიგიის სააგენტოსთან არსებულმა ქონებრივი და ფინანსური საკითხების კომისიამ გასცა რეკომენდაცია მუსლიმებისათვის სასაფლაოს ტერიტორიის გამოყოფის თაობაზე.
კომისიის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ადამიანები მიდიან პროვოკაციაზე და ავიწროვებენ მუსლიმ თემს, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ვართ ქართველები და პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის რელიგიას. ვიღაცის პოლიტკურმა თამაშმა და ფულმა ადამიანების გონება არ უნდა შეუცვალოს. ვფიქრობ, რომ ხელოვნურად ხდება მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების ინსპირირება“, - აცხადებს ბეგლარ ქამაშიძე.
როგორც ქამაშიძე აცხადებს, ადიგენში განვითარებულ პროცესებს პოლიტიკური დატვირთვა აქვს და ვიღაცეები ძალიან ცუდად ეთამაშებიან რელიგიის საკითხს.
„ამის უკან დგანან პოლიტიკოსები. ვისაც აწყობთ პრობლემების შექმნა რელიგიურ ნიადაგზე. მით უმეტეს, რომ ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები და სურთ ამ კუთხით სახელმწიფოს ჰქონდეს პრობლემა და შემდეგ თქვან, რომ სახელმწიფო ვერ აგვარებს ამ საკითხს. პოლიტიკა არ უნდა შევიტანოთ რელიგიაში, რელიგია არის ღვთის მსახურება და არა პოლიტიკა. ამიტომ, ადამიანებმა არ უნდა გააკეთონ ის, რაც არ შეშვენის არც ერთი სარწმუნოების მიმდევრებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ბეგლარ ქამაშიძე.
ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი საფუძვლიანად მიიჩნევს ეჭვს იმის შესახებ, რომ მიზანმიმართულად ხდება რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივება. მისივე თქმით, როგორც ჩანს, მუშაობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ გაამწვავონ დაპირისპირება მუსლიმებთან, და არა მხოლოდ მუსლიმებთან.
„ჩვენი კულტურა ნამდვილად შემწყანრებლური იყო და ეს არ არის ვიღაცის მიერ მოგონილი. თბილისში იყო მუსლიმთა სასაფლაო, დღემდე არსებობს ებრაელთა სასაფლაოც, ცალკე სასაფლაო ჰქონდათ ასირიელებს, სომხებს. მსგავს რამეს შეხვდები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში - რელიგიურად ყველაზე ერთგვაროვნებშიც კი. ეს ბუნებრივი რამ გახლავთ ნებისმეირ ქვეყანაში და ამის მტკიცება არ უნდა სჭირდებოდეს ადამიანს.
ელემენტარული ჰუმანურობის გამოხატულებაა, ადამიანს მისცე შესაძლებლობა, მიცვალებული თავისივე რელიგიური მრწამსის შესაბამისად დაასაფლავოს. ძალიან მიჭირს საქართველოში წარმოვიდგინო იმდენად უკულტურო ადამიანი, რომელსაც შეუძლია ამის წინააღმდეგ გამოვიდეს. როგორც ჩანს, ხელოვნურად ხდება ვითარების გაღვივება და მუშაობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ გაამწვავონ დაპირისპირება მუსლიმებთან, და არა მხოლოდ მუსლიმებთან. დაძაბულობის პროვოცირება ხდება სხვა რელიგიურ უმცირესობებთანაც“, - აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.
როგორც ფილოსოფოსი აცხადებს, სახელმწიფოს როლია არ დაუშვას რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება, რამაც შეიძლება ქვეყანას ძალზე მძიმე შედეგები მოუტანოს. ზაზა ფირალიშვილს იმედი აქვს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტო, შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.
„ყოველდღიურად ვხედავთ რა უბედურება მოაქვს რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებას მთელს მსოფლიოში. გავიხსენოთ რა ხდება სირიაში, პალესტინაში და ა.შ. რა ვქნათ, გადმოვიტანოთ ეს დაპირისპირება საქართველოში? ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც უზარმაზარი ისტორიული გამოცდილება გვაქვს იმისა, როგორ შეიძლება განსხვავებული რელიგიური მრწამსის ადამიანებმა ერთად ვიცხოვროთ. ალბათ, დედამიწის ზურგზე ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც ერთ მეჩეთში ერთად ლოცულობენ ერთანეთისგან ფარდით გაყოფილი შიიტები და სუნიტები - აი ის შიიტები და სუნიტები, რომლებიც სირიაში, ერაყში და სხვაგანაც ერთმანეთს ხოცავენ. ამ თვალსაზრისით, ჩვენ უნიკალური გარემო გვქონდა. ეს არის დიდი ისტორიული გამოცდილების პროდუქტი.
რა თქმა უნდა, საზოგადოებაში შეიძლება გააღვიძო მისი საუკეთესო გამოცდილებებიც, ის გამოცდილებები, რომელთა წყალობით ჩვენ ათასწლეულების განმავლობაში გადავრჩით და შეიძლება გააღვიძო სრულიად პრიმიტიული, ბნელი და ბარბაროსული ვნებებიც. გპირდებით, თუ ეს ვნებები გაიღვიძებს, ეს ჩვენი საზოგადოების „იმუნური სისტემის“ მოშლის ნიშანი იქნება და სულ რაღაც, რამდენიმე ათეულ წელიწადში აღარ ვიარსებებთ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაზა ფირალიშვილმა.
ადიგენში გუშინ მომხდარ ინციდენტს აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი გამოეხმაურა. ელჩის განმარტებით, რელიგიურ ნიადაგზე თავდასხმები და რელიგიური უმცირესობების ჩაგვრა დემოკრატიული ქვეყნის იმიჯისათვის დაუშვებელია.
„ამ კონკრეტული ინციდენტის დეტალები ჩემთვის უცნობია, თუმცა ასეთი შემთხვევები დაუშვებელია და მათი ადგილი არ არის დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომლისკენაც საქართველო მიისწრაფვის. ეს არ შეუწყობს ხელს ტოლერანტობის ატმოსფეროს, რაც მთავრობას მსურს, რომ იყოს ქვეყანაში“, - განაცხადა იან კელიმ.