„ეს თანხები ალბათ, ნაკლებად შეძლებს რუსებს კანკალი დააწყებინოს თავიანთ ჩექმებში“, - აცხადებს რესპუბლიკელი კონგრესმენი, მაკ ტორნბერიმი, რომელმაც არასაკმარისად მიიჩნია პენტაგონის მიერ გაწეული დაფინანსება ევროპის განმტკიცების ინიციატივის პროგრამისათვის. როგორც ცნობილია, პენტაგონი აპირებს 3.4 მილიარდი დოლარის დახარჯვას დამატებით საროტაციო ჯარების რაოდენობისა და რესურსების გასაძლიერებლად ევროპაში.
გენერალი ფილიპ ბრედლოვი აცხადებს, რომ აშშ-მ დამატებით უნდა განათავსოს სამხედრო ძალები ევროპაში რუსეთის შესაკავებლად. აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდალი ევროპაში ამბობს, რომ რუსეთმა აირჩია მოწინააღმდეგის პოზიცია და წარმოადგენს სასიცოხლო საფრთხეს აშშ-სა და მოკავშირეებისთვის.
„ეს არ არის ცივი ომი, მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაზე, რომელზეც უნდა ვიყოთ. როდესაც საქმე ეხება ევროპაში მუდმივად განთავსებულ შეაიარაღებულ ძალებსა და სამხედრო რეზერვებს“, - აცხადებს ფილიპ პრედლოვი.
პარალელურად, ბალტიის ქვეყნებში ნატო-ს სამხედრო ძალების გაზრდას ითხოვს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი. როგორც ედგარს რინკევიჩსმა ვაშინგტონში ვიზიტისას განაცხადა, ლატვია შეშფოთებულია პირდაპირ მის საზღვრებთან მიმდინარე მზარდი რუსული მანევრებითა და სამხედრო ძალის კონცენტრაციით.
„ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ დამატებითი შემაკავებელი ზომების საკითხი ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე. რუსეთის შესაჩერებლად საჭიროა ადგილზე იყოს უფრო მეტი სამხედრო ძალა, ტექნიკა და საჰაერო თავდაცვის საშუალებები. ნატო-მ უნდა უპასუხოს უსაფრთხოების იმ გამოწვევას, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიით დაიწყო 2014 წელს. მას შემდეგ კალინინგრადში მუდმივად ხდება შეიარაღების გაზრდა, იქ განთავსებულ რაკეტებს თავისუფლად შეუძლია ევროპის ნებისმიერ დედაქალაქს მისწვდეს“, - ამბობს ედგარს რინკევიჩსი.
მისივე თქმით, რუსი გენერლები განიხილავენ ბირთვულ იარაღს არა როგორც თეორიულ, არამედ ტაქტიკურ საშუალებად, რათა ნატო-ს წევრ ქვეყნებს თავი შეაკავებინონ ნატო-ს წესდების მე-5 მუხლის ამოქმედებისგან. ამის საწინააღმდეგოდ, ერთადერთი საპირწონე იქნება ყველა იმ საშუალების ადგილზე მობილიზება, რაც ნატო-ს სამხედრო არსენალშია.
ნატოს მე-5 მუხლის მიხედვით, ნატოს მთავარი ამოცანა არის უზრუნველყოს უსაფრთხოება და დაიცვას ალიანსის წევრი ქვეყნები.
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ წევრის, დავით სიხარულიძის განცხადებით, სწორედ, ამ მიმართულებით ნატოს ქვეყნებში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გაიზარდოს შემაკავებელი ფაქტორი და უზრუნველყოფილი იქნას ალიანსის წევრი ქვეყნების ფიზიკური თავდაცვა, რომლებსაც საფრთხე ემუქრებათ რუსეთის მხრიდან.
„ბალტიის ქვეყნებში ამერიკული შეიარაღებული ძალები უკვე გაიზარდა, ეს გადაწყვეტილება პირველად უესლის სამიტზე გაჟღერდა. მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ სამხედრო ტიპის საფრთხე, რომელიც მომდინარეობს რუსეთიდან, პირველ რიგში, იმ ქვეყნებს ემუქრება, რომლებიც რუსეთის საზღვართან არიან გალაგებულნი. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გაიზარდოს სამხედრო შემაჩერებელი პოტენციალი ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, რაც უკვე აისახა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად გახდება შემაკავებელი ფაქტორი რუსული შესაძლო აგრესიის წინააღმდეგ“, - აცხადებს დავით სიხარულიძე.
მისივე თქმით, ნატომ უნდა შეძლოს უპასუხოს უსაფრთხოების იმ გამოწვევებს, რომელიც ახლა ევროპის კონტიგენტზეა შექმნილი. ამ გამოწვევის საპასუხოდ ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს წევრი ქვეყნების თანამშრომლობა.
„სამხედრო პოტენციალის ზრდა და ზოგადად, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მხოლოდ ერთი კომპონენტია. უსაფრთხოების პოლიტიკა არ არის მხოლოდ სამხედრო კომპონენტი. მიიღება სხვა ზომებიც იმისათვის, რომ შეჩერებული იქნას რუსეთის აგრესიული მოქმედება ზოგადად თავისი მეზობელი სახელმწიფოების მიმართ.
ამ მიდგომაში მნიშვნელოვანია სამხედრო კომპონენტი, რომელიც ძალიან მკაფიოდ გამოხატავს ნატოს ერთგულებას მე-5 მუხლისადმი, მაგრამ ამასთანავე, არის სხვა ტიპის ძალისხმევა სახელმწიფოების მიერ, როგორიც არის ფინანსური თუ სავაჭრო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ასევე, ერთიანი კოორდინირებული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გატარება იმისათვის, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს განახორციელოს თავისი აგრესიული პოლიტიკა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით სიხარულიძემ.
ბალტიის ქვეყნებში ნატო-ს სამხედრო ძალების გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს, ექსპეტრი თორნიკე შარაშენიძე, რომლის განცხადებით, ერთადერთი, რამაც შეიძლება რუსეთის აგრესია შეაკავოს, ეს არის ამერიკელი ჯარისკაცების ყოფნა ლატვიის ტერიტორაზე.
„რუსეთისთვის მთავარი შემაკავებელი ფაქტორი არის ამერიკა. იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელ ჯარისკაცს მოკლავენ, შედეგად რა მოჰყვება ამას, ძალიან კარგად ხვდებიან რუსეთში. ამიტომაც, ერთადერთი, რამაც შეიძლება რუსეთის აგრესია შეაკავოს, ეს არის ამერიკელი ჯარისკაცების ყოფნა ლატვიის ტერიტორაზე. რუსეთის სურვილია საფრთხეს წარმოადგენდეს მსოფლიოსთვის და ამისთვის ყველაფერს აკეთებს, მაგრამ საბოლოო ჯამში თავად ზარადლდებიან.
ნატოს წვერი ქვეყნები ხაზსს უსვამენ, რომ ბიურთვული იარაღი მათთვის მხოლოდ შემაკავებელი ფაქტორია. ანუ, ყველაზე ბოლო საშუალება, რომელიც შეიძლება გამოიყენონ. ამ დროს რუსეთი ამბობს - თუ რამეა პირველები ვისვრითო. ანუ, რუსეთი ამბობს, რომ მე ვარ გიჟი და გესვრიო. ამით ხდება დასავლეთის დაშინება. ამ ვითარებაში, როდესაც დასავლეთი არ აპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას, აუცილებლია რაც შეიძლება მეტი სამხედრო ძალების ყოფნა ბალტიის ტერიტორიაზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.
რუსეთის აგრესიის შესაკავებლად ბალტიის ქვეყნებში დამატებითი სამხედრო ძალების განთავსება რამდენად იქნება შედეგზე ორიენტირებული, რთული სათქმელია. პოლიტოლოგი, სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ნორმალური აზროვნების მქონე ლიდერისთვის, ასეთი ნაბიჯი შემაკავებელი ფაქტორი იქნება, არანორმალურისთვის კი - გამაღიზიანებელი.
„არადეკვატური ქმედებებით გამორჩეული ლიდერი რას იზამს, ამაზე ხმამაღლა არავინ ილაპარაკებს, რადგან შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ვაქეზებთ ასეთ უპასუხისმგებლო პიროვნებას და ვუბიძგებთ იმ წითელი ღილაკებით თამაშისკენ, რომელიც უდიდეს უბედურებას მოუტანს პლანეტას.
ვფიქრობ, რომ უფრო მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება იქონიოს ნატოს სამხედრო შენაერთების წვრთნებმა იმ ტერიტორიებზე, რომლისკენაც თვალი უჭირავს რუსეთს. ამავე დროს, აუცილებელია ნატომ და ცივილიზებულმა სამყარომ დაამარცხოს რუსეთი საინფორმაციო ომში. სამწუხაროდ, საკმარისი ძალისხმევა არ შეიმჩნევა. უამისოდ კი, რუსეთში გადაწყვეტილების მიღება მოუწევს ყველაზე თავშეუკავებელ, აგრესიულად განწყობილ პირებს, რაც ცხადია, მიუღებელი იქნება ცივილიზებული სამყაროსათვის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.