გიორგი ქადაგიძის შემდეგ...

გიორგი ქადაგიძის შემდეგ...

გიორგი ქადაგიძე მემუარების წერას ჯერ ნაადრევად მიიჩნევს, თუმცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე მის შვიდწლიან მოღვაწეობას უკვე აფასებენ ამ დარგის სპეციალისტები.

რა შედეგით ტოვებს ქადაგიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს, ამის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებებია. ერთნი ამბობენ, რომ ქადაგიძის მმართველობისას საბანკო სისტემა ქართული ეკონომიკიდან ფულის ამოქაჩვის მექანიზმად იქცა და კაპიტალის ბაზარი ვერ განვითარდა, მეორენი ფიქრობენ, რომ ქადაგიძემ პრივილეგიები მოუტანა მხოლოდ კომერციულ ბანკებს, რომლებიც გაჭირვებულ ხალხზე მიუშვა ისე, რომ კანონით გათვალისწინებული მუხრუჭები არ ამოსდო. შედეგად, საბანკო სექტორმა მხოლოდ 17- მილიარდიანი კრედიტის გაცემის სანაცვლოდ, მოსახლეობის 300-მილიარდიანი ქონება გირაოში ჩადო. ქადაგიძის საქმიანობის შეფასებისას მესამენი თვლიან, რომ, რადგან ქადაგიძის მმართველობას სავალუტო ფონდი თუ EBRD-ი დადებითად აფასებენ, ე.ი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც წარმატებული ყოფილა.

ასეა თუ ისე, შვიდწლიან პერიოდში ქადაგიძით კმაყოფილი არავინ იყო, ნაციონალებს გარდა. ზოგიერთს დაავიწყდა ის საეჭვო დეტალიც, რომ მას შემდეგ, რაც გიორგი ქადაგიძის საქმიანობის შემოწმება დაანონსდა, ლარმა სულ რაღაც 2-3 დღეში გამყარება დაიწყო. ამასთან დაკავშირებით იმ პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის თაღლითურ პოლიტიკაზე ღიად მოსაუბრე დემურ გიორხელიძემაც იხუმრა, „ეს დაქანებული ლარი ახლა თავპირისმტვრევით „ამორბის“ უკან აღმართზე... მთავრობა კმაყოფილია, აშკარად შეაშინეს ქადაგიძე!“
ქადაგიძის შვიდწლიან მმართველობას ექსპერტი საბანკო საქმეებში ლია ელიავა ცალსახად უარყოფითად აფასებს. For.ge-სთან საუბარში ლია ელიავა განმარტავს, რომ აღნიშნული უწყება შვიდი წლის მანძილზე არღვევდა ორგანული კანონის მოთხოვნას ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის შესახებ.

მეორე დიდი ცოდვა კი, რომელიც აწევს ეროვნულ ბანკს, ექსპერტის შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციაა, რასაც თვითონ ეროვნულმა ბანკმა შეუწყო ხელი და არაფერი არ გააკეთა დოლარიზაციის შესამცირებლად. რაც შეეხება მესამე დიდ ცოდვას, ეს არის კომერციული ბანკების არასწორი ზედამხედველობა, ანუ მათთვის უზარმაზარი პრეფერენციების მინიჭება, რის შედეგადაც საბანკო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის მონსტრად გადაიქცა და ხელს უშლიდა ეკონომიკის განვითარებას.

ქადაგიძის მიმართ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და „იბიარდის“ მხარდაჭერას კი ლია ელიავა მარტივად ხსნის. მისი აზრით, როცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი წარმომადგენელი გამოდის და თვალში ნაცარს გვაყრის, თითქოს ეროვნულ ბანკს პრობლემა არ აქვს ფასების სტაბილურობასა და ინფლაციის თარგეთირებაში, ასეთ მხარდაჭერას ნულოვანი ფასი აქვს. სინამდვილეში, ეროვნული ბანკი შვიდი წლის განმავლობაში ვერც ინფლაციის თარგეთირების და ვერც ფასების სტაბილურობის მიზანს ვერ ასრულებდა.

„თითქოსდა, ქადაგიძის დროს დადებითი გამონათება იყო სავალუტო რეზერვების 3,2 მილიარდ დოლარამდე ზრდა, მაგრამ ამას მოჰყვა ამ თანხის განიავება საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში, გაურკვეველი წარმოშობის ფონდებსა და კომერციული ბანკების ფასიან ქაღალდებში. წინა ხელისუფლების დროს ეროვნული ბანკი ზედმიწევნით ასრულებდა სავალუტო კურსის მხარდაჭერის პოლიტიკას და სავალუტო კურსს ოდნავი რყევის საშუალებასაც არ აძლევდა. ახალი ხელისუფლების დროს კი აბსოლუტურად ხელი აიღო სავალუტო კურსის მართვაზე, რამაც კატასტროფული სავალუტო კრიზისი მოიტანა და ქვეყნის ეკონომიკასა და ხელისუფლებასაც ძირი გამოუთხარა“, - აღნიშნა ლია ელიავამ.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხანგრძლივვადიანი მოღვაწეობა ორ ნაწილად იყოფა -ნაცმოძრაობის ეპოქა და ახალი ხელისუფლების პერიოდი. ნაციონალების დროს ქადაგიძე უფერული ფიგურა იყო, არავინ იცოდა, ვინ იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნაციონალები მის გარეშე წყვეტდნენ საბანკო საქმეებს, ხელისუფლების გამოცვლის შემდგომ კი, როცა მოხდა ბიზნესის გათავისუფლება და ბიზნესმენს დაჭერის აღარ ეშინია, ქადაგიძემ ვეღარ შეძლო საქმიანობის წარმართვა. გასათვალისწინებელია ის ბრალდებაც, რომ მის უკან იდგენენ ნაციონალები და იგი განგებ აფერხებდა პროცესებს.

„იყო კი ქადაგიძე ნაციონალთა აგენტი ეროვნული ბანკის სისტემაში და ახორციელებდა ყველა იმ მიმართულებას, რასაც დაუსახავდა ნაცმოძრაობა, თუ მან ვერ შეძლო პროცესების შეკავება?! ორივე შესაძლებელია, რადგან ეროვნული ვალუტის გაუფასურება, პირველ რიგში, ნაციონალების წისქვილზე ასხამდა წყალს. მართალია, 2012 წლამდე ქადაგიძეს ევროპის საუკეთესო ბანკირის წოდება მიანიჭეს, მაგრამ მის უკან იდგა უზარმაზარი ნაცმოძრაობა. გავიხსენოთ, ვინ იყო „სახალხო ბანკის“ მმართველი, „საქართველოს ბანკის“ მმართველი და მივხვდებით, რომ კომერციული ბანკი და ეროვნული ბანკი ერთმანეთთან ურთიერთდაკავშირებული სისტემა იყო არა ფინანსური, არამედ პარტიული ინტერესების თვალსაზრისით. ის, რომ კომერციულ ბანკს ჩამოერთვა არაპროფილური საქმიანობის უფლება, ეს წინგადადგმული ნაბიჯია და აქ ქადაგიძის დამსახურება არ არის. მომავალში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აპოლიტიკური ფიგურა უნდა იყოს, ეს წაადგება ქვეყნის სავალუტო ურთიერთობებს“, - აცხადებს პაატა აროშიძე.

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ მსოფლიო კრიზისის ფონზე შეიძლება თუ არა გამართლდეს ქადაგიძე, ექსპერტი განმარტავს, რომ მსოფლიო კრიზისის საწყის პერიოდში ქართული ლარი ყველაზე ნაკლებად გაუფასურებულ ვალუტებს შორის იყო, მაგრამ 2013 წლის ბოლოსა და 2014 წლის დასაწყისში უკვე დაიწყო ეროვნული ვალუტის გაუფასურება. ამდენად, მსოფლიო კრიზისს თავისი როლი აქვს, მაგრამ, თუკი ამ კრიზისის დასაწყისში ქართული ლარი ყველაზე ნაკლებ გაუფასურებული იყო, დღეს რატომ არის ყველაზე მეტად გაუფასურებული?! მით უმეტეს, ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკა ისე არ ჩამოქცეულა, როგორც ამის დაბრალებას ცდილობენ. ეს კი ნიშნავს, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებში იყვნენ კარგი მენეჯერები, რომლებმაც მოახერხეს კურსის შეკავება, ჩვენი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კი ცუდი მენეჯერი იყო.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ძალზე სპეციფიკური საბანკო სფეროს მეტრობა მისთვის რთულია, თუმცა მიიჩნევს, რომ მსოფლიოს არ აქვს ისეთი გამოცდილება, რომ ცენტრალური ბანკის მმართველს ქვეყნის ეკონომიკა ან მოეშალოს, ან გაეძლიერებინოს. უბრალოდ, ცენტრალური ბანკის მმართველს აქვს არაგადამწყვეტი ფუნქცია და განტევების ვაცად მისი ქცევა არ შეიძლება.

„აქ კოლექტიური პასუხისმგებლობაა. ლარის გაუფასურებაში ნებისმიერი ჩინოვნიკია დამნაშავე სხვადასხვა ზომით. თუმცა რომელ იუველირს აქვს ის სასწორი, სადაც ზუსტად აიწონება, რა დანაშაული ჩაიდინა ქადაგიძემ ან ფინანსთა სამინისტრომ? რა დანაშაული ჩაიდინეს იმ პიროვნებებმა, რომლებმაც უცებ ვაგონებით შეუშვეს ფული ბაზარში და უცბად გახდა ხელფასები 30-40-60 ათასი ლარი? დაგავიწყდათ, მინისტრი 80 ათას ლარიან ხელფასს რომ იღებდა ერთ თვეში? თეორიულად, ქადაგიძეს შეეძლო, მუხრუჭები ამოედო კომერციული ბანკებისთვის და მოსახლეობის საჯიჯგნად არ მიეშვა ისინი, მაგრამ ქადაგიძე არც ერჰარდია და არც ბარიკადებზე დამდგომი პიროვნება. მაშინ ავიღოთ კერძო აფთიაქები, ჯანდაცვის სამინისტროს არ ევალება, აღვირი ამოსდიოს „პსპ“-ს და „ავერსს“, როცა ტრავატანი 7 ლარი ღირდა და ახლა 38 ლარია? ჩვენში საერთოდ არ არსებობს აღვირი, არსებობს მხოლოდ ერთი მხედარი, რომლის ხელშიცაა ყველა აღვირი და ყველა ცხენი.

პირველსავე დღეს ივანიშვილს შეხვედრა ჰქონდა ბიზნესმენებთან და სულ მაისურით აწმენდინა ოფლი „პსპ“-სა და „ავერსის“ ხელმძღვანელებს, რა დღე აყარა, თქვენ კარტელური გარიგებები გაქვთ, საჩხერეში საავადმყოფო რომ ავაშენე, თქვენს გამო წამალი ვერ შემოვიტანეო. მეორე დღეს აფთიაქში კომუნიზმი გეგონებოდათ, 80%-ით გაიაფდა ზოგიერთი მედიკამენტი, მაგრამ ერთი თვის შემდეგ ფარმაცევტულმა ოლიგარქებმა მიიხედ-მოიხედეს და მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი სიტყვები იყო. თანაც, ფინანსთა სამინისტროში უთხრეს, ჩვენ არაფერი არ ვიცით, როგორც გინდათ, ისე გაყიდეთ წამლები, მთავარია, ბიუჯეტი შეავსოთო“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.