შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საბურთალოს სასაფლაოზე მომხდარი ფაქტი გაიხსნება და დამნაშავეებს საკადრისი პასუხი გაეცემათ. ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება სსკ–ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პეტრიაშვილის თანაგუნდელები გამოძიებას საქმის კვალიფიკაციის შეცვლას სთხოვენ. რადგან მათი განცხადებით, ეს იყო მკვლელობის მცდელობა და გამოძიება ამ მიმართულებით უნდა წარიმართოს.
შსს ალექსი პეტრიაშვილზე დავდასხმაში ეჭვმიტანილ ორ მამაკაცს ეძებს. არსებული ინფორმაციით, ნიღბიანი თავდამხსმელები შემთხვევის ადგილიდან ავტომანქანით მიიმალნენ. პოლიციისთვის ავტომანქანის მარკა ცნობილია. ასევე, სავარაუდოდ, თავდამსხმელებმა პეტრიაშვილის მისამართით გასროლა მაყუჩიანი პისტოლეტიდან განახორციელეს, ორივე მათგანი საშუალო სიმაღლის არის.
„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანზე თავდასხმა საბურთალოს სასაფლაოზე მოხდა. თავდასხმის მომენტში პეტრიაშვილთან ერთად ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კახა საკანდელიძე იმყოფებოდა. საკანდელიძე ამბობს, რომ თავდამსხმელებმა მას იარაღი მიაბჯინეს და დაემუქრნენ. პეტრიაშვილს ორი პირი დაესხა თავს, ერთ-ერთი მათგანი ნიღბით იყო, მეორე კი ნიღბის გარეშე. თუმცა, როგორც საკანდელიძე ამბობს, მას დამნაშავის ამოცნობა გაუჭირდება.
თავდამსხმელების აღწერა შეუძლია, თუმცა მათი ვინაობა უცნობია ალესქსი პეტრიაშვილისთვის. როგორც პარტიის ერთ–ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, პეტრიაშვილს სრულიად უცნობი და საკმაოდ გაწვრთნილი ადამიანი დაესხა თავს. მისი თქმით, ეს იყო შეკვეთილი დანაშაული, მაგრამ ვის მიერ იყო შეკვეთილი, ეს გამოძიების საქმეა და იმედოვნებს, რომ გამოძიება სწრაფად გახსნის ამ საქმეს.
რა უთხრა ალექსი პეტრიაშვილმა და რა ვერსია აქვს თავად? ამ საკითხთან დაკავშირებით for.ge ნინო გოგუაძეს ესაუბრა.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი აცხადებს, რომ პარტიის წევრებს სუს-ის თანამშრომლები დაჰყვებიან და ფოტოებს უღებენ. თუმცა, თინა ხიდაშლის განცხადებით, სუს-ის თვალთვალის ქვეშ მყოფ ადამიანებს შუა ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღით თავს არ ესხმიან. როგორია თქვენი შეფასება?
ნინო გოგუაძე: ეტყობა, თინა რაღაცა სხვა სახელმწიფოში ცხოვრობს და ამ ილუზიებით კვებავს საზოგადოებას. ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ მოვიქეცით ისე, როგორც არც ერთი პარტია არ მოქცეულა, არ დაგვიწყია ამ თემაზე პოლიტიკური სპეკულაციები. მე ვიყავი პირველი ადამიანი, რომელმაც შოკის ქვეშ გავაკეთე განცხადება, რომ ვერაფერს ვერ ვიტყვით მანამ, სანამ გამოძიება არ დასრულდება, მაგრამ ძალიან გულსატკენი იყო, როდესაც უმრავლესობის დეპუტატებმა მოგვაწოდეს გამზადებული რეცეპტი, რომ ეს იყო პირადი მოტივებისგან ჩადენილი დანაშაული, რითაც ისინი ცდილობდნენ ამ საზარელი დანაშაულის დაკნინებას.
რა ინტერესი შეიძლება ამ შემთხვევაში ჰქონდეთ უმრავლესობის იმ წევრებს, რომლებმაც თავდასხმის მოტივად პირადი შურისძიება დაასახელეს?
– სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტია და ეს არის სრულიად უღირსი საქციელი. ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ შეფასებებს და არ ვლაპარაკობთ ვერსიებზე. თუმცა, ძალიან ბევრი ინფორმაცია გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ არ ვაკეთებთ კომენტარს მანამ, სანამ შსს არ გვეტყვის თავის ვერსიას. ამის მერე დავიტოვებთ უფლებას გავაკეთოთ პოლიტიკური შეფასებები.
ძალიან მწყდება გული, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მთელი პოლიტიკური სპექტრი იყო, მოსული იყვნენ რიგითი მოქალაქეები სოლიდარობის გამოსაცხადებლად, ამ დროს მოვიდა უმავლესობის ერთადერთი წევრი, რომელმაც გააკეთა განცხადება, რომ ბუკა ფეხებში არის დაჭრილიო და მიუთითა, რომ ეს ყოფითი დანაშაულიაო. ეს არის სირცხვილი. ეკითხა მაინც ჩვენთვის, რადგან ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ ბუკას მუცლის არეში ჰქონდა მრავლობითი ჭრილობა. მას ხუთი ტყვია დაახალეს და მიკვირს როგორ გადარჩა.
სამწუხაროდ, თირკმელთან ჩატოვებული აქვს ტყვია, რომელსაც ექიმებმა ხელი ვერ ახლეს, ისე ახლოს არის სისხლძარღვების არტერიასთან, რომ მისი განძრევაც კი შეუძლებელია. ამ დროს იმის გაცხადება, თითქოს ეს ყოფითი შურისძიებაა და ამიტომ მოსულა, სულ მცირე არასახელმწიფოებრივი აზროვნებაა, რომელიც არაეთიკური და უღირსი საქციელია.
თუ გავითვალისწინებთ მისი მდგომარეობას, შეიძლება ითქვას, რომ თავდამსხმელებს განზრახული ჰქონდათ ბატონი ალექსის მკვლელობა?
– დიახ. მე ვესაუბრე ბუკას და შემიძლია მოგიყვეთ ის დეტალები, რაც მომიყვა ბუკამ: „12 საათზე ავედი ლევან მიქელაძის სასაფლაოზე, იქ შემთხვევით შემხვდა კახა საკანდელიძე და ლევანის ორ მეგობარი. სწორედ ამ დროს, მოვიხედე და დავინახე ორი ადამიანი ძალიან სწრაფი ნაბიჯებით მოემართებოდნენ ჩემსკენ. ჯერ ვერც მივხდი, რომ ჩემსკენ მოემართებოდნენ, უბრალოდ ძალიან სწრაფად მოდიოდნენ, მივბრუნდი და კახასთან გავაგრძელე ლაპარაკი, ამ დროს თავში ჩამარტყეს ჩაქუჩი“, – მითხრა ბუკამ.
დაინახა თავდამსხმელების სახე?
– როგორც ამბობს, ერთს ნიღაბი ეკეთა, მეორეს არა, მაგრამ სახეს იფარებდაო. ორივე ძალიან გაწვრთნილი ადამიანი ყოფილა. ხელი რომ დაუჭირა, ერთი ადამიანი, ვინც ჩაქუჩს ურტყამდა, ეუბნებოდა ხელი გაწიე თორემ უარესი გელოდებაო. ჩაქუჩი საფეთქელთან აქვს ჩარტყმული, მე არ ვიცი როგორ გადარჩა. მეორე ადამინმა უკვე წაქცეულ ბუკას 5 ტყვია დაახალა მუცელში. ახლა მითხარით, ეს არ არის ადამიანის სიკვდილისთვის გამეტება?! დიახ, ეს იყო შეკვეთილი დანაშაული, რადგან ამ თავდამსხმელებს ბუკა პეტრიაშვილი არ იცნობდა.
თქვენ რა ვერსიები გაქვთ, სავარაუდოდ ვინ დგას ამ თავდასხმის უკან?
– არ ვიცი ვინ გასცა ეს შეკვეთა, მაგრამ ეს, რომ შეკვეთილი დანაშაული იყო, ეს ფაქტია. ამ ქვეყანაში შესაძლებელია ასეთი შეკვეთილი დანაშაულის ჩადენა და ეს უკვე საგანგაშოა. ასეთი განუკითხაობა რომ სუფევს ამ ქვეყანაში, ვიღაცა ბედავს დღისით, დემონსტრაციულად შეკვეთილი მკვლელობის განხორციელებას, ეს ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია.
როგორც თავად ამბობს, ერთ–ერთ თავდამსხმელს ნიღაბი არ ეკეთა, მაგრამ მეორე, რომელსაც ნიღაბი ეკეთა შეიძლება ნაცნობი იყოს, რას ამბობს თავად?
– არა, საერთოდ უცნობი იყოო. როგორც ჩანს, ორივე გაწვრთნილი იყო ამ საქმეში. იცით, რომ ნახოს შეიძლება ერთი ადამიანი ამოიცნოს, მაგრამ ზოგადად ლაპარაკობს, რომ ძალიან მაღალი, მრგვალი სახის, ნავარჯიშები პიროვნება იყოო.
თქვენ ამბობთ, რომ ეს იყო შეკვეთილი თავდასხმა, თუმცა სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მოითხოვთ მუხლის გადაკვალიფიცირებას?
– არ ვიცი რატომ აღძრეს ამ მუხლით საქმე. დაველოდებით გამოძიებას, რადგან ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია დაიჭირონ დამნაშავეები და შემდეგ, უკვე, იურიდიულად ყველაფერს მოვითხოვთ. ჩვენთვის მთავარია, ახლა. სასწრაფოდ ცხელ კვალზე გამოიძიონ ბუკას მკვლელობის მცდელობა. როდესაც დღით, მზისით ადამიანს თავს ესხმიან, სამართალდამცავ ორგანოებს უნდა ჰქონდეთ იმის უნარი, რომ ასეთი დამნაშავეები დააკავონ. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით.
პოლიტიკოსზე თავდასხმიდან ძალიან მალე გაკეთდა განცხადება, რომ ფაქტი მის პირად ცხოვრებას უკავშირდება. ირაკლი ალასანიას განცხადებით ინფორმაცია, რომ მიმდინარეობდა ფარული მიყურადება და ჩანაწერების გაკეთება, მისთვისაც ცნობილია. ბატონი ალექსის მიმართ იყო მუქარები, საუბრობდა ამის შესახებ?
– ბოლო პერიოდში არანაირი მუქარები არ განხორციელებულა ბუკაზე. სხვა ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა, იმიტომ, რომ პატივს ვცემს ადამიანების პირად ცხოვრებას. სამწუხაროა, როდესაც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები დაკავებული არიან სხვისი ცხოვრების ქექვით. მაგალითად, მე ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ სხვისი წერილების კითხვა და ჭუჭრუტანაში ყურება არ შეიძლებოდა, მაგრამ ეტყობა, ამ ბატონებმა ეს არ იციან, რაც ძალიან ცუდია.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს განცხადება მცდელობა იყო იმისა, რომ დაეკნინებინათ ეს საზარელი დანაშაული. ისიც კი არ იციან, რომ ეს დანაშაული მათივე პასუხისმგებლობაა. არ ვიცი რა დავარქვა უმრავლესობის შეფასებებს. თითქოს, პირადი ანგარისწორებაც რომ ყოფილიყო, ეს დასაშვებია. ეს პირდაპირი წახალისებაა ასეთი დანაშაულის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ველოდებით გამოძიებას. პირადად მე ეჭვი მეპარება, რომ ეს პირადი ანგარისწორება იყოს.