„იმ ხელისუფლებაში მასწავლებლობის მაძიებელი ვიყავი, ახლა გამოდის, საერთოდ არავინ ვყოფილვართ პედაგოგები“

„იმ ხელისუფლებაში მასწავლებლობის მაძიებელი ვიყავი, ახლა გამოდის, საერთოდ არავინ ვყოფილვართ პედაგოგები“

ახალი სასწავლო წიგნის „მე და საზოგადოების“ სტანდარტის შემუშავება ჯერ არ დასრულებულა, ამ საგნის სწავლება, სავარაუდოდ, 2017 წლიდან იგეგმება, თუმცა „მე და საზოგადოებამ“ უკვე გამოიწვია საზოგადოების მღელვარება. იმ ფონზე, როცა მართლმადიდებელი მშობლები „მოზარდების გამრყვნელი საგნის“ სკოლაში შეტანას აპროტესტებენ, თავად პედაგოგები ამ საგნის სამუშაო ვერსიის ფორსირებული წესით მიღების გამო ამხელენ სკოლის დირექტორებს და ოქმის გაყალბებაში ადანაშაულებენ.

ასე მაგალითად, თბილისის 55-ე საშუალო სკოლის პედაგოგები For.ge-სთან საუბრისას აცხადებენ, რომ ამავე სკოლის დირექტორმა, მაია აბრამიძემ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა და ნაცვლად იმისა, ახალი საგნის სტანდარტი პედსაბჭოზე პედაგოგებთან ერთად განეხილა, სხდომის ოქმი გააყალბა და ჩაწერა, თითქოს სხდომას 118 ადამიანი ესწრებოდა. არადა, პედსაბჭოს სხდომა არც ჩატარებულა.

55-ე საშუალო სკოლის ერთ-ერთი პედაგოგი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ხელში უჭირავს 18 თებერვლით დათარიღებული ოქმი №5, სადაც წერია, თითქოს სხდომას ესწრებოდნენ პედაგოგიური საბჭოს წევრები, პედაგოგიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე და 118 ადამიანი, რომელთა ჩამონათვალიც ყალბად დაფისიქრებულია. აღნიშნულ ოქმში ისიც წერია, თითქოს კენჭი ეყარა ეროვნულ-სასწავლო გეგმის „მე და საზოგადოება“ მეცნიერული საფუძვლების სამუშაო ვერსიის დამტკიცებას და თითქოს 118 ადამიანიდან თავი შეიკავა ნულმა, წინააღმდეგ წავიდა სამი, ხოლო დანარჩენი მომხრე იყო. ამასთან, ოქმში ყალბად დაფიქსირებულია, თითქოს პედსაბჭოზე აზრი გამოუთქვამთ ვიღაცებს.

„24 თებერვალს ჩატარდა პედსაბჭო, მე ასეთი სამარცხვინო პედსაბჭო ამ სკოლაში არ მახსოვს. დირექტორი კედელთან იყო აყუდებული. ყველაზე მძიმე ის იყო, რომ დირექტორი არ გატყდა და არ აღიარა, რომ 18 თებერვალს პედსაბჭო არ ჩატარებულა და ოქმი ყალბი იყო. უცდომელი არავინაა, თქვი, რომ შეგეშლა და იქნებ, გაპატიო. სულ რომ უწმინდესის შემოტანილი იყოს „მე და საზოგადოების“ სამუშაო ვერსია და ასი პროცენტით ვემხრობოდე ამ საგნის დანერგვას, ხომ არ შეიძლება, ჩემს მაგივრად ვინმემ თქვას, ვემხრობი თუ არ ვემხრობი? ოქმის გაყალბება ამორალური რამეა, ტყუილით არ შეიძლება საგანმანათლებლო სისტემაში რაიმის გაკეთება. ამ ჩამონათვალში ორი ადამიანია, რომელიც ჩვენი სკოლის თანამშრომელი საერთოდ არ არის, რადგან ერთი მათგანი დღემდე ბიულეტენზეა, მეორე მათგანი კი-ერთი წელი უხელფასოშია. ამ დროს ვითომ პედსაბჭოს ესწრებოდა. ეს ღირსების შემლახავია. ის ხელისუფლება მილახავდა ღირსებას, რომ მასწავლებლობის მაძიებელი ვიყავი და უნდა მომეპოვებინა ეს უფლება, ახლა გამოდის, რომ საერთოდ არავინ ვყოფილვართ პედაგოგები. ამხელა სკოლაში ოქმის გაყალბების პრეცედენტი რადგან არის, რა მაძლევს გარანტიას, რომ სხვა სკოლაშიც იგივე არ მოხდა?“ - აღნიშნა სკოლის პედაგოგმა და განმარტა, რომ ისინი განათლების სამინიტროშიც შეიტანენ სარჩელს, რადგან მასწავლებელს ჟურნალში უბრალო დაჯამება რომ შეეშლოს, ამაზე საყვედურს გამოუცხადებენ, ოქმის გაყალბება კი კრიმინალი არ ყოფილა.

ამავე აზრს იზიარებს მეორე პედაგოგიც, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღშფოთება ვერ დაფარა. მან განმარტა, რომ უშუალოდ საგნის „მე და საზოგადოების“ საწინააღმდეგო ჯერჯერობით არაფერი აქვს, რადგან ეს წიგნი თვალითაც არ უნახავს და როგორ შეიძლება ილაპარაკოს იმ წიგნზე, რომელიც არ წაუკითხავს, მაგრამ აპროტესტებს ტყუილს, რაც იკადრა დირექტორმა.

„უკვე ერთი კვირაა, ამ ქალბატონმა ტყუილებში გაგვხვია. ბავშვებს ვასწავლით, რომ არ უნდა თქვან ტყუილი, ჩვენი დირექტორი კი ოქმის გაყალბებით ტყუილისკენ გვიბიძგებს. ჩვენს სკოლაში არარსებულ პედსაბჭოს 118 პედაგოგი არ ესწრებოდა. დირექტორმა კი თავი იმართლა, განათლების სამინისტროს ძალიან ეჩქარებოდა, ამიტომ ვერ მოვასწარი პედსაბჭოს ჩატარებაო. არადა, ოქმში მითითებულია ერთ-ერთი მასწავლებელი, რომელიც, თითქოსდა, სიტყვით გამოვიდა, სინამდვილეში, ის საერთოდ არ ყოფილა, რადგან მაღალი კლასების რუსულის მასწავლებელია“, - აღნიშნა For.ge-სთან საუბრისას 55-ე საშუალო სკოლის პედაგოგმა.

ჩვენ ვესაუბრეთ კიდევ ერთ პედაგოგს, რომელმაც გაოცება ვერ დაფარა, რატომ ჩატარდა საქართველოს მასშტაბით სკოლებში ერთ დღეში პედსაბჭოები?! რისთვის იყო საჭირო ასეთი ფორსმაჟორი, რაც საქართველოს განათლების სისტემას არ ახსოვს? ხომ არ აჩენს ეს ეჭვებს იმის შესახებ, რომ ამ სადავო წიგნში დევს რაღაც ისეთი, რისთვისაც ჩქარობს განათლების სამინისტრო? ამავდროულად, პედაგოგმა განმარტა, რომ მარტო მათი სკოლის დირექტორს არ გაუყალბებია სხდომის ოქმი, არამედ ოქმი გაყალბდა ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაშიც. უფრო მეტიც, ბევრ სკოლაში ისე უპასუხისმგებლოდ ჩაატარეს პედსაბჭო, რომ პედაგოგებს უთხრეს, თუ გინდათ, დარჩით, თუ არადა, წადითო. ამ ნაუცბათევ პედსაბჭოებს პედაგოგი იმ ფაქტს უკავშირებს, რომ პარლამენტში განათლების კომიტეტის წევრები უნდა შეიკრიბონ, სადაც, ეტყობა, განათლების მინისტრმა უნდა წარადგინოს ეს ოქმები და თქვას, მასწავლებლები ახალ საგანს იწონებენ, ყველა კმაყოფილია და ამას ოქმებიც ადასტურებსო.

„განათლების სამინისტროს სურს, საპარლამენტო კომისიას დაანახოს, თურმე როგორი აღფრთოვანებულები ვართ პედაგოგები, მაგრამ ჩვენ არც გვინახავს ეს წიგნი, არც ვიწონებთ და არც ვიწუნებთ“.

For.ge დაუკავშირდა 55-ე სკოლის დირექტორს, მაია აბრამიძეს. მან სხდომის ოქმის გაყალბების ფაქტი უარყო და დაინტერესდა, რომელმა პედაგოგებმა შემოგვჩივლეს ამის შესახებ, თუმცა, როცა ვუთხარით, რომ ჩვენი წყარო კონფიდენციალურია, განმარტა, რომ 18 თებერვალს პედსაბჭო ნამდვილად ჩატარდა და მას 118 პედაგოგი ესწრებოდა, დამატებით კი კათედრებზეც მოხდა ახალი საგნის სამუშაო ვერსიის განხილვა.

„იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც ამ საგნის წინააღმდეგ გამოვიდნენ. მათი აზრი დაფიქსირებულია და გადაგზავნილია სამინისტროში. ცალ-ცალკე ჯგუფებშიც მოხდა ამის განხილვა. პედაგოგებმა ნახეს, რომ ეს საგანი საგანგაშო არ არის და ის საკითხები, რომლებიც სენსიტიურია, სამუშაო ვერსიაში არ არის შეტანილი. უფრო მეტიც, ის სამუშაო ვერსია, რაც შემოგვთავაზა განათლების სამინისტრომ, მშვენიერი სახელმძღვანელოა სკოლაში დასანერგად და აქ მოზარდთა გამრყვნელი არაფერია. განათლების სამინისტროსგან ერთკვირიანი ვადა იყო მოცემული და ამ დროში უნდა ჩავტეულიყავით“, - აღნიშნა მაია აბრამიძემ.

იმის გასარკვევად, არის თუ არა სხდომის ოქმის გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაული და რა რეაგირება მოჰყვება სკოლის დირექტორის ამ საქციელს, ჩვენ განათლების სამინისტროს დავუკავშირდით. იქ აგვიხსნეს, რომ ოქმის გაყალბებაზე საუბარი აბსურდის თეატრს ჰგავს და ეს სამინისტროს კომპეტენცია არ არის, ამიტომ ისევ სკოლის დირექტორთან გადაგვამისამართეს.

„სკოლაში ნამდვილად ჩატარდა თუ არა პედსაბჭო, ეგ ყველაზე კარგად იცის დირექტორმა. განათლების სამინისტროს თანამშრომლები ამ პედსაბჭოს არ ესწრებოდნენ და არაფერი იციან. რაც შეეხება საგანს „მე და საზოგადოება“, სრულიად საქართველო ამაზე ლაპარაკობს და ეს საკითხი პრობლემური გახადეს. სანამ ამ თემით დაინტერესდებიან, შევიდნენ განათლების სამინისტროს საიტზე, სადაც დევს უზარმაზარი განცხადება „მე და საზოგადოებასთან“ დაკავშირებით, რომელსაც დანართში ახლავს ამ საგნის სტანდარტი. ეს სტანდარტი იხვეწება და ამ დოკუმენტზე მუშაობა არ დასრულებულა. უბრალოდ, სკოლებს გაეგზავნათ ამ დოკუმენტის ბოლო ვერსია შენიშვნებისა და ინიციატივებისთვის. მარტო „მე და საზოგადოებაზე“ რატომ მახვილდება ყურადღება, როდესაც სკოლებს ეგზავნებათ სხვა საბუნებისმეტყველო საგნებიც და ამას სისტემატური ხასიათი აქვს“, - განმარტეს განათლების სამინისტროში.