თედო კობახიძე უახლოეს დღეებში პარლამენტს ცილისწამების კრიმინალიზების ინიციატივით მიმართავს. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, კანონში ცვლილებების შეტანა და ცილისწამების სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირება, ბოლო თვეებში, შეწყალების კომისიის საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მოტივით სურს.
„მე საკანონმდებლლო ინიციატივაზე დავიწყე მუშაობა, ეს იქნება ცილისწამება, რაც ადრე ისჯებოდა სისხლის სამართლის კუთხით. მე ამ დღეებში მივმართავ საქართველოს პარლამენტს, რომ მსგავსი დათქმა კვლავ ამოქმედდეს სისხლის სამართლის კოდექსში და მსგავსი მარაზმი, რაც დღეს საქართველოში ხდება, თავზე ლაფის დასხმა ადამიანებისთვის აღარ მოხდეს.
ამ დღეებში მივმართავ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით, მექნება წარდგენილი კანონპროექტი, რომლითაც მოვითხოვ, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი გახდეს ცილისწამება. ადამიანის პატივი და ღირსება არ შეიძლება ერთი ხელის მოსმით ილახებოდეს“, - აცხადებს თედო კობახიძე.
ვიცე-სპიკერის ძმა აცხადებს, რომ პატივის და ღირსების შელახვა არის სამოქალაქო დავა, რომელიც, მისი თქმით, არასწორიც კია. „იმიტომ, რომ ეს ვერანაირად ვერ ისყიდის იმ პატივის და ღირსების შელახვას, ვერც ის ასეულობით თუ ათასეულობით დარიცხული ლარი, რა მაქსიმალურ ოდენობასაც სასამართლო განსაზღვრავს“, - აცხადებს თედო კობახიძე.
კობახიძეს, როგორც თბილისის საკრებულოს წევრს, რეგლამენტით საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ აქვს. მას, ისევე როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, აქვს საკანონმდებლო წინადადების მომზადების შესაძლებლობა. მაგრამ იმისათვის, რომ ესა თუ ის საკანონმდებლო წინადადება, საკანონმდებლო ინიციატივად იქცეს, საიას იურისტის გიორგი გოცირიძის განმარტებით, აუცილებელია საქართველოს მთავრობის, ან პარლამენტის წევრის, ან ფრანქციების ინიციტივად გაფორმება.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ არის ინიციატივა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ კანონის ამოქმედება ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. ზოგადად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა გახლავთ ის, რომ სისხლის სამართლებრივი სანქციები არის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის ყველაზე მძიმე ფორმა და ასეთი სახის ღონისძიება განსაკუთრებით მიუღებელია პოლიტიკური დებატების კონტექსტში“, - აცხადებს გიორგი გოცირიძე.
როგორც იურისტი განმარტავს, ასეთი სახის სანქციები ზოგადად იწვევს გამყინავ ეფექტს და არსებობს რისკი იმისა, რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა, ციხეში მოხვედრის შიშით, თავი შეიკავონ საზოგადოებრივი და პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხთებთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმისგან.
„ეს ნიშნავს თვითცენზურას და ცუდ სამსახურს უწევს დემოკრატიას. რეალურად, ეს არის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ინიციატივა. აქვე მინდა გავიხსენო მეზობელი ქვეყნების გამოცდილება, როდესაც იგივე რუსეთში და აზერბაიჯანში სწორედ სისხლის სამართლებრივ სანქციებს იყენებენ პოლიტიკური ოპონენტების და კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების წინააღმდეგ. ეს არის ძალიან საშიში ღონისძიება, საფრთხეს შეუქმნის გამოხატვის თვისუფლებას და დემოკრატიის არსებობას. რამდენიმე წლის წინ, რუსეთში, ცილისწამების შემთხვევაში არსებობდა სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ღონისძიებები, თუმცა პუტინმა და რუსეთის დუმამ რამდენიმე წლის წინ აღადგინეს სისხლის სამართლებრივი სანქციები ცილისწამებისათვის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი გოცირიძემ.
თედო კობახიძის ინიციატივიას, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცილისწამების მუხლი აღდგეს და ცილისწამება დასჯადი გახდეს, მხარს არ უჭერენ მთავრობის წევრები. თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცილისწამების მუხლი არ უნდა აღდგეს. კობახიძის ინიციატივას მხარს არ უჭერს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეც. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ცილისწამება რომ დასჯადი გახდეს, მედიის მუშაობა შეიზღუდება, რისი მომხრეც არ არის.
„ცილისწამების მუხლით დასჯადობა კოდექსიდან სწორედ მედიის თავისუფლების გამო ამოიღეს. მსოფლიოში ცილისწამება რომ დასჯადი იყოს, ეს გარკვეულ პრობლემას შეუქმნიდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. მაშინ, როცა ეს ცვლილება განვახორციელეთ და ამოვიღეთ ეს მუხლი, პირველ რიგში, გავითვალისწინეთ მედიის თავისუფლება.
ცილისწამება სისხლის სამართლებრივად დასჯადი არ უნდა იყოს, თუმცა უნდა არსებობდეს ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ ნებისმიერი ადამიანი იყოს დაცული, რათა მისი იმიჯი არ შეილახოს“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
პარლამენტის იურიდული კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს მიაჩნია, რომ ცილისწამებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც წლების წინ მოქმედება, არასწორი იყო, არ შეესაბამება თანამედროვე მიდგომებს, რის გამოც აღნიშნული მუხლი გაუქმდა. ხმალაძე მიიჩნეს, რომ ამ ნორმის აღდგენა გამართლებული არ იქნება.
„სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას ე.წ. მსუსხავი ეფექტი ექნება. იმის შიშით, რომ ვინმემ ჩემი ნათქვამი ცილისწამებად არ მიიჩნიოს და ამის გამო თავისუფლების აღკვეთა არ მომისაჯონ, გავჩუმდები და არაფერს ვიტყვი იმ დანაშაულზე, რომელიც ნამდვილად ვიცი, რომ მოხდა, მაგრამ შეიძლება ვერ დავამტკიცო და ამიტომ, შესაძლოა, ციხეში გამიშვან, გავჩუმდები. სახიფათოა ასეთი კანონის შემოღება და ამიტომაც ითქვა უარი ყველა განვითარებულ ქვეყანაში ცილისწამებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებაზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.
დეპუტატი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ ასეთი საკანონმდებლო ინიციატივა მიუთითებს მისი ავტორის ტენდენციაზე, რომ ჩვენი სამართალი განვითარდეს არა ევროპული სტანდარტების მიმართულებით, არამედ, პუტინის ავტოკრატიული რეჟიმის სამართლის შესაბამისად.
როგორც შავგულიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ეს ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებს და სწორედ ამიტომ ევროპის სამართლით აღიარებულია პრინციპი, რომ ასეთ შემთხვევაში პირს მიეცეს უფლება სამოქალაქო წესით იდაოს, ისევე, როგორც პატივისა და ღირსების შელახვის შემთხვევაში.
„ასეთი ნორმა არსებობდა ადრე საბჭოთა პერიოდში, თუმცა მოგვინებით ყველა განვითარებული ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებული იქნა ეს მუხლი, რადგან ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებს. ევროპის შემდეგ ანალოგიური გავაკეთეთ ჩვენც. ცილისწამებისთვის ისევე, როგორც პატივისა და ღირსების შელახვისთვის, პირს შეუძლია იდავოს სამოქალაქო წესით. ეს არ არის სისხლის სამართლის განსჯადობის თემა და საგანი. ეს ნორმა დარჩენილია მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში“, - აცხადებს შალვა შავგულიძე.
„საბჭოთა კავშირის დაბრუნება შეუძლებელია, კალენდარულადაც და ფაქტობრივადაც“, - აცხადებს იურისტი ლევან ალაფიშვილი.
„ჩვენს გვახსოვს საბჭოთა კავშირი თავისი სუსხით, რეპრესიებით და საკანონმდებლო იარაღებით. ამ ყველაფრის დაბრუნება შეუძლებელია. ასე რომ, ამ კანონმდებლობის შექმნის ნებისმიერი მცდელობა, წარუმატებელი იქნება. დემოკრატიულ სივრცეში და მით უმეტეს საქართველოში, ამ კანონის ადგილი არ არის.
მართალია განვითარებულ, დემოკრატიული ქვეყნების რიგში ჯერ არ ვართ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ის ეტაპი გადავლახეთ, რომელსაც დემოკრატიის საწყისი ეტაპი ჰქვია. საზოგადოების მოთხოვნა, რომ განვითარებადი დემოკრატიული ქვეყანა ვიყოთ, რევიზიას არ ექვემდებარება. უკან, საბჭოთა კავშირში ვერ დავბრუნდებით, გამორიცხულია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.