გამოძიებისთვის ამ დრომდე უცნობია იმ პირების ვინაობა, რომლებმაც „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი დაჭრეს. შემთხვევა საბურთალოს სასაფლაოზე მაშინ მოხდა, როდესაც ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის და უახლოესი მეგობრის, ლევან მიქელაძის საფლავზე იმყოფებოდა. უცნობმა პირებმა პერტიაშვილს ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ავთანდილ იმედაძის განცხადებით, ალექსი პეტრიაშვილს მიყენებული აქვს 3 ცეცხლსასროლი ჭრილობა, აქედან ორი ქვემო კიდურებში, ერთი წელ-ზურგის არეში. გარდა ამისა თავზე აღენიშნება ნაფლეთი ჭრილობა, რომელიც სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით არის განხორციელებული. მისივე თქმით, პეტრიაშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
შემთხვევას თვითმხილველები ჰყავს. როგორც საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორაზე მაცხოვრებლები ყვებიან, მათ გასროლის ხმა გაიგეს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, დაინახა როგორ სცემდნენ ალექსი პეტრიაშვილს ჯოხით. თვითმხილველი ქალი, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ ცხოვრობს და სწორედ მან დარეკა 112-ში და შეატყობინა სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ.
„მუქი ლურჯი ქურთუკი ეცვა. ჯოხი ჰქონდა, კომბლის მსგავსი, იმას ურტყამდა. მე აქედან ვუყვიროდი, შვილო რატომ სცემთ, რატომ კლავთ, არა ქნათ-თქო“, - აცხადებს თვითმხილველი, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
„თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებით, პეტრიაშვილი შემთხვევის ადგილზე მარტო იმყოფებოდა. თუმცა, განსხვავებული ინფორმაციას ავრცელებს შსს. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. შსს-ს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
უწყება მიმართავს ფაქტის თვითმხილველ პირებს, დანაშაულის დროულად გამოძიების მიზნით, ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან. ამ დროისთვის კი, პოლიციაში იმ სამი პირის გამოკითხვა მიმდინარეობს, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით პეტრიაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ. თუმცა, გამოძიება მათ ვინაობას არ ასახელებს. გარდა ამისა, გამოკითხვაზეა დაბარებული პეტრიაშვილის მეუღლე, ეკა მიშველაძეც.
„თავისუფალი დემოკრატები“ სამართალდამცავ უწყებას ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის სასწრაფოდ გამოძიებისკენ მოუწოდებენ. როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, ვერსიები და გამოძიება სამართალდამცავების საქმეა.
„რაც შეეხება მოტივებს, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით. ოპოზიციური პარტიის, „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ცეცხლასროლი იარაღით არის დაჭრილი. ამის იქეთ ვერსიები და გამოძიება არის უკვე სამართალდამცავების საქმე. ისინი უკვე აქ არიან. მე არ ვიცი ჰქონდა თუ არა სამართალდამცავებს ალექსი პეტრიაშვილთან ლაპარაკის შესაძლებობა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე გამოიძიებენ ამ საქმეს.
ამ გამწვავებულ პოლიტიკურ ვითარებაში არჩევნების წელს, როდესაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე ხდება შეიარაღებული თავდასხმა, აქ, ახლა, რაზე უნდა ვილაპარაკოთ?! დავანებოთ თავი სპეკულაციას. ფაქტი არის ის, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დაჭრილია თბილისში, დღის 12 საათზე“, -აცხადებს მაია ფანჯიკიძე, რომლის განცხადებით, მისთვის უცნობია ემუქრებოდა თუ არა ვინმე ალექსი პეტრიაშვილს.
თუმცა, არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდასხმა დაზარალებულის პირად ცხოვრებას უკავშირდება.
ალექსი პეტრიაშვილის მეუღლე, ჟურნალისტი ეკა მიშველაძე აცხადებს, რომ თავდასხმის დეტალების შესახებ არაფერი იცის, მხოლოდ ის იცის, რომ ეს მოხდა ლევან მიქელაძის საფლავზე. ეკა მიშველაძე იმედს გამოთქვამს, რომ სამართალდამცავები ამ საქმეს სწრაფად გამოძიებენ.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პოლიცია უზუსტესად გამოიკვლევს რა და როგორ მოხდა და აუცილებლად დაისჯება დამნაშავე. ის ვინც ეს ჩაიდინა აუცილებლად უნდა იყოს ციხეში. უახლოეს მომავალში ველოდებით პასუხებს კითხვებზე, რატომ და რისთვის მოხდა ეს ყველაფერი. რაც შეეხება დაკითხვაზე მისვლას, მივალ და რისი თქმაც შემიძლია ყველაფერს ვიტყვი“, - აცხადებს ეკა მიშველაძე.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერ ირაკლი ალასანიას განცხადებით, მათ დაყვებიან სუს-ის თანამშრომლები და ფოტოებს უღებენ. ალასანიას განცხადებით, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტი ნიშნავს, რომ ქვეყანაში სრული განუკითხაობაა.
„ეს თავზარდამცემი ამბავი ცხადყოფს, რომ დღეს ქვეყანაში სრული განუკითხაობაა. როდესაც ასეთი თავდასხმა ხორციელდება ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის გენერალურ მდივანზე, როდესაც ასეთი ლაჩრული ჩასაფრებით, მეგობრის საფლავზე მისულ ადამიანს ხუთი ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენეს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა მოქალაქე არის დაუცველი. მეგობრის საფლავზე იყო მისული... დღეს, პრაქტიკულად, მეორეჯერ გარდაიცვალა ლევან მიქელაძე, მის საფლავზე მის მეგობარს ასე გაუსწორდნენ“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ფაქტს გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იგი ესაუბრა შს მინისტრს, რათა ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის შემზარავ ფაქტზე რეაგირება იყოს ძალიან მკაცრი. პრემიერი მიმართავს შსს-ს, რომ პეტრიაშვილზე მომხდარი თავდასხმა მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოიძიოს.
„ეს არის შემზარავი ფაქტი. მივმართავ შსს-ს, მომხდარი მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოიძიოს. მე უკვე ვესაუბრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა ამ შემზარავ ფაქტზე რეაგირება იყოს ძალიან მკაცრი. სამართალდამცავი უწყებები ყველა საჭირო ზომას მიმართავენ, რათა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს საქმის გამოძიება, დამნაშავეების დაკავება და სასამართლოს წინაშე მათი წარდგენა. მომხდარით უკიდურესად შეშფოთებული ვარ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელი არ დარჩება“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.