ზაუტაშვილის ყოფილ ადვოკატს, კობა კობახიძეს თაღლითობაში ადანაშაულებენ

ზაუტაშვილის ყოფილ ადვოკატს, კობა კობახიძეს თაღლითობაში ადანაშაულებენ

ვიცე-სპიკერის ირგვლივ სკანდალი გრძელდება. ანასტასია ზაუტაშვილის ყოფილი ადვოკატის, კობა კობახიძის მტკიცებით, მანანა და თედო კობახიძეებმა კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულებს შეწყალების გარანტია მისცეს და მასთან რამდენიმე ათასდოლარიანი ჰონორარის შესახებ მოლაპარაკებებსაც აწარმოებდნენ. კობა კობახიძის მტკიცებით, ვიცე-სპიკერის ძმამ თედო კობახიძემ ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულებისგან საადვოკატო ჰონორარის სახით 6250 ევროს აღება, გამარჯვების შემთხვევაში კი, თითოეულისგან 75 000 ევროს მოთხოვნა ურჩია.

სკანდალური ბრალდების შემდეგ კობა კობახიძე პოლიციაში დაიკითხა. დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ კობახიძემ მორიგი ხმაურიანი განცხადება გააკეთა. მისი განცხადებით, მას ვიცე-სპიკერის სიძე, ლევან ონიანი ემუქრება და გამოძიებას ინფორმაცია მუქარის შესახებ მიაწოდა. ამასთან, კობახიძე კიდევ ერთ ხმაურიან განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ლევან ონიანმა მეზობელი დაჭრა, რომელსაც პროკურატურაში საქმე თედო კობახიძემ მოუგვარა.

„მე მქოდა კიდევ ერთი საქმე, რომელშიც აზერბაიჯანის მოქალაქეები ფიგურირებდნენ, ეს პროცესი მოვიგე. ლევან ონიანს უნდა გადაეხადათ 10 ათასი დოლარი, მაგრამ არ მომცა. მაგრამ მერე იძულებით ამოვიღე ეს თანხა. 1000 დოლარი იყო დარჩენილი, ყადაღა დაადეს მის მანქანას და იარაღს, ამაზე განაწყენებული მიგზავნის მუქარის მესიჯებს. როდესაც თედო ვამხილე, მუქარის სმს მომწერა, რომ მაინც მოგძებნი... იმას მოგაჭრი, ამას მოგაჭირიო... ასეთი მუქარებია. თავად ონიანი არის ყოფილი ადვოკატი, რომელიც თაღლითობისთვის არის ნასამართლევი.

მეტიც, შარშან დაჭრა მეზობელი ირაკლი აბულაძე, რომელიც დავით კეზერაშვილის ბავშვობის მეგობარია, სპეციალურად გამოიწვია ის ბიჭი. ამ საქმეზე არავითარი რეაგირება პროკურატურისგან ჯერჯერობით არ არის და პასუხისგებაში არ არის მიცემული. თედომ დამირეკა და მითხრა, რომ მან პროკურატურაში მოაგვარა საქმე. ეს არის მისი ერთ-ერთი ახლობელი პროკურორის, გაბიტაშვილის დამსახურება, რომ ის საქმე შემოდებულია თაროზე“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას კობა კობახიძემ.

for.ge-ს კითხვაზე, რატომ თავის დროზე არ გაასაჯაროვა ინფორმაცია ვიცე-სპიკერის სიძის მხრიდან ჩადენილი დანაშაულის შესახებ, კობა კობახიძემ გვითხრა: „დავიღალე და აღარ შემიძლია ამდენი ინტერვიუს მიცემა“. შეგვპირდა, რომ ნახევარ საათში შეძლებდა საუბარს, თუმცა, შემდეგ ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

რაც შეეხება თავად ბრალდების ადრესატს, თედო კობახიძეს for.ge-ს მცდელობის მიუხედავად, ჩვენს სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს არც მან უპასხა. ამის შემდეგ თედო კობახიძის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელს დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ თედო კობახიძე თბილისში არ იმყოფება, ხოლო მობილური ტელეფონი სამსახურში დარჩა და შესაბამისად, ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებდა.

ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე თვლის, რომ კობა კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ და ყოფილი პოლიციელების თამაშს თამაშობს, რომ 2012 წლის შემდეგ იგი აქტიურად იყენებდა მის გვარსა და სახელს თავის კლიენტებთან ურთიერთობაში იმისთვის, რომ სარფიანად გაეყიდა თავისი საადვოკატო მომსახურება.

„ის თავის კლიენტებს სთავაზობდა გარკვეული სახის მომსახურებას და იყენებდა ჩემს სახელსა და გვარს, რომ რაღაც იურიდიული შედეგი დადგებოდა - თითქოს, ჩემი დახმარებით, შეწყალებულები იქნებოდნენ მსჯავრდებულები. ეს ადამიანები არიან მსხვერპლნი და ალბათ, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, იყენებდა თუ არა აქტიურად კობა კობახიძე ჩემს პოზიციას, ჩემს მდგომარეობას მის ე.წ. საადვოკატო საქმიანობაში, იყო თუ არა ბოროტად გამოყენებული ჩვენი საერთო გვარი“, - განმარტავს მანანა კობახიძე.

ადვოკატი კობა კობახიძე რომელიც „ქართულ ოცნების“ წევრი იყო, ამჟამად ბუტა რობაქიძის მკვლელობაში ბრალდებულის ზურაბ მიქაძის ინტერესებს იცავს. მეტიც, for.ge-სთან საუბრისას „ახალი თაობა დემოკრატული საქართველოს“ ხელმძღვანელი, ნატალია ხოხიაშვილი აცხადებს, რომ კობა კობახიძის წინააღმდეგ პროკურატურაში თაღლითობის ბრალდებით გამოძიება მიმდინარებს.

„რამდენიმე თვის წინ ჩემთან მოვიდნენ ქალბატონები, რომლებმაც ერთ-ერთი პატიმრის საქმეზე დახმარება მთხოვეს. ისინი თვლიდნენ, რომ დანაშაული, რის გამოც გაასამართლეს, პატიმარს არ ჩაუდენია. ისინი დახმარებას მთხოვდნენ, რადგან სამივე ინსტანციამ პირი პატიმრობაში დატოვა. მათ შევთავაზე, რომ  შეწაყალების კომისიისთვის მიემართათ, რადგან სხვა მხრივ არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა.

მაშინ მითხრეს, რომ ადვოკატმა კობა კობახიძემ შესთავაზა მათ დახმარება - „გვითხრა, მანანა კობახიძის ბიძაშვილი ვარ და შემიძლია მისი საშუალებით ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ თქვენი პატიმარი რაც შეიძლება მალე გარეთ გამოვიყვანო“-ო. ამ საქმეში კობა კობახიძეს 5 ათასი დოლარი მოუთხოვია. ოჯახმა თანხა გადაუხადა, მაგრამ კობა კობახიძეს პატიმარი გარეთ არ გამოუყვანია“, - ამბობს ნატალია ხოხიაშვილი.

მისივე თქმით, თანხის აღების შემდეგ კობახიძემ ამ ოჯახთან ურთიერთობა შეწყვიტა.

„როდესაც ეს ამბავი გავიგე, მოვითხოვეთ თანხის დაბრუნება, მაგრამ უშედეგოდ. მითხრა, რომ ეს თანხა მომსახურეობისთვის ავიღეო. პატიმრის ოჯახი ამბობს, რომ რადგან მანანა კობახიძე გვიხსენა ამიტომ გადავიხადეთ ამდენი თანხა, ვიფიქრეთ მანანა კობახიძეს თუ არ შეუძლია საქმის გაკეთება, სხვას ვის შეუძლიაო. ამიტომ მათ მიმართეს პროკურატურას განცხადებით კობა კობახიძის წინააღმდეგ და როგორც ვიცი, თაღლითობის ბრალდებით დაწყებულია გამოძიება. კობა კობახიძეს სიტყვა არ აქვს სათქმელი შეწყალებაზე, მე შემიძლია ვილაპარაკო ამ თემაზე, იმიტომ, რომ მე თაღლითობით არავის არ ვაზარალებ, მაგრამ კობა კობახიძეს ნამდვილად არ აქვს ამის თქმის უფლება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ნატალია ხოხიაშვილი.

ადვოკატ კობა კობახიძის შესახებ სკანდალურ ინფორმაცია ავრცელებს ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა. როგორც ჟურნალისტი ამბობს, რამდენიმე თვის წინ პიროვნება დააკავეს, ოჯახმა ადვოკატად კობა კობახიძე აიყვანა. კობახიძემ ოჯახს უთხრა, რომ პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზე მოდიოდა და ამ საქმისთვის 8 ათასი დოლარი მოითხოვა.

ნერვიულობაზე, პატიმრის 80 წელს მიტანებულ დედას გულის შეტევა მოუვიდა და რეანიმაციაში მოხვდა.

„კობა კობახიძე ქალბატონს, რომლის ნერვიულობაც კი არ შეიძლებოდა ეუბნება, სასწრაფოდ 8 ათასი დოლარი მჭირდება, ასე უნდა ამ საქმეს, რომ შენს შვილს ვუშველოო. რაც მთავარია „პროფესიონალმა“ ადვოკატმა პატიმარს წერილი დააწერინა, სადაც დედამისს მიმართავდა, რომ სამოძრაო ფული მიეცათ კობახიძისთვის, ეს სამოძრაო თანხა კი, ეტყობა, ის 8 ათასი დოლარი იყო, მომაკვდავ ქალს რეანიმაციიდან რომ გამოგლიჯა.

ქალბატონს არც აცადა საავადმყოფოდან გამოსვლა, მითხარი სად დევს ფული, მე ავიღებო. ასე მივიდა ოჯახში, სადაც ამ ქალბატონის ასევე ასაკიანი და იმყოფებოდა, ფული აიღო, ფულს ჰალსტუხების შეკვრაც გააყოლა. დედა ყოველ დღე ეკითხებოდა რა ეშველება ჩემს შვილს,უკეთდება საქმეო? მაცადე, მაცადეს ძახილში გავიდა რამდენიმე თვე და უკვე ძაან შეწუხებულმა ქალბატონმა მთხოვა დახმარება, გამიგე რა მუხლით აღიძრა საქმე და როგორ მიდის გამოძიებაო. ამ ადვოკატსაც დავურეკე, რომელმაც მთელი საათი ჩემთან მთავრობის ლანძღვას მოანდომა და ეს პატიმარი არც გახსენებია. მივხვდი, რომ ეს თანხა ტყუილად ჰქონდა გადახდილი ოჯახს და თავად მოვიკითხე პროკურატურაში საქმე“, - აცხადებს ნინო ჯღარკავა.

მისივე განცხადებით, პროკურატურაში მას განუცხადეს, რომ არანაირ საპროცესოს არავინ შეპირებია ადვოკატს და საერთოდ ამ თემაზე საუბარიც კი არ ყოფილა.

„კობახიძემ არ მოისვენა და ახლა მორიგ თანხაზე მიაკითხა პატიმრის ოჯახს, 10 ათასი კიდევ ჭირდება ცალკე დამატებით საპროცესოს, რომ გავაკეთოო. ოჯახი ეუბნებოდა ფული არ მაქვსო, მაგრამ ამის მიუხედავად ეუბნება, რომ წამოდი ბინას დაგაგირავებინებო. პატიმრის დედამ უთხრა, რომ დაგირავებული მაქვს უკვე ბინაო, არა უშავს ნოტარიუსი მყავს და კიდევ დაგაგირავებინებო. რა გამოვიდა, ადამიანი გირაოზე ელაპარაკება ოჯახს, ამხელა თანხა მიაქვს საპროცესოზე და უცებ, 2 წელი მიუსაჯეს. ველოდები პროკურატურას, რომ დამკითხოს ამ საქმესთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ რაც მე დავწერე, ეს არის სისხლის სამართლის საქმე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ნინო ჯღარკავა.