ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი ტყიბულში გაფიცულ მეშახტეებს სოლიდარობას უცხადებს და ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიქრობს, რომ რაიონში არსებული სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდება.
ჭიათურელებისა და ტყიბულელების პრობლემების თაობაზე, for.ge რესპუბლიკელ, ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატ მალხაზ წერეთელს ესაუბრა:
რამდენად მსგავსია, ტყიბულელი მეშახტეებისა და ჭიათურელი მაღაროელების პრობლემები?
- მეშახტეები მე-12 დღეა გაფიცულები არიან და როგორც ჩანს, პროცესები იძაბება, რის გამოც საჭიროა დროული ჩარევა. ვფიქრობ, რომ ამ ხალხს ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა და გვერდში დგომა სჭირდება, რათა კომპანიასთან საერთო ენა გამონახონ და ვითარების ისეთი დისტანცირება არ მოხდეს, რომ შემდგომში ამ ჩარევას აზრი აღარ ჰქონდეს. ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა დროულად უნდა მოხდეს. ალბათ, მუშაობა დაწყებულია და მედიატორიცაა შერჩეული, მაგრამ როგორც მითხრეს, მედიატორის მუშაობას შედეგი არ აქვს. როგორც ჭიათურა, ასევე ტყიბული მონოდარგობრივია და ყველა ის პროცესი მადნის მოპოვებასთან არის მიბმული, რომელიც მუნიციპალიტეტში ხდება. საწარმოს გაჩერება მუნიციპალიტეტისთვის ტრაგედია იქნება. რაიონში სოციალური ფონი ისედაც დაძაბულია, რაც სოციალურ კრიზისში არ უნდა გადაიზარდოს, რომელსაც ზოგადად ქაოსი მოჰყვება და პროცესები კიდევ უფრო დაიძაბება.
თქვენ თქვით, რომ ხელისუფლება უფრო აქტიური უნდა იყოს. აქტიურობაში რას გულისხმობთ, რა უნდა გაკეთდეს და არ კეთდება?
- სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიაა შექმნილი, რომელიც საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაციის მქონე კომისიაა და მას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ამჟამად, ხელმძღვანელობის დელეგირება ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოზეა გადასული. ძირითად აქცენტს ამ კომისიის ჩართულობაზე ვაკეთებ. კომპანიასთან მოსალაპარაკებლად ამ კომისიაზე უკეთესი ვარიანტი არ ჩანს. დარწმუნებული ვარ, ამ კომისიის ფარგლებში, დათმობებზე როგორც კომპანია, ასევე მეორე მხარეც წავა. ხელფასების 40 პროცენტით ზრდა ნებისმიერი კომპანიისთვის რთული იქნება, რადგან წელი დაწყებულია და სახსრები გადანაწილებულია, თუმცა, რეზერვების გამონახვა შეიძლება. ეს პრობლემები ახლა არ დამდგარა და წლების მანძილზე ნაგროვებია. გარკვეული რეზერვების გამოჩენა და ამოქმედება შეიძლება. ამ ადამიანებთან ისეთი ტიპის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს, რომლითაც კომპანია პირობების შესრულებას მომავალში მაინც განახორციელებს. სხვათა შორის, მნიშვნელობას კოლექტიური ხელშეკრულებების გაფორმებას ვანიჭებ, რადგან ზესტაფონის ფეროში ამ ტიპის ხელშეკრულებაა გაფორმებული და გარკვეული დამცავი მექანიზმი მუშაობს, როცა საწარმოში პრობლემები იქმნება. კოლექტიური ხელშეკრულება არც ტყიბულში და არც ჭიათურაში არ არის გაფორმებული.
შეიძლება ითქვას, რომ მეშახტეებისა და მაღაროელების სამუშაო პირობები „შრომის კოდექსს“ ეწინააღმდეგება? ამ ადამიანების ხელფასი რამდენით განისაზღვრება და ისინი რა პრობლემების წინაშე დგანან?
როგორც მეშახტეებიდან ვიცი, მათი ყველაზე დიდი ხელფასი 700-800 ლარია, ხოლო მინიმალური ხელფასი - 240 ლარი. ეს ხალხი ძალიან მძიმე სამუშაოს ასრულებს და პრაქტიკულად, საკუთარ ჯანმრთელობას შახტასა და მაღაროში ტოვებს. რაც შეეხება შრომისა და უსაფრთხოების პირობებს, ზოგიერთ შემთხვევაში, შრომის უსაფრთხოება ელემენტარულ პირობებსაც ვერ აკმაყოფილებს. ჯანდაცვის სამინისტროში შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი შეიქმნა, მაგრამ სამწუხაროდ, მას ის უფლებები ჯერჯერობით არ აქვს, რითაც კომპანიებზე გარკვეულ ზემოქმედებას მოახდენს, თუმცა, მათი უფლებები გაძლიერდება და მათ საშუალება ექნებათ, შეტყობინების გარეშე კომპანია შეამოწმონ. დღეს, ეს დეპარტამენტი კომპანიის ნებართვის გარეშე ობიექტზე ვერ შედის. როგორც შახტაში, ასევე მაღაროზე შრომის უსაფრთხოება კრიტიკას ვერ უძლებს. ტყიბულის შახტაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კუთხით, კატასტროფული ვითარებაა, ჭიათურის მაღაროში კი, ამ მხრივ ნაბიჯი შედარებით წინ გადაიდგა.
მეშახტეებისა და მაღაროელების გაფიცვა პერიოდულად ხდება. ეს კომპანიები საკუთარ ვალდებულებებს რატომ არ ასრულებენ და დასაქმებულების უსაფრთხოების თუ ჰიგიენურ ნორმებს, რატომ არ აუმჯობესებენ?
- ეს კომპანიები „წიაღის შესახებ“, „ლიცენზიების შესახებ“ და „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ კანონების გვერდის ავლით საქმიანობენ. მათი მხრიდან უამრავი პუნქტის დარღვევა ხდება. ამის მაგალითია ის, რომ 2013-2014 წლებში, როცა გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ შემოწმებული იქნა საბადო, გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 358 მილიონი ლარი შეადგინა და ეს საიდან დაგროვდა? - ზუსტად იმ კანონების დარღვევის გამო. კერძოდ, მდინარე ყვირილა არ უნდა ბინძურდებოდეს, ნიადაგის რეკულტივაცია უნდა ხდებოდეს, რაც არ ხდება. ხშირად, ტექნიკური რეკულტივაცია ხდება, სადაც ხე ირგვება. მთავრობას შეუძლია, ლიცენზირების საკითხის გადახედვა დააყენოს.
გასაგებია, რომ მთავრობა კერძო ბიზნესის საქმიანობაში არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ მაშინ, როცა ქართული კანონმდებლობა ირღვევა, მთავრობა რატომ არ რეაგირებს? თუკი კომპანია საკუთარ მოვალეობას არ ასრულებს, ამ დროს სახელმწიფო რას აკეთებს?
- ეს საქმეები საგამოძიებო ორგანოებში გადასულია, თუმცა, ფაქტი არ დამდგარა. იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ერთ კომპანიას წასვლა მოვთხოვოთ და მეორე მოვიყვანოთ. კომპანიას ლიცენზია რომ არ მივცეთ, შესაძლებელია, მუნიციპალიტეტის პარალიზება მოხდეს, თუკი ალტერნატიული კომპანია არ იქნა შეყვანილი. ეს საკითხი ასე მარტივად ვერ წყდება და ამის გამოა, რომ ეკონომიკურად მწირი შესაძლებლობების მქონე ქვეყანა ვერ ბედავს, კომპანიას კანონების დაცვა მთელი სიმკაცრით მოსთხოვოს. თუკი კომპანიას ამხელა ჯარიმა ამოვუწერეთ, ამან პრევენცია მაინც უნდა მოახდინოს და ის რასაც აშავებდა, შემდგომში აღარ უნდა დააშავოს, მაგრამ პირიქით, უფრო მეტს აშავებენ. თქმა არ მინდა, მაგრამ შეიძლება, კომპანია ვიღაცის მიერ წაქეზებულია და ვიღაცის მხრიდან მფარველობა ხდება.
თქვენ ჭიაუთურის მაღაროს მფლობელებს გულისხმობთ თუ ტყიბულის?
- ალბათ, ეს ორივეგან ასე ხდება.
მათი წამხალისებელი თუ მფარველი პირი ვინაა? ეს კვალი შესაძლოა, მთავრობამდე მიდიოდეს?
- შეიძლება. ყოველ შემთხვევაში, კითხვა ჩნდება, კომპანია ამდენს რატომ ბედავს? როგორც მოქალაქეს მსურს, რომ სახელმწიფოს მიერ ჩემი თავისუფლება და კონსტიტუციური უფლებები დაცული იყოს. მე არაფერს არ მპატიობენ და კომპანიას თუ რაღაცას ვპატიობთ, სანაცვლოდ, რაღაც აქეთ უნდა იყოს, მაგრამ ეს კომპანიები გადანგურებულ, გაჩანაგებულ და გაპარტახებულ მუნიციპალიტეტს გვიტოვებენ. ქვეყანას სამთრო-მრეწველობის სტრატეგიული გეგმა არ აქვს შემუშავებული, რომელიც აუცილებლად უნდა მომზადდეს. ჭიათურაში კომპანია ისე არ მუშაობს, მადანი რაციონალურად ისე მოიპოვოს, რომ რაღაც დატოვოს. ყველაფერს ერთ ჯამში ამყოფებს და რაც არ სჭირდება, ის იყრება. საწარმო გაჩერდა, რადგან მიწოდება და მოპოვებას შორის არანაირი ბალანსი არ იყო დაცული. საბადოზე უამრავი მომპოვებელი, წვრილი ფირმა შევიდა, რომელთა საქმიანობამ დამანგრეველი შედეგი მოიტანა. 2014 წელს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, დატაცების საწინააღმდეგოდ, მთავრობამ ე.წ. საშუამავლო ფორმები შექმნა, რომელთაც ეს პროცესი უნდა დაერეგულირებინათ. ორი თვის საქმიანობის შემდეგ, ივლისში განვაცხადე, რომ უკანონობის დაკანონება გამოგვივიდა. წვრილ ფირმასა და საშუამდგომლო ფირმას შორის ხელშეკრულებებია დადებული, რომლის არცერთი პუნქტი არ სრულდება. თუკი ეს ხელშეკრულება იფუნქციონირებდა, ასეთი განუკითხაობა აღარ იქნებოდა.
ეკოლოგიური კუთხით, ჭიათურაში რა ვითარებაა?
- ამხელა გიგანტი საწარმო გაჩერებულია, მაგრამ ყვირილა მაინც შავი მოდის. ანუ, წვრილი მეწარმეები მაინც მუშაობენ. როგორც ჩანს, მათ დაგროვილი მარაგები ჰქონდათ.
როგორ ფიქრობთ, შორეულ პერსპექტივაში, ეკოლოგიური თვალსაზრისით, ეს პროცესები რა პრობლემებს შექმნის?
- თუკი მანგანუმის მოპოვება ასე მტაცებულურად გაგრძელდება, 20-25 წლის შემდეგ, ჭიათურის მუნიციპალიტეტი რუკიდან გაქრება და მშობლიურ მიწას მიჯაჭვული, აქა-იქ შემორჩენილი მოსახლე დარჩება. 1989 წლიდან 43 პროცენტიანი კლება გვაქვს. 89 წელს, 68 ათასი მოსახლე ფიქსირდებოდა, ხოლო დღეს - 39 ათასია. ამ სახით მადნის მოპოვება მუნიციპალიტეტს ემუქრება, რომ არსებობა შეწყვიტოს.
„რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი გიგლა აგულაშვილი გარემოს დაცვის მინისტრია და ის ამას ვერ ამჩნევს? მასთან ამ საკითხზე საუბარი გქონდათ?
- რა თქმა უნდა. არაოფიციალურად ვიცი, რომ 2015 წლის ჯარიმები კიდევ უფრო მეტი იქნება. კომპანია ყვირილის დაბინძურებისთვის 30 მილიონი ლარით დაჯარიმდა და ეს ჯარიმა გასამაგდება, მაგრამ ეს კომპანიას არ ადარდებს.
რატომ, კომპანია ამ ჯარიმებს არ იხდის?
- ფაქტი არ დამგარა, რომ საგამოძიებო ორგანოს ჯარიმების გადახდა დღის წესრიგში დაეყენებინა. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი რაღაც ჩემთვის ცნობილი არ არის. საგამოძიებო ორგანოს მივმართე და პასუხი მივიღე, რომ გამოძიება მიმდინარეობსო.
მაჟორიტარული ოლქის პრობელემებზე ღიად საუბრობთ, თუმცა, იმის გამო, რომ ეს ადამიანები ისევ გადაუჭრელი პრობლემების წინაშე დგანან და ხელისუფლების თანადგომას ვერ გრძნობენ, არ ფიქრობთ, რომ ჭიათურასა და ტყიბულში „ქართულ ოცნებას“ არჩევნების მოგება გაუჭირდება?
- რა თქმა უნდა, ძნელი და რთული არჩევნები იქნება, რადგან როცა ადამიანს იმედს გაუჩენ და ამ იმედების შესრულება ყოვნდება, ხოლო მიზეზების ახსნა ბოლომდე არ ხდება, მარტო დეპუტატიც უძლური ხდება, რადგან პრობლემებზე მარტო საუბრობ და ამის გახმოვანება, თუნდაც, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ არ ხდება. საკრებულო და გამგეობა პრობლემებზე საუბრობენ, თუმცა, არა - ხმამაღლა. როცა განცხადებებს ერთი პირი აკეთებს და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა არ ხდება, ეს მოსახლეობისთვისაც ძალიან გაურკველია. ჩვენი უპირველესი დაპირება ახალი საავადმყოფოს აშენება იყო. „ჯორჯიან მანგანეცის“ მუშა პერსონალი და მათი ოჯახი კორპორატიული დაზღვევით ზესტაფონში დადიან და 80 კილომეტრი უნდა გაიარონ. როგორი მდგომარეობაა, საავადმყოფოსთან დაკავშირებით? - მთავრობა თანახმაა, ადგილობრივი თანახმაა, თუმცა, სადღაც ჩიხში ვართ.
რა გაარკვიეთ, რატომ არ შენდება?
- არ ვიცი. ამ საკითხის თაობაზე სერგეენკოსთან საუბარი მქონდა და პრაქტიკულად, ამ პროექტს წინ არაფერი არ უდგას. ვთქვით, რომ მე, დიმიტრი ხუნდაძე და დავით სერგეენკო შევიკრიბებით და ეს საკითხი დადებითად გადაწყდება, მაგრამ ამ საკითხის გადაწყვეტა ძალიან მეჩქარება. ამას გარდა, პრობლემას წარმოადგენს წყალი. სოფლის წყალმომარაგებას პატრონი არ ჰყავდა და ქონება „ჯორჯიან მარგანეცს“ ეკუთვნის. ახლა კომპანიამ ქონება დაირეგისტრირა და მათ შორის, 15 სატუმბი სადგურია, რომლითაც წყალი სოფლებს მიეწოდება. იმის გამო, რომ კომპანია არ მუშაობს, ამ 15 სატუმბი სადგურს მოსამსახურე პერსონალი არ ჰყავს და 14 ათას ოჯახს წყალი არ მიეწოდება. ამით კიდევ ერთი დაძაბულობის კერა გაჩნდა. ვინმემ წყალი რომ ჩართოს, ასეთი ადამიანიც არ არის და მოსახლეობა თვითნებურად რთავს.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში გაზიფიკაციას ვერ მივაღწიე. სოფლის მოსახლეობის 0,3 პროცენტია გაზიფიცირებული. საჩხერეში კი, ყველაფერი დამთავრებულია. მათ სკოლაც აქვთ, წყალიც, ბაღიც და გაზიც. ქუთაისში რომ მივდივარ, ზესტაფონში რაღაცეები შენდება და ვხედავ.
გული გწყდებათ, რომ ჭიათურაში მსგავსი მშენებლობა არ მიმდინარეობს?
- ჭიათურაში წყალი არ არის, გაზი არ არის, საავადმყოფო არ არის და ეკოლოგიურად კატასტროფული ვითარებაა. მთავრობას რაღაცის თქმა რად უნდა, როცა გარემოზე ზემოქმედების 89 პროცენტი ერთ მუნიციპალიტეტზე მოდის.
გისმენთ და მგონია, რომ ოპოზიციონერ დეპუტატს ვესაუბრები, არადა ხელისუფლებას წარმოადგენთ...
- იმერეთის გუბერნია უფრო ქმედითი უნდა იყოს. ჩვენს გვერდშია და სატკივარი ესმის, მაგრამ ის ხელისუფლებსა და მუნიციპალიტეტს შორის შუამავალია და უფრო აქტიური უნდა იყოს.
ეს ყველაფერი არაკვალიფიციურობის გამო ხდება, თუ ფულადი რესურსების არარსებობის გამო? იმერეთის გუბერნიაში მილიონიანი პრემიები გაიცა და არ ჯობდა, ეს თანხები ჭიათურაში ინფრასტრუქტურული პროექტებზე მიმართულიყო?
- სამინისტროებსა და დეპარტამენტებში შეხვედრები მაქვს და ვფიქრობ, რომ გარკვეულ უპასუხიმგებლობას აქვს ადგილი. ზოგიერთ ადგილზე ადამიანები არიან მოსულები, რომლებსაც ის კომპეტენცია არ ყოფნით, რომლითაც მათ უნდა იმოქმედონ. ადამიანი, სადაც ხარ, იქ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა უნდა აიღო და გარისკო კიდეც. თუ ზოგიერთი სამინისტროს წარმომადეგნელი არაფერს არ გააკეთებს, ეს მუშაობად მიაჩნიათ? ამას ჩემს მუნიციპალიტეტზეც ვსაუბრობ, რადგან მწირი ბიუჯეტის ჯანსაღად გადანაწილება იქაც შეიძლება. ზოგჯერ ადგილი აქვს უპასუხისმგებლობას და პოლიტიკური ნების არარსებობას, რომ აქ ეს უნდა გაკეთდეს.
იგივე საავადმყოფოს თემას ვუბრუნდები. ყველაფერი გადაწყვეტილია და მის აშენებას წინ რა უდგას? შესაძლებელია, სადღაც, ვიღაც ჩინოვნიკი ამ პროცესს აჩერებდეს. მას ვერ მივაგენი, თორემ, ამას არ ვაპატიებდი.