ლევან მურუსიძემ იუსტიციის საბჭოს 5 არამოსამართლე წევრზე 2015 წელს პრემიის სახით 117 500 ლარი გასცა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე თვლის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაცემული პრემიების ოდენობა გამოძიების საგანი უნდა გახდეს. ზაზა ხატიაშვილის აზრით, პრემიები არამოსამართლე წევრებმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, საბჭოს მოქმედი მდივნის, ლევან მურუსიძის დანიშვნის გამო მიიღეს.
„როდესაც „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ არჩეულმა იუსტიციის საბჭოს წევრებმა - ევა გოცირიძემ, კახაბერ სოფრომაძემ და ვახტანგ თორდიამ ლევან მურუსიძის მოსამართლედ გამწესებას მისცეს ხმა, მივმართე იუსტიციის საბჭოს და მოვითხოვე ინფორმაცია გაცემული პრემიების ოდენობის შესახებ. გუშინ მივიღე შოკისმომგვრელი ინფორამცია - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ პირადად იუსტიციის საბჭოს 5 არამოსამართლე წევრზე 2015 წელს პრემიის სახით გასცა 117 500 ლარი, ხოლო 2014 წელში 152 500 ლარი მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი აცხადებდა, რომ პრემია გაიცემოდა მხოლოდ დამსახურებისთვის.
მე ვსვაm კითხვას, რომელი დამსახურებისთვის მიიღეს პრემია ევა გოცირიძემ, კახაბერ სოფრომაძემ და ვახტანგ თორდიამ? ხელის აწევისთვის? ჩემი შეფასებით, სავარაუდოდ, ლევან მურუსიძისთვის ხმის მიცემის გამო მიიღეს პრემია. მაინტერესებს არის თუ არა ეს კორუფციული გარიგება? როგორ შეიძლება ამ გაღატაკებულ ქვეყანაში პიროვნება ყოველ თვე იღებდს 2000 ლარზე მაღალ პრემიას? თურმე 9 წელი იმიტომ იბრძოლა მშიერმა და ღატაკმა ხალხმა, რომ ევა გოცირიძეს, კახა სოფრომაძეს და ვახტანგ თორდიას თვეში 7 000 ლარზე მაღალი ანაზღაურება მიეღოთ, თვითონ კი შიმშილში ამოხდომოდათ სული“, - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.
ხატიაშვილი დარწმუნებულია, რომ მოხდა კორუფციული გარიგება და ეს ფაქტი სამართალდამცავებმა უნდა გამოიძიონ.
„ჩემი აზრით ეს არის კორიფციული გარიგება, რომელიც უნდა გამოიძიოს სამართალდამცავება. ეს არის დიდი კითხვის ნიშნების შემცველი გადაწყვეტილება, რომელიც ეჭვს ბადებს ჩემში, რომ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ გარიგებას. არ შეიძლება ამხელა პრემიას იღებდეს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი.
შეიძლება ლევან მურუსიძე მოქმედება იმ მიზნით, რომ ამ ადამიანების კეთილგანწყობა მოეპოვებინა. ნამდვილად, რომ არაადეკვატური პრემიებია და მინდა გითხრათ, რომ ამ სამი მოსამართლედან ერთ-ერთი ბატონი თორდია არის საბჭოთა მოსამართლე. საბჭოთა მოსამართლეებს მორჩილი მენტალიტეტი აქვთ და იმ გადაწყვეტილებას იღებენ, რასაც ეტყვიან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზაზა ხატიაშვილი.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ბრალდებას უარყოფს ლევან მურუსიძე და აცხადებს, რომ ზაზა ხატიაშვილი იუსტიციის საბჭოს დისკრედიტაციას ცდილობს. მურუსიძე ამბობს, რომ ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის და ის სახელფასო დანამატებს და პრემიებს თანაბრად გასცემს, როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე წევრებზე.
„საუბარი არის საბჭოს 5 წევრზე, ანუ განურჩევლად იმისა, მისცეს თუ არა ხმა მურუსიძეს. მათი ხელფასი არის 5 ათასი ლარი, მაგრამ რეალურად ხელზე 4 ათას ლარს იღებენ. შესაბამისად, აბსოლუტურად ყველას კვარტალურად ყოველ სამ თვეში ერთხელ მივეცი ხელფასის ოდენობა - დანამატი. ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის. რაც შეეხება ბატონ ზაზას ბრალდებას, ზოგადად ახასიათებს ის, რომ ჩირქი მოსცხოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება“, - აცხადებს ლევან მურუსიძე.
ის, რაც განსაკუთრებული არ არის მურისიძისთვის, მიუღებელია იურისტებისთვის. სამართლის ექსპერტი, ლია მუხაშავრია ამბობს, რომ ძალიან მარტივად ახსნადი ხდება, რატომ არ შეუშნდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი წევრი საზოგადოებრივ აზრს და რატომ მისცა ხმა ლევან მურუსიძეს.
„დავიწყოთ იქიდან, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვთ იმ საქმიანობისთვის, რასაც ისინი ეწევიან. მესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მათი საქმიანობა ისეთი შრომატევადი არ არის, როგორი ანაზღაურებაც აქვთ. როდესაც ვიგებთ, რომ ამ მაღალი ანაზღაურების პარალელურად მიეცათ დამატებით და თანაც ძალიან სერიოზული თანხა, ეს უკვე ბადებს კითხებს.
ძალიან მაინტერესებს, რატომ უნდა ჰქონდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამხელა პრემიალური ბიუჯეტი და რა ნიშნით უნდა არიგებდეს პრემიებს საბჭოს წევრებზე, რომლებსაც აქვთ მაღალი ხელფასი და ამ დროს სრული დატვირთვით არ არიან დაკავებულნი. ჩემთვის ახსნადია, რატომ არ ეშინიათ მათ საზოგადოებრივი აზრის. რაც შეეხება მურისიძის განცხადებას, დისკრადიტაციის საკითხზე თავად იზუნოს და არ ჩაიდინონ ისეთი საქმე, რომელიც ყველაზე მეტად განაწყობს საზოგადოებას მათ წინააღმდეგ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლია მუხაშვრია.
ყოფილი მოსამართლე, თამარ ლალიაშვილი აცხადებს, რომ გოცირიძის, სოფრომაძისა და თორდიას დახმარებით მოექცა მთელი სასამართლო კორპუსი მურუსიძის გავლენის ქვეშ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ის მოსამართლეები არიან, რომლებიც გულმოდგინედ ემსახურებოდნენ ყოფილ ხელისუფლებას.
„არ ვიცი ამის შესახებ, მაგრამ თუ ასე მოხდა, ეს ნამდვილად არის ეჭვის საფუძველი ვიფიქრო, რომ სწორედ იმ დამსახურებისთვისთვის მისცეს ხმა მურუსიძეს. გაიხსენთ მათი განცხადება მურუსიძის დანიშვანსთან დაკავშირებით. მათ თქვეს მურუსიძე რომ არ დაგვენიშნა, ეს სასამართლო სისტემაში ქაოსს გამოიწვევდაო. იქედან გამომდინარე, რომ კანონი გვაქვს ცუდი, ეს კანონი მურუსიძეს აძლევს უფლებას განკარგოს ეს მოსამართლეები.
სამწუხაროდ, ისეთი სასამართლო კორპუსი შეიქმნა, რომელიც მუდმივად ვიღაცას მოემსახურება. ჩვენ არ გავქვს დღეს სასამართლო და ამაში ხელი შეუწყვეს, გოცირიძემ, თოდრიამ და სოფრომაძემ. ძალიან დიდი ცუდი რამ ხდება სასამართლო სისტემაში და ამას იგივე შედეგი ექნება, რაც იყო სააკაშვილის დროს. ეს ადამიანები იმას აკეთებენ, რის წინააღმდეგაც ჩვენ წლები ვიბრძოდით. ეს პრემიები, მართლაც შეიძლება სახელმწიფო კორუფციადაც იქნას განხილული. ასე იღებდნენ პრემიებს ადეიშვილი და მისი ხელშემწობი პირები. კორუფციის ლეგალიზება მოახდინეს, ანუ, კანონიერი გზით იღებენ ამ თანხებს და ეს ძალიან სამწუხაროა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ ლალიაშვილი.
იურისტის ლევან ალაფიშვილის განცხადებით, განსხვავებით სხვა საჯარო დაწესბულებისგან, იუსტიციის საბჭო ის ორგანოა, რომლის წევრების საპრემიო უზრუნველყოფა ღიმის მომგვრელია. მისივე თქმით, ზოგადად პრემიის გაცემა ცუდი პრაქტიკა არ არის, მაგრამ საჭიროა, მახინჯი ფორმით არ მოხდეს მისი გამოყენება.
„როგორც ჩანს, იუსტიციის საბჭო არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე და ვერ გახდა ის გამონაკლისი, რომელიც ამ „სიკეთით“ სარგებლობაზე უარს იტყოდა. შინაარსობრივად, პრემია გულისხმობს ზენორმატილ მუშაობას და ამისთვის დამატებით ანაზღაურურებას. მაგრამ წევრები, რომლებიც მაქსიმუმ სხდომებში და კენჭისყრაში იღებენ მონაწილეობას, პრემიას რისთვის იღებენ? ეს ხომ ძალიან სასაცილოა.
კოლეგიურ ორგანოებში პრემიების გაცემა ის მთავარი გამოწვევაა, რომელზეც ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იფიქროს და გადაწყვეტილებაც მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალ ვნახავთ იგივე წესით პრემირებულ წევრებს სხვა კოლეგიურ დაწესებულებებში. იმედია, ეს მახინჯი პრაქტიკა, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. ჩვენ, რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ვინახავთ ამ ხელისუფლებას და ჩვენი ფული უდევთ ჯიბეში, ცოტა გონივრულ გადაწყვეტილებებზე იფიქრებენ და არა საკუთარ კეთილდღეობაზე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.