დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. თუმცა, პროკურატურა დეტალებზე არ საუბრობს. ცნობილია, რომ პროკურატურამ დააკავა გელა ღურწკაია, რომელმაც „ქრონიკა+“-ის რედაქციაში მეხსიერების ბარათი მიიტანა და როგორც თავად ამბობდა, პოლიტპატიმრების შესახებ საინტერესო მასალები ჰქონდა. თუმცა, მეხსიერების ბარათის შემოწმების შემდეგ კი მასზე დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა აღმოჩნდა.
ფაქტის შესახებ 2015 წლის დეკემბერში „ქრონიკა+“-ის რედაქტორმა მთავარ პროკურატურას აცნობა, რომ კონკრეტული პირი ეკა ბესელაის პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროვებას ცდილობდა. ელისო კილაძე საგამოძიებო უწყებაში მეორე დღესვე დაკითხეს და სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
თავად ეკა ბესელია ამბობს, რომ არსებობს საქმეები, რომლის საჯარო გახმაურება არ შეიძლება და ასეთ საქმეებს კანონი იცავს. მისი თქმით, ელისო კილაძე ჟურნალისტიკის არანაირ სტანდარტს არ იცავს და ყველაფრის მკადრებელია.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა გელა ღურწკაიამ გამოძიებასთან ითანამშრომლა და დაასახელა პირი, რომელმაც მას აღნიშნული მეხსიერების ბარათი გადასცა. არაოფიციალური ინფორმაციით დაკავებულმა, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე, სანდრო ბრეგაძე დაასახელა. თავად ბრეგაძე ამბობს ღურწკაია 2012 წლის შემდეგ არ უნახავს. ასევე, კატეგორიულად გამორიცხავს მის კავშირს ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებასთან.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციით მსგავსი საკითხები სწორედ სანდრო ბრეგაძის ოფისში წყდებოდა და მის თანამონაწილედ „თავისუფალი თაობის“ ხელმძღვანელს ლადო სადღობელაშვილს ასახელებენ. კულუარებში კი საუბრობენ, რომ სანდრო ბრეგაძის თანამდებობა სწორედ ამ კადრების გავრცელებას შეეწირა.
„გამორიცხულია. ერთხელ განვაცხადე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ვცდილობ ნამდვილი ვაჟკაცი მამაკაცის ცხოვრებით ვიცხოვრო. ადამიანები, რომლებიც პირადი ცხოვრებით აშანტაჟებენ ადამიანებს, სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ“, - ასეთია სანდრო ბრეგაძის პასუხი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ჯერჯერობით უცნობია, დაკითხავს თუ არა პროკურატურა ბრეგაძეს, თუმცა ცნობილია, რომ თბილისის პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაიკითხა ჟურნალისტი ელისო კილაძე. „ქრონიკა +“-ის რედაქტორი ამბობს, რომ მან იპოვა ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ფირზე დაკავებული გელა ღურწკაიას მობილური ტელეფონის ნომერი.
„მას შემდეგ რაც „პოსტ სკრიპტუმში“ გავიდა სიუჟეტი ამ საკითხთან დაკავშირებით, დამიკავშირდა ერთ-ერთი პირი, რომლის ვინაობას გამოძიებას დავუსახელებ და მან გადმომცა კოლმეურნეობის მოედნიდან ტელეფონების შემკეთებლის დანაბარები, რომ გელა ღურწკაიამ დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე მასთან მიიტანა მობილური ტელეფონი შესაკეთებლად. ამ მობილურ ტელეფონზე დაფიქსირებულია რამდენიმე გამავალი, რამდენიმე შემავალი ზარი და მესიჯები.
ტელეფონის ხელოსანმა ჩემ წყაროს მისცა საშუალება, რომ გადაეღო ეს ფოტოები და იქ კარგად ჩანს რა ნომრებზეა ზარი გაშვებული. ამის შემდეგ, ღურწკაია ტელეფონის წამოსაღებად აღარ მივიდა და იმ ცნობილი სიუჟეტის შემდეგ, რაც ნახა, ხელოსანმა გადაწყვიტა, რომ ჩემთვის მოეწოდებინა ეს ინფორმაცია. ეს მასალა გამოქვეყნდა „ქრონიკა+“-ში, ტელეფონის ნომრების სრული ციფრები ჩვენ ვიცით, მაგრამ გამოძიებას რომ არ შევუშალოთ ხელი, ბოლო ციფრები დაფარული გვაქვს“, - აცხადებს ელისო კილაძე.
ახლა ჯერი გამოძიებაზეა დაასახელოს პირი, ვისი მეშვეობითაც მოხდა ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების კილაძესთან მიტანა და რატომ ფიგურირებს ასეთ სკანდალურ საქმეებში ელისო კილაძე.
ექსპერტი გია ხუხაშვილი რომელსაც კილაძე კვერცხის ბიზნესის ლობირებაში ადანაშაულებდა, კილაძის კავშირს სკანდაული საქმეების გავრცელებასთან, იმით ხსნის, რომ კილაძემ მოახერხა გარკვეული ბრენდის შექმნა და როდესაც ვიღაცას უჩნდება საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ინტერესი, ცდილობს ინფორმაციის დისტრიბუცია კონფიდენციალურად ელისო კილაძის მეშვეობით მოახდიონს.
„არ მიკვრს, რომ ადამიანებს კილაძესთან მიაქვთ ინფორმაცია. მან შექმნა ერთგავრი საიდუმლო ინფორმაციისა თუ სკანდალების მიზიდულობის ცენტრი. მან შექმნა ბრენდი, რომ ეს სკანდალები უკავშირდება მის სახელს. აი, ეს არის კილაძის ფენომენი. სხვადასხვა ტიპის დაინტერესება აქვს. არ ვიცი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ინფორმაცია სანდრო ბრეგაძის ხელიდან გავიდა თუ არა, მაგრამ ბრეგაძის მხრიდან ინტერესი აბოსლუტურად გასაგებია - დაპირისპირებული იყო ელისო კილაძესთან და როგორც ჩანს, ჩანაფიქრი იყო ძალიან მარტივი - თუ კილაძე ფირს აიღებდა ღურწკაიასგან, დაიგეგმებოდა რაღაცა ოპერაცია, ამ ფირს აღმოაჩენდნენ კილაძის ოფისში და მოხდებოდა მისი დისკრედიტაცია. სავარაუდოდ, ეს გეგმა იყო. ფაქტია, რომ კილაძესა და ბრეგაძეს შორის საკმაოდ სერიოზული დაპირისპირება იყო. როგორც ჩანს, კილაძე ბრეგაძეზე ბევრად ჭკვიანი აღმოჩნდა“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.