„მალე შეიძლება შარიათის კანონები აამოქმედონ“

„მალე შეიძლება შარიათის კანონები აამოქმედონ“

„ღმერთო ჩემო, მე ვიჩქარი შენსკენ, რომ იყო ჩემით კმაყოფილი“, - ამ სიტყვებით იწყება „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით გავრცელებული მორიგი ვიდეოგზავნილი. 18 წუთიანი ვიდეო რგოლი შეიცავს როგორც მუქარას, ასევე პროპაგანდას. პირები, რომლებიც კადრებში ჩანან, ქართულად ჰყვებიან, რა გზა გაიარეს სირიაში ჩასვლამდე. ასევე, საუბარია იმ საბრძოლო მოქმედებებზეც, რომლებშიც თავად არიან ჩართულები.

ვიდეოში ასახულია სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ქართველი მებრძოლების კადრები და ფოტოები. ერთ-ერთი მებრძოლი ამბობს, რომ როდესაც დაიჭრა, სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. მისი თქმით, ქართველები ბრძოლის წინა ხაზზე იბრძვიან.

„როდესაც მე პირველად სირიაში ჩავედი, დავიჭერი, თურქეთში გამგზავნეს სამკურნალოდ. იქიდან საქართვლოში დეპორტით გამიშვეს. იმ დროისთვის აბდულ ვაჰაბი პანკისში იყო. ის მოვიდა ჩემთან, მკითხა, როგორ წასულიყო სირიაში. მე მას ვუთხარი, რომ ღმერთის წყალობით ჩვენ ერთად წავიდოდით იქ. ეს ასეც მოხდა. ჩვენ ერთად ჩავედით სირიაში და სამხედრო მომზადება გავიარეთ. მომზადების შემდეგ ჩვენ ერთად გაგვზავნეს ერთ-ერთ ოპერაციაში. როდესაც დეირ ალ-ზორზე თავდასხმის ოპერაცია იგეგმებოდა, ქართველები იყვნენ ერთ-ერთი პირველები, ვინც წინა ხაზზე იბრძოდნენ“, - ამბობს ქართველი მებრძოლი.

კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დეტალურად საუბრობს აჭარელ მებრძოლ აბუ მარიამზე. მისივე თქმით, ქართული სპეცსასმსახურების მხრიდან დევნის მიუხედავად, აბუ მარიამი სრულიად ასრულებდა თავის ვალდებულებას და ყოველ პარასკევს აჭარაში ერთ-ერთ მეჩეთში ჯუმა-ნამაზს ერთად ასრულებდნენ.

შეგახსნებთ, რომ ეს არის რიგით მეორე ქართულენოვანი ვიდეორგოლი. 28 წუთიანი ვიდეომიმართვაში, რომელიც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში გამოქვეყნდა, იგი მოუწოდებს ყველა მუსლიმანს მებრძოლთა რიგებში გაწევრიანდნენ.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ვიდეორგოლების გავრცელებას კანონმდებლობის გამკაცრებით ხსნის. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით საფრთხეები რეალურად არსებობს, თუმცა, ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების ტერორისტულ ორგანიზაციებში გაწვერიანების რისკები საკმაოდ შემცირდა.

„ეს მოწოდებებიც ერთგვარი მანიშნებელია იმისა, რომ ამ მხრივ გარკვეული პრობლემები შეექმნათ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს. ამიტომ ჩვენ უნდა უნდა ვიფიქროთ იმ კონტრღონისძიებებზე, რომელიც ასეთ რისკებს შეამცირებს“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

ექსპერტების განცხადებით, მორიგი ვიდეომიმართვის გავრცელება ადასტურებს, რომ საქართველოში არსებობენ პირები, რომლებიც იზიარებენ „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიას, რაც ნიშნავს, რომ საფრთხე არსებობს. მათივე განცხადებით, „ისლამურ სახელმწიფოს“ საქართველოში შეზღუდული რესურსები აქვთ, არ აქვთ მხარდაჭერის ისეთი ბაზა, როგორიც ევროპის ქვეყნებში, თუმცა, აუცილებელია პრევენციული ღონისძიება, რომ ასეთი ბაზა არ გაჩნდეს საქართველოში.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია ხელისუფლებას ანტიტერორისტული ზომების გამკაცრებას ურჩევს, რადგან ეს მიმართვა არის შეფარული მუქარა. მისივე თქმით, შესაძლოა საქართველო „ისლამური ხალიფატისთის“ ერთგვარი ხიდის ფუნქციის შემსრულებელი ქვეყანა გახდეს. შესაბამისად, მაისაია თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა სავარაუდო სცენარისთვის უნდა იყოს მზად და კონკრეტული თავდაცვითი ღონისძიებები გაატაროს.

„საქართველო, როგორც ჩანს, განხილული იქნება როგორც სატრანზიტო ტერიტორია, ერთგვარი ხიდი. ამ კუთხით უნდა გავამახვილოთ ყურადღება. თუმცა ტერორისტული აქტების განხორციელებას საქართველოშიც უნდა მოველოდეთ, რადგან „ისლამური სახელმწიფო“ არის არაპროგნოზირებადი, შესაბამისად, მის მიერ განხორციელებული ნებისმიერი აქტი და ქმედება არაპროგნოზირებადია.

საქართველო შედის ამერიკული კოალიციის შემადგენლობაში და შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენი სპეცსამსახურები ყველანაირი სცენარის განვითარებისთვის უნდა იყვნენ მზად. საჭიროა, რომ ჩვენთან არსებული ტერორიზმის ბრძოლის სტრატეგია გადახალისდეს. უწყებათაშორისი სპეციალური სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას, უნდა დაინიშნოს სპეციალური თანაშემწე პრემიერის აპარატში, რომელიც უშუალოდ ტერორიზმის წინააღმდეგ განახორციელებს საქმიანობას. ასევე საკანონმდებლო პაკეტები უნდა მიიღონ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.

ექსპერტი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ ანტიტერორისტულ ღონისძიებების გამკაცრებამ შედეგი ვერ მისცა აშშ-ის და იგივე საფრანგეთის სპეცსამსახურებს.

„ამ ქვეყნებთან ჩვენი რესურსების შედარებაც არ შეიძლება. აგენტურული ქსელი საერთოდ ნულზეა დაყვანილი. ჩვენ დინამიკაც არ ვიცით. არც ის ვიცით პირველი მებრძოლი როდის წავიდა საქართველოდან და ვინ იყო. როგორ იზრდებოდა მათი რაოდენობა, ესეც არავინ იცის. რასაკვირველია, სახელმწიფო საიდუმლოების გასაჯაროვება არ შეიძლება, მაგრამ საერთოდ წავუყრუეთ ამ ფაქტს. არ ვიცით რადიკალური ისლამის პრევენციის მიზნით რა კეთდება“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

მისივე თქმით, გადამწყვეტი როლი ენიჭება პრევენციას, რადგან საქართველოში რადიკალური ისლამი ახლა ყალიბდება.

„სამწუხაროდ, საქართველოში ახლა ყალიბდება რადიკალური ისლამი, ამიტომ აქ გადამწყვეტი როლი ენიჭება პრევენციას. ყველას გვახსოვს ის სკანდალი, რაც ფონიჭალაში მოხდა, ახალგაზდა მუსულამი ბიჭი მოკლეს იმიტომ, რომ რადიკალი მუსულმანების წინააღმდეგ გამოვიდა. ვინმემ იცის რა მოხდა? ჩატარდა გამოძიება? - არა. აქიდან რადიკალურ ისლამამდე ერთი ნაბიჯია.

მალე შეიძლება არაოფიციალურად შარიათის კანონები აამოქმედონ. მაინცდამინც „გუდვილში“ ან „კარფურში“ უნდა აიფეთოქს თავი ვინმემ, რომ ხელისუფლებამ გვითხრას,  საფთრხე არსებობსო?! საფრთხე არის, მაგრამ ეს მცდარი სტრატეგია, რომ ხალხმა არ უნდა იცოდეს, კიდევ უფრო ართულებს ვითარებას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძე.