მამუკა ახვლედიანის სკანდალური განცხადება, რომ მოსამართლეთა გამოცდები დარღვევით ჩატარდა, იმით დასრულდა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს და სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გაანთავისუფლა. თავად მამუკა ახვლედიანი მის გათავისუფლებას „პირდაპირ დევნად“ აფასებს და არ გამორიცხავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას. ახვლედიანი თვლის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება, მის საჯარო განცხადებებს უკავშირება.
„ეს უკავშირდება ჩემს მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს. ეს არის პირდაპირი დევნა. ბიულეტენზე ვარ. ოჯახის ექიმმა არ მომცა გამოსვლის საშუალება და მითხრა, რომ აუცილებლად უნდა დასრულდეს მკურნალობის კურსი. პოზიციის გამოხატვის საშუალებაც არ მომცეს, წერილით ვუხსნიდი, რომ კანონით მაქვს მონიჭებული ეს უფლება. წერილით მივმართე და ვთხოვე, წერილობითი პასუხისთვის დრო მოეცათ, მაგრამ არ მომცეს დროს ისე მიიღეს გადაწყვეტილება“, - აცხადებს მამუკა ახვლედიანი.
ახვლედიანის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა ვახტანგ მჭედლიშვილმა, რომელიც საბჭოში პრეზიდენტის კვოტით არის არჩეული. როგორც მჭედლიშვილი აცხადებს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაარღვია სამართლიანობის ელემენტარული პრინციპი და არ მოუსმინა მეორე მხარეს, რომელსაც ბრალდებას უყენებდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს მხარე ითხოვდა პარასკევამდე სათანადო გონივრული ვადის მიცემას თავის დასაცავი და ფაქტობრივი არგუმენტების წარმოსადგენად, მას დრო არ მისცეს. იუსტიციის საბჭო გასცდა თავის უფლებამოსილების ფარგლებს, შეიჭრა სადისციპლინო კოლეგიის ფუნქციებში და დააკისრა დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება - თანამდებობიდან გათავისუფლება.
ეს იგივეა, პროკურატურამ გამოიძიოს საქმე, წაუყენოს ბრალი პირს, თავად გამოიტანოს განაჩენი, დააკისროს სასჯელი და აღუკვეთოს თავისუფლება. აქ დარღვევა მოხდა პროცედურული დებულებების. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაარღვია კანონის ის ნორმა, რომელსაც ედავებოდა სასამართლოს თავმჯდომარეს, გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს“, - აღნიშნა ვახტანგ მჭედლიშვილმა.
ბრალდებას არ იზიარებს, უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე, რომლის განცხადებით, ეს არ ყოფილა რევანში, ეს იყო წესის დარღვევის დაფიქსირება და შესაბამისი რეაგირება. რაც შეეხება გათავისუფლების საფუძველს, გვენეტაძის განცხადებით, ეს არის საქმის წარმოების პრობლემები, ანუ სასამართლოში შესულ საქმეთა განაწილების პრობლემები, რომელიც დაფიქსირდა ახვლედიანის გაცემული ბრძანების შესაბამისად.
„ეს მის განცხადებებთან კავშირში არ არის. მოწმეთა დაკითხვის ახალი წესთან დაკავშირებით, გარდაუვალი გახდა ბრძანების სახით, ყველა ნორმატიული აქტის გადახედვა, რომელიც სასამართლოში იყო შემოღებული. ამ ბრძანებების შესწავლის დროს გამოიკვეთა მთელი რიგი დარღვევები საქმეთა განაწილების წესთან დაკავშირებით.
საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახვლედიანი შეგნებულად თავს არიდებს საბჭოზე გამოცხადებას და პასუხების გაცემას იმ შეკითხვებზე, რომელიც არსებობდა. საბჭომ ჩათვალა, რომ იმოქმედა პროცედურების დაცვით და მიიღო სწორი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახვლედიანის მოსამართლეობიდან გადაყენების საკითხის განხილვას იწყებს. ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. ლევან მურუსიძის განცხადებით, თეორიულად გამორიცხული არაფერია.
„მამუკა ახვლედიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იგნორირებას. მისი გადაყენება არ უკავშირდება იმ განცხადებებს, რომელიც გააკეთა. ამ ორ საკითხს ერთმანეთთან ვერ დავაკავშირებთ, რადგან არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც აკრიტიკებენ საბჭოს საქმიანობას, თუმცა არ გადამდგარან. რამდენჯერაც სხდომაზე მოვიწვიეთ, არ გამოცხადდა, ვუთხარით გვესაუბრა პრობლემებზე, თუმცა გაკეთდა აბსოლუტური იგნორი.
ერთხელაც არ გამოცხადდა და ჩვენ მივედით სასამართლოში. მივხვდით, რომ რეალურად მოცემული თავმჯდომარის პირობებში ვერ განხორციელდებოდა ის თანამშრომლობა, რაც დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პრინციპებს აკმაყოფილებს, ამიტომ საბჭო ვალდებულია რეაგირება მოახდინოს. რაც გაკეთდა“, - აღნიშნა ლევან მურუსიძემ.
„საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ აღმასრულებელი დირექტორის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, იუსტიციის საბჭო უფრო და უფრო მეტ შეცდომას უშვებს და მისი დამოკიდებულება ზოგადად მოსამართლეების მიმართ ძალიან არაერთგვაროვანია.
„გაუგებრია, თუ რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, რომ ამ საკითხის ინიცირება მოახდინა დღეს. მას სჭირდება უფრო მეტი დასაბუთება და კიდევ ერთხელ მოწმობს ეს ფაქტი, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს ფართო დისკრეცია და ფართო უფლებამოსილება“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
for.ge-სთან საუბრისას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და შესაბამისად, იუსტიციის საბჭო უნდა დაიშალოს!
„დღეს დავინახეთ, რომ ემა გოცირიძეს, კახა სოფრომაძეს და ვახტანგ თორდიას შეუერთდა ნინო გვენეტაძე, რომელიც მურუსიძის ბანაკში აღმოჩნდა. ეს არის საშინელი ფაქტი. ფაქტიურად ლევან მურუსიძე და ნინო გვენეტაძე ერთად ებრძვიან ახვლედიანს. დარწმუნებული ვარ, მამუკა ახვლედიანს ხმა რომ არ ამოეღო, არ გაანთავისუფლებდნენ. ჩემდა სამწუხაროდ ნინო გვენეტაძე მურუსიძის ბანაკში აღმოჩნდა, ეს არის საშინელი ფაქტი“, - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.
სამართლის ექსპერტის ლია მუხაშავრიას შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება არ არის პოლიტიკურად მოტივირებული.
„ამ შემთხვევაში, ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი სასამართლოს თავმჯდომარე აკეთებს უპასუხისმგებლო განცხადებებს, ეს არ არის მისაღები, რადგან ის უნდა იყოს სამაგალითო მოსამართლე სხვებისთვის. ის არის მაღალი თანამდებობის პირი. რაც შეიძლება ეპატიოს რიგით მოსამართლეს, არ უნდა ეპატიოს მსგავსი მაღალი რანგის თანამდებობის მოსამართლეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლია მუხაშავრიამ.