„რითაც „გაგვახარეს

„რითაც „გაგვახარეს", ეს თავის ფასში „ჟიგულის" შეძენა იყო“

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა რომ სახელმწიფომ ჯიბეზე ხელი გაიკრა და ქართული ფეხბურთის აღორძინების ხუთწლიანი გეგმის დაფინანსება გადაწყვიტა. წესითა და რიგით, უახლოეს მომავალში თანამემამულე მობურთალეები ახალი სპორტული მწვერვალების დაპყრობას უნდა შეეცადონ და ერთ დროს ქართველთათვის საამაყო ფეხბურთს უწინდელი დიდება დაუბრუნონ. დაუბრუნებენ კი? სამწუხაროდ სპორტის ეს სახეობა ისეთ ღრმა ჭაობშია ჩაფლული რომ მის გაწმენდას ალბათ რამდენიმე ათეული თუ ასეული ტრაქტორ–ბულდოზერი არ ეყოფა.

რამდენიმე ათეული წლის წინ ქართველ მოთამაშეებს ზღაპრული პირობები არ ჰქონიათ. ისინი მოყვარულ სპორტსმენებად ითვლებოდნენ და როგორც სოციალისტურ წყობაში მიღებული გახლდათ, საკუთარი შრომის სანაცვლოდ საბჭოთა მშრომელების ტიპურ ანაზღაურებას იღებდნენ. მართალია ჰქონდათ გარკვეული შეღავათები, მაგრამ მათი იმდროინდელი საზღვარგარეთელი კოლეგებისგან განსხვავებით ეს მაინც ზღვაში წვეთი იყო. ვერ ვიტყვი რომ მაშინდელ მოთამაშეებს პატრიოტიზმისა და პასუხისმგებლობის გრძნობა დღევანდელ ფეხბურთელებზე უფრო ჰქონდათ განვითარებული. ფაქტი ერთია - მაშინ ქართული ფეხბურთი უფრო მაღალ დონეზე იმყოფებოდა. თუმცა სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვაღიაროთ რომ იგივე კომუნისტების დროს საფეხბურთო მეურნეობა გაცილებით უფრო მოწესრიგებული გახლდათ. ვინ გაბედავდა თუნდაც სტადიონის გასხვისებას, შემდეგ დანგრევასა და მოგვიანებით მრავალსართულიანი სახლის წამოჭიმვას. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია ახალმა დროებამ მოიტანა.

გამიგრძელდა სიტყვა. დღევანდელ წერილში წინა საუკუნეში დაგაბრუნებთ და სიტყვას ცნობილ ქართველ სპორტსმენებს გადავცემ, რომლებიც იმ დროს აკრძალულ თემაზე – მატერიალურ წახალისებაზე ისაუბრებენ. თავდაპირველად ფეხბურთით დავიწყოთ.

ილია დათუნაშვილი

„ჩემპიონატის ოქროს მედლები რომ მოვიგეთ, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ვასილ მჟავანაძემ მიგვიღო. მანამდე გავრილ კაჩალინს ვუთხარი, ცოლის მოყვანას ვაპირებ-მეთქი და მწვრთნელმაც ვასილ პავლოვიჩს სთხოვა, ბიჭი დაოჯახებას გეგმავს და იქნებ ბინა ურიგოთ გამოუყოთო. მჟავანაძეს გაეცინა და დათანხმდა. პირველმა მდივანმა კი მომცა ბინა, მაგრამ მაშინდელი ორჯონიკიძის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე გაჯიუტდა - ერთი კაცისთვის ამხელა ბინა ჯერ არასდროს მიგვიციაო. მოკლედ, სამოთახიან ბინაზე ძალიან მაწვალეს“.

სერგო კოტრიკაძე

„„ოქროს მატჩის" შემდეგ ყველა თავისთან გვეპატიჟებოდა და პრემიებსაც გვაძლევდნენ. მაგალითად, საკავშირო ფეხბურთის ფედერაციამ 400 მანეთი გადმოგვცა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე 400 მანეთით დაგვაჯილდოვა. მახსოვს, მოოქროვილი, 160-მანეთიანი საათები და იმხანად მოდური იაპონური რადიომიმღებიც გვისახსოვრეს.

ედუარდ შევარდნაძე ახალი დანიშნული იყო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე. როცა ჩვენ შეგვხვდა, მე მითხრა: „ჩემპიონი ხარ, პარტიის წევრიც გახდი, აბა, შენ იცი, აწი ბურთი უკეთ უნდა დაიჭიროო".

ლადიმირ გუცაევი

„ბევრს ჰგონია, რომ „ის" „ვოლგები" თასების თასის მოგების შემდეგ დაგვირიგეს, მაგრამ ასე არ მომხდარა. უბრალოდ, ედუარდ შევარდნაძის საგანგებო ბრძანებით, დინამოელებს მანქანების ურიგოდ გამოყვანის უფლება მოგვცეს. 16200 მანეთი ღირდა მაშინ საბჭოეთის ნომერ პირველი ავტო.

თასების თასის მოგების შემდეგ სამჯერ ავიღეთ პრემია: გერმანიაში 150-150 მარკა დაგვირიგეს, თბილისში დაბრუნებულები კი სპორტსაზოგადოება „დინამოს" რესპუბლიკურმა სამმართველომ 300, ხოლო საკავშირომ 700 მანეთით გაგვახარა.

„დინამოში" თითქმის ყველას თანაბარი ხელფასი გვქონდა და თუ რამე სხვაობა იყო, ეს წოდებით იყო განპირობებული. მაგალითად, სპორტის ოსტატს ჯამაგირზე 10 მანეთი ემატებოდა, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატს - 15, ხოლო სპორტის დამსახურებული ოსტატი 20 მანეთით მეტს იღებდა. იცით, ერთხელ „ვერდერის" მენეჯერმა ვილი ლემკემ ამ თემაზე მკითხა და ყველაფერი ავუხსენი, მაგრამ ვერაფერი გაიგო - ძალიან ჩაგიხლართიათო, მითხრა“.

ავი მუჯირი

„1978 წელს ორი ოქროს მედალი გადმომცეს. მაშინ ასეთი წესი იყო: თუ მატჩების საკმარის რაოდენობას ჩაატარებდი, ჩემპიონის ტიტულს განიჭებდნენ. მე კი მონაცვლეობით ვთამაშობდი ძირითად და სათადარიგო შემადგენლობაში. და რადგან ორივე გუნდი, პირველიც და დუბლებიც ჩემპიონი გახდა, ორი მედალი მომცეს.

ჩემპიონობაზე პრემია არ აგვიღია, არ იყო მაშინ ასეთი წესები. ერთადერთი, რითაც „გაგვახარეს", ეს თავის ფასში „ჟიგულის" შეძენა იყო.

თბილისის „დინამოში" თამაშისას ხშირად დავდიოდით უცხოეთში, მაგრამ დღიურს, ეგრეთ წოდებულ „სუტოჩნის" იმდენს გვაძლევდნენ, მხოლოდ სუვენირების შესაძენად გვყოფნიდა. რაც შეეხება პრემიებს, საკავშიროს და ევროთასების შედარება არ შეიძლება. მაგალითად, იყო რამდენიმე მატჩი ევროპის საკლუბო ტურნირებში, რომელშიც გავიმარჯვეთ და 300 თუ 400 მანეთი პრემიაც მოგვცეს“.

მობურთალების შემდეგ სიტყვა სხვა გამოჩენილ სპორტსმენებსაც გადავცეთ.

აფაელ იმიკიანი

„ოლიმპიური თამაშების ან მსოფლიო ჩემპიონატის მოგებისთვის მოსკოვში პრემიას ყოველთვის მაძლევდნენ. ოქროს მედალი 6 ათას მანეთად ფასდებოდა. ფულზე საუბარი არასდროს მიყვარდა, მაგრამ გული მწყდებოდა, რომ რუსი ჩემპიონები 15 ათას მანეთს იღებდნენ, არარუსები კი თითქმის ორჯერ ნაკლებს“.

ავი ციმაკური

„ჰელსინკში ჩასვლამდე სპორტსმენებს გამოგვიცხადეს, რომ ვინც ოქროს მედალს მოიგებდა, 25 ათასი მანეთით დააჯილდოვებდნენ. მაშინ ეს ძალიან დიდი ფული იყო! იქ, მესუჰალიში მხოლოდ მედალი და სიგელი გადმომცეს და იმედიანად ვიყავი, ვფიქრობდი, მოსკოვში მაინც მივიღებ პრემიას-მეთქი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ! საბოლოოდ 5 ათასი მანეთით დამასაჩუქრეს: ათას-ათასი ჩემმა სპორტულმა საზოგადოებამ და საქართველოს სპორტკომიტეტმა მომცა, 3 ათასი კი რესპუბლიკის ხელისუფლებამ. იმ ზაფხულს მე, რაფაელ ჩიმიშკიანი და გივი კარტოზია ოჯახებით წავედით სოხუმში დასასვენებლად... კაი დრო იყო!“

ტორ სანეევ

„ჩემთვის მთავარი ყოველთვის სპორტულ არენაზე გამარჯვება იყო, მაგრამ უყურადღებობის გამო გულიც ხშირად დამწყვეტია. მაგალითად, 1968 წელს, მეხიკოდან ოლიმპიური ოქროთი რომ დავბრუნდი, სოხუმში ბინა არ მომცეს - არ გვაქვს მაგის საშუალებაო... 1972 წელს, მიუნხენში მეორე ოლიმპიური ოქროს მოგების შემდეგ საქართველოს სპორტკომიტეტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა გიორგი სიხარულიძემ დამიბარა და თბილისში, დიღმის მასივში ბინა გადმომცა. მართალია 14-სართულიანი კორპუსის ბოლო სართული იყო, მაგრამ იმ დროს უკვე დაოჯახებული ვიყავი და ბინა ჩემთვის დიდი შეღავათი იყო“.

ობა

„საპრიზო თანხა? ავსტრიაში, იტალიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში და ამერიკაში ხშირად მაჯილდოვებდნენ ფულით, მაგრამ მისი მიღების უფლება არ მქონდა. თანხა საკავშირო სპორტკომიტეტის ანგარიშზე ირიცხებოდა და მის გარკვეულ ნაწილს მანეთებში მაძლევდნენ. შეიძლება არ იცით, მაგრამ სხვადასხვა ტურნირზე 3-ჯერ მოვიგე ავტომობილი, თუმცა ერთიც არ ჩამომიყვანია - საბჭოთა მოქალაქეს კაპიტალისტური ქვეყნის ნაწარმი არ სჭირდებოდა! აი, ასეთი მიდგომა იყო მაშინ...

ერთხელ, მორიგი გამარჯვების შემდეგ, დამიძახეს იქ, „ზევით" და მითხრეს: ავტომობილი უნდა გადმოგცეთ და აირჩიე, რომელი გინდაო - ზიმი, გაზ-21 თუ „პაბედაო". ვუთხარი, არცერთი არ მინდა გენაცვალე, „კოლხოზნიკი" მომეცით-მეთქი. „ეგ მანქანა სამხედრო დანიშნულებისაა, არ იყიდება, მაგრამ მოვიფიქრებთო", - მითხრეს და ცოტა ხანში მართლაც მომიყვანეს ახალთახალი „კოლხოზნიკი".

ლესანდრე მეტრეველი

„1966 წლიდან საჩოგბურთო ტურნირები ღია გახდა: პროფესიონალები და მოყვარულები გაერთიანდნენ. მაშინ მე მოყვარულად ვითვლებოდი, უცხოეთში კი მოთამაშეებს პროფესიონალის სტატუსი ჰქონდათ. პირველ ღია ტურნირზე იტალიაში ვიასპარეზე. სანამ გავემგზავრებოდი, საკავშირო სპორტკომიტეტში დამიბარეს, კაპიტალისტურ დასავლეთში საბჭოთა მოქალაქის ქცევის წესები გამაცნეს და ისიც დასძინეს, მოგებული თანხის მხოლოდ 30 პროცენტი იქნება თქვენი, დანარჩენი სახელმწიფოს დარჩებაო. იტალიაში წარმატებით ვითამაშე, სამი წრე გავიარე და მოსკოვიდან ახალი „შეტყობინება" მივიღე: ჩემი წილი 20 პროცენტამდე შეამცირეს...

ამერიკაში მოგებული ერთი ტურნირის შემდეგ, როცა მკითხეს რა გადმოგცეთო, ავტომობილი-მეთქი, ეგრევე ვუპასუხე. ძალიან ლამაზი „ფორდ-მუსტანგი" მისახსოვრეს, სპორტული, კონდიციონერით... მოსკოვში ოთხი დღე ნომრის გარეშე დავქროდი, მილიციას ერთხელაც არ გავუჩერებივარ! მერე თბილისში ჩამოვიყვანე. იმ დროს ჩვენთან რამდენიმე უცხოური მანქანა დადიოდა, ერთ-ერთი ლეგენდარული ანსამბლის „ორერას" სამხატვრო ხელმძღვანელს რობერტ ბარძიმაშვილს ჰყავდა - მოჭადრაკე ბორის სპასკისგან იყიდა თავის დროზე...“

ეილა მესხი

„80-იან წლებში საჩოგბურთო სამყარო დიდ ნაბიჯებს დგამდა კომერციალიზაციისკენ, საკავშირო სპორტკომიტეტი კი ამ მხრივ ძალიან გვზღუდავდა. მიუხედავად ამისა ნატალია ზვერევამ და ლარისა სავჩენკო-ნეილანდმა და მე მაინც გავაფორმეთ კომერციული კონტრაქტები უცხოურ კომპანიებთან და თუ შეიძლება ასე ითქვას, მატერიალური კუთხით ცხოვრება გავიუმჯობესეთ. დღევანდელი გადასახედიდან შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ პირველი საბჭოთა პროფესიონალი ქალი-ჩოგბურთელები ვიყავით“.