„ზიკას ვირუსი საშიში არ არის, წითურა გაცილებით საშიშია“

„ზიკას ვირუსი საშიში არ არის, წითურა გაცილებით საშიშია“

ზიკას ვირუსმა რუსეთშიც შეაღწია. „ბიბისის“ ცნობით, ვირუსი დომინიკის რესპუბლიკიდან დაბრუნებულ ქალბატონს აღმოაჩნდა. მან ვირუსის პირველი სიმპტომები მოსკოში დაბრუნების შემდეგ შენიშნა. ამჟამად დაინფიცირებული ქალბატონი საავადმყოფოში იმყოფება, მისი ოჯახის წევრებს კი შემოწმება უტარდებათ.

როგორც „როსპოტრებნადზორში“ აცხადებენ, ის თვითმფრინავი, რომლითაც დაინფიცირებულმა იმგზავრა, უკვე შემოწმდა. სხვა მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი- რუსეთი არც ისე შორსაა, რამდენადაა საქართველო დაცული ზიკას ვირუსისგან?

ამის შესახებ For.ge-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ატა იმნაძე ესაუბრა.

მართალია, ვირუსი ზიკა ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის რეგიონშია გავრცელებული, თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვირუსის ევროპის კონტიტენტზე გავრცელების რისკი არსებობს. რუსეთის შემდეგ საქართველოში ზიკას ვირუსის გავრცელების ალბათობა მაღალია?

- თუ ქართველები სამხრეთ ამერიკასა და ბრაზილიის ტერიტორიას მოედებიან, რა თქმა უნდა, საქართველოში ზიკას ვირუსის მქონე პირების შემოსვლის რისკი მოიმატებს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ზიკას ვირუსმა რუსეთში შეაღწია თუ დანიაში. ზიკას ვირუსის მქონე ავადმყოფი რომ ჩამოვა, ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ვირუსი უთუოდ გავრცელდება, მით უმეტეს, ჯერ ზამთარია ჩვენთან და გადამტანი კოღოები არ არიან. ბრაზიალიაში კი ახლა ზაფხულია, კოღოების სეზონია და ამიტომ გავრცელდა ეს ვირუსი. ბრაზილია მაინც სამხრეთ ნახევარსფეროშია.

ზიკას ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინა ჯერ არ შექმნილა, თუმცა ეს ვირუსი ჩვილების ტვინის განვითარებას აფერხებს, ამ დროს ჩვილის თავის ქალა მოსალოდნელზე პატარაა, რასაც შეიძლება უარყოფითი გავლენა ჰქონდეს მის ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე. ამის გამო რიგ ქვეყნებში ქალბატონებს რამდენიმე წლით ფეხმძიმობის გადადებასაც ურჩევენ.

- ზოგადად, ეს ვირუსი საშიში არ არის, წითურა გაცილებით საშიშია, არადა, წითურა ვის არ გადაუტანია, მაგრამ ზიკას ვირუსი მაშინ არის საშიში, თუ ქალბატონი ფეხმძიმეა.

რადგან ზიკას ვირუსი ნაყოფში მიკროცეფალიას იწვევს?

- დიახ, ზუსტად ისევე, როგორც წითურას ვირუსი იწვევს. ასეთივეა ციტომეგალოვირუსი.

გასულ წლებში ზიკას ვირუსის გადამტანი კოღო ბათუმსა და სამეგრელოში დაფიქსირდა. მაშინ თქვენ მოსახლეობას ურჩევდით, გაეწმინდათ ის კონტეინერები და სათავსოები, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხდებოდა წყლის დაგროვება.

- ეს შემთხვევა პირველად 2014 წელს ბათუმში დაფიქსირდა, თუმცა არა ქალაქში, არამედ ქალაქგარეთ ერთ წერტილში, სადაც ღია საბურავების საწყობია. საბურავებში წყალი დგება, რაც ამ კოღოსთვის შესაბამისი გარემოა. 2015 წელს კი ზუგდიდშიც ანალოგიურ გარემოში, ქალაქგარეთ საბურავების ღია საწყობში აღმოაჩინეს ეს კოღო. ხაზს ვუსვამ, რომ ეს აღმოჩნდა ქალაქის შემოგარენის ერთ წერტილში 23 შესწავლილიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ ცოტაა ამ კოღოს რაოდენობა და ის ძალზე ლიმიტირებულ ადგილებშია. ამისგან განსხვავებით, მალარიის კოღო, იცით, რამდენი გვყავს, მაგრამ მალარია ხომ არ გვაქვს? Aedes სახეობის კოღო ძირითადად მრავლდება ადამიანის მიერ შექმნილ ისეთ კონტეინერებსა და სათავსოებში, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხდება წყლის დაგროვება (სათლი, ყვავილის ქოთანი). ისინი დღის აგრესიულ მკბენარებს წარმოადგენენ, უპირატესად ადამიანებს კბენენ და მათ შორიახლოს ბინადრობენ. კოღოებისათვის ინფიცირების წყაროს წარმოადგენს დაავადებული ადამიანი, ამრიგად შემდგომ უკვე ინფიცირებულ კოღოს შეუძლია დაავადების გავრცელება ადამიანთა შორის კბენით.

როგორია ზიკას ვირუსის სიმპტომები?

- ვიმეორებ, ზიკას ვირუსის გავრცელება ხორცილდება კოღოს ნაკბენით. ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებად ითვლება ცხელება, გამონაყარი, ტკივილი სახსრებში და კონიუნქტივიტი. ზიკას ვირუსით 5 ინფიცირებულიდან 1 ხდება ავად. დაავადებას, ხშირ შემთხვევაში, მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს და რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე გრძელდება. ინფიცირებული ადამიანის სისხლში ზიკა ვირუსი ვლინდება რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა შესაძლოა, გამოვლინდეს უფრო ხანგრძლივი დროის შემდეგაც. ამ ვირუსის გამო მძიმე კლინიკური სიმპტომატიკით დაავადების მიმდინარეობა და, შესაბამისად, ჰოსპიტალიზაციაც იშვიათია, არ ახასიათებს ლეტალობა. ზიკას ვირუსის ეპიდ აფეთქებები 2015 წლამდე ფიქსირდებოდა აფრიკაში, სამხრეთ აზიასა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე. 2015 წლის მაისში ამერიკის ჯანმრთელობის ორგანიზაციამ გამოაცხადა განგაში ზიკას ვირუსით გამოწვეულ და დადასტურებულ პირველ შემთხვევასთან დაკავშირებით ბრაზილიაში. საპასუხოდ, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა მოგზაურთათვის, ანუ პირებისათვის, რომლებიც მოგზაურობენ იმ რეგიონებსა და ქვეყნებში, სადაც ცირკულირებს ზიკას ვირუსი. ზიკას ვირუსის პრევენციისათვის ვაქცინა ან სპეციფიკური მედიკამენტი არ არსებობს. პრევენცია შესაძლებელია კოღოების კბენისგან თავდაცვით. მისი გამავრცელებელი კოღოები ძირითადად დღისით იკბინებიან და მათი გავრცელების არეალში აუცილებელია კოღოების კბენისგან სპეციალური ბადეების მეშვეობით თავდაცვა, გრძელმკლავიანი და გრძელტოტებიანი ტანსაცმლის ტარებით არაკეთილსაიმედო ქვეყანაში მოგზაურობისას. ამ დროს უნდა მიმართონ სიმპტომურ მკურნალობას, რეკომენდებულია წოლითი რეჟიმი, გაუწყლოვნების პრევენციისათვის აუცილებელია ბევრი სითხე, სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები.         არ უნდა მიიღონ ასპირინი და სხვა არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები მანამ, სანამ არ მოხდება სისხლის გამოკვლევით დენგეს გამორიცხვა, სისხლდენის რისკის თავიდან ასაცილებლად.

რაც შეეხება მეორე დაავადებას, ღორის გრიპის საფრთხემ უკვე გადაიარა საქართველოში?

- ჯერ არა, მაგრამ ავადობის პიკი ისე გადავიარეთ, რომ დაავადებას ეპიდემიური გავრცელების სახე არ მიუღია.

როგორც ვიცი, ღორის გრიპის ეპიდემიური ზღვარი საქართველოსთვის მაშინ იქნებოდა, თუკი ასი ათას მოსახლეზე ამ დაავადების 500 შემთხვევა დაფიქსირდებოდა, საქართველოში რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა?

- ჯერ კიდევ საკმაოდ გავრცელებულია ღორის გრიპის შემთხვევები, დაახლოებით - 300 შემთხვევაა ასი ათას მოსახლეზე, ანუ გრიპი ჯერ არსად არ წასულა, ჯერ ზამთარია, ამიტომ ისევ ფრთხილად უნდა ვიყოთ და, თუ დაგვეწყო გრიპი, დროზე მივიდეთ უბნის ექიმთან.

როგორ უნდა დაიცვას ჩვენმა მოსახლეობამ თავი ღორის გრიპისგან?

- უნდა აიცრან, მაგრამ აცრა ნოემბერ-დეკემბერში უნდა მომხდარიყო.