„აპალუზას“ ჰეჯ-ფონდის დამაარსებელმა დევიდ ტეპერმა შარშან 4 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა და შესაბამისად, ჰეჯ-ფონდების ხელმძღვანელებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი პიროვნება გახდა.
ჰეჯ-ფონდების ხელმძღვანელების შემოსავლების რეიტინგები ჟურნალმა „აბსოლუტ რეტერნ ალფამ“ გამოაქვეყნა.
ტეპერმა განაცხადა, რომ წარმატების მიღწევა თვითდაჯერებულობით შეძლო.
„სიმშვიდეს მაშინაც კი ვინარჩუნებდი, როდესაც სხვები პანიკაში იყვნენ“, – განაცხადა მან. 58 წლის დევიდ ტეპერმა ჰეჯ-ფონდი „აპალუზა“ 1993 წელს დააარსა, მანამდე კი 7 წლის განმავლობაში ბანკ „გოლდმან საქსში“ მუშაობდა.
მისი ფონდის შემოსავლები ყოველწლიურად იზრდებოდა ინვესტიციების ხარჯზე, რომელსაც ის რისკიან კომპანიებში დებდა. მისთვის წარუმატებელი მხოლოდ 2010 წელი გამოდგა, როდესაც აქტივები 27 პროცენტით შემცირდა. სამაგიეროდ, 2015 წელს ტეპერის ჰეჯ-ფონდის შემოსავლებმა 130 პროცენტით მოიმატა.
რეიტინგში მეორე ადგილი ფონდის, „ქუანტინ ენდოუმენტის“ დამფუძნებელმა, ცნობილმა ამერიკელმა მილიარდერმა და ფილანტროპმა ჯორჯ სოროსმა დაიკავა. გასულ წელს მისი ფონდის შემოსავლები 29 პროცენტით გაიზარდა. მან 3,3 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.