„ძალად არ უნდა მოვახვიოთ ჩვენს ერს ის, რაც 20 წლის წინ ევროპაშიც მიუღებელი იყო და დღესაც არ წყდება პროტესტი“

„ძალად არ უნდა მოვახვიოთ ჩვენს ერს ის, რაც 20 წლის წინ ევროპაშიც მიუღებელი იყო და დღესაც არ წყდება პროტესტი“

რატომ დადგა დღის წესრიგში, რომ კონსტიტუციაში ოჯახის შესახებ ჩანაწერი უფრო ნათელი გახდეს და პირდაპირ ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი ერთობა?!

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკის თქმით, მართალია, კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლში ნახსენებია მეუღლეები, დედა და ბავშვი, მაგრამ სიახლე მხოლოდ ის არის, რომ უკვე არსებული ჩანაწერის ფორმულირება უფრო ნათელი უნდა გახდეს. ეს ნაბიჯი კი იმისთვის უნდა გადაიდგას, რომ გარკვეულ ჯგუფებს ამ თემით მანიპულირების საშუალება არ მიეცეთ.

„არა მგონია, ჩვენს საზოგადოებას ტოლერანტობა აკლდეს და ვინმე იჩაგრებოდეს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ და განმარტა, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ნორმა ერთნაერსქესიანთა ქორწინების ცალსახა უარყოფა იქნება.

მას შემდეგ, რაც გასული წლის ზაფხულიდან აშშ 21-ე ქვეყანა გახდა, რომლის ყველა შტატშიც ჰომოსექსუალ წყვილებს ქორწინების უფლება მიეცათ, საქართველოში გარკვეული ჯგუფები გააქტიურდნენ. როგორც ჩანს, ამ ჯგუფებს ბიძგი მისცა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის - ჯონ კერის განაცხადებამაც, რომ ერთი და იმავე სქესის წყვილებს ქორწინების უფლება სხვა ქვეყნებმაც უნდა მისცენ. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფრანს ტიმერანსის თქმით, გეიქორწინებები სრულიად ევროპაში უნდა იყოს ლეგალიზებული, რადგან „სირცხვილია ის, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობას ჯერ კიდევ არ დაუკანონებია მსგავსი ქორწინება“.

პირველი, ვინც ამასთან დაკავშირებით მაშინვე მწვავე პოზიცია გამოხატა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე იყო.

„სულ რომ მარტონი დავრჩეთ ამ დედამიწაზე, ყველა ჩვენმა მეგობარმა, პარტნიორმა თუ მოკავშირემ რომ ზურგი გვაქციოს, მე მაინც ვიტყვი, რომ ერთნაერსქესიანთა ქორწინების დაკანონება ხელისუფლების მხრიდან დაშვებული შეცდომა იქნება“.

მკაფიო პოზიცია საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ და საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც გამოხატეს. ღარიბაშვილი იმთავითვე გამოვიდა ინიციატივით, რომ კონსტიტუციაში შესულიყო ჩანაწერი: „ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა“. მით უმეტეს, რომ ასე მოიქცა ლატვია, ასევე, ხორვატია, თანაც, ევროკავშირში შესვლის წინ.

საქართველოს პატრიარქმა იმ პერიოდში აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა. თუმცა პოლიტიკოსებს შორის ჰომოსექსუალთა ქორწინების მხარდამჭერებიც გამოჩნდნენ. მაგალითად, პარლამენტარმა თამარ კორძაიამ ლგბტ პირების ქორწინების დაკანონება ადამიანის უფლებების სფეროში წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

აშშ-ის პრეცედენტმა ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. ისინი მიიჩნევდნენ, რომ, როდესაც „ვაიუფლებადამცველები“ ლგბტ პირების უფლებებზე საუბრობდნენ, რატომღაც ივიწყებდნენ უმთავრესს - ბავშვების უფლებებს, რომლებსაც ეს წყვილები იშვილებდნენ.

საქართველოს კანონმდებლობით, ოჯახი ისედაც განიხილება, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა. ამდენად, რამდენად საჭიროა კონსტიტუციაში ხელახალი განმარტება, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი ერთობაა?!

For.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ სრულიად ზედმეტია ამის ჩაწერა კონსტიტუციაში, რადგან ისედაც უკვე დაფიქსირებულია, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა. თუმცა, თუ საზოგადოების რაღაც ნაწილს აშფოთებს ეს საკითხი და, თუ უმრავლესობა მზად არის ამისთვის, არც იმით დაინგრევა ქვეყანა, რომ განმეორებით ჩავწეროთ - ოჯახი ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი ერთობაა.

რაც შეეხებათ არასამთავრობოებს, რომლებიც ამ ჩანაწერის მიღმა ლგბტ პირებისთვის დისკრიმინაციულ გარემოს ხედავენ, ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ ჩვენ უნდა მივყვეთ ჩვენი საზოგადოების განვითარების დონეს და არ უნდა ვეცადოთ, ძალად მოვახვიოთ თავს ის, რაც 20 წლის წინ ევროპაშიც მიუღებელი იყო და დღესაც არ წყდება პროტესტი ერთნაერსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით.

„ჩვენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია, ქვეყანაში სტაბილურობის განცდა იყოს, თუ ვიღაცის თავმოსაწონებლად საქართველოს კონსტიტუციაში რაიმე ჩანაწერი გავაკეთოთ? არა მგონია, ჩვენს ხელისუფლებაში ვინმე ერთნაერსქესიანთა ქორწინების დაშვებას სერიოზულად განიხილავდეს, მაგრამ დავუშვათ, მართლაც ჩავწერეთ კონსტიტუციაში, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი ერთობაა, ამით არაფერი შეიცვლება, ვინაიდან საზოგადოებაში ამის დაკანონება ხდება არა სამართლებრივად, არამედ პრეცედენტების საფუძველზე. თუ საქართველოში გაჩნდებიან ერთნაერსქესიანი წყვილები, რომლებიც არ დამალავენ თავიანთ ურთიერთობებს, რაღაც დროის შემდეგ შესაძლოა, მათი ერთობის საკითხი დღის წესრიგში დადგეს, მაგრამ ამ წუთში ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას და საზოგადოებაზე ნებისმიერი ძალმომრეობა იწვევს საზოგადოების პროტესტს. ჩვენ გვჭირდება მშვიდი განვითარება, სტაბილური ვითარება, ისედაც უამრავი პრობლემითაა ქვეყანა დახუნძლული“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

რაც შეეხება ევროკავშირით აპელირებას, რომელიც თურმე ერთნაერსქესიანთა ქორწინებას იწონებს, პოლიტოლოგი განმარტავს, რომ ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ ევროკავშირსა და ნატოში მიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და იქ მიღების შემთხვევაში, ჩვენი დასავლელი პარტნიორები უბრალოდ ვერ „დაინახავენ“, რომ ქართული საზოგადოება ერთნაერსქესიანთა ქორწინების მომხრე არ არის. ამიტომ მთავარია, ჩვენი კანონმდებლობა ერთი ნაბიჯით უსწრებდეს ჩვენი საზოგადოების მზაობას. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რისთვის არის მზად ჩვენი საზოგადოება, სწორედ ეს არის ამოსავალი წერტილი ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად.

მამა დავით ისაკაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა და ის ერის აღორძინებისა და გამრავლებისთვის იქმნება. ის ადამიანები კი, რომლებიც ამკვიდრებენ სხვა ტრადიციას, ანტიბიბლიურ, ანტიეკლესიურ წესებს, ავადმყოფური ცნობიერებისანი არიან არა მარტო ზნეობრივი, ეკლესიური თვალსაზრისით, არამედ ისწრაფვიან ჩვენი ხალხის გენოციდისკენ.

„ერთნაერსქესიანთა ქორწინება დემოგრაფიულ კრიზისს წარმოშობს. სწორედ ეს უნდათ გრანტის მიმღებ მარგინალურ ორგანიზაციებს. ეკლესიური სწავლებით, ადამიანები, რომლებიც ამკვიდრებენ სოდომის ცოდვას, ეკლესიის წევრებად აღარ ითვლებიან. მათ განაყენეს საკუთარი თავი ეკლესიისგან და მათთვის ეკლესიური წესის შესრულება აღარ შეიძლება. ჩემთან რომ მოვიდეს გიგაური, ნაცვლიშვილი და სხვები, თუ სინანული არ ექნებათ, არც ერთ ეკლესიურ საიდუმლოში მონაწილეობას არ მივაღებინებ. ისინი ეკლესიიდან განდგომილნი არიან“, - აღნიშნა მამა დავითმა.