ევროპოლის დირექტორი ევროპას აქამდე არნახული ტერორისტულ საფრთხეებზე აფრთხილებს. რობ ვაინრაიტი აცხადებს, რომ ევროპის ნებისმიერ წერტილში მოსალოდნელია ისეთი ტერაქტები, რომლებიც მასიურ მსხვერპლზე იქნება გათვლილი. ტერორისტული საფრთხეები „ისლამური სახელმწიფოდან“ მოდის.
ევროპოლის დირექტორის განცხადებით, 3000-დან 5000-მდე ევროპელი, რომელთაც, სავარაუდოდ, შესაბამის წვრთნები „ისლამურ სახელმწიფოში“ აქვთ გავლილი, ევროპაში დაბრუნდა. ვაინრაიტის ინფორმაციით, ეს პირები უკან არა ლტოლვილების ნაკადთან ერთად, არამედ ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩვეულებრივი გზით შევიდნენ.
პარალელურად, საფრთხეები იზრდება კავკასიის მიმართულებით. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანდება აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ამბობს, ტერორიზმის საფრთხე არსებობს, მაგრამ მის წინააღმდეგ ყველა ქვეყანამ მაქსიმალურად უნდა იბრძოლოს. მინისტრის განცხადებით, საქართველო თურქეთი და აზერბაიჯანი ითანამშრომლებენ, რათა ტერორიზმი ერთიანი ძალებით დაამარცხონ.
„ტერორიზმი არის რეგიონის მსოფლიო მასშტაბის საფრთხე, თუმცა ამ ბრძოლაში ჩვენ ერთად ვართ და მაქსიმალურად მჭიდროთ ვითანამშრომლებთ, რათა ერთიანი ეს საფრთხე დავამარცხოთ“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის პოზიციები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთმანეთს ემთხვევა. მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ტერორიზმის საფრთხის მიუხედავად, თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის სამმხრივ პროექტებს არაფერი ემუქრება.
„ამ პროექტებზე გავლენას ვერაფერი მოახდენს. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მთავარია ვებრძოლოთ ყველა სახის ტერორისტულ ორგანიზაციას. პოზიცია, რომ გველი გველია და მთავარია მან შენ არ გიკბინოს, გამართლებული არ არის, ვინაიდან ოდესმე გველი შენთანაც მოვა და შენც დაგგესლავს. სწორედ ასეა ტერორიზმიც. სეკულარული ტერორიზმი კარგია და რადიკალური - ცუდი, ეს პოზიცია არასწორია.
ტერორიზმთან დაკავშირებით ამერიკის განცხადებები და პოზიცია ურთიერთგამომრიცხავია და მას რადიკალური პოზიცია უნდა ჰქონდეს. უკვე ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს და ყველა მათგანთან დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით რადიკალური პოზიციის გამოხატვაა საჭირო“, - აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი თვლის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის განცხადებები მკვეთრი უნდა იყოს. ელმარ მამედიაროვის განცხადებით, ტერორიზმის წინააღმდეგ საუკეთესო პასუხი სწორედ ერთად დგომა და სოლიდარობაა. მისივე თქმით, ტერორიზმთან ბრძოლა რეგიონის ეკონომიკურ, სამხედრო და პოლიტიკურ აღმავლობას შეუწყობს ხელს.
„ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გავაძლიეროთ, ვინაიდან ეს არის რეგიონული უსაფრთხოების საკითხი და მოითხოვს სამმხრივ თანამშრომლობას კიდევ უფრო მაღალ დონეზე. საჭიროა თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება უსაფრთხოების სფეროში. სამივე ქვეყანამ კიდევ უფრო მეტად უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან და სწორედ ეს იქნება საუკეთესო პასუხი ტერორიზმის წინააღმდეგ“, - აცხადებს ელმარ მამედიაროვი.
მოსალოდნელ საფრთხეებზე ყურადღებას ამახვილებენ ექსპერტები. მათივე განცხადებით, საქართველო ახლოს არის ყველაზე ცხელ რეგიონთან, ახლო აღმოსავლეთთან და თუ გავითვალისწინებთ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ საკმაოდ ძლიერი და მყარი კავშირები აქვს, ბუნებრივია, რომ საფრთხე საქართველოსთან მიმართებაში არსებობს.
კავკასიის საკითხებში ექსპერტი, მამუკა არეშიძე ამბობს, რომ საქართველო საერთაშორისო ანტიტერორისტულ კოალიციაში წამყვან როლს არ ასრულებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტერორიზმის საფრთხე არ არსებობს.
„საქართველო არ არის იმ ქვეყნების პირველ რიგში, რომელზედაც შეიძლება განხორციელდეს ტერორტისტული შეტევა. ეს განპირობებულია იმითაც, რომ საქართველო წამყვან როლს არ ასრულებს საერთაშორისო ანტიტერორისტულ კოალიციაში. აქედან გამომდინარე, ტერორიზმის საფრთხეს საქართველოს წინააღმდეგ ვერ ვხედავ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტერორიზმის საფრთხე საერთოდ არ არსებობს. საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს იმ ქვეყნების დიპლომატური წარმომადგენლობები, რომლებიც ანტიტერორისტული კოალიციის წამყვანი ქვეყნები არიან“, - ამბობს მამუკა არეშიძე.
მისივე თქმით, სირიის ტერიტორაზე ისლამური ხალიფატის დამარცხების შემთხვევაში და როგორც ჩანს, პროცესი აქითკენ მიდის, არ არის გამორიცხული, რომ ტერორისტული იდეა გადმოტანილი იქნეს საქართველოში.
„ჩვენ გვაქვს არამყარი ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ რუსეთის წინააღმდეგ გაზაფხულზე კავკასიის ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფების გააქტიურება იგეგმება, რათა აიძულონ რუსეთი, რომ სირიის ოპერაციაში თავისი აქტიურობა შეამციროს. ასე რომ, ეს ორი ფაქტორი - საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობები და გაზაფხულის დადგომასთან ერთად ტერორისტების შესაძლო გააქტუირება, გასათვალისწინებელია.
რასაკვირველია, კონტროლი უნდა გამკაცრდეს საზღვარზე, ასევე დიპლმატიური მისიების დაცვის თვალსაზრისით, რადგან ჩვენზე ბევრად უფრო მომზადებული ქვეყნებიც ვერ ახდენენ ტერორიზმის საფრთხის მთლიანად ლიკვიდაციას. შეიძლება მინიმუმადე დაიყვანო საფრთხე, მაგრამ მთლიანად ვერ მოხსნა, ეს არის საერთაშორისო ტერორიზმის დამახასიათებელი თვისება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
აღმოსავლეთმცოდე ვასილ პაპავას განცხადებით, სავსებით შესაძლებელია სირიაში არსებულმა კონფლიქტმა კავკასიაში გადმონაცვლოს, სადაც მრავლად არის მოუგვარებელი ეთნორელიგიური და გეოპოლიტიკური ინტერესები.
„საფრთხეები საქართველოსთან მიმართებაში რეალურია. ტერიტორიული სიახლოვე და რეგიონში გადაჯაჭვული ინტერესები. გარდა ამისა, არსებული მონაცემებით სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საქართველოს 300-მდე მოქალაქე იბრძვის, რაც ტერორიზმის პირდაპირი მაჩვენებელია.
ამ კუთხით საჭიროა უსაფრთხოების ზომების გაძლიება და მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მიგრაციის კონტროლი. აუციელებელია პრევენციული ღონისძიებების გატარება, რომ შემდეგ უკვე გვიანი არ აღმოჩნდეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვასილ პაპავამ.