„ტერორისტების სამიზნე შესაძლოა, საქართველოში არსებული თურქული კულტურული ცენტრები და დიპლომატიური მისია გახდეს“

„ტერორისტების სამიზნე შესაძლოა, საქართველოში არსებული თურქული კულტურული ცენტრები და დიპლომატიური მისია გახდეს“

„ჩვენს უფლებებს გამოვიყენებთ ყველგან და ყოველთვის, როცა საჭიროდ ჩავთვლით“, - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის განცხადებაში. ანკარა, თურქეთში და ქვეყნის გარეთ ტერორიზმთან ბრძოლას იწყებს. რეჯეპ თაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთში მომხდარი ტერაქტები მიმართულია თურქი ერის ერთიანობისა და თანასწორუფლებიანობის წინააღმდეგ. თურქეთის პირველი პირის განცხადებით, თურქეთის კანონიერი უფლება თავდაცვაზე მსჯელობის საგანი არ არის.

35 გარდაცვლილი და 61-ზე მეტი დაშავებული. ასეთია თურქეთში განხორციელებული ორი ტერაქტის შედეგი. ანკარას პარალელურად აფეთქება მოხდა პროვინცია დიარბაქირში, სამხედრო კონვოის გზაზე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. შედეგად დაიღუპა 6 სამხედრო. გუშინ, ღამის საათებში ანკარის ცენტრში, კიზილაის რაიონში დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა.

აფეთქება თურქეთის გენერალური შტაბისა და სამხედროების საერთო საცხოვრებლიდან 300 მეტრის დაშორებით მოხდა, როდესაც სამხედრო მანქანა გადაადგილდებოდა. აფეთქების შედეგად შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა. თურქეთში მომხდარ აფეთქებას ხელისუფლებამ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

ტერორისტული აქტიდან რამდენიმე საათში თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ერაყის ჩრდილოეთში ქურთების პოზიციების დაბომბვა დაიწყეს, პარალელურად, ანტიტერორისტული ოპერაცია დაწყებულია პროვინცია დიარბაქირში. ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 70-მდე მებრძოლი.

თურქული მედიის ცნობით, ანკარაში მომხდარი ტერაქტი სირიაში მოქმედმა „ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის“ მებრძოლმა, სალეჰ ნაჯარმა განახორციელა. ტერორისტი ქვეყნის ტერიტორიაზე სირიელ დევნილებთან ერთად ერთი წლის წინ დევნილის სტატუსით შემოვიდა.

თურქეთში განხორციელებული ტერორისტული აქტის პარალელურად, აფეთქება მოხდა შვედეთში, თურქულ კულტურულ ცენტრში.

აღმოსავლეთმცოდე, ვასილ პაპავა for.ge-სან საუბრისას აცხადებს, რომ ტერორისტების თუ სხვადასხვა დაჯგუფებების სამიზნე შესაძლოა, საქართველშო არსებული თურქული კულუტურული ცენტრი გახდეს.

„გამომდინარე იქიდან, რომ კონფლიქტი ჩვენგან არც ისე შორს მიმდინარეობს, სავსებით შესაძლებელია, რომ ტერორისტების თუ გარკვეული დაჯგუფებების სამიზნე თურქული კულტურული ცენტრები, მეჩეთები და თურქეთის დიპლომატიური მისია გახდეს. ეს შემდეგ მოინათლოს როგორც შურისძიება თურქეთის ხელისუფლებს წინააღმდეგ. მოგეხსნებათ, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების სამიზნე გახდა ქურთების პოზიცია ჩრდილოეთ სირიაში. ამიტომ, მიმაჩნია, რომ საქართველომ უნდა გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები, რადგან სავსებით შესაძლებელია შევდეთის ფაქტი განმეორდეს ჩვენს ტერიტორაზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვასილ პაპავა.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას განცხადებით, ეს არის ასიმეტრიული დარტყმა, რომელსაც ქურთთა მუშათა პარტია ახორციელებს. მისივე თქმით, სახეზეა ეთნიკური ტერორიზმის სახე, რომელიც კავშირშია ისლამურ ხალიფატთან.

„სიტუაცია უბრუნდება 70-იანი წლების ცივი ომის პერიოდს, როდესაც ქურთები ტერაქტებს აწყობდნენ არა მარტო თურქეთის ტერიტორიაზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. საკმაოდ რთული ვითარებაა. თურქეთს ძლიერი სპეცსამხაურები ჰყავს, ალბათ, უფრო გააქტიურდებიან და მკაცრად იმოქმედებენ. მათ შეუძლიათ საფრთხეების აღკვეთა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.