საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ ახალი დისკრიმინაციული რეგულაციების შემოღების გამო, საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში შელახვისა და ეთნიკური დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის მიზნით.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივად ხდება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, რაც გამოიხატება ადამიანების არასათანადოდ მოპყრობაში და უკანონო დაკავებაში. ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეზღუდულია თავისუფალი გადაადგილების უფლება, მასიურად დარღვეულია საკუთრების უფლება და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების დამონტაჟებამ აღნიშნული ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა“, - ნათქვამია საგარეო უწყების ანგარიშში, სადაც ყურადღება გამახვილებულია აფხაზეთის რეგიონში ე.წ. პასპორტიზაციის ახალ პროცესის და უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის თაობაზე ახალი რეგულაციების დაწესების საკითხზე.
როგორც ცნობილია, საანგარიშო პერიოდში აფხაზეთში დაიწყო ე.წ. „პასპორტიზაციის“ ახალი ტალღა, რაც 300 ათას ახალი დოკუმენტის, აქედან 250 ათას ე.წ. „პასპორტის“ და 50 ათას ე.წ. „ბინადრობის ნებართვის“ დაბეჭდვასა და შემდგომ მის ადგილზე გაცემას გულისხმობს. როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, „პასპორტიზაციის“ უკანონო ტალღასთან პირდაპირ არის დაკავშირებული 2016 წლის 1 თებერვალს უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ე.წ. კანონის მიღება აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი რეგულაციების მიღების იდეა ჯერ კიდევ 2015 წლის ნოემბერში გაჟღერდა, როდესაც სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა დიდი რაოდენობა შეაფასა - როგორც საგანგაშო და ადგილობრივ რეალობასთან მათი ადაპტაციის მიზნით საჭიროდ მიიჩნია „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ახალი რეგულაციების შემუშავება.
საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ე.წ. კანონების სამიზნეს მეტწილად ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა წარმოადგენს. აღნიშნული რეგულაციები კი, კიდევ უფრო დაამძიმებს მათ ისედაც რთულ მდგომარეობას, რადგან შეიქმნება ახალი შეზღუდვები გადაადგილების თავისუფლებაზე, კერძო საკუთრებით სარგებლობასა და მუშაობის უფლებაზე.
ექსპერტთა შეფასებით, არსებობს საფრთხე, რომ ამ ე.წ. კანონის გამოყენება ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის განსახორციელებლად მოხდეს. შესაბისად, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ საგარეო უწყების ანგარიში გათვლილია საერთაშორისო საზოგადოებისთვის. მისივე თქმით, შეიძლება შეიცვალოს მდგომარეობა და რუსულმა მხარემ თავი აარიდოს საერთაშორისო საზოგადოების თვალში საკუთარი დისკრიმინაციული პოლიტიკის წარმოჩენას.
„ამისთვის მარტო ჩვენი განცხადებით საკმარისი არ იქნება. თუ იქნება საერთაშორისო რეაგირება, რუსეთი შეეცდება, რომ ნაკლებად თავხედური იყოს მისი პოლიტიკა. თუმცა, პოლიტკური კურსის შეცვლის იმედი ნაკლებად უნდა გვქონდეს. მეეჭვება, სირიის და უკრაინის პრობლემებში გახვეულმა მსოფლიომ წინ წამოწიოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება.
ფაქტია, რომ საქართველოს და ყარაბახის კონფლიქტები ისეთი აქტუალური არ არის დასავლეთისთვის, როგორც უკრაინის და ეს გეოპოლიტიკური ინტერესიც გასათვალისწინებელია. მაგრამ ვიმეორებ, ამ ტიპის საკითხმა შესაძლოა, დასავლეთს რუსეთისთვის მითითების საშუალება მისცეს, გამორიცხული არ არის კავკასიის მიმართ ჩვეულ ინერტულობას თავი დაანებონ და საკითხი წინა პლანზე წამოწიონ“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.
პოლიტიკური კონსულტანტი ვალერიან გორგილაძე ამბობს, რომ უკრაინის და სირიის კონფლიქტმა დაჩრდილა სხვა გაყინული კონფლიქტები და მესამე პლანზე გადაინაცვლა საქართველოს კონფლიქტების მოგვარების თემამ. თუმცა, როგორც გორგილაძე აცხადებს, საყოველთაო გლობალური პრეტენზიის ფონზე, რომელსაც დასავლეთი უყენებს რუსეთს, ამ დღის წესრიგს კიდევ უფრო გააძლიერებს საგარეო უწყების განცხადებები.
„ანუ, რუსეთს პრეტენზიას უყენებენ არა მხოლოდ უკრაინასთან და სირიასთან დაკავშირებით, არამედ ახსენებ ამ კონფლიქტების კონსერვაციას. ამ თვალსაზრით, ეს ამაგრებს დასავლეთის პოზიციას რუსეთთან დაპირისპირებაში და მეორე მხრივ, თავს ახსენებ, რომ საქართველოსაც გააჩნია ეს კონფლიქტები“, - აცხადებს ვალერიან გორგილაძე.
კითხვაზე - გახდება თუ არა საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხი საქართველოს თემა, გორგილაძე ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ დამთავრდება გლობალური დაპირისპირება დასავლეთსა და რუსეთს შორის.
„თუ რუსეთს სურს კონსენსუსის მიღწევა, ის უნდა წავიდეს კომპრომისზე. ძირითად მოთხოვნად რასაც დასავლეთი უყენებს რუსეთს, ეს არის მინსკის ხელშეკრულების დაცვა, საზღვარზე უკრაინული მხარისთვის კონტოლის გადაცემა. ამის შემდეგ საუბარი დაიწყება ყირიმზე და დანარჩენ კონფლიქტებზე. ანუ, საქართთველოს საკითხი მხოლოდ ამის შემდეგ დადგება დღის წერიგში, მაგრამ ეს უნდა დავინახოთ ლოგიკაში.
როგორც კი რუსეთი დაუშვებს პრეცედენტს აღმოსავალეთ უკრაინაში მისკის შეთანხმების შესაბამისად, მაშინ მოუწევს ფრონტალური კომპრომისების და დათმობების გაწევა. სხვა ვითარებაში, უნდა ველოდოთ სხვა გეოპოლიტიკურ გადანაწილებას, მაგალითად რუსეთი ინარჩუნებს გავლენას კავკასიაზე და თმობს ევროპას, რაც პრინციპში ძნელად წარმოსადგენია“, - აცხადებს ვალერიან გორგილაძე.