„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აფიორა და ყალბი პროტესტი“

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აფიორა და ყალბი პროტესტი“

ოფიციალური ინფორმაციით სამი ძირი გიგანტური ხის ამოღების უფლება აჭარის მთავრობამ 31 დეკემბერს კერძო კომპანია შპს „ზიმოს“ გადასცა. ერთ ტიტასა და ორ ჭაობის კიპარისის ხეში „ზიმომ“ 6200 ლარი გადაიხადა. კომპანიას სამი ძირი ხე ოზურგეთის ტერიტორიაზე მიმდინარე მაშტაბური პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით გადაეცა. პროექტს რომელიც ოზურგეთის ტერიტორიაზე ხიორციელდება, ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს და პროექტის შემადგენელი ნაწილი დენდროლოგიური პარკის მოწყობაა.

საპირისპიროს ამტკიცებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. მათი ინფორმაციით ეს პროექტი ივანიშვილს 3 მილიონი ლარი უჯდება, ხეების მოთხრის მიზნით ციხისძირში სპეციალური გზა გაიყვანეს და ხეები ბორნით უნდა ჩაიტანონ ურეკში. ხოლო კომპანია, რომელიც სამუშაოებს აწარმოებდა, უკანონო ქმედებაში დაადანაშაულეს.

ციხისძირში ჩავიდა ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ხეების გადარგვის პროცესი შეაჩერა. როგორც ივანიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას განუცხადა, სანამ დოკუმენტაცია არ იქნება წესრიგში, სამუშაოები არ გაგრძელდებოდა.

„საუბარი მიდის დოკუმენტაციაზე, დოკუმენტაცია მოწესრიგებული არ არის. მე ამას მეორე მხრიდან ვნახავ. მანამდე სამუშაოებს ვაჩერებთ და სანამ დოკუმენტაცია წესრიგში არ იქნება, სამუშაოები არ გაგრძელდება. აქვე გპირდებით, რომ ბუნებას აღვადგენთ და იმაზე უკეთესად, ვიდრე იყო. ერთი ხის ადგილზე, მინიმუმ, 10-ს დავრგავ და პარკს ამით არაფერი დააკლდება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

ივანიშვილის განცხადებიდან რამდენიმე დღეში, ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობის ტერიტორიიდან ასწლოვანი ხეების გატანის პროცესი განაახლა კომპანია „ზიმომ“. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განმარტებით, კომპანიას სამუშაოების განსახორციელებლად არანაირი დოკუმენტი არ წარმოუდგენია.

კომპანიის იურისტის გვანცა ფოცხვერაშვილის განმარტებით, მათ აქვთ დოკუმენტაცია, რითაც დასტურდება, რომ ხეების გადატანა კანონიერად ხორციელდება, თუმცა როგორც ფოცხვერაშვილი ამბობს, არ აქვს მიწის იმ კერძო მესაკუთრისგან ნებართვა, რომელთანაც თვეზე მეტია დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობენ.

„საჯარო რეესტრიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, თუ ვინ არის ამ მიწის მესაკუთრე, რადგან ამ ტერიტორიაზე უნდა გავატაროთ ხეები. ვნახეთ ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც თავის დროზე გაფორმდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და აღნიშნული მიწის მესაკუთრეს „რედმან ფედერეიშენს“ შორის. ერთი თვის წინ გავუგზავნეთ წერილი ამ კომპანიას, მაგრამ მათგან პასუხი არ მოსულა, მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს, იქნებ დამატებითი საკონტაქტო ჰქონოდათ, თუმცა არ იძებნებოდა დამატებით საკონტაქტო. დღემდე დიდ სურვილს გამოვთქვამთ, გამოჩნდეს ამ მიწის მესაკუთრე. ის, რომ არ გვაქვს ნებართვა, ამაზე პრეტენზია მხოლოდ და მხოლოდ შეუძლია გამოთქვას მიწის მესაკუთრემ ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა“, - აღნიშნა გვანცა ფოცხვერიამ.

ტერიტორია, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კარვებია გაშლილი, 2011 წელს მიხეილ სააკაშვილმა 1 ლარად გაასხვისა დაუდგენელ პირზე. საუბარია იმ ტერიტორიაზეა რომლის გამო კომპანია არის უფლებამოსილი გაატაროს ტვირთი და ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

კერძოდ, შპს „ზიმოს“ მიერ შესყიდული ხეების ტრანსპორტირების ერთადერთი შესაძლო მარშრუტი გადის კერძო საკუთრებაზე 90.000 კვ/მ ნაკვეთზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ 2011 წლის 3 აგვისტოს გაცემული განკარგულების საფუძველზე, გაურკვეველ, ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანია „REDMAD FEDERATION INC“-ს 1 ლარად გადაეცა. აღნიშნულ დოკუმენტებში არ ჩანს არც ამ კომპანიის წარმომადგენელი, არც ხელმომწერი მხარე და არც ერთი საკონტაქტო პირი, ვისთანაც შესაძლოა, რაიმე სამართლებრივი ურთიერთობა დამყარდეს.

უფლებადამცველი, თამაზ ბაკურიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სწორედ 1 ლარად გაცემული 9 ჰექტარი მიწის მაქინაცია ადარდებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და სწორედ ამ ფაქტის გახმაურების შიშით ატეხეს სკანდალი ხეების გადატანაზე, რადგან გადატანის შემთხვევაში, აუცილებლად გაიშიფრებოდა სახელმწიფო ქონების მიტაცების ეს სკანდალური ფაქტი.

„თურმე ეს ტერიტორია „ნაციონალური მოძრაობის“ საკუთრება ყოფილა. ამიტომ არიან ისტერიაში, ერთი მხრივ ნაციონალები მათ მიერ 1 ლარად გასხვისებულ ტერიტორიას იცავენ, მეორე მხრივ, ამ ვითარებას იყენებენ პოლიტიკური ქულების დასაწერად. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აფიორა და ყალბი პროტესტი. საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2011 წელს 1 ლარად გაასხვისა ის ტერიტორია, სადაც ახლა პარტიის წევრებს კარავი აქვთ ჩადგმული.

სულ მიკვირდა მათი ეს ისტერია ხეებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით გამაღიზიანა გივი თარგამაძის განცხადებამ, როცა თქვა, რომ აჭარლების მიწის დასაცავად თბილისიდან უწევს ჩამოსვლა. აჭარლებს კარგად ახსოვთ როგორ გაანიავეს ათასობით კვადრატული მიწა“, - აცხადებს თამაზ ბაკურიძე.

უფლებადამცველმა ნაციონალებს ქობულეთში, 15 ათას კვადრატულ მეტრზე განადგურებული 100-წლოვანი მწვანე ნარგავების ისტორია გაახსენა. მისი თქმით, განადგურდა უნიკალური ჯიშის სპეციფიკური ხეები, რომლებიც ქობულეთის სანაპიროს კონკრეტულ ტერიტორიაზე განსაკუთრებულ კლიმატურ პირობებს ქმნიდნენ.

„მინდა შევახსენო „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მათი მმართველობის დროს 1 ლარად გაიყიდა მთლიანად ნახევარი აჭარა, ასევე ბათუმის უნიკალური უბნები. ქობულეთში გაიჩეხა 15 ათას კვადრატულ მეტრზე არსებული უნიკალური ჯიშის ფიჭვები, რომლებიც შავ ზღვაზე სპეციალურ კლიმატს ქმნიდნენ.

უნიკალური ჯიშის ხეები განადგურებილია არა მარტო ქობულეთის სანაპიროზე, არამედ ბათუმუში, იქ სადაც ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ააშენეს და დღესაც უფუნქციოდ დგას. ამ ტერიტორიაზე გაჩეხებს უნიკალური მაგნოლიას ხეები და ფიჭვი. რატომ მაშინ არ იღებდნენ ხმას? ასე რომ, ციხისძირში ხეების საკითხი ნაციონალების პოლიტიკური აფიორაა და მას რეალობასთან კავშირი არ აქვს“, - აღნიშნა for.ge-სთან დაუბრისას თამაზ ბაკურიძემ.

სოფლის მეურნეობის მეცნიერებთა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, რეზო ჯაბნიძე ამბობს, რომ ერთი ტიტას და ორი ჭაობის კიპარისის ხის გადატანა არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. მისი თქმით, ეს მცენარე არ წარმოადგენს უნიკალურ ჯიშს და არ ქმნის განსაკუთრებული დანიშნულების ლანშაფტს.

„ეს მცენარე არ ემსახურება არც ტურისტულ და არც ეროვნულ ფასეულობებს. მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ჩრდილოეთ ამერიკიდან შემოიტანეს ეს მცენარე საქართველოში და ციხისძირის ტერიტორაზე მოხდა მისი განაშენება. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 500-600 წელია. ამ მცენარის გადატანა ხდება დასასვენებელ ცენტრ შეკვეთილში და არა ბიძინა ივანიშვილის სახლში. შეკვეთილში კეთდება მინი ბოტანიკური ბაღი, სადაც მსოფლიოს უნიკალური ჯიშის ნერგები იქნება განთავსებული“, - აცხადებს რეზო ჯაბნიძე.

მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ შოუს აწყობს, როდესაც თითქოსდა, აპროტესტებს ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობის ტერიტორიიდან ასწლოვანი ხეების გატანის პროცესს.

„მინდა გითხრათ, რომ ციხისძირის მეორე კუთხეში, სადაც სააკაშვილის აგარაკი იყო აშენებეული, გაანადგურეს ასწლოვანი უნიკალური ჯიშის მუხა, კამელინი, მაგნოლია და ფიჭვი. ეს გააკეთეს იმიტომ, რომ სააკაშვილისთვის ველოსიპედის გზა გაეკეთებინათ. აი, ასეთი ადამიანები იღებენ დღეს ხმას. მეტსაც გეტყვით, ქობულეთში, მეოთხე სამმართველოს ტეორიტორიაზე უნიკალური ჯიშის 1000 ძირი ფიჭვ მოჭრეს, შემდეგ ეს ტერიტორია მიზერულ თანხად გადასცეს ბიზნესმენ თემურ ჭყონიას. ახლა ლაპარაკობენ 1 ძირ ხეზე, რომელიც შეკვეთილში გადააქვთ იმისათვის, რომ მსოფლიოს აჩვენონ, როგორი უნიკალური ქვეყანა ვართ და როგორ ვუვლით უნიკალური ჯიშის ხეებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რეზო ჯაბნიძემ.