„საკონტრაქტო სამსახურში ქისტი ახალგაზრდების გაწვევა შემაკავებელი ნაბიჯია, რომ სასაკლაოზე არ წავიდნენ“

„საკონტრაქტო სამსახურში ქისტი ახალგაზრდების გაწვევა შემაკავებელი ნაბიჯია, რომ სასაკლაოზე არ წავიდნენ“

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ პანკისელი ახალგაზრდებისთვის მიცემული პირობა სრულდება. თინათინ ხიდაშელის გადაწყვეტილებით, საკონტრაქტო სამსახურში გაწვევის ვადა ორი კვირით, მხოლოდ პანკისის ხეობის მცხოვრებლებისთვის გაგრძელდა.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში დუისის საზოგადოებრივ ცენტრში სამინისტროს წარმომადგენლები დაინტერესებული ახალგაზრდებისგან დოკუმენტებს ადგილზე მიიღებენ და მათ შესაბამის კონსულტაციასაც გაუწევენ.

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ოთხწლიანი კონტრაქტით 18-დან 35-წლამდე წვევამდელები და ის ახალგაზრდები მიიღებიან, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო საკონტრაქტო სამსახური.

სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. კონტრაქტორის ხელფასი 950 ლარს შეადგენს. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგო წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით იზრდება.

მიმდინარე წლის 10 იანვარს ხეობაში თავდაცვის მინისტრის ვიზიტისას ადგილობრივმა ახალგაზრდებმა შეიარაღებულ ძალებში სამსახურის სურვილი გამოთქვეს. იმის გამო, რომ საკონტრაქტო სამსახურში გაწვევა ამ დროისთვის უკვე შეწყვეტილი იყო, თინათინ ხიდაშელი მათ გაწვევის ვადის გახანგრძლივებას დაჰპირდა.

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს არის უნიკალური შეთავაზება და დახმარება სახელმწიფოს მხრიდან. მექა ხანგოშვილი იმედოივნებს, რომ კარგი იქნება, თუ სხვა სახელმწიფოებიც მიბაძავენ თავდაცვის სამინისტროს მაგალითს. მით უფრო, რომ ქისტი ახალგაზრდები არაფრით არ გამოირჩევიან საქართველოს სხვა მოქალაქეებისგან.

„ბევრი სვამს კითხვას, რატომ მაინცდამაინც ქისტი ახალგაზრდები?! ეს აიხსნება არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარებით, ხეობის გეოპოლიტიკური მდებარეობით. რაც შეეხება საკითხს, აქვთ თუ არა ქისტ ახალგაზრდებს ქართულ ჯარში მსახურების სურვილი, ეს სურვილი ძალიან დიდია. თავდაცვის სამინისტროში მთელი წლის განმავლობაში ორი ახალგაზრდა მსახურობდა და რაღაც მიზეზების გამო ისინი დაითხოვეს, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროში დაბრუნებას ითხოვდნენ. ამაში ჩვენც ჩავერთეთ და ნაწილობრივ დავაკმაყოფილეთ ახალგაზრდების სურვილი, მაგრამ შემდგომში მათი დატოვება მაინც არ მოხდა,“- აღნიშნა მექა ხანგოშვილმა.

ამასთან, ხანგოშვილმა განმარტა, საკონტრაქტო სამსახურში ქისტი ახალგაზრდების გაწვევა იქნება ერთ-ერთი შემაკავებელი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენი ახალგაზრდები უცხო ომში არ აღმოჩნდნენ და თავისი ნებით სასაკლაოზე არ წავიდნენ.
კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს პროექტი ახალგაზრდებზეა ორიენტირებული და მას შემდეგ, რაც ქისტი ახალგაზრდები ჯარში წავლენ, იქ პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან. შესაბამისად, ეს ხელს შეუშლის მიგრაციას პანკისიდან სირიაში.

რაც შეეხება ინტეგრაციას, ალეკო კვახაძე თვლის, რომ ქისტები უკეთ არიან ინტეგრირებულნი ქართულ სამყაროსთან, რადგან იქ არ არის ქართული ენის სწავლების პრობლემა და არ არსებობს ენობრივი ბარიერი, ამასთან, მოქმედებს ქართულენოვანი სკოლა.

„მიუხედავად ამისა, არის ცალკეული პრობლემებიც. თუნდაც ის, რომ ბევრი ქისტი ბავშვი ისე აღწევს სრულწლოვნების ასაკს, რომ მას თითქმის არ აქვს კონტაქტი ქართველ თანატოლებთან. სამწუხაროდ, რაიმე ძვრა ამ მიმართულები არ არის, რომ მოხდეს იქაური ბავშვების უკეთ შეკავშირება დანარჩენ საქართველოსთან, რათა მათ თავი იგრძნონ საქართველოს მოქალაქეებად.

რა თქმა უნდა, მაინც დარჩებიან ის პირები, რომლებიც რადიკალური იდეების მიმდევრები არიან. ხოლო მათ, ვისაც უნდა სირიაში წასვლა და ვინც იზიარებს რადიკალურ ისლამურ იდეოლოგიას, როგორი წამახალისებელი გადაწყვეტილებებიც არ უნდა შესთავაზო, ისინი პოზიციას მაინც არ შეიცვლიან. ასეთი წინადადებები სასარგებლო იქნება მხოლოდ იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც ჯერ არ ჩამოუყალიბებია, თუ რა გზას უნდა დაადგეს მომავალში“,- აცხადებს ალეკო კვახაძე.